საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.01.2019
ძალაში შესვლა 17.01.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 140070000.22.034.016833
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/01/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№4
2019 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 17 იანვრიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში (შემდგომში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური), ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის პირობებსა და პროცედურებს.
2. ეს წესი შემუშავებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეციალური დანიშნულების დაწესებულების, საქმიანობისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თავისებურებების გათვალისწინებით.
3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის მოქმედება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეზე, როგორც სპეციალური ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის სუბიექტზე, ვრცელდება მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 51-ე, 64-ე, 66-ე და 103-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის სხვა საკითხები წესრიგდება აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, ამ წესით დადგენილი სპეციალური ნორმებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურე (შემდგომში – მოსამსახურე) – სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი, საჯარო მოსამსახურე, სამოქალაქო პირი და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;
ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი (შემდგომ – სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი) – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში დასაქმებული მოსამსახურე, რომელსაც კანონითა და ამ წესის შესაბამისად მინიჭებული აქვს სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება და დადებული აქვს ფიცი;
გ) საჯარო მოსამსახურე – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დასაქმებული სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე მოსამსახურე;
დ) სამოქალაქო პირი – სააგენტოში დასაქმებული სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პირი, რომელიც ინიშნება შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა;
ე) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის, მეხანძრე-მაშველის ფუნქციის შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული პირი.
მუხლი 3🔗. მოსამსახურეთა (გარდა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა) თანამდებობების რანგირება
1. შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მოსამსახურეთა (გარდა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა) თითოეული თანამდებობა შეესაბამება თითო კარიერულ საფეხურს და ნაწილდება შემდეგ იერარქიულ რანგებში:
ა) პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე;
ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე;
გ) მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე;
დ) მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტის დონე.
2. პირველი რანგი არის ყველაზე მაღალი იერარქიული რანგი, ხოლო მეოთხე რანგი – ყველაზე დაბალი იერარქიული რანგი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იერარქიულ რანგებში თანამდებობები ნაწილდება თითოეული თანამდებობის ფუნქციების შესაბამისი შემდეგი ფაქტორების მიხედვით:
ა) პასუხისმგებლობა;
ბ) მოვალეობათა შესრულების სირთულე;
გ) კომპეტენციები;
დ) აუცილებელი კვალიფიკაცია;
ე) სამუშაო გამოცდილება.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის თანამდებობის მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა;
ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა;
გ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა;
დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა;
ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა;
ვ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა;
ზ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა;
თ) მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა;
ი) მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურის ამა თუ იმ თანამდებობისადმი კუთვნილება განისაზღვრება საშტატო განრიგით, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის/ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრას.
მუხლი 4🔗. სამსახურის გავლის პრინციპები
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გავლას საფუძვლად უდევს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და გამჭვირვალობის პრინციპები.
2. მოსამსახურე ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა მახასიათებლებისა.
მუხლი 5🔗. საშტატო ნუსხა
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება ამავე სამსახურისა და მის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხების ერთობლიობით.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხას ამტკიცებს ამავე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან (შემდგომში – სამსახურის უფროსი) შეთანხმებით.
3. საშტატო ნუსხით განისაზღვრება თითოეული საშტატო ერთეულის შესაბამისი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდება.
თავი II
მოსამსახურის სამსახურში მიღებასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ზოგადი შეზღუდვები
მუხლი 6🔗. მოსამსახურის სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლისათვის დადგენილი შეზღუდვები
მოსამსახურედ არ მიიღება:
ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;
გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით ან/და ფსიქიკური სნეულებით დაავადებული პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს;
ზ) პირი, რომელმაც სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო;
თ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, შვილს, გერს, დას, ძმას, მეუღლის დას, ძმას ან მშობელს;
ი) სხვა ქვეყნის მოქალაქე ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), გარდა საქართველოს კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა;
კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღებისას შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან არასწორი მონაცემები წარადგინა;
ლ) 60 წელს მიღწეული პირი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა);
მ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
მუხლი 7🔗. სამსახურებრივი შეუთავსებლობა
1. მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) უფლება არ აქვს ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან სხვა საჯარო დაწესებულებაში/კერძო დაწესებულებაში (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა) ეკავოს თანამდებობა. მოსამსახურის მიერ სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება ან შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება დასაშვებია მხოლოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში.
2. სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, სამსახურის უფროსის თანხმობით ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან საჯარო ან კერძო დაწესებულებაში ეკავოს სხვა თანამდებობა, რაც ხელს არ უნდა უშლიდეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ მისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
მუხლი 8🔗. სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები
1. მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება. მას შეუძლია მხოლოდ ფლობდეს აქციებსა და წილს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსამსახურე არ უნდა იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოს წევრი.
მუხლი 9🔗. მოსამსახურის სხვა შეზღუდვები
მოსამსახურეს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს გაფიცვაში, შეკრებასა და მანიფესტაციაში, იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.
თავი III
მოსამსახურის უფლება-მოვალეობები
მუხლი 10🔗. მოსამსახურის უფლებები
მოსამსახურეს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების გარდა, უფლება აქვს:
ა) გაეცნოს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც განსაზღვრულია მისი უფლება-მოვალეობები, მიიღოს სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;
ბ) დადგენილი წესით მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, აგრეთვე შესაბამისი ინსტრუმენტები და ინვენტარი, რომლებიც საჭიროა თავისი სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობის შესრულებისთვის;
გ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში/სპეციალურ კონკურსში;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწინაურდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამის თანამდებობაზე;
ე) გაიაროს საკვალიფიკაციო სწავლებები, რომლებიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
ვ) გაასაჩივროს ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, თუ იგი თვლის, რომ ამით იზღუდება მისი კანონიერი უფლებები და ილახება მისი ღირსება.
