ამ წესში ტერმინებს აქვს შემდეგი განმარტება:

ა) აღდგენა – ღონისძიება, რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის დადეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა.

ბ) აღრიცხვა – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება;

გ) გადაბელვა – სპეციალური ჭრისას ხეების გარკვეულ სიმაღლეზე გადაჭრა;

დ) გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები;

ე) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი;

ვ) ვარჯის ფორმირება – ხეებზე ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე;

ზ) ზე ხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზეური გამხმარი ხე;

თ) კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი;

ი) მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები;

კ) მცენარის სახეობა– მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული;

ლ) მოსაჭრელი ხეების უბანი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზეურიან ძირნაყარი ხის დამზადება;

მ) მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების უბნის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების უბნის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების და წყების განმსაზღვრელ დოკუმენტს;

ნ) მწვანე ნარგავის დამზადება – ზეზეური ხის მოჭრა ან/და ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა;

ო) მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების მონიშვნა და აღრიცხვის წარმოება;

პ) ხე-ტყის ნარჩენი – ხე-ტყის დამზადების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშადგამოუსადეგარი ტოტები. აგრეთვე ის ძირნაყარი ხე-ტყე, რომელსაც ბუნებრივი თუ სხვა ფაქტორების გამო აღარ გააჩნია მერქნული რესურსის ღირებულება;

ჟ) ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი განსაზღვრული ზომის მცენარე;

რ) მუნიციპალური სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მიღება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი;

ს) სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა;

ტ) ფაუტი ხე – ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე;

უ) ძირნაყარი ხე – მიწაზე წაქცეული ხმელი ხე, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი;

ფ) ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა;

ქ) ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია;

ღ) რჩეული ხე – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით;

ყ) დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვა –ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირება;

შ) დამზადებული მწვანე ნარგავების გადამზიდავი პირი–დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვაზე დაინტერესებული პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ხეების ტრანსპორტირებისას ან მისი არყოფნის დროს პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხეების ტრანსპორტირებას (მძღოლი ან/და შესაბამისი გადამზიდავი);

ჩ) დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (შემდგომში – დოკუმენტი) – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის დოკუმენტი გაცემული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ;

ც) გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირების საბოლოო ადგილმდებარეობა,ზუსტი მისამართის მითითებით;

ძ) უფლებამოსილი ორგანო – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური;

წ) საშეშე მერქანი – მწვანე ნარგავების ჭრის შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მერქნული რესურსი.