ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №120
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.021135
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,090 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დოკუმენტის ტექსტი

ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №120 2019 წლის 27 თებერვალი ქ. თბილისი ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, არაუმეტეს 20 000 000 ლარის ფარგლებში. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული თანხის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტ(ებ)ი წარდგენილ, და განხილულ, უნდა იქნეს ამავე დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად. მუხლი 4🔗 ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, დაევალოთ ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 5🔗 ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს, ამ დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება და, მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამავე დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად მოქმედება. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში − პროგრამა) ადგენს, გადაუდებელი სასწრაფო დახმარებისა და ამბულატორიული მომსახურებების მიწოდების მიზნით, საჯარო შენობების მშენებლობისა და რეაბილიტაციის გზით, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის ფორმატს და „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (შემდგომში − ფონდი) პროექტ(ებ)ის დაფინანსების პროცედურას.     2. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი გადაუდებელი სასწრაფო დახმარებისა და ამბულატორიული მომსახურებების მიწოდების მიზნით, საჯარო შენობების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტ(ებ)ის (შემდგომში − პროექტი) თანადაფინანსება შესაძლებელია, განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნებადართული სახსრებით. 3. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, გადაუდებელი სასწრაფო დახმარების მომსახურების მიწოდების და საჯარო შენობების მშენებლობისა და ამბულატორიული მომსახურების მიწოდების მიზნით, საჯარო შენობების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტები. მუხლი 2🔗. პროექტის შერჩევის პროცედურა 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს იმ დასახლებებს, სადაც მიზანშეწონილია, განხორციელდეს გადაუდებელი სასწრაფო დახმარებისა და ამბულატორიული მომსახურებების მიწოდების მიზნით საჯარო შენობების მშენებლობა და ამბულატორიული მომსახურების მიწოდების მიზნით საჯარო შენობების რეაბილიტაცია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დასახლებების განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიები. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, იმ საჯარო შენობების რეაბილიტაციის საჭიროების განსაზღვრა, სადაც ამ პროგრამის დამტკიცების დროისათვის ხორციელდება ამბულატორიული მომსახურების მიწოდება, განახორციელოს მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული დასახლებების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარედგინება საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას (შემდგომში – კომისია). 5. პროგრამის ფარგლებში პროექტის განხორციელების შესახებ მუნიციპალიტეტის მერის წინადადება (შემდგომში – წინადადება) გულისხმობს მუნიციპალიტეტის სურვილს პროგრამის ფარგლებში პროექტის განხორციელების შესახებ და მოიცავს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული უკვე არსებული საპროექტო დოკუმენტაციის ან დეფექტების (დეფექტური) უწყისის საფუძველზე განსახორციელებელი სამუშაოებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით თანხის მოთხოვნას. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საპროექტო დოკუმენტაციას, ტიპური საპროექტო დოკუმენტაციის სახით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გადასცემს შესაბამის მუნიციპალიტეტს, ხოლო დეფექტების (დეფექტური) უწყისი დგება თავად მუნიციპალიტეტის მიერ. 7. პროექტის ინიციირების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერი წინადადებას განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. 8. პროექტის დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად მოწონებულ წინადადებას მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო). 10. სამინისტრო მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარდგენილ წინადადებას განსახილველად წარუდგენს კომისიას. 11. კომისიის მიერ ხორციელდება წარდგენილი წინადადების ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ დასახლებებთან შესაბამისობის დადგენა და ამ უკანასკნელისა და წინადადების შესახებ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში, პროექტის დაფინანსების მიზნით, შესაბამისი სახსრების გამოყოფის თაობაზე სამინისტრო კომისიის შესაბამის რეკომენდაციას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. 12. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტს, რომლის განხორციელება დაწყებულია წინადადების წარდგენის წლის წინა წელს/წლებში. 13. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს ფონდიდან მუნიციპალიტეტისათვის პროექტ(ებ)ის განსახორციელებლად საჭირო სახსრების გამოყოფის თაობაზე. 14. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ტიპური საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისი დასახლების ტერიტორიისადმი მისადაგებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების, აგრეთვე პროექტთან დაკავშირებული საექსპერტო მომსახურების ღირებულება გათვალისწინებული იქნება ამავე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ფონდიდან მუნიციპალიტეტისათვის პროექტის განსახორციელებლად საჭირო გამოყოფილ სახსრებში. 15. პროექტის განსახორციელებლად საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი სახსრების კანონიერად, მიზნობრივად და რაციონალურად განკარგვაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტი. 16. მუნიციპალიტეტი პროგრამის ფარგლებში, პროექტის განხორციელების მიზნით, ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗. პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებები 1. საჭიროებისამებრ, პროგრამის ფარგლებში პროექტის განხორციელების მიზნით, უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში, მისი მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის მიზნით, სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 2. პროგრამის ფარგლებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების მომსახურების მიწოდების მიზნით, საჯარო შენობის მშენებლობის შემდეგ, მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს შესაბამისი საჯარო შენობის სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა. 3. პროგრამის ფარგლებში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საჯარო შენობის ბალანსზე აყვანა და შემდგომი მოვლა-პატრონობა განახორციელოს მუნიციპალიტეტმა. 4. ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, პროგრამის ფარგლებში პროექტის განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. მუხლი 4🔗. დარჩენილი თანხისა და ეკონომიების განაწილების წესი 1. პროგრამის დაფინანსების მიმდინარე წლის 1 ივლისამდე სრულად გაუნაწილებლობის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა განაწილდება „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების შესაბამისად. 2. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტებისათვის გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილი ეკონომიები განაწილდება „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 5🔗. შესრულების კოორდინაცია და ანგარიშგება 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სამინისტრო უფლებამოსილნი არიან, მუნიციპალიტეტიდან/სახელმწიფო რწმუნებულიდან გამოითხოვონ ინფორმაცია/დოკუმენტები დაფინანსებული პროექტის მიმდინარეობის შესახებ. მუნიციპალიტეტი/სახელმწიფო რწმუნებული ვალდებულია, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში, წარუდგინოს სამინისტროს მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტები. 2. სახელმწიფო რწმუნებული უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტები დაფინანსებული პროექტის მიმდინარეობის შესახებ. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში წარუდგინოს სახელმწიფო რწმუნებულს მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტები. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სამინისტრო და სახელმწიფო რწმუნებული, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილნი არიან, განახორციელონ პროექტის ადგილზე დათვალიერება, რაც გულისხმობს პროექტის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას. 4. სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტების და ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განხორციელებული ადგილზე დათვალიერების შედეგების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს კომისიას, რომელიც, თავის მხრივ, უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტს მისცეს რეკომენდაციები პროექტის სრულყოფილად და შეუფერხებლად განხორციელებისათვის. 5. სამინისტრო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელების თაობაზე კომისიას ანგარიშს წარუდგენს წელიწადში 2-ჯერ, არა უგვიანეს შესაბამისი წლის 20 ივლისისა და მომდევნო წლის 20 იანვრისა. 6. კომისია საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს ანგარიშს დაფინანსებული პროექტების განხორციელების თაობაზე, წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს შესაბამისი წლის მომდევნო წლის 20 იანვრისა.