განმცხადებელი შპს „თბილიქიდსი“ (ს/ნ 415095060)
წარმომადგენელი თამუნა იზორია
მოთხოვნა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გამოარკვია:
2018 წლის 26 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით მომართა შპს „თბილიქიდსმა“
განმცხადებლის განმარტებით, შპს „თბილიქიდსი“ 2015 წლის 14 აგვისტოდან რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად. საზოგადოებას არ გააჩნია უძრავი ქონება და სატრანსპორტო საშუალებები. მოვალეს საკუთრებაში აქვს ვიდეოთამაშების კონსოლიები და მანქანები, კომპიუტერები, ინვენტარი და სხვ. მოძრავი ქონების ჯამური ოდენობაა 226 034.16 ლარი. განმცხადებელი წარმოადგენს შპს „თბილიქიდსი +“-ის 100% წილის მქონე პარტნიორს, თუმცა, საზოგადოების წილის ღირებულება შეადგენს 0 ლარს. შპს „თბილიქიდსს“ არ გააჩნია ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშებზე. საბანკო ანგარიშები გახსნილი აქვს სს „ლიბერთი ბანკში“, სს „საქართველოს ბანკში“ და სს „თიბისი ბანკში“. ანგარიშებზე, კი, გამოყენებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინკასო. მოვალეს ჰყავს კრედიტორები, რომელთა წინაშეც მისი ჯამური დავალიანება შეადგენს 381 466.57 ლარს. შპს „თბილიქიდსის“ უზრუნველყოფილი კრედიტორია შემოსავლების სამსახური, რომლის წინაშეც განმცხადებლის ვალდებულება განისაზღვრება 48 761.37 ლარით. კრედიტორების წინაშე ჯამური დავალიანების ოდენობაა 430 227.94 ლარი. მოვალეს დებიტორები არ ჰყავს. შესაბამისად, განმცხადებელი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებების დაფარვას, რის გამოც საზოგადოების დირექტორისა და 100%-იანი წილის მქონე პარტნიორის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „თბილიქიდსის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად დაევალა:
მიუთითოს კრედიტორების სახელები, მისამართები, საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ მიმართ არსებული დავალიანების ოდენობა.
წარმოადგინოს შპს „თბილიქიდსი +“-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
წარმოადგინოს შპს „თბილიქიდსი +“-ის 100% წილის შეფასების დასკვნა.
განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.
2019 წლის 8 იანვარს სასამართლოს ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მომართა შპს „თბილიქიდსის“ დირექტორმა თამუნა იზორიამ. განმცხადებლის განმარტებით, სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული ვადა არ არის საკმარისი დადგენილი ხარვეზის შესავსებად. ამდენად, ითხოვა განჩინებით განსაზღვრული ვადის გაგრძელება სულ მცირე 10 დღით. 2019 წლის 9 იანვრის განჩინებით მოვალე საწარმოს წარმომადგენლის თამუნა იზორიას განცხადება დაკმაყოფილდა და შპს „თბილიქიდსის“ ხარვეზის გამოსასწორებლად გაუგრძელდა საპროცესო ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღით.
2019 წლის 21 იანვარს სასამართლოს კვლავ მომართა შპს „თბილიქიდსის“ დირექტორმა თამუნა იზორიამ და ითხოვა განჩინებით განსაზღვრული ვადის გაგრძელება სულ მცირე 10 დღით. 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით შპს „თბილიქიდსის“ დირექტორის თამუნა იზორიას განცხადება დაკმაყოფილდა და განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად გაუგრძელდა საპროცესო ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღით.
2019 წლის 5 თებერვალს სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „თბილიქიდსის“ დირექტორმა თამუნა იზორიამ. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „თბილიქიდსი +“-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; შპს „თბილიქიდსი +“-ის წესდება; შპს „თბილიქიდსის“ ცნობა შპს „თბილიქიდსი +“-ის 100% წილის შეფასების თაობაზე; შპს „თბილიქიდსი +“-ის პარტნიორის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება; ილია ახალაიას 2017 წლის 13 აპრილის წერილი; შპს „თბილიქიდსის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 25 იანვრის №21-11/8315 და №21-11/8344 წერილები; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 იანვრის №27429 ინფორმაცია შპს „თბილიქიდსი +“-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების თაობაზე და შპს „თბილიქიდსის“ კრედიტორების სახელები, მისამართები, საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ მიმართ არსებული დავალიანების ოდენობა.
2019 წლის 6 თებერვლის განჩინებით შპს „თბილიქიდსს“ კვლავ მიეცა 5 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის შესავსებად და დაევალა წარმოადგინოს ერთიანი დოკუმენტი კრედიტორების სახელების, მისამართების, საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ მიმართ არსებული დავალიანების ოდენობის მითითებით.
2019 წლის 12 თებერვალს შპს „თბილიქიდსის“ მიერ შევსებულ იქნა დადგენილი ხარვეზი.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „თბილიქიდსის“ განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-14, მე-17, მე-19, 21-ე 25-ე, 26-ე, და 29-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს „თბილიქიდსის“ (ს/ნ 415095060) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.
2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.
3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით.
5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
6. შეჩერდეს შპს „თბილიქიდსის“ მიმართ იძულებითი აღსრულება.
7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.
8. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 22 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, სხდომის დარბაზი №56).
9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს. განჩინება, ასევე, გამოქვეყნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge და სასამართლო დაფაზე.
10. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე მაია სვიანაძე