პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.03.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №46/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.017670
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.03.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ პროგრამის/ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №46/ნ
2019 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის“ მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის საფასური დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი
დანართი №1
პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
ეს დებულება ადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებს, აკრედიტაციის სტანდარტებთან მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების (შემდგომში – პროგრამა) შესაბამისობისა და აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების (შემდგომში – მონიტორინგი) წესს, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესს, აგრეთვე, აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს, და აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესს.
მუხლი 2🔗. აკრედიტაციის შინაარსი და მიზანი
1. აკრედიტაცია არის ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომელსაც ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). აკრედიტაციის მიზანია პროგრამის შეფასება და აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა.
2. აკრედიტაციის სტანდარტები ეხება:
ა) პროგრამის შინაარსს;
ბ) პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ რესურსებს.
თავი II
აკრედიტაციის სტანდარტები
მუხლი 3🔗. პროგრამის შინაარსი
1. პროგრამის შინაარსთან დაკავშირებული სტანდარტი გულისხმობს, რომ პროგრამას აქვს ნათლად ჩამოყალიბებული მიზნები და სწავლის შედეგები შესაბამისობაშია „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილებით (შემდგომში – დადგენილება) განსაზღვრულ მოთხოვნებთან. პროგრამის სტრუქტურა, მისი კომპონენტები, სწავლის მეთოდები და შეფასება უზრუნველყოფს პროგრამის დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) პროგრამა შემუშავებულია და დამტკიცებულია დაწესებულებაში არსებული პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგიის შესაბამისად;
ბ) პროგრამის შემუშავება/განვითარება თანამონაწილეობითი პროცესია, რომელშიც უზრუნველყოფილია დაინტერესებულ პირთა ჩართულობა;
გ) დაწესებულება უზრუნველყოფს პროგრამისა და სწავლის შედეგების შეფასების მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
დ) პროგრამის სტრუქტურა არის თანმიმდევრული და ლოგიკური; პროგრამის სტრუქტურა და კომპონენტები უზრუნველყოფს სწავლის შედეგების მიღწევას;
ე) პროგრამის კომპონენტები უკავშირდება დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი კომპეტენციების შეძენას;
ვ) პროგრამის ხანგრძლივობა შესაბამისობაშია დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნასთან;
ზ) პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო მასალა და პროგრამის განხორციელების გეგმა უზრუნველყოფს პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევას:
ზ.ა) სასწავლო მასალა შეესაბამება პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიხედვით რელევანტური მიმართულების/დარგის აქტუალურ მიღწევებს;
ზ.ბ) პროგრამის განხორციელების გეგმა შეიცავს ინფორმაციას მიზნობრივი ჯგუფ(ებ)ის, სასწავლო თემატიკის საათობრივი განაწილების, სწავლებისა და შეფასების მეთოდების, პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო რესურსების შესახებ;
თ) პროგრამა ითვალისწინებს მსმენელთა მიერ პროგრამის შეფასებას, ხოლო უკუკავშირის შედეგები გამოიყენება პროგრამის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის;
ი) პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების პროცესი მოიცავს სწავლის შედეგების გასაზომად საჭირო მონაცემთა განსაზღვრას, შეგროვებასა და ანალიზს:
ი.ა) სწავლის შედეგების შეფასება ხდება თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ, წინასწარ შედგენილი შეფასების გეგმის მიხედვით;
ი.ბ) პროგრამით გათვალისწინებულია შეფასების ადეკვატური ფორმები და მეთოდები, რომელიც მსმენელის მიერ პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევის დადგენის საშუალებას იძლევა;
ი.გ) სწავლის შედეგების შეფასების ანალიზი გამოიყენება პროგრამის გასაუმჯობესებლად, რაც გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის შინაარსის და/ან სწავლის შედეგების და/ან შეფასების სისტემის მოდიფიცირებას;
კ) პროგრამა ითვალისწინებს პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემას არანაკლებ 80%-იანი დასწრების მაჩვენებლისა (საკონტაქტო საათების მიხედვით) და პროგრამით გათვალისწინებული შეფასების მეთოდების შესაბამისად პროგრამის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი შეფასების შედეგის საფუძველზე;
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სტანდარტის შესრულების ინდიკატორებია:
ა) დაწესებულების მიერ დამტკიცებული პროგრამა;
ბ) პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია;
გ) პროგრამის შემუშავებაში დაინტერესებული კომპეტენტური პირების ჩათულობის დამადასტურებელი მასალა/დოკუმენტი;
დ) პროგრამის განხორციელების გეგმა;
ე) პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების რუკა;
ვ) პროგრამაში აღწერილი სასწავლო მასალა;
ზ) მსმენელთა მიერ პროგრამის შეფასების ფორმები, შეფასების შედეგები და დადგენილი სამიზნე ნიშნულები;
თ) სწავლის შედეგების შეფასების მეთოდოლოგია;
ი) სწავლის შედეგების შეფასების გეგმა;
კ) სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტები;
ლ) პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის წესი;
მ) დაწესებულების ვებგვერდი;
ნ) ინტერვიუს შედეგები.
მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული რესურსები
1. პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული რესურსები უნდა უზრუნველყოფდეს პროგრამის ეფექტიან განხორციელებას და განსაზღვრული მიზნების მიღწევას.
2. სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) სწავლებას ახორციელებს სათანდო კვალიფიკაციის მქონე პირი/პირები (შემდგომში – ტრენერი):
ა.ა) ტრენერს აქვს პროგრამის სასწავლო კომპონენტის შესაბამისი: 1) აკადემიური უმაღლესი ან მასთან გათანაბრებული განათლება, ან შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; და 2) ბოლო 3 წლის განმავლობაში ტრენერად მუშაობის გამოცდილება;
ა.ბ) ტრენერთან გაფორმებულია ხელშეკრულებები ან წინასწარი შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტები;
ა.გ) ტრენერს არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი, კერძოდ, ტრენერი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებამაც შეიძლება პირდაპირი და უშუალო ზეგავლენა მოახდინოს აკრედიტაციის პროცესის მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელებაზე;
ბ) პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული რესურსები ოპტიმალურად არის განაწილებული:
ბ.ა) დადგენილების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, ერთი ნაკადის მსმენელთა რაოდენობა არ აღემატება 20 ადამიანს;
ბ.ბ) მსმენელის დატვირთვა არ აღემატება სამუშაო დღეებში 4 საკონტაქტო საათს, თუ მსმენელი იმავე დღეს ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებსაც, ხოლო თუ მსმენელი სამუშაო დღეს განთავისუფლებულია სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან ან დატვირთვა გათვალისწინებულია არასამუშაო დღეებში – 6 საკონტაქტო საათს;
გ) დაწესებულებას შეუძლია პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების (დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება) განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების დემონსტრირება:
გ.ა) არსებობს საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, რომელიც რაოდენობრივად და ხარისხობრივად უზრუნველყოფს პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას;
გ.ბ) შემუშავებულია პროგრამის ბიუჯეტი, რომელიც რეალისტური და გაზომვადია; ფინანსური რესურსების გამოყოფა ეკონომიკურად მიღწევადია და შეესაბამება პროგრამის საჭიროებებს;
გ.გ) ადმინისტრაციული პერსონალის ფუნქციები შეესაბამება პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებსა და საჭიროებებს;
გ.დ) რესურსები ხელმისაწვდომი და გამოყენებადია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის;
გ.ე) არსებობს პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების სრულყოფილად განხორციელების უზრუნველყოფისთვის საჭირო ფართი, სადაც დაცულია ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები, მათ შორის, არსებობს ადაპტირებული გარემო სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის; ფართის მართლზომიერი მფლობელობა დასტურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით ან არსებობს წერილობითი შეთანხმება, საჭიროებიდან გამომდინარე, ფართით დროებითი სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ;
დ) მსმენელთა მიერ პროგრამის შეფასება ითვალისწინებს უკუკავშირს ადამიანურ და მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც დაწესებულება ადგენს სამიზნე ნიშნულებს და ზრუნავს მათ გაუმჯობესებაზე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სტანდარტის შესრულების ინდიკატორებია:
ა) ტრენერის სამუშაო აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
ბ) ტრენერის პირადი საქმე/CV;
გ) ტრენერებთან გაფორმებული ხელშეკრულება ან წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი;
დ) სწავლების განხორციელების დამტკიცებული განრიგი;
ე) დამტკიცებული ორგანიზაციული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების სამუშაო აღწერილობები;
ვ) პერსონალის პირადი საქმეები;
ზ) პერსონალთან გაფორმებული ხელშეკრულებების/საკადრო ბრძანებების ნიმუშები;
თ) პროგრამის ბიუჯეტი;
ი) ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ფლობის/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
კ) მსმენელთა მიერ პროგრამის შეფასების ფორმები, შეფასების შედეგები და დადგენილი სამიზნე ნიშნულები;
ლ) ვებგვერდი;
მ) დასკვნები შენობა-ნაგებობის უსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთხოების შესახებ;
ნ) კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებული საევაკუაციო გეგმა;
ო) ინტერვიუს შედეგები.