მუხლი 11🔗. მოსამსახურის მოვალეობები
1. მოსამსახურე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების გარდა, ვალდებულია:
ა) დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამსახურებრივი ინსტრუქციებით განსაზღვრული სამსახურებრივი მოვალეობები;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დროულად და განუხრელად შეასრულოს მინისტრის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის, უშუალო ხელმძღვანელის კანონიერი მითითებები/დავალებები;
გ) დაიცვას სამსახურებრივი ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნები;
დ) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რომელიც საჭიროა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;
ე) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი.
2. მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი განკარგულება (დავალება), იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთი განკარგულების შესრულება არ განეკუთვნება მის ფუნქციებს და მისი შესრულება აუცილებელია, საჯარო დაწესებულების ფუნქციონირების ინტერესების გათვალისწინებით, საგანგებო სიტუაციის დროულად თავიდან ასაცილებლად, ქონების განადგურებისა და დაზიანებისაგან დასაცავად.
3. მოსამსახურეს უფლება აქვს, უარი განაცხადოს განკარგულების (დავალების) შესრულებაზე, თუ:
ა) განკარგულება (დავალება) ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
ბ) განკარგულების (დავალების) გაცემა სცილდება განკარგულების (დავალება) გამცემის უფლებამოსილებას;
გ) განკარგულების (დავალების) შესრულება საჭიროებს განსხვავებულ კომპეტენციას ან/და პროფესიულ უნარებს, რომლებიც მას არ გააჩნია;
დ) განკარგულების (დავალების) შესრულება საზიანოა მისი ჯანმრთელობისათვის;
ე) განკარგულების (დავალების) შესრულება გამოიწვევს დანაშაულებრივი ქმედების ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას.
4. განკარგულების (დავალების) კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მოსამსახურე ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ აცნობოს განკარგულების (დავალების) გამცემს ან/და ზემდგომ უფროსს.
5. დაუშვებელია წინასწარი შეცნობით მოსამსახურის მიერ მართლსაწინააღმდეგო განკარგულების (დავალების) შესრულება. ამგვარი განკარგულების (დავალების) შემთხვევაში, მოსამსახურემ უარი უნდა თქვას განკარგულების (დავალების) შესრულებაზე და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. მოსამსახურეზე, რომელიც უარს ამბობს შეასრულოს უკანონო განკარგულება (დავალება), არ გავრცელდება დისციპლინური ან სხვა სახის სახდელი.
6. უკანონო განკარგულების (დავალების) შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ამასთან, დგება უკანონო განკარგულების (დავალების) გამცემი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.
მუხლი 12🔗. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება
1. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღებას.
2. მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს ფულადი სარგო.
3. მოსამსახურის ფულადი სარგო შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის შემთხვევაში ასევე წოდებისთვის დადგენილი (წოდებრივი) სარგოსაგან.
4. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ეძლევა ფულად სარგოზე დანამატი წოდებით ნამსახურები წლებისათვის. მას შეიძლება მიეცეს აგრეთვე სხვა დანამატი.
5. მოსამსახურეთა ფულადი სარგოს ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი სახელმწიფო ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურის ფულადი სარგოს შემცირების საფუძველი.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი სარგო და დანამატი მოსამსახურეს ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
7. შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მოსამსახურის (გარდა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა) თანამდებობრივი სარგოს დადგენა ხორციელდება აღნიშნული მოსამსახურის პირის ამა თუ იმ თანამდებობისადმი კუთვნილებისა და მისი ფუნქციური დატვირთვის/ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრისას.
8. შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მოსამსახურის (გარდა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა) თანამდებობრივი სარგო დგინდება საშტატო განრიგით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად განსაზღვრული თანამდებობრივი იერარქიისა და ფუნქციური დატვირთვის/ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით.
9. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) და დანამატის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IV
მოსამსახურის თანამდებობრივი და სამსახურებრივი გადაადგილება
მუხლი 13🔗. თანამდებობრივი გადაადგილება (თანამდებობაზე გადაყვანა)
1. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება/გადაყვანა ზემდგომ, ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე დასაშვებია:
ა) სამსახურებრივი დაწინაურებისას;
ბ) მოსამსახურის ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანისას;
გ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელებისას;
დ) პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე;
ე) განსაკუთრებულ შემთხვევაში სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;
ვ) მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის/ცნობის საფუძველზე;
ზ) შეფარდებული დისციპლინური სახდელის გამო.
2. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება/თანამდებობაზე გადაყვანა ფორმდება მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, გადაადგილების/გადაყვანის საფუძვლის მითითებით. სამინისტროს სისტემიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან სამინისტროს სისტემაში მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება/თანამდებობაზე გადაყვანა ფორმდება მინისტრის ბრძანებით. ბრძანება უნდა გაეცნოს აღნიშნულ მოსამსახურეს. დასაშვებია ბრძანების გაცნობა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით.
3. თანამდებობრივი გადაადგილების/თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნდა არსებობდეს მოსამსახურის თანხმობა, ხოლო სხვა შემთხვევებში წინასწარ უნდა ეცნობოს მას.
4. თანამდებობრივი გადაადგილება/თანამდებობაზე გადაყვანა უნდა მოხდეს მოსამსახურის ძირითადი სპეციალობის (კვალიფიკაცია), მისი პროფესიული უნარ-ჩვევების და გამოცდილების გათვალისწინებით.
5. მოსამსახურის თანამდებობაზე დაწინაურების საკითხის ინიციირების მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის წინაშე აქვს მოსამსახურის უშუალო უფროსს, აგრეთვე ამ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე ზემდგომ თანამდებობის პირს. მოსამსახურე თანამდებობაზე დაწინაურებამდე შესაბამისი მოთხოვნით შესაძლო ხელშემშლელი გარემოებების არსებობის ფაქტზე მოწმდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური შემოწმებისა და შიდა კონტროლის განმახორციელებელ დანაყოფში, ასევე სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში.
6. უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკავებულია (დაკომპლექტებულია) უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება ტოლფას თანამდებობაზე ან მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე.
მუხლი 14🔗. ტოლფასი თანამდებობა
1. თანამდებობა ტოლფასია, თუ დანაყოფის სახელწოდების მიუხედავად, დასაკავებელი თანამდებობა შეიცავს მოსამსახურის მიერ დაკავებული ან ბოლო დაკავებული თანამდებობის მსგავს ფუნქციას ან/და იმავე თანამდებობრივ რანგს.
2. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის შემთხვევაში თანამდებობა ტოლფასია, თუ დასაკავებელი თანამდებობა შეიცავს მოსამსახურის მიერ დაკავებული ან ბოლო დაკავებული თანამდებობის თანაბარ ზღვრულ წოდებას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 15🔗. მოსამსახურის სამუშაო ადგილის განსაზღვრა და სამსახურებრივი გადაადგილება (მივლენა) ტერიტორიულად სხვა ადგილზე
1. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურეს, მისივე თანხმობით, განუსაზღვროს სამუშაო ადგილი.
2. მოსამსახურის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სამსახურებრივი გადაადგილება (მივლენა) ტერიტორიულად სხვა ადგილზე ხდება სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით:
ა) სამუშაოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას ან/და სხვა სტრუქტურულ/ტერიტორიულ დანაყოფში არაუმეტეს 6 თვისა მასზე დაკისრებული ფუნქციების იდენტური ფუნქციების შესასრულებლად;
ბ) ტერიტორიულად იმავე ან სხვა ადგილას, სხვა სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა, თუ მოსამსახურის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის.
3. მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა ან/და სხვა პროფესიულ მომზადებას ან თუ მისი შესრულება შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც, სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში, დასტურდება შესაბამისი სამედიცინო ცნობით.
4. აუცილებლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით შეიძლება დარეგულირდეს მოსამსახურის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების საკითხებიც.
მუხლი 16🔗. სამსახურებრივი მივლინება
1. სამსახურებრივი მივლინება ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) „მივლინების“ შესაბამისი გრაფის შევსებით, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში – სათანადო სამსახურებრივი ბარათის/პატაკის მატერიალური დოკუმენტის წარდგენით. მივლინების პერიოდში მივლინების ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება შესაბამისი თანამდებობა, გარდა საშტატო- საორგანიზაციო ღონისძიებისა.
2. საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებისას მივლინებაში მყოფ მოსამსახურეს შეუწყდება მივლინება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინიშნება იმავე თანამდებობაზე ან იმავე დანაყოფში სხვა თანამდებობაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსამსახურე გაემგზავრება მივლინებაში უფროსის ზეპირი დავალების საფუძველზე, შესაბამისი წერილობითი სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს, როგორც წესი, სამი სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 17🔗. დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრება
1. მოსამსახურისთვის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის) დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრება, მათ შორის ისეთის, რომელიც არ განეკუთვნება მის კომპეტენციას, შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
ა) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე;
ბ) დროებით არმყოფი მოსამსახურის შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევს დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას;
გ) მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
2. მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) დროებითი ფუნქცია – მოვალეობა შესაძლებელია დაეკისროს დამატებით, ძირითად სამსახურებრივ მოვალეობასთან შეთავსებით ან მოსამსახურე შესაძლებელია დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრებისას გათავისუფლდეს ძირითადი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.
3. მოსამსახურეს უფლება აქვს უარი განაცხადოს დროებითი ფუნქცია-მოვალეობის შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა ან/და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც, სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში, დასტურდება შესაბამისი სამედიცინო ცნობით.
4. მოსამსახურისათვის დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრება შესაძლებელია კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 5 თვისა. დროებითი ფუნქცია-მოვალეობის შესრულება 1 თვეზე მეტი ვადით შეიძლება იმ მოსამსახურის თანხმობით, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს მოვალეობა.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს, რომელსაც ძირითად სამსახურებრივ მოვალეობასთან შეთავსებით დამატებით ეკისრება დროებითი ფუნქცია-მოვალეობის შესრულება, ან რომელიც გათავისუფლდა ძირითადი მოვალეობის შესრულებისგან და ახორციელებს მხოლოდ დროებით ფუნქცია-მოვალეობას, ეძლევა დროებით არმყოფი მოსამსახურისთვის/შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილი თანამდებობრივი სარგო იმ შემთხვევაში, თუ უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს, ხოლო თუ სამსახურში არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელი მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოზე – უნარჩუნდება თავისივე სარგო.
თავი V
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღება
მუხლი 18🔗. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნები
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მეხანძრე-მაშველად მიიღება ქმედუნარიანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) ფლობს სახელმწიფო ენას;
გ) მიაღწია 18 წელს;
დ) მიღებული აქვს არანაკლებ სრული ზოგადი განათლება;
ე) პიროვნული და საქმიანი თვისებების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების გათვალისწინებით შეუძლია დაკისრებული ფუნქციების შესრულება;
ვ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის/მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
2. საჯარო მოსამსახურედ და სამოქალაქო პირად (გარდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის საშტატო ნუსხით განსაზღვრული თანამდებობისა) მიიღება ქმედუნარიანი პირი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, აქვს უმაღლესი განათლება, ასევე თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. პირი საჯარო მოსამსახურედ მიიღება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში. გამოსაცდელი ვადის შემდეგ საჯარო მოსამსახურეს ენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.
