შპს „საუკეთესოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საოქმო განჩინება
(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)
2019 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
კრების მდივანი: ანი ნადარეიშვილი
1. მეურვე: სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ქრისტინე კუბლაშვილი
2. მოვალე – შპს „საუკეთესო“.
დირექტორი – ინგა თხილავა.
3. კრედიტორი – სსიპ – შემოსავლების სამსახური.
წარმომადგენელი – სალომე გულოშვილი.
2018 წლის 4 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „საუკეთესოს“ დირექტორმა და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განცხადებაში აღნიშულია, რომ შპს „საუკეთესოს“ საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. ორგანიზაცია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში და არ აქვს თანხები საბანკო ანგარიშზე. ამავდროულად კომპანიას აქვს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 8456 ლარის ოდენობით, რომელიც არის ვადამოსული დავალიანება. კომპანიის დირექტორმა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13, მე-14, მე-16 და მე-17 მუხლების საფუძველზე მოითხოვა კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება და განმარტა, რომ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში კომპანია ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით შპს „საუკეთესოს“ (ს/კ 405158993) უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამავე განჩინებაში მიეთითა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განჩინება გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 25 ივლისს.
2018 წლის 24 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა და შპს „საუკეთესოს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „საუკეთესოს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით აღიარებული იქნა უზრუნველყოფილი კრედიტორის – სსიპ – შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა 9102,78 ლარის ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში შეყვანილი იქნა მე-4 რიგის მოთხოვნად.
2019 წლის 31 იანვრის სასამართლო სხდომაზე დამტკიცდა მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობა – ფიქრია კოღუაშვილი, ნანა ყუფუნია და მანო ყუფუნია.
2019 წლის 11 თებერვალს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება – კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კრედიტორთა კრებაზე მხარი დაუჭირეს მომრიგებელი საბჭოს წევრებმა, მოვალემ და კრედიტორმა.
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად კრედიტორთა პირველ კრებაზე მოწმდება კრედიტორთა მოთხოვნები და იქმნება მომრიგებელი საბჭო.
ამავე კანონის 32-ე მუხლის თანახმად მომრიგებელი საბჭო არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც იქმნება პარიტეტულ საწყისებზე და არსებითად აფასებს და წყვეტს მოვალის გადახდისუუნარობის საკითხს. მოვალის რეაბილიტაციის შემთხვევაში მომრიგებელი საბჭო ასევე განიხილავს რეაბილიტაციის გეგმას. ხოლო ამავე კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მომრიგებელი საბჭო მოვალის გადახდისუუნარობის საკითხს სწავლობს შექმნიდან 15 დღის განმავლობაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გაკოტრების შესახებ;
განსახილველ შემთხვევაში მომრიგებელი საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება კომპანიის მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაკოტრების საქმის წარმოება იწყება მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად სასამართლოს მიერ გაკოტრების შესახებ გამოტანილი განჩინების გამოქვეყნებიდან. სასამართლოს განჩინება გაკოტრების შესახებ ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით.
ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები უჩერდება, გარდა ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულმა კრედიტორმა გაკოტრების მმართველად სასამართლოს მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა მოითხოვა, რასაც დაეთანხმა – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლი.
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად მომრიგებელი საბჭოს უფლებამოსილება წყდება გაკოტრების თაობაზე ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისთანავე, ხოლო რეაბილიტაციის შემთხვევაში – რეაბილიტაციის გეგმის განხილვისა და მოწონებისთანავე.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-7, მე-8, 33-ე, 39-ე, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „საუკეთესოს“ (ს/ნ 405158993) მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება.
2. შპს „საუკეთესოს“ (ს/ნ 405158993) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. დაევალოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს შპს „საუკეთესოს“ (ს/ნ 405158993) გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით განახორციელოს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები.
4. შპს „საუკეთესოს“ (ს/ნ 405158993) გაკოტრების მმართველად სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;
5. განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს, შესასრულებლად სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.
6. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
კრების თავმჯდომარე გენადი მაკარიძე
კრების მდივანი ანი ნადარეიშვილი