შპს „ბელჯეოტრანსის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1120-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1120-19

 

განჩინება

 

საქართველოს სახელით

 

გა დახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

2019 წლის 18 თებერვალი

ქ. თ ბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი – შპს ,,ბელჯეოტრანსი“

(საიდენტიფიკაციო კოდი 204972253)

დირექტორი – ნანა ბრეგაძე

 

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა ერთპიროვნულად განიხილა განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2019 წლის 24 იანვარს განცხადებით მომართა შპს ,,ბელჯეოტრანსის“ დირექტორმა ნანა ბრეგაძემ და მოითხოვა შპს ,,ბელჯეოტრანსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

2019 წლის 25 იანვრის განჩინებით შპს ,,ბელჯეოტრანსის“ დირექტორს (ლიკვიდატორს) ნანა ბრეგაძეს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა, წარმოადგინოს სასამართლოში შპს ,,ბელჯეოტრანსის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილება შპს ,,ბელჯეოტრანსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ, მიუთითოს ლიკვიდაციის დაწყების საფუძვლებთან, მის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ გარემოებებზე და წარმოადგინოს აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ხარვეზის გამოსწორების მიზნით შპს ,,ბელჯეოტრანსის“ დირექტორს (ლიკვიდატორს) ნანა ბრეგაძეს მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.

2019 წლის 05 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ბელჯეოტრანსის" წარმომადგენელმა გიორგი წიკლაურმა და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 15 დღით გაგრძელება, ვინაიდან განმცხადებელ საწარმოს ჰყავს უცხოელი პარტნიორები და შესაბამისად, პარტნიორთა კრების მოწვევა დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 თებერვლის განჩინებით, შპს ,,ბელჯეოტრანსის" წარმომადგენლის გიორგი წიკლაურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შპს "ბელჯეოტრანსის" დირექტორს (ლიკვიდატორს) ნანა ბრეგაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 (თხუთმეტი) დღით.

2019 წლის 11 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ბელჯეოტრანსის“ წარმომადგენელმა გიორგი წიკლაურმა და ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა შპს ,,ბელჯეოტრანსის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილება შპს ,,ბელჯეოტრანსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

2019 წლის 13 თებერვალს და 2019 წლის 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებებით მომართა შპს ,,ბელჯეოტრანსის“ წარმომადგენელმა გიორგი წიკლაურმა და ხარვეზის შევსების მიზნით დამატებით წარმოადგინა შპს ,,ბელჯეოტრანსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად კანონით დადგენილი წესით კრების მოწვევის დამადასტურებელი დოკუმენტები.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, თანდართული მასალები და მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად  არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,ბელჯეოტრანსს“ არ გააჩნია არავითარი ქონება, არ გააჩნია ფულადი თანხები ანგარიშზე, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით შპს ,,ბელჯეოტრანსს“ საბანკო ანგარიშებზე არ ერიცხება თანხა, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე (არ არსებობს არანაირი ქონება) ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ბელჯეოტრანსის“ დირექტორს (ლიკვიდატორს) ნანა ბრეგაძეს უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს დაფაზე.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა 5 დღის ვადაში მხარეზე განჩინების გადაცემის ან გამოცემის დღიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი).

 

მოსამართლე                                                                         თამარ ჭუნიაშვილი