3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსამსახურის მიღებისას ვრცელდება ამ წესის 22-ე და 24-ე მუხლებით დადგენილი წესი.
4. საშტატო ერთეულთა ჩამონათვალი, რომელზეც შეიძლება დანიშნულ იქნეს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე მისაღებ მოსამსახურეს უმაღლესი განათლება, მოეთხოვება იმ შემთხვევაში, თუ იგი ინიშნება განყოფილების უფროსზე უფრო მაღალ თანამდებობაზე.
6. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაზღვრულ განყოფილების უფროსზე უფრო მაღალ თანამდებობაზე სრული ზოგადი განათლების მქონე პირი შეიძლება დაინიშნოს დასაბუთებული წარდგინებითა და სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით მხოლოდ ერთ-ერთი შემდეგი განსაკუთრებული გარემოების არსებობისას:
ა) კანდიდატის პიროვნული თვისებების, გამოცდილების, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და სამსახურის პერიოდში მიღწევების გათვალისწინებით;
ბ) სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე.
7. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კონკრეტული თანამდებობისთვის, მისი ფუნქციებისა და შესასრულებელი სამუშაოს თავისებურებების გათვალისწინებით, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 19🔗. შრომითი ხელშეკრულებით მიღება
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პირი, რომელსაც პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში მიიღება შრომითი ხელშეკრულებით.
3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.
4. უცხოელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად.
მუხლი 20🔗. სპეციალური კონკურსი
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური კონკურსი ტარდება მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისთვის. სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
2. სპეციალური კონკურსის საფუძველზე შეიძლება შეირჩეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში საჯარო მოსამსახურედ/სამოქალაქო პირად მისაღები პირი.
3. მოსამსახურე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სპეციალური კონკურსის გარეშე, შეიძლება დაინიშნოს:
ა) სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე – ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის/გადაყვანის შემთხვევაში, თუ აღნიშნული დანიშვნა/გადაყვანა გულისხმობს იმავე ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების განხორციელებას;
ბ) კადრების განკარგულებაში აყვანილი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე – იმავე ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის სხვა დანაყოფში იმავე, ტოლფას, მაღალ ან უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის დროს;
გ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე – უფრო მაღალ ან უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის (გადაადგილების) შემთხვევაში;
დ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე – სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად თანამდებობაზე აღდგენის, ხოლო ასეთის შეუძლებლობისას – ტოლფას ან/და სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში;
ე) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი.
4. თუ სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, კანდიდატებს თანაბარი შედეგები აქვთ, სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აქვს გავლილი.
მუხლი 21🔗. ფიცი
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, მოსამსახურე დებს ფიცს.
2. ფიცის ტექსტს ხელს აწერს თანამდებობაზე დანიშნული სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე და ინახება მის პირად საქმეში.
3. ფიცის დადება შეიძლება განხორციელდეს საზეიმო ვითარებაში.
4. მოსამსახურის ფიცის ტექსტს ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 22🔗. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე დანიშვნის/მიღების გაფორმება
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე დანიშვნა/მიღება ფორმდება მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს და დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) თანამდებობაზე დასანიშნი პირის სახელს, გვარსა და პირად ნომერს;
ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმ დანაყოფის დასახელებას, რომელშიც პირი თანამდებობაზე ინიშნება/მიიღება;
გ) თანამდებობის დასახელებას;
დ) თანამდებობაზე დანიშვნის თარიღს;
ე) გამოსაცდელ ვადას, თუ პირი თანამდებობაზე ინიშნება გამოსაცდელი ვადით.
3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე მოსამსახურის დანიშვნის/მიღების ან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, რომელსაც აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. აღნიშნული წესით გამოცემული აქტი მოსამსახურისათვის ჩაბარებულად ითვლება მის მიერ უშუალოდ გაცნობის ან აქტის ფოსტის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში მისამართზე ჩაბარების მომენტიდან.
მუხლი 23🔗. პროფესიული მომზადება
1. მეხანძრე-მაშველი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებისას ან მიღების შემდეგ გადის შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, სპეციალური გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსს/პროგრამას.
2. მეხანძრე-მაშველთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
მუხლი 24🔗. გამოსაცდელი ვადა
1. სპეციალურ კონკურსში გამარჯვებული პირი, ასევე საჯარო მოსამსახურე, სამოქალაქო პირი შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით, გარდა თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნული პირისა.
2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, უშუალო ხელმძღვანელი ამოწმებს გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობას.
3. სამსახურებრივი უფლებამოსილების ნებისმიერი საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ჩერდება პირის გამოსაცდელი ვადის დინება. გამოსაცდელი ვადა ითვლება სამსახურის სტაჟში.
4. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის:
ა) თანამდებობრივი გადაადგილება (გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების დროს), აგრეთვე, მისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრება;
ბ) კადრების განკარგულებაში აყვანა.
5. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის უშუალო ხელმძღვანელი ადგენს გამოსაცდელი ვადის შედეგების შეფასების აქტს, რომელიც დგება წერილობითი ფორმით და დაერთვება მოსამსახურის პირად საქმეს. გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების, აგრეთვე სპეციალური შემოწმების უარყოფითი შედეგების გამო პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება თანამდებობიდან, ხოლო დადებითი შედეგის შემთხვევაში გამოიცემა სამართლებრივი აქტი მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
6. გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მეხანძრე-მაშველზე გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ვრცელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე და 66-ე მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.
მუხლი 25🔗. თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშვნა
1. სამსახურის სისტემაში, ინიციატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოტივირებული პატაკის საფუძველზე და მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშვნა, სპეციალური კონკურსისა და გამოსაცდელი ვადის გარეშე, ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევს დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას.
2. თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად პირი ინიშნება განსაზღვრული ვადით. აღნიშნული ვადა ითვლება სამსახურის სტაჟში.
3. თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნულ პირს ეძლევა დროებით არმყოფი მოსამსახურისთვის დადგენილი თანამდებობრივი სარგო.
4. თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნულ პირს არ ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება.
5. თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნულ პირებზე არ ვრცელდება ამ წესის 35-ე მუხლის მოთხოვნები.
მუხლი 26🔗. სამსახურის ვადა
1. მოსამსახურე სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისა და ამ წესის 34-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებისა.
2. განსაზღვრული ვადით შეიძლება მიღებულ იქნეს:
ა) გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი;
ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით;
გ) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნული პირი.
თავი VI
სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება
მუხლი 27🔗. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში დადგენილი წოდება
1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 51 პუნქტის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში დაწესებულია სახელმწიფო სპეციალური წოდება.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდება ენიჭება მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა და გამოსაცდელი ვადით მიღებული პირისა). სააგენტოში მოსამსახურეს შეიძლება მიენიჭოს სახელმწიფო სპეციალური წოდება.
3. სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება მხოლოდ თანამიმდევრობით. სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურის გამოტოვებით დაუშვებელია.
4. სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, გარდა უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდებისა, ანიჭებს სამსახურის უფროსი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი დანაყოფის წარდგინებით.
5. უმაღლეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.
6. უფროსი და უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდებები მიენიჭებათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს.
მუხლი 28🔗. წოდებები სამსახურში მიღებისას და დათხოვნისას
1. უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც არა აქვს სამხედრო ან სპეციალური წოდება, იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას (ან მიღების შემდგომ), რომლისთვისაც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით განსაზღვრულია საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სპეციალური წოდება, ენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტის წოდება, თუ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამე არ არის დადგენილი.
2. პირს, რომელსაც არა აქვს სამხედრო ან სპეციალური წოდება, იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას (ან მიღების შემდგომ), რომლისთვისაც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით განსაზღვრულია უმცროსი სპეციალური წოდება, ენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების რიგითის წოდება, თუ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამე არ არის დადგენილი.
3. იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია სამხედრო წოდება, პირს ენიჭება რეზერვის წოდების შესაბამისი სამხედრო წოდება.
4. სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირი სამსახურში მიღებისას თანამდებობაზე ინიშნება ადრე მინიჭებული ყველაზე უფრო მაღალი სპეციალური ან სამხედრო წოდებით.
5. სამინისტროდან, სამხედრო და სხვა სახელმწიფო სამსახურიდან სამხედრო და სპეციალური წოდებით დათხოვნილ მოსამსახურეებს, სამსახურის სისტემაში მიღების შემდეგ, მორიგ წოდებაზე წარდგენისას, მათ მიერ დათხოვნამდე წოდებაში ნამსახურობის პერიოდი ეთვლებათ წოდებით ნამსახურობის საერთო ვადაში.
6. მოსამსახურეს, რომელმაც სამსახურიდან დათხოვნამდე იმსახურა მინიჭებული წოდებით დადგენილი ვადა და მისანიჭებელი წოდება დაკავებული თანამდებობის ზღვრულ წოდებას აღემატებოდა, მაშინ მას სამსახურის სისტემაში შესაბამის თანამდებობაზე მიღებისას შეიძლება მიენიჭოს მორიგი წოდება (უარყოფითი მოტივით დათხოვნის შემთხვევის გარდა). მორიგ წოდებას ანიჭებს უფლებამოსილი პირი.
7. დათხოვნისას მოსამსახურეს, რომელსაც აქვს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო სამსახურის სტაჟი და გასულია მორიგი სპეციალური ან სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის თანხმობით შეიძლება მიენიჭოს მორიგი წოდება (გარდა პოლკოვნიკის სპეციალური და სამხედრო წოდებისა), ამავე წესით დადგენილი განათლების ცენზის და თანამდებობრივი ზღვრული წოდების მიუხედავად.
8. მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება არ ენიჭება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში.
მუხლი 29🔗. მოსამსახურეთა მორიგი წოდებები
1. მორიგი სპეციალური ან სამხედრო წოდება მოსამსახურეებს მიენიჭებათ წოდებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ.
2. მოსამსახურის მორიგი წოდების მისანიჭებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი დანაყოფი მოსამსახურის უშუალო უფროსის წარდგინების საფუძველზე ამზადებს შესაბამისი ბრძანების პროექტს.
3. მორიგი სპეციალური და სამხედრო წოდების მინიჭებამდე მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური შემოწმებისა და შიდა კონტროლის განმახორციელებელ დანაყოფში, ასევე სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.
4. მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად და აღნიშნული თანამდებობისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სპეციალური ან/და სამხედრო წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამისი წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადა, მორიგი წოდება არ მიენიჭება.
5. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.
6. უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში.
მუხლი 30🔗. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა სპეციალურ აღრიცხვაზე აყვანა
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან, რის შემდეგაც მოსამსახურე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალურ აღრიცხვაზე.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებულ წვევამდელს სახელმწიფო სპეციალური წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მინისტრის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება სამხედრო ძალების რეზერვში.
მუხლი 31🔗. მოსამსახურეთა მორიგი წოდებები
1. მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება მოსამსახურეს მიენიჭება წოდებით სამსახურის შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ.
2. მოსამსახურის მორიგი წოდების მისანიჭებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი დანაყოფი ამზადებს სათანადო ბრძანების პროექტს და წარდგინებას.
3. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭებამდე მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური შემოწმებისა და შიდა კონტროლის განმახორციელებელ დანაყოფში, ასევე სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.
4. სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სახელმწიფო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.
