„თვითმმართველი ქალაქის-რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსების და მისი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№96
სარეგისტრაციო კოდი
310150000.35.160.016532
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №96

2019 წლის 5 თებერვალი

ქ. რუსთავი

 

„თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსების და მისი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსების და მისი ფორმის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის №218 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 13/02/2014. ს/კ №310150000.35.160.016201) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილების სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ნიმუშის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმისა და მისი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“

ბ) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 262 მუხლისა და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52 მუხლის მე-2 პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად;“;

გ) დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად;“;

დ) დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტებით დამტკიცებული დანართების სახელწოდებები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანებზე ნებართვის მაძიებელთა შეფასების კრიტერიუმები და ნებართვის მაძიებლისთვის ქულების მინიჭების წესი (დანართი №2);“;

„გ) „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის:

გ.ა) სანებართვო მოწმობის ნიმუშის შევსების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №3.1);

გ.ბ) სანებართვო მოწმობის ნიმუშის ფორმა (დანართი №3.2);

გ.გ) უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმა (დანართი №3.3)“;

ე) დადგენილების პირველი მუხლის „გ“ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის (დანართი №3.1) პირველი მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სანებართვო მოწმობის ფორმები მზადდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შეკვეთით „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით (მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი) დადგენილი წესის შესაბამისად.“.

„4. სანებართვო მოწმობის შესაბამისი ფორმა (ერთი ეგზემპლარი) შევსებული სახით ნებართვის მფლობელს ნებართვის გამცემის მიერ გადაეცემა მოქმედი საკანონმდებლო აქტებით და წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემდგომ, ხოლო სანებართვო მოწმობის მეორე ეგზემპლარი ინახება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.“;

ვ) დადგენილების პირველი მუხლის „გ“ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის (დანართი №3.1) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სანებართვო მოწმობას ხელს აწერს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. ბეჭდის ანაბეჭდი და ხელმოწერა ნაწილობრივი ზედდებით უნდა გაფორმდეს.“;

ზ) დადგენილების პირველი მუხლის „გ“ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის (დანართი №3.1) მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ჟურნალი ინახება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში და დადგენილი ვადის შემდგომ გადაეცემა არქივს. შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყონ ჟურნალის დაცულობა.“;

თ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2.

დაევალოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი“-ით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი



დანართი N1

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო და საკანონმდებლო ბაზა

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი–თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანაზე ნებართვის გაცემის ფასს, ნებართვის მაძიებელთათვის კონკურსის ჩატარების, მასში მონაწილეობის, გამარჯვებულის გამოვლენის, გადაყვანებზე ნებართვის გაცემის პირობებს, ნებართვის მოქმედების ვადას, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესს.

2. წესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისთვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება გზაზე მგზავრთა გადასაყვანად;

ბ) ავტობუსი“ – მგზავრთა გადასაყვანი და მათი ბარგის გადასატანად განკუთვნილი M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა) და რომელიც გადაადგილდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში და რუსთავი – თბილისის მარშრუტზე ქალაქ რუსთავის მუნივიპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საავტობუსო მარშრუტის შესაბამისად;

გ) „M2 კატეგორია“ – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდასატრანსპორტო კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (ავტობუსის) კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონამდეა;

დ) „M3 კატეგორია“ – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდასატრანსპორტო კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (ავტობუსის) კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონა და მეტი;

ე) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ – მგზავრთა გადაყვანა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანა რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისთვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მარშრუტების შესაბამისად;

ვ) გადამზიდველი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას;

ზ) კონკურსში გამარჯვებული“ – კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებელი, რომელიც საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცხადდა გამარჯვებულად;

თ) ლოტი“ – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში და რუსთავი–თბილისის განსაზღვრულ მარშრუტზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებით;

ი) მძღოლი“ – პირი, რომელიც მართავს ავტობუსს საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით;

კ) მარშრუტი“ – დანიშნულების პუნქტებს შორის ავტობუსების მიმოსვლისთვის წინასწარ დადგენილი გზასავალი;

ლ) ნებართვა“ – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით გადამზიდველისთვის განსაზღვრული ვადით, M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად მინიჭებული უფლება სანებართვო წესით დადგენილი პირობების დაცვით;

მ) ნებართვის გამცემი“ – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია;

ნ) ნებართვის მაძიებელი“ – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც განცხადებით მიმართავს ნებართვის გამცემს ნებართვის მისაღებად;

ო) ნებართვის მფლობელი“ – პირი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება;

პ) ნებართვის გაცემის ფასი“ – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ფასი M 2 და M3 კატეგორიის ავტობუსებზე, თვეზე გაანგარიშებით;

ჟ) სანებართვო მოწმობა“ – სანებართვო უფლების დამადასტურებელი საბუთი.

რ) სანებართვო პირობები“ – კანონით ან კანონის საფუძველზე, სანებართვო წესით დადგენილი მოთხოვნების და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას.

ს) პირი“ – საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი;

ტ) საბანკო გარანტია“ – ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული საბანკო ან სადაზღვევო გარანტია კონკურსში მონაწილეობის, საკონკურსო პირობების შეუსრულებლობისას მოსალოდნელი რისკის თავიდან ასაცილებლად, კონკურსის მონაწილის ან ნებართვის მფლობელის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი გარანტიების მექანიზმის სახეობა. უცხოური ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში გარანტია უნდა დამოწმდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკის ან სადაზღვევო კომპანიის მიერ. საბანკო გარანტის სახეებია:

ტ.ა) კონკურსში მონაწილეობის საბანკო გარანტია“ – ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს საკონკურსო ან სანებართვო პირობების საბანკო გარანტიის წარდგენის, ხელშეკრულების გაფორმების ან/და ნებართვის მიღების უზრუნველსაყოფად; ნებართვის მაძიებელს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს კონკურსში, საბანკო გარანტია უბრუნდება, ხოლო კონკურსში გამარჯვებულს საბანკო გარანტია უბრუნდება ნებართვის მიღების შემდეგ;

ტ.ბ) საკონკურსო პირობების საბანკო გარანტია“ – წარდგენილი უნდა იქნეს კონკურსში გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების გაფორმებამდე საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტობუსებით მომსახურების დაწყების ან/და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე საკონკურსო განცხადებით აღებული ვალდებულებისა და პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, ნებართვის მფლობელს უბრუნდება შესაბამისი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ.

უ) საბანკო დაწესებულება“ – საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკი.

ფ) უწყებრივი სანებართვო რეესტრი“ – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის და მისი გაუქმების თაობაზე.

ქ) ფორს-მაჟორი“ – მოვლენა, რომელიც ცდება მხარეთა გონივრულ კონტროლს, შეუძლებელია მისი თავიდან აცილება და რომელიც აფერხებს ან შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ვალდებულების შესრულებას და არ არის გამოწვეული მხარის დაუდევარი მოქმედებით.

ღ)ხელშეკრულება“ – დოკუმენტი, რომელიც ფორმდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და კონკურსში გამარჯვებულს შორის და რომლითაც ზუსტდება მხარეთა უფლება-მოვალეობები.

ყ) მგზავრთნაკადი“ – დროის განსაზღვრულ პერიოდში, ერთი მიმართულებით გადაყვანილი ან გადასაყვანი მგზავრების რაოდენობა.

 

მუხლი 3. კონკურსის ორგანიზება

1. კონკურსის მიზანია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გაიცეს იმ ნებართვის მაძიებელზე, რომელიც ლოტის მიხედვით, საკონკურსო შედეგების შეჯამებისას მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას და შეასრულებს საკონკურსო პირობებს. ნებართვის მაძიებლის შეფასების კრიტერიუმები და მისთვის ქულების მინიჭების წესი მოცემულია დადგენილების მე-2 დანართში.

2. კონკურსის ორგანიზატორია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.

3. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელით უფლებამოსილია ნებართვის მოქმედების ვადა გაუგრძელოს ნებართვის მფლობელებს, რათა ერთის მხრივ, ახალი კონკურსის ჩატარებამდე უზრუნველყოფილ იქნეს საბიუჯეტო შემონატანები, ხოლო მეორეს მხრივ, ნებართვის მფლობელებს მიეცეთ გონივრული ვადა, რათა შეძლონ კონკურსისათვის სათანადოდ მომზადება.

4. ინფორმაცია კონკურსის ჩატარების შესახებ მასმედიის (მათ შორის, ინტერნეტის) საშუალებებით ცხადდება კონკურსამდე ერთი თვით ადრე.

5. კონკურსი ცალ-ცალკე შეიძლება გამოცხადდეს M2 და/ან M3 კატეგორიის ავტობუსებით ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებელი ნებართვის მისაღებად.

6. კონკურსის ჩატარების შესახებ მიღებულ აქტში უნდა მიეთითოს:

ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ნებართვის სახეობა;

ბ) ნებართვის გამცემი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება;

გ) ნებართვის მაძიებელთა განცხადებების მიღების დაწყების და დამთავრების დრო და ადგილი;

დ) კონკურსის ჩატარების თარიღი, დრო, ადგილი;

ე) კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენის ვადა;

ვ) ინფორმაცია ლოტის თაობაზე;

ზ) მომსახურების განხორციელებისთვის პიკური საათური მგზავრთნაკადის მიხედვით განსზღვრული ავტობუსების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა;

თ) ნებართვის მოქმედების ვადა;

ი) ნებართვის გაცემის ფასი;

კ) საბანკო გარანტიის ოდენობა:

კ.ა) კონკურსში მონაწილეობისათვის;

კ.ბ) საკონკურსო პირობების შესრულებისთვის;

ლ) სანებართვო პირობები;

მ) კონკურსის გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი;

ნ) განცხადების მიმღები პასუხისმგებელი პირის კოორდინატები.

 

მუხლი 4. საკონკურსო კომისია

1. კონკურსის ჩატარებისა და გამარჯვებულის გამოსავლენად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით იქმნება კომისია, რომლის უფლებამოსილებას განეკუთვნება კონკურსში მონაწილეობაზე ნებართვის მაძიებლის წერილობითი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შემოწმება, ნებართვის მაძიებლების შეფასება დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა.

2. კომისია შედგება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, მერიის თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეებისგან ან/და მოწვეული სპეციალისტებისგან.

3. კომისიის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის სხვა წევრები.

4. კონკურსის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი, რომელიც შედგება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებისგან. კომისიის აპარატი უშუალოდ ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარეს და ასრულებს მის დავალებებს.

5. კომისიის საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის სხდომის მდივანი, რომელიც იმავდროულად არის კომისიის აპარატის უფროსი.

6. კომისიის წევრთა და აპარატის თანმშრომელთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.

7. კომისია დამოუკიდებელია. არავის არ აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.

8. კომისიას აქვს ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით.

9. კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები.

10. კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის ორგანიზებაზე. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს კომისიის საქმიანობას მიკუთვნებულ კორესპონდენციას.

11. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს თავად კომისია.

12. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.

13. კომისიის წევრი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით;

ბ) დაიცვას წინამდებარე დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;

გ) დაიცვას კონკურსის მონაწილეთა შესახებ საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალობა.

14. კომისიის წევრებს შეიძლება მიეცეთ აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდება მათი პირდაპირი ან ირიბი კერძო დაინტერესება ჯგუფში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევებში კომისიის წევრს აქვს თვითაცილების უფლებაც.

15. კომისიის სხდომები ტარდება საჯაროდ.

16. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

17. კომისიის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები /სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები.

18. ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია დაესწროს სხდომებს და კომისიის თანხმობის შემთხვევაში მისცეს ახსნა-განმარტება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

19. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.

20. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელიც თავისი სამართლებრივი სტატუსით წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, სხდომის მდივანი და კომისიის დამსწრე წევრები.

21. კომისიის სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 5. საკონკურსო პირობები

1. კონკურსის ყველა მონაწილე სარგებლობს თანაბარი უფლებით და აღჭურვილია ერთნაირი მოვალეობებით.

2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა უფლება, წინასწარ გაეცნოს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას.

3. კონკურსში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დადგენილ მისამართზე და ვადაში.

4. ნებართვის მაძიებელმა წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, რომელიც დაუყოვნებლივ წარედგინება საკონკურსო კომისიას. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით და ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) იურიდიული პირისთვის – სათანადო წესით გაფორმებული პარტნიორთა თანხმობა კონკურსში მონაწილეობის თაობაზე, სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და წესდების დამოწმებული ასლი, განცხადების წარმომდგენი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ინდეტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ინდივიდუალური მეწარმისთვის – ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები;

ბ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იმის თაობაზე, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

გ) ცნობა სასამართლოდან იმის თაობაზე, რომ ნებართვის მაძიებელის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება;

დ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;

ე)  საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ნებართვის მაძიებელს არ აქვს საერთო სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საგადასახადო დავალიანება;

ვ) დოკუმენტაცია ლოტზე განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკურ/საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებელთა შესახებ, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი ფორმით როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ვერსიით და მასში ასახული უნდა იყოს:

ვ.ა) მგზავრთა გადაყვანის განსახორციელებლად აუცილებელი ავტობუსების კატეგორია, მარკა, მოდელი, რაოდენობა, მგზავრთა სალონის და მასში ასასვლელ-ჩასავლელი კარის და კარის ღიობის საგდულების რაოდენობა, კარის ღიობის სიგანე და სიმაღლე; თითოეული ავტობუსის გამოშვების წელი და შესაბამისობა სტანდარტებთან: ავტობუსის გამოყენების ეფექტურობის, უსაფრთხოების, მოხერხებულობის და კომფორტულობის დამახასიათებელი თვისებები და პარამეტრები.

ვ.ბ) ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში ან იჯარით/ლიზინგით, ან სარგებლობის სხვა ფორმით სარგებლობის ხელშეკრულებით აღებული ავტობუსების საკონკურსო პირობების შესრულების ვადაში მის სარგებლობაში გადასვლაზე გაფორმებული ოფიციალურად დამოწმებული წინასწარი შეთანხმება ავტობუსების მწარმოებელთან ან ოფიციალურ გაყიდვების აგენტთან ან ნებისმიერ სხვა პირთან ამ უკანასკნელის საკუთრებაში ავტობუსის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად;

ვ.გ) საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტობუსებით მომსახურების განხორციელების დაწყების გრაფიკი;

ვ.დ) მომსახურების მენეჯმენტის სისტემის ორგანიზაციულ ტექნიკური სტრუქტურის დახასიათება;

ზ) საბანკო გარანტია კონკურსში მონაწილეობისთვის;

თ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ კონკურსის მონაწილე მოქმედებს ნებართვის მაძიებლის სახელით;

ი) ნებართვის მაძიებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტექნიკური და ექსპლუატაციის სამსახურების ხელმძღვანელების შესაბამისი კვალიფიკაციის და სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, სერტიფიკატი, ამონაწერი შრომითი სტაჟის შესახებ).

6. თუ ნებართვის მაძიებელი უცხოელი ან უცხოური კომპანიაა, ამ მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი ცნობები გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოთა მიერ. ამასთან, ნებართვის გამცემს ცნობები უნდა წარედგინოს აპოსტილით სათანადოდ დამოწმებული ან ლეგალიზებული სახით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

7. დოკუმენტები (განცხადების გარდა) წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით იმგვარად, რომ დოკუმენტების ნახვა ლუქის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს. კომისია არ მიიღებს დაულუქავი კონვერტით წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მას მაშინვე უკან დაუბრუნებს წარმომდგენს.

8. ნებართვის მაძიებელი განცხადებას წარადგენს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლოტზე. გამარჯვებული თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე გამოვლინდება.

9.ნებართვის მაძიებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს კონკურსში ერთზე მეტ ლოტზე, საბანკო გარანტია კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინოს თითოეული ლოტისთვის ცალ-ცალკე.

10. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ასევე, გაასწოროს წარმოდგენილ განცხადებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომები.

 

მუხლი 6. საკონკურსო განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები

საკონკურსო განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლებია:

ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი M2 და/ან M3 კატეგორიის ავტობუსების დადგენილი რაოდენობისა და სხვა დოკუმენტაციის მონაცემების საკონკურსო პირობებისადმი შეუსაბამობა;

ბ) ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემებში ხარვეზი ან/და მათი არასრულად წარმოდგენა;

გ) განცხადება შეიტანა მხარდაჭერის მიმღებმა პირმა;

დ) განცხადება შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

 

მუხლი 7. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები

1. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ნებართვის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი M2 და/ან M3 კატეგორიის ავტობუსების მონაცემების და დოკუმენტაციის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შედარებით(შეფასებით), შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) ავტობუსის ტექნიკური მონაცემები;

ბ) საკუთრებაში ან იჯარით/ლიზინგით გამოსყიდვის უფლებით, ან სარგებლობის სხვა ფორმით სარგებლობაში აღებული ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ავტობუსების რაოდენობა;

გ) სამგზავრო გადაყვანების მომსახურების მენეჯმენტი;

დ) შემოთავაზებული მგზავრობის ფასი.

2. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი პრიორიტეტების განსაზღვრის უფლება აქვს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, აღნიშნული კრიტერიუმები ფასდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან ერთად და არ ენიჭება დამატებითი ქულა.

3. საერთო შეფასებაში თითოეულ კრიტერიუმს აქვს თავისი ქულა და ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი (დანართი №2).

4. გამარჯვებულად ითვლება ის ნებართვის მაძიებელი, რომელიც შეფასების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ საბოლოო ქულათა ჯამს.

 

მუხლი 8. კონკურსის შედეგების შეჯამება

1. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ ლოტზე.

2. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ აისახება ოქმში, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები.

3. ხმის მიცემა წარმოებს ღია კენჭისყრის ფორმით. ხმის მიცემა წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია.

4. კომისიის წევრს უფლება არ აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან ან ხმა მისცეს იმ საკითხს, რომლის განხილვაშიც არ იღებდა მონაწილეობას.

5. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა. კომისიის თითოეულ წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმის უფლება. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის (სხდომის თავმჯდომარის) ხმა.

6. ოქმში უნდა მიეთითოს:

ა) კომისიის დასახელება;

ბ) სხდომის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი;

გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;

დ) სხდომაში მონაწილე სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ცალკეული დარგის ექსპერტების/სპეციალისტების ან/და სხვა მოწვეული, აგრეთვე დაინტერესებული პირების ვინაობა (მათი არსებობის შემთხვევაში);

ე) განხილვის საგანი;

ვ) სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ცალკეული დარგის ექსპერტების/სპეციალისტების ან/და სხვა მოწვეული, აგრეთვე დაინტერესებული პირების ახსნა-განმარტებების აღწერა;

ზ) კენჭისყრის შედეგები;

თ) მიღებული გადაწყვეტილება.

7. კომისიის ოქმი კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ცხადდება საჯაროდ.

8. კონკურსში გამარჯვებულს ნებართვის მიღებამდე უფლება არა აქვს განახორციელოს აღნიშნული საქმიანობა.

9. კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი რეგულირდება საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.

10. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 9. არშემდგარი კონკურსი

კონკურსი ითვლება არშემდგარად და კომისიის მიერ ფორმდება სათანადო ოქმი:

ა) თუ კონკურსის მოწყობის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება;

ბ) საკონკურსო პირობების განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისას:

გ) საქართველოს ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისას.

 

მუხლი 10. კომისიის მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის წესი

1. კომისია განცხადების წარდგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის განცხადების შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და ამ მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში მოქმედებს ამავე კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად.

