სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.03.2019
ძალაში შესვლა 15.04.2019
ძალის დაკარგვა 01.03.2020
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010240010.32.061.016260
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 25.01.2012
დოკუმენტის ტექსტი
სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №10
2019 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ
1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 142 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანდართული დებულება (შემდგომში – დებულება).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №4 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 27/01/12, სარეგისტრაციო კოდი: 010240010.32.061.016021).
3. დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 15 აპრილიდან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია
სამეგრელო-
ზემო
სვანეთის
რეგიონში
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
მთავრობის
წარმომადგენლობის
დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის (შემდგომში – წარმომადგენლობის) სტატუსს, მის ამოცანებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.
მუხლი 2🔗
1. წარმომადგენლობა არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გამგებლობაში არსებული დაწესებულება, რომელიც შექმნილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად ამ დებულებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
2. წარმომადგენლობა თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. წარმომადგენლობის მართვას, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის (შემდგომში – დევნილთა საქმეების დეპარტამენტი) მეშვეობით .
4. წარმომადგენლობის დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.
5. წარმომადგენლობის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს, კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
6. წარმომადგენლობას აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ბანკში და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
7. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება წარმომადგენლობის ბლანკზე.
8. წარმომადგენლობის იურიდიული მისამართია – ქ. ზუგდიდი, რუსთაველის № 35.
მუხლი 3🔗
1. წარმომადგენლობის უფლებამოსილება ვრცელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებ (დევნილად რეგისტრირებული) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმომადგენლობა წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.
თავი II. წარმომადგენლობის ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
მუხლი 4🔗
კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში წარმომადგენლობის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებთან ურთიერთობა და მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ხელშეწყობის მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობა;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა ან/და ფოტოიდენტურობის დადასტურება და შესაბამისი ცნობების გაცემა;
დ) უფლებამოსილების ფარგლებში წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების სოციალური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა;
ვ) წარმომადგენლობის ბიუჯეტის შედგენა, წარმომადგენლობის საკუთრების აღრიცხვა, ფლობა, სარგებლობა და განკარგვა;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და სხვა საჭიროებების გათვალისწინებით მიზნობრივი პროგრამების შედგენა და ინიცირება;
თ) საქართველოსა და მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.
მუხლი 5🔗
თავისი ამოცანების განხორციელების მიზნით წარმომადგენლობის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მთავრობასა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა;
ბ) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე შესაბამისი კომისიის დასკვნისა და ცნობის გაცემა;
გ) დაკისრებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით სახელმწიფო ორგანოებიდან, თანამდებობის პირებისაგან დამატებითი ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და სხვა მასალების გამოთხოვა;
დ) ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების წვევამდელების, რეზერვისტების და სოციალურად დაუცველი ფენის (მარტოხელები, ობოლი ბავშვები, ომის ინვალიდები, მრავალშვილიანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების წევრები, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, უხუცესი თანამოქალაქეები), იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი პერიოდული განახლება;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სოციალურად დაუცველ კატეგორიაზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემის ორგანიზება;
ვ) წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირე და გადაუდებელი სახის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარება;
თ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
თავი III. წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა
მუხლი 6🔗
1. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
მუხლი 7🔗
წარმომადგენლობის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს წარმომადგენლობის საქმიანობას და წყვეტს წარმომადგენლობის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) თვალყურს ადევნებს წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას და კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას წარმომადგენლობის საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულთა ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში წარმომადგენლობის სახელით დებს ხელშეკრულებებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, საწარმოებთან, დაწესებულებებთან, მოწვეულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან;
ვ) უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზებას. დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ქმნის გამწვევ კომისიას და ხელმძღვანელობს მას;
ზ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით და ამ დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს და დავალებებს.
მუხლი 8🔗
1. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ჰყავს 3 (სამი) მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბრძანებით.
2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის არყოფნისას, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის დავალებით, წარმომადგენლობის საქმიანობას ხელმძღვანელობს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 9🔗
1. წარმომადგენლობის თანამდებობის პირები არიან წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულებისა და მათი შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები.
2. წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს საკურატორო სფეროს მიხედვით.
3. წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს წარმომადგენლობის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს წარმომადგენლობის სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ან წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს, რომელიც წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბრძანების შესაბამისად, ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ვ) წარუდგენს წარმომადგენლობის ხელმძღვანელობას წინადადებებს წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ასრულებს ამ დებულებით, წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
4. წარმომადგენლობის შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ვიზას ადებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას და ამავე ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან/და ხელმძღვანელის კურატორ მოადგილეს;
ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
ზ) წარმართავს მოხელის შეფასებას ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის ჩართულობით.
თავი IV. წარმომადგენლობის სტრუქტურა
მუხლი 10🔗
1. წარმომადგენლობის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით.
2. წარმომადგენლობის დებულებას, წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დასამტკიცებლად წარუდგენს აფხაზეთის მთავრობას დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
მუხლი 11🔗
წარმომადგენლობის შემადგენლობაში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) წარმომადგენლობის წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;
გ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებთან ურთიერთობის სამსახური:
გ.ა) კულტურულ და საგანმანათლებლო საკითხთა განყოფილება;
დ) ადმინისტრაციულ ორგანოებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური;
ე) იძულებით გადაადგილებულ პირებთან - დევნილებთან ურთიერთობისა და სოციალური პროექტების მართვის სამსახური.