5. უკანონოდ გათავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს სამსახურში აღდგენისას, იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში.
მუხლი 32🔗. სამსახურის ვადა წოდების მისანიჭებლად
1. სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის გავლისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ვადა, გარდა უმცროსი სპეციალური წოდებებისა.
2. სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა აღირიცხება წოდების მინიჭების შესახებ ბრძანებაში მითითებული თარიღიდან.
3. უმაღლესი სპეციალური წოდების მისანიჭებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის ვადა არ წესდება. აღნიშნული წოდებების მინიჭება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინისტრის წარდგინებით.
4. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი, მოსამსახურეს ეთვლება მორიგი წოდების მინიჭებისათვის გათვალისწინებულ ვადაში, გარდა ამ წესის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თანამდებობიდან გადაყენებულ მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი მორიგი წოდების მინიჭებისათვის გათვალისწინებულ ვადაში ჩაეთვლება მხოლოდ გამართლების შემთხვევაში.
მუხლი 33🔗. წოდებების ვადამდე მინიჭება
1. განსაკუთრებული დამსახურების შედეგების გათვალისწინებით ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების უფლება აქვს სამსახურის უფროსს.
2. ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებამდე მოსამსახურე მოწმდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური შემოწმებისა და შიდა კონტროლის განმახორციელებელ დანაყოფში, ასევე სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.
3. სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების შემთხვევაში განსაკუთრებულ დამსახურებად ითვლება:
ა) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულება;
ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წარმატების მიღწევაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა;
გ) სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულება.
4. სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება სამსახურის გავლის პერიოდში დაიშვება მხოლოდ ორჯერ, სხვა სახელმწიფო უწყებაში ვადამდე მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდებების ჩათვლით.
მუხლი 34🔗. წოდების ჩამორთმევა და წოდების აღდგენა
1. მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება შეიძლება ჩამოერთვას მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით.
2. მოსამსახურის გამართლების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სახელმწიფო სპეციალური წოდება უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს ამ წოდების მინიჭების უფლება.
3. გამართლებულ პირებს სამსახურში აღდგენისას, გაცდენილი წლების გათვალისწინებით, ენიჭებათ წოდება ადრინდელ წოდებაზე ერთი საფეხურით მაღლა, თუ გაცდენილი წლების ჩათვლით მათ ეკუთვნით მორიგი წოდება.
მუხლი 35🔗. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ასაკობრივი შეზღუდვა
1. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკია:
ა) უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 55 წელი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 60 წელი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 65 წელი.
2. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო ცნობის/დასკვნის არსებობისას, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, საკუთარი სურვილით, სამსახურის უფროსის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით.
თავი VII
მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება
მუხლი 36🔗. სამსახურებრივი ურთიერთობების დროებით შეჩერება
1. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის (გარდა შრომით ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.
2. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობები დროებით ჩერდება:
ა) მოსამსახურის წერილობითი განცხადების (პატაკის) საფუძველზე, თუ ამის წინააღმდეგი არ არის მისი ხელმძღვანელი (არაუმეტეს წელიწადში 5 დღისა);
ბ) შვებულების დროს;
გ) მისი კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
დ) დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე (ამ შემთხვევაში შესაბამისი წინასწარი შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მოსამსახურეს);
ე) დისციპლინური წარმოებისას, მოსამსახურის სამსახურიდან დროებით ჩამოშორების შემთხვევაში;
ვ) თანამდებობიდან დროებით გადაყენების შემთხვევაში;
ზ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოსამსახურის მოთავსებისას, თუ მოსამსახურეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა (ამ შემთხვევაში შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მოსამსახურეს);
თ) მოსამსახურისთვის სხვა ფუნქცია-მოვალეობების დროებით დაკისრებისას, როდესაც ხდება მისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისაგან გათავისუფლება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
3. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურში გამოცხადდება ნასვამ მდგომარეობაში, სამსახურებრივი ურთიერთობიდან ჩამოაშორებს უშუალო უფროსი. მას არ ეძლევა ხელფასი სამსახურიდან ჩამოშორების მთელ პერიოდში.
4. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერება ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ფორმდება მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერების პერიოდში, მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი (სარგო) აგრეთვე დანამატი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 37🔗. თანამდებობიდან დროებით გადაყენება
1. მოსამსახურე, სასამართლოს განჩინების, საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან, სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენების ან ჩამოშორების შესახებ.
2. თანამდებობიდან დროებით გადაყენების შემთხვევაში მოსამსახურეს დროებით უჩერდება სამსახურებრივი უფლებამოსილება.
3. თანამდებობიდან გადაყენებული მოსამსახურე, გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. მოსამსახურეს, გამართლების შემთხვევაში, აუნაზღაურდება იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. მოსამსახურეს უფლება აქვს უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და თანამდებობაზე აღდგენაზე/ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნაზე.
4. თანამდებობიდან გადაყენებულ მოსამსახურეს ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა და სამსახურის სხვა ქონება. თანამდებობიდან გადაყენების მთელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ პირს ეკრძალება შესაბამისი სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ტარება.
თავი VIII
მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა
მუხლი 38🔗. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა
1. მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება;
გ) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან მისი სტრუქტურული ერთეულის ან მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის დროს.
2. კადრების განკარგულებაში აყვანა გულისხმობს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
3. კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
4. მოსამსახურე, რომელსაც დროებით შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, მისივე თანხმობით უნდა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ეს მოსამსახურე აყვანილ იქნება კადრების განკარგულებაში. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (მათ შორის, ბავშვის შვილად აყვანა) გამო შვებულებაში მყოფი პირი, ასევე დროებითი შრომისუუნარობის გამო სამსახურში არმყოფი მოსამსახურე კადრების განკარგულებაში აყვანიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, მისივე თანხმობით, უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში – ტოლფას თანამდებობაზე.