2. მონაწილეს უფლება აქვს წერილობითი ფორმით უარი განაცხადოს კონკურსში მონაწილეობაზე, განცხადებების მიღებისთვის ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს. ასეთ შემთხვევაში მას დაუბრუნდება წარმოდგენილი საბანკო გარანტია კონკურსში მონაწილეობისთვის.

 

მუხლი 11. ნებართვის გაცემის წესი და პირობები

1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული გადაყვანა ხორციელდება მხოლოდ ნებართვის საფუძველზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულ იურიდიულ ან ფიზიკურ პირთა ან/და ინდივიდუალური მეწარმეების მიერ. ნებართვა გაიცემა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კონკურსის შედეგების საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ლოტ(ებ)ის შესაბამისად.

2. ნებართვის გარეშე სამგზავრო გადაყვანის განხორციელება გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ერთ ლოტზე გაიცემა ერთი ნებართვა.

4. ნებართვის გაცემის ფასის შეცვლა (ნებართვის ამოქმედებიდან 3 (სამი) წლის გასვლის შემდეგ დაიშვება მხოლოდ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ფორსმაჟორის გამო (გარდა გაფიცვა –ლოკაუტისა) მომსახურების გახორციელების შეუსრულებლობის შემთხვევისა.

5. ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელის გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების, ასევე ნებართვის გამცემსა და გამარჯვებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

6. თუ გამარჯვებული უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხოელია, მაშინ მან ხელშეკრულების გაფორმებამდე თავისი 100%–იანი წილით საქართველოში უნდა დააფუძნოს საწარმო, რომელზეც გაიცემა ნებართვა.

7. კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღის ვადაში გამარჯვებულსა და ნებართვის გამცემს შორის ფორმდება ხელშეკრულება.

8. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია სახელშეკრულებო პირობებს განსაზღვრავს და ხელშეკრულების პროექტს აქვეყნებს წინასწარ, კონკურსის გამოცხადებისას.

9. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა და იგი უფლებამოსილი ხდება განახორციელოს მომსახურება.

10. დადგენილ ვადაში საქართველოში საწარმოს არდაფუძნების, ხელშეკრულების გაუფორმებლობის ან ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კონკურსის გამარჯვებულს ნებართვა არ მიეცემა.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ინტერნეტში. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება იმავე წესით არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში.

 

მუხლი 12. ნებართვაზე უარის თქმის საფუძვლები

1. ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეუძლია ნებართვის გამცემს.

2. ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ:

ა) ნებართვის მაძიებელი არ არის კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებული;

ბ) ნებართვის მაძიებლის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული;

გ) წინამდებარე წესის მე-11 მუხლის მე–10 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში.

3. ნებართვის გაცემაზე უარი უნდა იყოს დასაბუთებული და ეცნობოს ნებართვის მაძიებელს.

4. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში, დადგენილი წესით.

 

მუხლი 13. სანებართვო პირობები, მხარეთა უფლება-მოვალეობები

1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნებართვის მოქმედების მთელ ვადაში უზრუნველყოს მომსახურების გაწევა დადგენილი მარშრუტებით და დადგენილი რაოდენობის ავტობუსებით;

ბ) მარშრუტის შეცვლის (სქემის შეცვლა, მარშრუტის გაუქმება ან დამატება) შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული საერთო რაოდენობის გაზრდას, ცვლილების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ძალაში შესვლის დღიდან უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება შეცვლილი მარშრუტების შესაბამისად;

გ) მარშრუტებისთვის დადგენილი ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ მიღებული აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, ხოლო მარშრუტების შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის დადგენილი ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ გამოცემული აქტის -ძალაში შესვლის დღიდან;

დ) ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის 1 დეკემბრისა, მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ მისი საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების ავტობუსებით; საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში შეცვალოს ავტობუსი, მისი კატეგორიის, სახეობის, სტანდარტების, ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების შეუცვლელად და ეს ცვლილებები დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს;

ე) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში საკუთრებაში ან იჯარით/ლიზინგით ან სარგებლობის სხვა ფორმის ხელშეკრულების საფუძველზე იყოლიოს ლოტისთვის განსაზღვრული ყოველდღიურად მომუშავე ავტობუსების რაოდენობა;

ვ) დაკისრებული ვალდებულების სრულყოფილად შესრულების მიზნით, ნებართვის მფლობელს უფლება აქვს: გააფორმოს სათანადო ხელშეკრულებები გადამზიდავებთან (გადამხდელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან), რომლებიც დამოუკიდებლად აწარმოებენ ანგარიშსწორებას როგორც ნებართვის მფლობელთან, ასევე ბიუჯეტის სასარგებლოდ;

ზ) მომსახურების განხორციელებისას ავტობუსების შენახვა–ექსპლუატაციის წესების, უსაფრთხოების ტექნიკის და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების მიზნით უზრუნველყოს მოქმედი სპეციალური საკანონმდებლო აქტების მოთხოვნების დაცვა;

თ) უზრუნველყოს ხაზზე გაშვებული თითოეული ავტობუსის ტექნიკური გამართულობა და ნორმალური სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა; დაიცვას ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების ექსპლუატაციის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმები და მოთხოვნები;