მუხლი 12🔗
1. წარმომადგენლობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს:
ა) წარმომადგენლობის და მისი დანაყოფების საინფორმაციო და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ბ) წარმომადგენლობის არსებული მატერიალური ფასეულობების ექსპლუატაციის კონტროლის განხორციელებას;
გ) წარმომადგენლობის იურიდიულ მომსახურებას, მათ შორის:
გ.ა) ოფიციალური დოკუმენტის სამართლებრივ ექსპერტიზას;
გ.ბ) წარმომადგენლობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში და სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;
გ.გ) წარმომადგენლობის გადაწყვეტილებათა შესაბამისობის კონტროლს მოქმედ კანონმდებლობასთან;
გ.დ) წარმომადგენლობის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას ან/და ვიზირებას;
გ.ე) კომპეტენციის ფარგლებში, წარმომადგენლობაში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას ან/და განხილვაში მონაწილეობას;
გ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმომადგენლობის ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას ან/და მომზადებაში მონაწილეობას;
დ) ოფიციალურ კორესპონდენციათა რეგისტრაციას, შესაბამის დანაყოფებში მათ გადაგზავნას, შესაბამისი ოქმების წარმოებასა და მათ შენახვას;
ე) წარმომადგენლობის ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფას;
ვ) წარმომადგენლობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლს და, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების განხორციელებაზე წარმომადგენლობის ხელმძღვანელისათვის წინადადებების მომზადებას. მათ შორის:
ვ.ა) დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება;
ვ.ბ) მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ვ.გ) მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და კურატორი მოადგილისათვის ან/და წარმომადგენლობის ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
ვ.დ) მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება.
ზ) წარმომადგენლობის ერთიანი ბიუჯეტის დაგეგმვა და მისი აღსრულების კოორდინაცია;
თ) წარმომადგენლობის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, კორექტირება და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
ი) წარმომადგენლობის საბუღალტრო აღრიცხვის საქმიანობის უზრუნველყოფა, ფინანსური ანგარიშგების შედგენა და წარდგენა;
კ) წარმომადგენლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების უზრუნველყოფა;
ლ) წარმომადგენლობის უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვის, ინვენტარიზაციისა და მისი დაცვის კონტროლი;
მ) წარმომადგენლობის მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
ნ) წარმომადგენლობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა და მათი გამართულად ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ო) წარმომადგენლობის ინტერესებიდან გამომდინარე ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.
2. წარმომადგენლობის წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას, ასევე, წარმომადგენლობის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.
3. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებთან ურთიერთობის სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს:
ა) ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული (მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით) მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას და პირველად ანალიზს;
ბ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისთვის ადმინისტრაციულ ორგანოებში ცალკეულ საკითხებზე შუამდგომლობის გაწევის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობას;
გ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირების პრობლემატური საკითხების შესწავლას და მათი გადაჭრის მიზნით წინადადებების შემუშავებას;
დ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირების სოციალური (მარტოხელები, ობოლი ბავშვები, ომის ინვალიდები, მრავალშვილიანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების წევრები, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, უხუცესი თანამოქალაქეები) და დემოგრაფიული ერთიანი მონაცემთა ბაზის ფორმირებასა და მის პერიოდულ განახლებას;
ე) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების ჩართულობის ხელშეწყობას საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში არსებულ სხვადასხვა პროექტებში;
ვ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისათვის რეფერალური ჯანდაცვითი პროგრამების თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და აღნიშნულ პროგრამებში მათი ჩართულობის ხელშეწყობას;
ზ) ადმინისტრაციულ საზღვარზე და გამშვებ პუნქტებზე არსებული მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისათვის მიწოდებას;
თ) წარმომადგენლობის ინტერესებიდან გამომდინარე ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.
3.1. კულტურულ და საგანმანათლებლო საკითხთა განყოფილება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს:
ა) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობას;
ბ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისათვის კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით ახალი ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავებასა და იმპლემენტაციას;
გ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებასა და შესაბამისი სტრუქტურებისათვის მიწოდებას;
დ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზსა და ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურებისათვის მიწოდებას;
ე) წარმომადგენლობის ინტერესებიდან გამომდინარე ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.
4. ადმინისტრაციულ ორგანოებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოებთან და დონორ ორგანიზაციებთან წარმომადგენლობის თანამშრომლობის ხელშეწყობას და, კონკრეტული საკითხების შესწავლა-გამოკვლევის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, თათბირებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას;
ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და სპონსორების მოძიებას;
გ) საქართველოში მოქმედი დონორი ორგანიზაციების მეშვეობით იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სხვადასხვა კატეგორიებისათვის ჰუმანიტარული დახმარების განხორციელების მიზნით წინადადებების შემუშავებასა და იმპლემენტაციას;
დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, დონორი ორგანიზაციების პროექტებში და პროგრამებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა ჩართულობის ხელშეწყობას;
ე) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ცალკეულ პრობლემატურ საკითხებზე შუამდგომლობის გაწევის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობას და შუამდგომლობას გაწევას ადმინისტრაციულ ორგანოებთან და დონორ ორგანიზაციებთან;
ვ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური პრობლემების გადაჭრის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობას;
ზ) წარმომადგენლობის ინტერესებიდან გამომდინარე ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.
5. იძულებით გადაადგილებულ პირებთან – დევნილებთან ურთიერთობისა და სოციალური პროექტების მართვის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე შემოსული განცხადებების შესწავლას და წარმომადგენლობაში შექმნილი შესაბამისი კომისიისათვის წარდგენას;
ბ) იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭების, აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა შინაარსის ცნობის გაცემას;
გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრულ ფარგლებში წინადადებებისა და ღონისძიებათა გეგმების შემუშავებას;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სოციალური პირობების შესწავლას;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და ღონისძიებათა გეგმების შემუშავებას;
ვ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის თაობაზე მოქალაქეთა განცხადებების შესწავლასა და წარმომადგენლობაში შექმნილი შესაბამისი კომისიისათვის წარდგენას;
ზ) წარმომადგენლობის ინტერესებიდან გამომდინარე ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.
თავი V. დასკვნითი დებულებები
მუხლი 13🔗
წარმომადგენლობის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.