შპს ,,ასტორია 1-ის’’ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/37399-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №330210318002787280

 №2/37399-18

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლევან მიქაბერიძე

განმცხადებელი – შპს ,,ასტორია 1’’

წარმომადგენელი – მეგი სარიშვილი

მოთხოვნა – მოვალის გაკოტრება (საქმის წარმოება)

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბერს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მომართა შპს ,,ასტორია 1’’-ის წარმომადგენელმა მეგი სარიშვილმა, რომელმაც მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება.

2. განცხადების მიხედვით, შპს ,,ასტორია 1’’ რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 2013 წლის 27 დეკემბრიდან და მის ძირითად საქმიანობას წარმოდგენს სათამაშო-აზარტული ბიზნესი. ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობამ, სათამაშო-აზარტულ ბიზნესში საგადასახადო მოსაკრებლის ზრდამ ასახვა პოვა შპს „ასტორია 1“-ის ყოველდღიურ საქმიანობაზე, რის გამოც კომპანია ვერ აკმაყოფილებს კრედიტორის ვადამოსულ მოთხოვნას. მას არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება, არც აქტივები ან/და მოთხოვნები მესამე პირების მიმართ, ასევე კომპანია არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად, რის გამოც გაკოტრების დაწყების შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. საბანკო ანგარიშებზე კომპანიას არ ერიცხება თანხები (კომპანიას უფიქსირდება დახურული საბანკო ანგარიშები სს ,,საქართველოს ბანკში’’, სს ,,პროკრედიტ ბანკში’’, სს ,,თიბისი ბანკში’’ და ბსს ,,პროგრეს ბანკში’’). მოვალის ერთადერთი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორია თავისუფელი ეკონომიკური ზონის კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობით ,,Uninvest’’, რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს 617 919 აშშ დოლარს.

3. სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს ,,ასტორია 1’’-ს უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იმავე კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში, მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამდენად, უდავოა, რომ კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის დოკუმენტური ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.

3.2. საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე ცხადია, რომ განსახილველ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორის (კრედიტორთა) მოთხოვნა (მოთხოვნები), ვერ დაიფარება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, ვინაიდან შპს ,,ასტორია 1’’-ს არ გააჩნია საკმარისი ქონება (ქონება ვერ ფარავს საპროცესო ხარჯს), მას უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამასთან, უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვას შპს ,,ასტორია 1’’ -ს (ს/ნ 405024209) გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა (შეიტანეს) სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე ლევან მიქაბერიძე.