შპს „მომავალის“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/3317-18
განჩინება
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2019 წლი ს 10 იანვარი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო მოსიძე
განმცხადებელი /მოვალე/ – შპს ,,მომავალი’’
( საიდენტიფიკაციო ნომერი – 238750106)
დირექტორი – შპს ,,რეაბილიტაცია’’
წარმომადგენელი – თამარ მუმლაძე
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „მომავალის“ გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 5 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „მომავლის“ დირექტორის შპს ,,რეაბილიტაციის“ წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ და იშუამდგომლა შპს „მომავლის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებლის მითითებით, შპს „მომავალს“ (ს/ნ 238750106) არც საკუთრებაში და არც ბალანსზე უძრავი ქონება არ ერიცხება. ორგანიზაცია ასევე არ ფლობს წილს სხვა საწარმოში. ასევე, შპს „მომავალს“ (ს/ნ 238750106), არც საკუთრებაში და არც ბალანსზე მოძრავი ქონება არ ერიცხება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ზემოაღნიშნულ განცხადებაზე შპს „მომავალს“ დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაევალა სასამართლოში წარმოედგინა მტკიცებულება, კერძოდ, სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 ლარის შეტანის ქვითრის სახით.
2018 წლის 12 ნოემბერს შპს „მომავალის“ დირექტორმა შპს ,,რეაბილიტაციამ’’ (დირექტორი თამარ მუმლაძე) წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, რომლითაც დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა შპს „მომავალის“ (ს/ნ 238750106) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინებით შპს „მომავალის“ განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში. განემარტათ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს „მომავალის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 29 ნოემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „მომავალი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „მომავალის“რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მომავალი“(ს/ნ 238750106) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „მომავალის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. № 11), განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ციცინო მოსიძე