შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის შუამდგომლობის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეჩერების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/25770-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/25770-17

 

საოქმო განჩინება

(ამონაწერი სხდომის ოქმიდან)

საქართველოს სახელით

 2018 წლის  4 სექტემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

განმცხადებელი – სსიპ – შემოსავლების სამსახური

წარმომადგენლები – ნინო მუმლაძე-ბარავკოვი, სალომე გულოშვილი

მოვალე - შპს „სოლო 500“, ს/ნ 432543759

წარმომადგენელი – გიგა სულაქველიძე

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ქრისტინე კუბლაშვილი

მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 29-ე, მე-40, 42-ე მუხლებითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

გამოარკვია:

2017 წლის 30 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,სოლო 500“-ის დირექტორმა და შპს „სოლო 500“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საწარმოს არ შესწევს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები. 2017 წლის 4 აგვისტოს განჩინებით, საწარმოს უარი ეთქვა გაკოტრების საქმის დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამავე განჩინებით კრედიტორებს განემარტათ, რომ თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს "სოლო 500"-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, შპს "სოლო 500"-ი გამოცხადდებოდა გაკოტრებულად და საწარმოს რეგისტრაცია გაუქმდებოდა.

2017 წლის 22 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და შპს „სოლო 500"-ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

2017 წლის 27 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და მოვალე საწარმოს მეურვედ აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა.

კრედიტორთა პირველ კრებაზე, მეურვემ წარმოადგინა მოვალე საწარმოსთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიში, რომლის თანახმადაც, შპს „სოლო 500“-ს არავითარი ქონება არ გააჩნია. კრედიტორთა პირველ კრებაზე, აღიარებულ იქნა შემოსავლების სამსახურის კრედიტორული მოთხოვნა 97 083 ლარისა და 26 თეთრის მოცულობით, როგორც მე-5 რიგის მოთხოვნა.

მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით, 2018 წლის 4 სექტემბერს, გაიმართა კრედიტორთა კრება, რომელზეც მეურვემ სასამართლოს წინაშე შპს ,,სოლო 500''-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე იშუამდგომლა იმის გამო, რომ მოვალე საწარმოს არანაირი ქონება არ გააჩნია და, შესაბამისად, შეუძლებელია ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მიზნის მიღწევა და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

2018 წლის 4 სექტემბერს, კრედიტორთა კრებაზე, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა იშუამდგომლა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შემოსავლების სამსახურის მიერ ცრუმაგიერ პირებად ცნობის თაობაზე წარდგენილი სარჩელისა და სამოქალაქო სარჩელის განხილვის დასრულებამდე.

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა კრებაზე გამოცხადებულ მხარეთა პოზიციები და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

სასამართლო განმარტავს, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნის - კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების - განხორციელება დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა საწარმოს სამეურვეო ქონება. მითითებული კანონის მე-3 მუხლის ,,რ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სამეურვეო ქონება არის ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის, ასევე ამ მომენტიდან შეძენილი ან/და წარმოებული (შექმნილი) ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, იმ ნივთებისა და მოთხოვნების გამოკლებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება.

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოვალე საწარმოს სამეურვეო ქონება არ გააჩნია - საწარმოს არა აქვს დებიტორული მოთხოვნები მესამე პირთა მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საბანკო დაწესებულებებიდან მოძიებული ინფორმაციის თანახმად, შპს ,,სოლო 500“ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად, შპს ,,სოლო 500“-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის, შპს ,,სოლო 500“-ს საკუთრებაში არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალება და რეგისტრაციას დაქვემდებარებული სხვა ქონება, მოვალე საწარმოს მიმდინარე ანგარიში რომელიმე ბანკში არ გააჩნია. ასევე უდავოა, რომ სამეურვეო ქონების არარსებობის გამო, შპს ,,სოლო 500" ვერ უზრუნველყოფს ვერც საპროცესო ხარჯების დაფარვას.

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოვალე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების მიუხედავად, კრედიტორი ინარჩუნებს მომავალში თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება ქონება, რომელიც გაუქმებულ საწარმოს ეკუთვნოდა. კერძოდ, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მეხუთე პუნქტით დადგენილია, რომ თუ საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება ქონება, რომელიც ეკუთვნოდა გაუქმებულ საწარმოს, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ინფორმაციას აქვეყნებს ელექტრონულ სისტემაში. კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ დაკმაყოფილებულა, უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოს ასეთი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს ამ კანონის 38- ე მუხლით განსაზღვრული წესით ქონების რეალიზაციას და ქონების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას ანაწილებს იმ კრედიტორთა შორის, რომლებმაც მას დადგენილ ვადაში მიმართეს, მათი მოთხოვნების რიგითობის გათვალისწინებით. თუ კრედიტორმა დადგენილ ვადაში არ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ან აუქციონზე ქონება არ გაიყიდა, ან კრედიტორმა უარი თქვა ქონების ნატურით საკუთრებაში მიღებაზე, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში.

ზემომითითებული გარემოებების, სამეურვეო ქონების არარსებობისა და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის დანაწესის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-12, მე-20, 35-ე და 42-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის შუამდგომლობა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განიჩნების გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე:  ვერა დობორჯგინიძე .