ი) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ხაზზე ავტობუსის სამუშაოდ გაშვებისთვის საჭირო პროცედურების შესასრულებლად, სათანადო დოკუმენტაციის გასაცემად და წინასარეისო ტექნიკური დათვალიერებისა და მომსახურების ჩასატარებლად სარგებლობაში იქონიოს მინიმუმ ერთი საავტობუსე პარკი;

კ) დაიცვას მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვისთვის საქართველოს საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები;

ლ) სამუშაოზე მუშაკთა მიღებისას დაიცვას პროფესიული შესატყვისობის მოთხოვნები და დაასაქმოს კონკურსში მის გამარჯვებამდე მარშრუტზე მომუშავე მძღოლები და მხოლოდ ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში შესთავაზოს დასაქმება სხვა პირებს კვალიფიკაციის შესაბამისად;

მ) უზრუნველყოს მომსახურების განმახორციელებელი ყველა მძღოლის პირადი ჰიგიენის და ჩაცმულობის შესაბამისობა ნორმებთან;

ნ) არ დაუშვას უშუალოდ მარშრუტზე მოძრაობისას მძღოლის მიერ თამბაქოს მოხმარება;

ო) აანაზღაუროს მომსახურებისას მგზავრისთვის მიყენებული ზიანი გარდა იმ შემთხვევისა, როცა ზიანი გამოწვეულია მგზავრის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით;

პ) უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე ავტობუსების აღჭურვა დადგენილი ნიმუშების სვლაგეზის მაჩვენებელი ფირნიშნებით (ელექტროტაბლოებით), მგზავრობის ფასის გადახდის თანამედროვე სალარო აპარატით, ავტობუსში მგზავრისთვის თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ტაბლო, სადაც აღნიშნული იქნება მძღოლის სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ნებართვის მფლობელის დასახელება, ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრები და მგზავრობის ფასი;

ჟ) აწარმოოს ავტობუსების მუშაობის მაჩვენებელი პარამეტრების ყოველდღიური აღრიცხვა–ანალიზი და რეგულირება;

რ) უზრუნველყოს მარშრუტის მუშაობის დაწყება–დამთავრების დროისა და ინტერვალის დაცვა;

ს) დაიცვას საწყის და ბოლო გაჩერებებზე ავტობუსების დგომის წესები, სანიტარიულ–ჰიგიენური ნორმები, ნებართვის გამცემთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განათავსოს მძღოლთა დასვენების, კვებისა და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის პუნქტები;

ტ) არ დაუშვას ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავრტევადობაზე მეტი მგზავრის გადაყვანა;

უ) გასწიოს მომსახურება დადგენილი ტარიფის (თუ რეგულირებადი ეკონომიკური სფეროა) ან მის მიერ განსაზღვრული მგზავრობის ფასის (თუ ეს არ არის რეგულირებადი ეკონომიკური სფერო) შესაბამისად;

ფ) მომსახურების დაწყებამდე ნებართვის გამცემს მიაწოდოს ინფორმაცია მგზავრობის ფასის შესახებ. შემდგომში ფასის შეცვლის უფლება ნებართვის მფლობელს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ მინიმუმ ერთი თვით ადრე აცნობებს ამის თაობაზე ნებართვის გამცემს;

ქ) შეასრულოს საკონკურსო პირობებით აღებული ვალდებულება, კერძოდ, შეინარჩუნოს ხელშეკრულების გაფორმებისას საბაზრო პირობებით განსაზღვრულ ლოტზე მგზავრთა გადაყვანის ფასი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მგზავრობის ღირებულების შეცვლა განპირობებულია ფასზე მოქმედი ფაქტორების მნიშვნელოვანი ცვლილებით. ღ) აწარმოოს მგზავრთა საჩივრების აღრიცხვა, მოაწყოს ცხელი ხაზი;

ყ) ავტობუსზე რეკლამა განათავსოს კანონით დადგენილი წესით;

შ) გადაიხადოს ნებართვის გაცემის ფასი;

ჩ) მძღოლების ან სხვა ტექნიკური პერსონალის გაფიცვის, ადმინისტრაციის ლოკაუტის შემთხვევაში არ დაუშვას მომსახურების სრული შეწყვეტა რომელიმე მარშრუტზე 3 (სამი) კალენდარულ დღეზე მეტ ხანს. ამასთან, ნებართვის გამცემს, გონივრულ ვადაში, წინასწარ წერილობით ატყობინებს მოსალოდნელი გაფიცვის ან ლოკაუტის თაობაზე;

ც) მოთხოვნა ნებართვის გაუქმების შესახებ ნებართვის გამცემს წარუდგინოს მინიმუმ 12 კვირით ადრე;

ძ) არ დაუშვას ნებართვის რაიმე ფორმით სხვა პირზე გადაცემა, თუკი არ არსებობს ნებართვის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობა და მის მიერვე დადგენილი პირობები;

წ) ყველანაირად შეუწყოს ხელი მუშაობაში უფლებამოსილ შემმოწმებელს: წარუდგინოს საჭირო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს მის ქონებაზე ან ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის წილზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) წარმოშობის შესახებ, აგრეთვე ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ;

ჭ) სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

ხ) რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის განხორციელებისას მარშრუტზე მომუშავე ავტობუსების გაჩერება უზრუნველყოს მხოლოდ საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის №1-5 დადგენილების 11 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით განსაზღვრულ გაჩერებებზე.

2. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია:

ა) ფორს–მაჟორის ან სხვა შემთხვევაში, როცა შეუძლებელია მარშრუტის დაცვა, ნებართვის გამცემის თანხმობით და მის მიერ დადგენილი სქემით, დროებით შეცვალოს მუშაობის რეჟიმი, მოძრაობის განრიგი ან გზის გარკვეულ მონაკვეთზე შეცვალოს დადგენილი მარშრუტი. თუ ნებართვის გამცემის თანხმობის მიღება შეუძლებელია, მომსახურებაში განხორციელებული ცვლილების შესახებ ნებართვის გამცემს აცნობოს დაუყოვნებლივ;

ბ) ნებართვის გამცემს წარუდგინოს წინადადებები ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის უკეთ ორგანიზების საკითხებზე.

3. ნებართვის გამცემი ვალდებულია:

ა) დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცეს ნებართვა, შეიტანოს მასში ცვლილება ან გააუქმოს;

ბ) აწარმოოს უწყებრივი რეესტრი;

გ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოაქვეყნოს ინფორმაცია ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ;

დ) კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის 1 დეკემბრისა, ნებართვის მფლობელს დართოს უფლება მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ მისი საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების ავტობუსებით; საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში შეცვალოს ავტობუსი, მისი კატეგორიის, სახეობის, სტანდარტების, ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების შეუცვლელად, თუ განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აცნობებს ნებართვის გამცემს;

ე) კანონით და ამ წესის შესაბამისად გააკონტროლოს ნებართვის მფლობელის მიერ სახელშეკრულებო და სანებართვო პირობების შესრულება და მიიღოს საჭირო ზომები;

ვ) ფორსმაჟორულ სიტუაციებში (მარშრუტზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუარესება, მგზავრთა ნაკადის მნიშვნელოვანი შემცირება ან გაზრდა და ა.შ.) ნებართვის მფლობელის შეტყობინების საფუძველზე განიხილოს საკითხი, მიიღოს საჭირო გადაწყვეტილება (თანხმობა მარშრუტის დროებით შეცვლაზე, ავტობუსების ოდენობის დროებით შეცვლაზე. ავტობუსების ოდენობის დროებით შემცირებაზე და სხვა) და გასცეს თანხმობა კონკრეტულ საჭიროებაზე;

ზ) განსაზღვროს საჭირო ავტობუსების მინიმალური რაოდენობა, რომლითაც ნებართვის მფლობელს ექნება მომსახურების განხორციელების საშუალება ნებართვის მოქმედების მთელ ვადაში.

 

მუხლი 14. ნებართვა და სანებართვო მოწმობა

1. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) წლის ვადით და ძალაშია ნებართვის ვადის გასვლამდე ან მის გაუქმებამდე.

2. ნებართვა გაიცემა კონკურსის გამარჯვებულზე, ნებართვის გამცემის მიერ საკონკურსო პირობების შესრულების თაობაზე გამოცემული აქტის საფუძველზე. ნებართვის მფლობელს მიეცემა სანებართვო მოწმობა (დანართი N3.2).

3. ნებართვის მფლობელსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ფორმდება ხელშეკრულება კონკურსით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე 14 სამუშაო დღის განმავლობაში. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა და იგი უფლებამოსილია განახორციელოს მომსახურება.

4. ნებართვის მფლობელის ლიკვიდაციის, ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტის, ნებართვის გაუქმებისას ან/და ახალი მარშრუტის განსაზღვრისას, ლოტზე ახალი კონკურსით გამოვლენილი გამარჯვებულისთვის ნებართვის მინიჭებამდე ვადაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია ნებართვა მიანიჭოს თავის მიერ შერჩეულ გადამზიდველს თავის მიერვე დადგენილი პირობებით.

5. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანებისას ნებართვის მფლობელმა წერილობით უნდა მიმართოს ნებართვის გამცემს მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე. იქამდე კი იგი უფლებამოსილია განახორციელოს სანებართვო საქმიანობა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

6. მოწმობის დუბლიკატი უნდა გაიცეს განცხადების მიღებიდან ორი დღის ვადაში, ხოლო უწყებრივ სანებართვო რეესტრში გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი ამის თაობაზე. დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.

7. დუბლიკატის მიმღები პირი ვალდებულია წერილობით განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემს წარუდგინოს მოწმობის დუბლიკატის ფასის გადახდის ქვითარი.

8. ნებართვის მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასი შეადგენს 20 ლარს.

 

მუხლი 15. ნებართვის გაცემის ფასის გაანგარიშების, გადახდის წესი და ვადები

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ნებართვის გაცემის ფასი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრავი ავტობუსებისათვის შეადგენს 30(ოცდაათი) ლარს, ხოლო რუსთავი - თბილისის მარშრუტზე მოძრავი ავტობუსებისთვის – 50 (ორმოცდაათი) ლარს.

2. ნებართვის გაცემის ფასი გამოიანგარიშება ყოველთვიურად მთლიანი ლოტისთვის განსაზღვრული მარშრუტებისთვის დადგენილი ყოველდღიურად მომუშავე ავტობუსების მაქსიმალური რაოდენობის გადამრავლებით ნებართვის გაცემის ფასის განაკვეთზე.

3. ნებართვის გაცემის ფასი გადაიხდევინება ყოველთვიურად, მიმდინარე თვის 10 რიცხვამდე.

4. მარშრუტებზე დადგენილი ავტობუსების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში შემცირებული ფასი იხდება ცვლილების განხორციელების მომდევნო კალენდარული თვიდან.

5. მარშრუტებზე დადგენილი ავტობუსების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში ახალი ფასი გადაიხდევინება ცვლილების განხორციელების თვეზეც სრულად, მიუხედავად ცვლილების კონკრეტული დღისა. ამასთან, სხვაობა ძველსა და ახალ ფასებს შორის გადაიხდება მომდევნო თვეში.

6. ნებართვის გაცემის ფასის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში ნებართვის მფლობელს დაეკისრება პირსაგამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი თანხის 0,1%–ის ოდენობით.

7.პირსაგამტეხლო გადაიხდება საბანკო დაწესებულებაში და მთლიანად ჩაირიცხება ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე (ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი). საბანკო მომსახურების ხარჯებს იხდის ნებართვის მფლობელი.

8. ნებართვის ფასი იხდება სრულად, იმის მიუხედავად, საანგარიშო თვის განმავლობაში ფაქტობრივად განახორციელა თუ არა მომსახურება ნებართვის მფლობელმა.

 

მუხლი 16. ნებართვის ფასის შეცვლა. კონტროლი

1. ნებართვის გაცემის ფასი არ შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ნებართვის ამოქმედებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში.

2. ნებართვის ფასთან დაკავშირებული სადავო საკითხები შესაძლებელია განხილულ იქნეს სასამართლო წარმოების წესით.

3. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს ნებართვის მფლობელს ნებართვის ფასის გადახდის მოვალეობისაგან.

 

მუხლი 17. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისთვის. ნებართვის გაუქმება

1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ერთეული მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. იგი უფლებამოსილია კალენდარული წლის ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.

2. ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.

3. თუ გონივრულ ვადაშიც არ განხორციელდა სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ. სანებართვო პირობების შეუსრულებლობის გამო,ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობის საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს ხელშეკრულებაში. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში ნებართვის გამცემმა უნდა დაასაბუთოს ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა.

4. ნებართვა შეიძლება ვადის გასვლამდე გაუქმდეს:

ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნით;

ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალების (ლიკვიდაციის), დადგენილი წესით პირის გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად მისი ცნობის შემთხვევაში (გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისისა);

გ) ნებართვის მფლობელის მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო ორი ან მეტი პირობის ერთდროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში;

დ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

ე) ნებართვის სხვა პირზე გადაცემის შემთხვევაში;

ვ) სპეციალური მმართველის საქმიანობის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში.

5. ნებართვის გადაცემა სხვა პირზე შესაძლებელია მხოლოდ ნებართვის გამცემთან წინასწარი შეთანხმებით, მის მიერ დადგენილი დამატებითი პირობებით ან უამისოდ.

6. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

7. ნებართვის გაუქმება ფორმდება მისი გამცემის მიერ და ეცნობება ნებართვის მფლობელს.

8. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი დღის ვადაში სანებართვო მოწმობა ნებართვის გამცემს უბრუნდება უკან. დადგენილ ვადაში მოწმობის ჩაუბარებლობის გამო მისი მფლობელი პასუხს აგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ნებართვის გაუქმების მიუხედავად აგრძელებს უნებართვო საქმიანობას.

 

მუხლი 18. უწყებრივი სანებართვო რეესტრი

1. უწყებრივ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ნებართვის გამცემი.

2. მონაცემები ნებართვის გაცემის, ნებართვაში ცვლილების შეტანის, მისი გაუქმების ან/და დუბლიკატის გაცემის შესახებ ნებართვის გამცემს რეესტრში შეაქვს გადაწყვეტილების მიღებიდან 2 (ორი) დღის ვადაში.

3. რეესტრში ასევე შეიტანება:

ა) მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ, ფიზიკური პირისთვის: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მონაცემები; ინდივიდუალური მეწარმისთვის, იურიდიული პირისთვის მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე;

ბ) მონაცემები ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმის (შეცვლის, რეორგანიზაციის), ადგილსამყოფლის შესახებ;

გ) სანებართვო მოწმობის ნომერი, გაცემის თარიღი, ნებართვის სახეობა, ლიცენზიის ან საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი და გადაწყვეტილებაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობა.

4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად, ყველას აქვს უფლება გაეცნოს სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.