თავი III
აკრედიტაციის ჩატარების წესი
მუხლი 5🔗. აკრედიტაციის პროცესი
1. აკრედიტაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა;
ბ) დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობა;
გ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;
დ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასების ანგარიშის და მასზე თანდართული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლა და ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავება;
ე) სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელება;
ვ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის შედგენა და ცენტრში წარდგენა;
ზ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის აკრედიტაციის მაძიებლისთვის გაცნობა;
თ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე აკრედიტაციის მაძიებლის უკუკავშირის ცენტრში წარდგენა დასკვნის პროექტში არსებულ ფაქტობრივ უზუსტობებთან დაკავშირებით;
ი) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და ცენტრში წარდგენა;
კ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის აკრედიტაციის მაძიებლისთვის გაცნობა;
ლ) სააკრედიტაციო განაცხადის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე აკრედიტაციის მაძიებლის მიერ ცენტრში წარმოდგენილი უკუკავშირის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) წევრებისთვის გაგზავნა;
მ) აკრედიტაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა და საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება;
ნ) ცენტრის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნება.
2. საბჭოს მიერ აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. ამასთან, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის (აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისათვის, პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით შესაბამისობის შემოწმებისათვის, აკრედიტაციის საბჭოს მიერ საკითხის განხილვისათვის ან/და სხვა მსგავსი საფუძვლიდან გამომდინარე) აუცილებელია კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ცენტრს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გამოაქვს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
მუხლი 6🔗. სააკრედიტაციო განაცხადი
1. პროგრამის აკრედიტაციის მიზნით ცენტრში წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადს უნდა დაერთოს:
ა) თითოეული პროგრამის აკრედიტაციის თვითშეფასების შევსებული ანგარიში და მასზე დასართავი დოკუმენტაცია;
ბ) სააკრედიტაციო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ცენტრში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ან მატერიალური სახით, რა დროსაც აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშზე დასართავი დოკუმენტაცია ცენტრს წარედგინება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მეშვეობით.
3. დაწესებულებამ პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციისას, პროგრამის სტატუსის უწყვეტობის მიზნით, ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენისას უნდა გაითვალისწინოს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-8 მუხლით დადგენილი ვადები.
მუხლი 7🔗. თვითშეფასება
1. თვითშეფასების მიზანია აკრედიტაციის მისაღებად პროგრამის მზაობის შეფასება.
2. თვითშეფასება ხდება აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისად.
3. თვითშეფასების შედეგები აისახება აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშში.
4. აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.
მუხლი 8🔗. აკრედიტაციის მაძიებლად ცნობა
1. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს სააკრედიტაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.
2. თუ დაწესებულება ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი შესაბამის დაწესებულებას განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.
3. ამ მუხლით დადგენილი წესით დაწესებულებისათვის ხარვეზის დაუდგენლობის ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შესახებ, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.
4. თუ აკრედიტაციის მაძიებელი მაძიებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხდის აკრედიტაციის საფასურს, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
მუხლი 9🔗. აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსი
1. ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის აკრედიტაციის ექსპერტი არის მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი. მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობა, აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. აკრედიტაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს ცენტრის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) თანამშრომელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცენტრში/ბიუროში დასაქმებულია 3 თვეზე ნაკლები ვადით, კონკრეტული მოცულობის საექსპერტო სამუშაოს შესასრულებლად.
მუხლი 10🔗. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა
1. აკრედიტაციის საფასურის გადახდის შემდგომ ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.
2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრები.
3. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე.
4. აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი აკრედიტაციის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი.
5. აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს აკრედიტაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილების შესახებ დასაბუთებული განცხადება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
6. აცილების შესახებ განცხადების დასაბუთება უნდა ემყარებოდეს მოხელის პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით და/ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობას.
7. ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 სამუშაო დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.
8. აკრედიტაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი იმავე შემადგენლობით აგრძელებს საქმიანობას.
9. ვიზიტის ხანგრძლივობა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის შესაბამისად.
10. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ეფექტიანად წარმართვისა და შეფასების ერთიანი მიდგომის დაცვის მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტზე მიავლინოს ცენტრის თანამშრომელი.
მუხლი 11🔗. აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის შეფასება
1. ცენტრი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თითოეულ წევრს უგზავნის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.
2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე თვითშეფასების შევსებული ანგარიშისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და აკრედიტაციის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, უზრუნველყოფს ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.
3. სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებამდე აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის თვითშეფასების შევსებულ ანგარიშსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც შეიმუშავებს ვიზიტის დღის წესრიგს და წინასწარ ათანხმებს მას ცენტრთან. ცენტრი ვიზიტის დღის წესრიგის შეთანხმების პროცესში ითვალისწინებს დაწესებულების არგუმენტირებულ მოსაზრებებს. ცენტრი უგზავნის დაწესებულებას დღის წესრიგის საბოლოო ვერსიას.
მუხლი 12🔗. სააკრედიტაციო ვიზიტი
1. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ვიზიტის დროს უზრუნველყოფს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.
2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.
3. აკრედიტაციის ექსპერტი წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით ვალდებულია სააკრედიტაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიურება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები.
4. დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიურება.
5. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი ვიზიტის ბოლო დღეს აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებას წარუდგენს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ძირითად მიგნებებს.
6. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის, სააკრედიტაციო განაცხადსა და/ან მასზე თანდართულ დოკუმენტებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
მუხლი 13🔗. სამდონიანი შეფასების სკალის განმარტება
1. პროგრამა ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ პროგრამა სრულად უზრუნველყოფს სტანდარტის კომპონენტის დაკმაყოფილებას.
2. პროგრამა ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ პროგრამა მეტწილად უზრუნველყოფს სტანდარტის კომპონენტის დაკმაყოფილებას და არსებობს სუსტი მხარეები, რომელთა მოკლევადიან პერიოდში (არაუმეტეს 6 თვე) დასაძლევად დაწესებულებას აქვს მზაობა და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი გეგმა.
3. პროგრამა ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ პროგრამა ვერ უზრუნველყოფს მინიმუმ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დონეზე სტანდარტის კომპონენტის დაკმაყოფილებას.
მუხლი 14🔗. აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება
1. აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება სამდონიანი სკალის საშუალებით: „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან” და „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
2. პროგრამა „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ პროგრამა ამ სტანდარტის ყველა კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან არაუმეტეს ერთ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო დანარჩენ კომპონენტებთან მიმართებით – როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“.
3. პროგრამა „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ პროგრამა ამ სტანდარტის ერთზე მეტ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, ხოლო არცერთ კომპონენტთან მიმართებით არ არის შეფასებული, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
4. პროგრამა „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ პროგრამა ამ სტანდარტის ერთ-ერთ კომპონენტთან მიმართებით მაინც შეფასებულია, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
მუხლი 15🔗. დასკვნის მომზადება
1. თვითშეფასების შევსებული ანგარიშისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და სააკრედიტაციო ვიზიტის შედეგად დგება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.
2. დასკვნის პროექტი აღწერს პროგრამის შესაბამისობას აკრედიტაციის სტანდარტებთან.
3. ცენტრი ადგენს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი და ამ მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას.
4. საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.
5. აკრედიტაციის სტატუსის მაძიებელი დასკვნის პროექტის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს უკუკავშირს დასკვნის პროექტში არსებულ ფაქტობრივ უზუსტობებთან დაკავშირებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და საბჭოს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უკუკავშირის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.
7. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.
8. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა და მისთვის დადგენილი მოთხოვნები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 16🔗. ზეპირი მოსმენა
1. საბჭო აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააკრედიტაციო დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, დაწესებულების მიერ აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე წარმოდგენილი უკუკავშირის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
2. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან ცენტრის დირექტორი.
3. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.
4. სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, ხოლო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
6. დაინტერესებული მხარე და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები მონაწილეობენ ზეპირ მოსმენაში, ხოლო ცენტრის წარმომადგენლები ან/და სხვა დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან მიიღონ მონაწილეობა საკითხის განხილვაში სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.
7. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში შესაბამისი დარგის სხვა ექსპერტის, პროფესიული ორგანიზაციის წევრის, სფეროს სპეციალისტისა და სხვა პირთა მოწვევა.
8. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.
9. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით.
10. ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება აკრედიტაციის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა სააკრედიტაციო ვიზიტის შემდეგ.
11. საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
მუხლი 17🔗. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით. საბჭო შედგება მინიმუმ 5 წევრისგან, რომელთაგან ერთი წევრი არის ბიუროს წარმომადგენელი, ხოლო სხვა წევრები შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები, აკადემიური წრის ან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საბჭოს წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს ბიუროს უფროსი.
2. საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) სხდომებზე სისტემატურად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი ეს აფერხებს საბჭოს საქმიანობას;
ე) ამ დებულების მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში.
3. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასტურდება ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ბიუროს უფროსი ერთი თვის ვადაში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
მუხლი 18🔗. საბჭოს საქმიანობის წესი და პრინციპები
1. საბჭოს წევრი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი.
2. საბჭოს წევრმა უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალურობა ნებისმიერ სიტუაციაში და არ უნდა მოექცეს დაინტერესებული მხარეების გავლენის ქვეშ, მათი სტატუსის მიუხედავად.
3. საბჭოს წევრმა არ უნდა გაასაჯაროოს და არ გამოიყენოს პირადი ინტერესისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.
4. საბჭოს წევრი ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და არ უნდა ცდილობდეს პრივილეგირებულ პოზიციაში თავის წარმოდგენას; საჯაროდ ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს ექსპერტის, დაწესებულების წარმომადგენლისა და საბჭოს წევრის კომპეტენტურობას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მათ პოზიციას.
5. საბჭოს წევრი ვალდებულია, დღის წესრიგის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში განაცხადოს დაწესებულებასთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოების არსებობა.
6. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აკრედიტაციის საბჭოს სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის ფუნქციასაც ასრულებს ცენტრი. სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. სამდივნო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე უგზავნის სხდომის დღის წესრიგსა და შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასების შევსებულ ანგარიშსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას;
ბ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას;
გ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე აკრედიტაციის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ უკუკავშირს.
8. ზეპირი მოსმენის გამართვამდე, განსახილველ საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების მიზნით, საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია წინასწარ შეისწავლოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. საბჭოს წევრი უფლებამოსილია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია და მისი შესწავლის მიზნით საბჭო უფლებამოსილია გადადოს საკითხის განხილვა ადმინისტრაციული წარმოების დარჩენილი ვადების გათვალისწინებით.
მუხლი 19🔗. აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები
1. საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) აკრედიტაციის შესახებ;
ბ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ;
გ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
2. თუ საბჭოს მიერ აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისას პროგრამა:
ა) ამ დებულების მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ სტანდარტებთან მიმართებით შეფასდა, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შესახებ;
ბ) ამ დებულების მე-3 და/ან მე-4 მუხლით განსაზღვრულ სტანდარტებთან მიმართებით შეფასდა, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან” და არცერთ მათგანთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შესახებ და დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის წარსადგენად, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში;
გ) ამ დებულების მე-3 და/ან მე-4 მუხლით განსაზღვრულ სტანდარტებთან მიმართებით შეფასდა, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციაზე უარის თქმის/აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
3. აკრედიტაციის ვადა 5 წელია.
4. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით.
5. საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.
6. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
7. საბჭო უფლებამოსილია დაწესებულებას მისცეს რეკომენდაციები.
8. გადაწყვეტილება მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან ერთად ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა.
9. ცენტრი აკრედიტებული პროგრამების შესახებ ინფორმაციას აწვდის ბიუროს აკრედიტაციის მინიჭებიდან ერთი კვირის ვადაში, ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების მიზნით.
10. საბჭო უფლებამოსილია, დასაბუთებული არგუმენტაციის შემთხვევაში, განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის თარიღი.
თავი IV
აკრედიტაციის პირობების შემოწმება
მუხლი 20🔗. აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა
1. აკრედიტაციის პირობების შემოწმების მიზნით, დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პროგრამას, ვალდებულია ცენტრს პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის მინიჭებიდან სამწლიანი ვადის გასვლიდან ერთი თვის ვადაში წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში.
2. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით (ხელმოწერილი და დასკანერებული).
3. თვითშეფასების ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 21🔗. აკრედიტაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით
1. აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმება ხორციელდება გეგმური და/ან არაგეგმური მონიტორინგის გზით. მონიტორინგი ხორციელდება ცენტრის ინიციატივით ან საბჭოს შუამდგომლობით, ასევე ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. სააკრედიტაციო განაცხადის შესაბამისად დაწესებულების მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ან დროებითი სარგებლობის შესაძლებლობის დამადასტურებელ წერილობით შეთანხმებაში მითითებული ფართის ცვლილების შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წერილობით აცნობოს პროგრამის განხორციელებამდე (ტრენინგის/სემინარის ჩატარებამდე) არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე და წარუდგინოს შეცვლილი ფართის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის/დროებითი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა, რა დროსაც დაწესებულება ვალდებულია შეცვლილ ფართში პროგრამის განხორციელების დაწყების შესახებ ცენტრს აცნობოს დაუყოვნებლივ და წარუდგინოს ფართის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის/დროებითი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3. სააკრედიტაციო განაცხადის შესაბამისად დაწესებულების მიერ წარმოდგენილი პროგრამის სწავლის შედეგების ან/და პროგრამის სტრუქტურის/განხორციელების გეგმის ან/და პროგრამის განმახორციელებელი პირის/პირების ცვლილების შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წერილობით აცნობოს პროგრამის განხორციელებამდე (ტრენინგის/სემინარის ჩატარებამდე) არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე. ამასთან, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევაში, როდესაც პროგრამის განმახორციელებელი პირის/პირების ცვლილება ხდება შემჭიდროებულ ვადაში, დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი პირის/პირების მიერ პროგრამის განხორციელების დაწყების შესახებ ცენტრს აცნობოს დაუყოვნებლივ და წარუდგინოს მათთან დაკავშირებით ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის კომპონენტების შესრულების ინდიკატორები.
4. პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია დაწესებულებისგან გამოითხოვოს დოკუმენტაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან მონიტორინგის ვიზიტის შესახებ.
5. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შემთხვევაში დგება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.
6. ცენტრი ადგენს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-9 მუხლის პირველ და მე-15 მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას.
7. საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.
8. დაწესებულება დასკვნის პროექტის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს უკუკავშირს დასკვნის პროექტში არსებულ ფაქტობრივ უზუსტობებთან დაკავშირებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და საბჭოს.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული უკუკავშირის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.
10. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.
11. ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ დაწესებულებას წარედგინება უშუალოდ ვიზიტის დაწყების წინ ან არაუმეტეს მონიტორინგის ვიზიტამდე 1 დღით ადრე.
12. აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად, საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, თუ დაფიქსირდა აკრედიტაციის პირობების დარღვევის ფაქტი.
13. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია, დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს, ადმინისტრაციული წარმოების დარჩენილი ვადების გათვალისწინებით გონივრული ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დაწესებულების მიერ შესაბამისი ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
დანართი №2
პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის საფასური
მუხლი 1🔗. აკრედიტაციის საფასურის ოდენობა
1. პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის (შემდგომში – აკრედიტაცია) განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 500 ლარს.
2. აკრედიტაციის საფასური მოიცავს აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ადმინისტრაციულ (სახელფასო, საოფისე და საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯები) ხარჯებს, აკრედიტაციის ექსპერტთა ანაზღაურებისა და მივლინების (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯებსა და დამატებული ღირებულების გადასახადს.
3. პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს 2233 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო 3008 ლარს მივლინების საჭიროების შემთხვევაში.
4. „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულების“ 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულება იხდის მონიტორინგის საფასურს, რომელიც შეადგენს 450 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო 760 ლარს მივლინების საჭიროების შემთხვევაში.
5. აკრედიტაციის საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ცენტრის საბანკო ანგარიშზე შეტანის გზით. აკრედიტაციის განაცხადის განხლვისა და აკრედიტაციის საფასურები განმცხადებელს არ უბრუნდება, გარდა, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. აკრედიტაციის საფასური სრულად ბრუნდება, თუ დაწესებულება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას მოითხოვს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნამდე.