სს ,,საქგაზის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/9147-14
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
2019 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
მოვალე - სს ,,საქგაზი“ (ს/კ 230805616)
გაკოტრების მმართველი - აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - მაია ბარათაშვილი
კრედიტორი - შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ნინო მუმლაძე - ბარაკოვი
სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და,
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 201 4 წლის 02 ივნისს განცხადებით მომართა სს ,,საქგაზის’’ დირექტორმა ვალენტინ აკოფოვმა და მოითხოვა სს ,,საქგაზის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ივლისის განჩინებით განმცხადებლის სს ,,საქგაზის“ დირექტორის ვალენტინ აკოფოვის განცხადება მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 მარტის განჩინებით, სს ,,საქგაზის“ მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად.
2019 წლის 14 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მაია ბარათაშვილმა, რომელმაც წარმოადგინა მოვალე სს ,,საქგაზის“ გაკოტრების საბოლოო ანგარიში.
გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოკვლეულ იქნა სს ,,საქგაზის“ (ს/კ 230805616) ქონება, რითაც დადგინდა, რომ საწარმოს უძრავი ქონება არ გააჩნია, ასევე კომპანიის სახელზე ირიცხებოდა სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლიდანაც ერთი შეტანილია შპს ,,საქგაზპროექტის“ საწესდებო კაპიტალში და აღარ წარმოადგენს სს ,,საქგაზის“ საკუთრებას, ხოლო დანარჩენ ორ სატრანსპორტო საშუალებების ადგილსამყოფელი საზოგადოების დირექტორისთვის უცნობია. საწარმოს დახურული აქვს ანგარიში სს ,,საქართველოს ბანკში“, სადაც ნაშთი არ ირიცხება, ხოლო სხვა კომერციულ ბანკებში ანგარიშები არ გააჩნია. სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხულია დებიტორების შპს ,,გილას“ და შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ აღიარებული დებიტორული დავალიანებები - 882,96 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გარდა საწარმოს რაიმე სახის ქონება ან დადებითი ნაშთი არ გააჩნია.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე, იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის თანახმად გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისას თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება, ბიუროს საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს - გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარს. ამავე ბრძანების ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას შეადგენს 5000 ლარს, აქედან გამომდინარე სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს საერთო მოთხოვნა არის 10 000 ლარი.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას. ვინაიდან მოვალე საწარმოს კრედიტორებისათვის გასანაწილებელი თანხის ჯამური რაოდენობა შეადგენს მხოლოდ 882,96 ლარს, აღნიშნული თანხა სრულად უნდა ჩაირიცხოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა გაკოტრების მმართველს, კრედიტორს და მიაჩნია , რომ სს ,,საქგაზის“ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. (იხ. საბოლოო ანგარიში, ს.ფ. (267-269).
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7 მე-9, მე-40, 42-ე, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დასრულდეს სს ,,საქგაზის“ გაკოტრების საქმის წარმოება (იურიდიული მისამართი: თეთრიწყარო, ქეთევან წამებულის ქ №4; სხვა მისამართი: ქ. თბილისი, ქიზიყის ქუჩა №13, საიდენტიფიკაციო კოდი №230805616).
2. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირდეს სს ,,საქგაზის“ (იურიდიული მისამართი: თეთრიწყარო, ქეთევან წამებულის ქ №4; სხვა მისამართი: ქ. თბილისი, ქიზიყის ქუჩა №13, საიდენტიფიკაციო კოდი №230805616) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმება (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).
3. განჩინება გამოქვეყნდეს ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”, განთავსდეს სასამართლოს ვებგვერდზე.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა დაინტერესებული პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან ან გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი