შპს „მეტროლაინის“ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/17553-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/17553-18

განჩინება

საქართველოს სახელით

 კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

2019 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე

განმცხადებელი (მოვალე) – შპს „მეტროლაინი“ (ს.ნ 406029505)

დირექტორი – ნინო კეკელიძე

გაკოტრების მმართველი – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ

მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

 2018 წლის 13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა  შპს „მეტროლაინის“ წარმომადგენელმა ოთარ ხუციშვილმა და მოითხოვა კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ივლისის  განჩინებით შპს „მეტროლაინის“ (ს/ნ 406029505) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში და საწარმოს მეურვედ დანიშნული იქნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო. ამავე განჩინებით კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნა 2018 წლის 31 აგვისტოს, 10:00 სთ-ზე.

ვინაიდან, კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში ჩატარებულ სხომაზე წარმოდგენილი კრედიტორული მოთხოვნების სრულყოფილი განხილვა ვერ მოხერხდა კრედიტორთა სიმრავლის გამო, წარმოების შემდგომი გაგრძელებისათვის შპს ,,მეტროლაინის" კრედიტორთა პირველი კრება გადაიდო და  დაინიშნა კანონით დადგენილ ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებით შპს „მეტროლაინის”  გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიურო. 

2019 წლის 7 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ, რომელმაც შპს  „მეტროლაინის” გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკვაშირებით წარმოადგინა საბოლოო ანგარიში. ამავე მომართით გაკოტრების მმართველმა მოითხოვა შპს „მეტროლაინის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ 42-ე მუხლის  თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

სასამართლო მიიჩნევს, რომ გაკოტრების მმართველის სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის  7 თებერვლის  შუამდგომლობის საფუძველზე მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: ა) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა; ბ) შპს „მეტროლაინის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დაადგინა:

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) 2019 წლის 26 თებერვალს 15:00 სთ-ზე, სხდომის დარბაზი №56, შემდეგი დღის წესრიგით: 

• გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა;

• შპს „მეტროლაინის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                                           თინა ვაშაყმაძე