მუხლი 39🔗. კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტია
კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.
მუხლი 40🔗. კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურისათვის მოვალეობის დაკისრება
კადრების განკარგულებაში აყვანილ მოსამსახურეს, მისივე თანხმობით, შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება არა უმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით, რა დროსაც ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად უნარჩუნდება ფულადი სარგო (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო), ამასთან, დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო.
თავი IX
მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტა
მუხლი 41🔗. მოსამსახურის თანამდებობიდან/სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საფუძვლები
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლება და სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას.
2. მოსამსახურე (გარდა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან:
ა) პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე (სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანით ან უამისოდ);
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;
გ) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული/ტერიტორიული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო;
დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო;
ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო;
ვ) სხვა დაწესებულებაში სამსახურის დაწყების გამო;
ზ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის/ცნობის საფუძველზე;
თ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების, მხარდაჭერის მიმღებად ცნობის ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ი) გარდაცვალების გამო;
კ) გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო;
ლ) სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასების მიღების გამო;
მ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო;
ნ) სამსახურის ვადის გასვლის გამო;
ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
3. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა, აგრეთვე შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან ან/და დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან:
ა) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;
ბ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მისი მოთხოვნის შემთხვევაში;
გ) შესაბამისი ფიზიკური დონის შემოწმების, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო.
4. სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან დაითხოვება:
ა) სამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;
ბ) სამსახურის სისტემაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში;
გ) სხვა დაწესებულებაში სამსახურის დაწყების გამო.
5. მოსამსახურის გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ან მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი.
მუხლი 42🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე
1. მოსამსახურე პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან ან/და დაითხოვება სამსახურიდან.
2. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურის დაუყოვნებლივი გათავისუფლება საფრთხეს უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების ან/და სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების (პატაკი) რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღის ვადაში.
3. თანამდებობიდან გათავისუფლების ან/და სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან თანამდებობიდან გათავისუფლების ან/და სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მოსამსახურეს უფლება აქვს, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება. ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.
მუხლი 43🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა დისციპლინური გადაცდომისათვის
1. მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან ან/და დაითხოვება სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომის გამო, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.
2. მოსამსახურე თავისუფლდება თანამდებობიდან ან/და დაითხოვება სამსახურიდან 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნით სამსახურის თვითნებურად მიტოვების შემთხვევაში, მინისტრის მიერ დამტკიცებული მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის შესაბამისად.
მუხლი 44🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო
მოსამსახურე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან ან/და დაითხოვება სამსახურიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც მას შეეფარდა სასჯელი ჩადენილი დანაშაულისათვის. მოსამსახურე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან ან/და დაითხოვება სამსახურიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს.
მუხლი 45🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო
მოსამსახურე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან ან/და დაითხოვება სამსახურიდან ამ წესის მე-7−მე-9 მუხლებით გათვალისწინებული შეუთავსებლობის, ასევე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო. მოსამსახურე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან ან/და დაითხოვება სამსახურიდან მას შემდეგ, რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ცნობილი გახდება აღნიშნული ფაქტის შესახებ.
მუხლი 46🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა მოქალაქეობის შეწყვეტის გამო
მოსამსახურე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან ან/და დაითხოვება სამსახურიდან დაუყოვნებლივ, მას შემდეგ რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ცნობილი გახდება რომ მას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 47🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით
1. მოსამსახურე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან ან/და დაითხოვება სამსახურიდან თუ იგი აირჩიეს ან დანიშნეს სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოსამსახურე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან ან/და დაითხოვება სამსახურიდან სხვა თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნის დღიდან.
მუხლი 48🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო
1. მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან ან/და დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან, თუ იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის მანძილზე 6 თვის განმავლობაში (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი) არ ცხადდებოდა სამსახურში და შესაბამისი სამედიცინო დასკვნის/ცნობის საფუძველზე მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას, ამასთან, შეუძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მისი სხვა შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანა.
2. მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან ან/და დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის მოქმედების პერიოდშიც, თუ გასულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ვადა და არ არსებობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სხვა შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანის შესაძლებლობა.
მუხლი 49🔗. გათავისუფლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების, მხარდაჭერის მიმღებად ცნობის ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო
მოსამსახურეს, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების, მხარდაჭერის მიმღებად ცნობის ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო, მეორე დღიდან სამსახური ეთვლება შეწყვეტილად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 50🔗. გათავისუფლება გარდაცვალების გამო
მოსამსახურეს გარდაცვალების მეორე დღიდან სამსახური ეთვლება შეწყვეტილად.
მუხლი 51🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა გამოსაცდელი ვადის გასვლის და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო
1. გამოსაცდელი ვადის გასვლის და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მოსამსახურე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან ან/და დაითხოვება სამსახურიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მისი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების არსებობის შემთხვევაში.
2. გამოსაცდელი ვადის გასვლის და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაკავებული თანამდებობიდან მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების ან/და სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი არის გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის უშუალო ხელმძღვანელის მიერ შედგენილი შეფასების აქტი.
მუხლი 52🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა შესაბამისი ფიზიკური დონის შემოწმების, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო.
მეხანძრე-მაშველი თავისუფლდება თანამდებობიდან ან/და დაითხოვება სამსახურიდან შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო, თუ ნორმატიული სამართლებრივი აქტი ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ითვალისწინებს მეხანძრე-მაშველის გათავისუფლებას/დათხოვნას.
მუხლი 53🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების გამო
მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან ან/და დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან მისი მუშაობის პერიოდში სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 54🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა სამსახურის ვადის გასვლის გამო
1. სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით თანამდებობიდან თავისუფლდება ან/და სამსახურიდან დაითხოვება მოსამსახურე, რომელიც თანამდებობაზე დანიშნული იყო გარკვეული ვადით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი ურთიერთობა წყდება სამსახურის ვადის გასვლის მეორე დღეს.
3. თანამდებობაზე გარკვეული ვადით დანიშნული მოსამსახურე არ თავისუფლდება თანამდებობიდან ან/და არ დაითხოვება სამსახურიდან, თუ იგი სამსახურის ვადის გასვლამდე ახალი ვადით იქნა დანიშნული იმავე ან სხვა თანამდებობაზე.
მუხლი 55🔗. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების/დათხოვნის სამართლებრივი შედეგები
1. მოსამსახურე თანამდებობიდან უკანონო გათავისუფლების ან/და სამსახურიდან უკანონო დათხოვნის, აგრეთვე, თანამდებობიდან უკანონოდ დაქვეითების შემთხვევაში, ექვემდებარება თანამდებობაზე აღდგენას და ეძლევა იძულებით განაცდური.
2. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე წოდების უკანონოდ ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარება თანამდებობაზე აღდგენას, ეძლევა იძულებით განაცდური და უბრუნდება ჩამორთმეული წოდება.
3. წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან/და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.
4. მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის ტოლფას თანამდებობაზე.
5. აღდგენილ მოსამსახურეებს სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ გათავისუფლების/დათხოვნის ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების/დათხოვნის თარიღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი.
მუხლი 56🔗. მოსამსახურის დათხოვნა კადრების განკარგულებიდან
კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) დათხოვნა.
მუხლი 57🔗. დათხოვნა წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების გამო
სახელმწიფო სპეციალური წოდების მოსამსახურე მისივე თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების გამო, თუ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნული პირისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესაძლებლობას.
თავი X
სამსახურის გავლის სხვა პირობები
მუხლი 58🔗. შინაგანაწესი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამუშაო პირობები განისაზღვრება შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
მუხლი 59🔗. სამუშაო დრო
1. მოსამსახურეებისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.
2. მოსამსახურეთა სამუშაო დროის ხანგრძლივობა განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით ან შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
3. მოსამსახურეთა სამუშაოს დაწყების, დასრულებისა და შესვენების დრო, ასევე დასვენების დღეები განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით/შინაგანაწესით. ცვლაში მომუშავე მოსამსახურეების სამუშაო დრო ასევე განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით ან სხვა აქტებით.
მუხლი 60🔗. შვებულება
1. მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არის 30 კალენდარული დღე. შვებულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწილ-ნაწილ. წლის ბოლოს აღებული შვებულება შესაძლებელია გაგრძელდეს მომდევნო წელს. მომდევნო წელს გაგრძელებული შვებულება ჩაითვლება წინა წლის შვებულებად.
2. სამსახურის სისტემაში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 კალენდარული დღით, 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე პირთათვის – 40 კალენდარული დღით.
3. მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არაუმეტეს ერთი წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. მოსამსახურეს შვებულების უფლება წარმოეშობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში მიღებიდან/დანიშვნიდან 11 თვის შემდეგ. უშუალო უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია ამ უფლებით სარგებლობა აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
5. შვებულებაში გასვლის რიგითობას განსაზღვრავს შესაბამისი უფლებამოსილი ხელმძღვანელი.
6. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია შვებულების შეწყვეტა და მოსამსახურის გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლად. გამოძახების შემთხვევაში, მოსამსახურეს შეიძლება აუნაზღაურდეს ტრანსპორტირების ხარჯები, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, ასევე შვებულებიდან დარჩენილი დღეების გამოყენების უფლება მიეცემა იმავე წელს.
7. კადრების განკარგულებაში მყოფ მოსამსახურეს შვებულება არ მიეცემა.
8. შვებულების გაფორმება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.
9. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები არ ვრცელდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე.
მუხლი 61🔗. შვებულება პროფესიული განვითარებისათვის
მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამის პროგრამაში მონაწილეობისათვის შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება 5 წელიწადში ერთხელ 3 თვემდე ვადით.
მუხლი 62🔗. მოკლევადიანი შვებულება
გადაუდებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო საკითხების, დაქორწინების, ოჯახური პირობების და სხვა საპატიო მიზეზის გამო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი (ანაზღაურებადი) შვებულება 10 დღის ხანგრძლივობით. მოკლევადიანი შვებულების დღეები არ შედის მორიგ ყოველწლიურ შვებულებაში.
მუხლი 63🔗. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
მოსამსახურისათვის ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილების გამო შვებულების მიცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 64🔗. სამსახურის გავლა განსაკუთრებული რეჟიმის, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით, განსაზღვრული ვადით, შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. განსაკუთრებული რეჟიმის დროს მოსამსახურეები იმყოფებიან მათთვის გათვალისწინებულ, სამსახურებრივი ფუნქციის განხორციელების ადგილას. სამუშაო ადგილის დატოვება შეიძლება მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვის საფუძველზე.
2. მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის დროს შეიძლება მოსამსახურე გამოძახებულ იქნეს შვებულებიდან (გარდა ავადმყოფობისა, ასევე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა).
მუხლი 65🔗. მოსამსახურეთა წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა
1. მოსამსახურეთა წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
2. ფასიანი საჩუქრის სახით – სასაჩუქრე მედლის, მედალიონის ან/და სამკერდე ნიშნის ნიმუშებს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 66🔗. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა
მოსამსახურეს სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა, რომლის ნიმუშსაც ამტკიცებს მინისტრი.