საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.03.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-36
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016191
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.03.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი | საგარეო საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№01-36
2019 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 172 მუხლის მე-3 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკურსის ჩატარების თანდართული წესი.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის №100 ბრძანება.
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი
საქართველოს
საგარეო
საქმეთა სამინისტროში
კონკურსის
ჩატარების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკურსის ჩატარების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების საფუძველზე.
2. წესი განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის (შემდგომში – კომისია) საქმიანობის წესებს.
მუხლი 2🔗. კონკურსის პრინციპები
კონკურსის პრინციპები ეფუძნება კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობის, საქართველოს მოქალაქეთათვის დიპლომატიური სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გამჭვირვალობისა და ღიაობის, ასევე „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით აღიარებულ სხვა პრინციპებს.
მუხლი 3🔗. კონკურსის მიზანი
1. კონკურსის მიზანია:
ა) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საუკეთესო კანდიდატის შერჩევა, ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად, სპეციალურ და, ასევე, დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით;
ბ) სამინისტროში არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ) ვაკანტური თანამდებობებისათვის კანდიდატების შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
მუხლი 4🔗. კონკურსთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
კონკურსთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
თავი II
კონკურსის სახეები, არსი და გამოცხადების წესი
მუხლი 5🔗. კონკურსის სახეები
კონკურსის სახეებია ღია და დახურული კონკურსი.
მუხლი 6🔗. ღია და დახურული კონკურსის არსი
1. ღია და დახურული კონკურსი (შემდგომში – კონკურსი) ცხადდება სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
2. ღია კონკურსი შეიძლება გამოცხადდეს ყველა რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
3. დახურული კონკურსი შეიძლება გამოცხადდეს ზემდგომი (მე-3, მე-2 ან პირველი) რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
4. საქმიანობის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, სამინისტრო უფლებამოსილია, გამოაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსი იმ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის არ არის ვაკანტური, მაგრამ გამოცემულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობა კონკურსის დასრულებამდე გახდება ვაკანტური.
5. ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და ფლობს სახელმწიფო ენას.
6. დახურულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს მოქმედ პროფესიულ საჯარო მოხელეს, დიპლომატიური სამსახურის/მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ პირსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, თუ იგი არანაკლებ 1 წელია მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში და აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მუხლი 7🔗. კონკურსის გამოცხადების წესი
1. სამინისტრო კონკურსს ვაკანტურ თანამდებობაზე აცხადებს სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.
2. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, ღია/დახურული კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია დამატებით განათავსოს სამინისტროს ვებგვერდზე, ხოლო ღია კონკურსის შემთხვევაში − ასევე შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ შესაბამის ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდვით ორგანოებში.
მუხლი 8🔗. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება და მასში ცვლილების შეტანა
1. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს:
ა) დაწესებულების დასახელებას, კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების დასახელებას და რაოდენობას;
ბ) კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირისათვის წაყენებულ სავალდებულო მოთხოვნებს (სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ძირითადი უნარ-ჩვევები და სხვა), დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაც ყოველი კონკრეტული კონკურსისას ადგენს მინისტრი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით;
გ) ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის მიხედვით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
ე) ინფორმაციას კანდიდატის შეფასების ფორმის შესახებ;
ვ) კომისიის მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას;
ზ) წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას;
თ) ინფორმაციას ღია და დახურული კონკურსის ჩატარების ეტაპების შესახებ;
ი) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას;
კ) ინფორმაციას კომისიის მიერ ამ წესით დადგენილი გადაწყვეტილების მიღების ფორმის შესახებ.
2. კომისიის პირველი სხდომა ტარდება კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან არაუადრეს ორი კვირისა.
3. სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაციაც.
4. სამინისტრო უფლებამოსილია, კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს ტექნიკური ხასიათის შესწორება ან/და არსებითი ხასიათის ცვლილება.
5. კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესწორების ან/და ცვლილების შეტანა ხდება იმავე წესით, რაც დადგენილია ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადებისათვის.
6. კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანა გულისხმობს სამინისტროს მიერ ახალი კონკურსის გამოცხადებას.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტრო, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, არსებითი ცვლილებისა და კონკურსის ახალი ვადების შესახებ ინფორმაციას უგზავნის იმ კანდიდატებს, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ განაცხადი კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილებების შეტანამდე.
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კონკურსის გამოცხადებისას კანდიდატს ახალი განაცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10 კალენდარული დღის ვადა.
მუხლი 9🔗. კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენა, წარსადგენი დოკუმენტები და კონკურსზე გამოცხადების წესები
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა, კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან არანაკლებ 10 კალენდარული დღის ვადაში, უნდა წარადგინოს განაცხადი ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2. კანდიდატი ვალდებულია, სამინისტროს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
თავი III
კომისია
მუხლი 10🔗. კომისიის შექმნის წესი და შემადგენლობა
1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად სამინისტროში იქმნება კომისია, სამინისტროში ვაკანტურ თანამდებობებზე საუკეთესო კანდიდატთა შერჩევის მიზნით.
2. კომისიას თავმჯდომარეობს მინისტრი/მინისტრის მიერ დანიშნული უმაღლესი/უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირი ან პირველი/მეორე რანგის პროფესიული საჯარო მოხელე.
3. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით, ვაკანტური თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე.
4. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას.
5. კომისიის შემადგენლობაში შედიან სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის წარმომადგენელი, რომელშიც არის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც სამსახურებრივად დაკავშირებული არ არის სამინისტროსთან.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი, როგორც წესი, უნდა იყოს გამოცხადებული კონკურსით დასაკავებელი პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მაღალი რანგის კატეგორიის თანამდებობის პროფესიული საჯარო მოხელე.
7. კომისიის საქმიანობაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ხმის უფლების გარეშე, შესაძლებელია ჩაერთოს სამინისტროს გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
8. კანდიდატი არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა.
მუხლი 11🔗. კომისიის წევრის აცილება
1. კომისიის წევრი ვალდებულია, ღია და დახურული კონკურსის ეტაპების დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. შესაბამისად, ის ვერ მიიღებს მონაწილეობას იმავე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი სხვა კანდიდატების შეფასებასა და მათ მიმართ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
3. თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნულის შესახებ კომისიისათვის ცნობილი გახდება ღია ან დახურული კონკურსის მიმდინარეობისას, კომისიის ამ წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
მუხლი 12🔗. კომისიის საქმიანობა
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს თავმჯდომარე.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
4. კომისია, ამ წესის შესაბამისად, აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.
5. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, თანმიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი კონკურსის ყველა ეტაპზე.
6. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება ეფუძნება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, წერითი დავალებისა და გასაუბრების შედეგების, სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შეფასებას.
7. კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
8. ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად კომისია:
ა) უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებას კანონით დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით;
ბ) ადასტურებს ტესტის პასუხებისა და წერითი ნამუშევრების შემოწმებისას კანდიდატის მიერ დაგროვილ ქულათა რაოდენობას და პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში წარუდგენს მას საპრეტენზიო კომისიას;
გ) ატარებს გასაუბრებას კანდიდატებთან, აფასებს მათ შესაბამისობას დასაკავებელი თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
დ) წარუდგენს მინისტრს კონკურსის შედეგებს და კანდიდატურებს ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით და ამ წესით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
9. კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში.
10. თუ კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წინასწარ განსაზღვრულია ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაზე უფრო მცირე ვადა, კომისია უფლებამოსილია, ვადის ამოწურვამდე გაზარდოს იგი. ასეთ შემთხვევაში, თავდაპირველად განსაზღვრული და გაზრდილი ვადის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
11. კონკურსის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთი კვირის ვადაში, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში სამინისტრო ასახავს ინფორმაციას ჩატარებული კონკურსის შესახებ: ვაკანტური თანამდებობების დასახელების, შესული განცხადებების რაოდენობის, კონკურსის ფორმის, კონკურსის ეტაპების, პროცედურებისა და კონკურსის შედეგების მითითებით, ბიუროს მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად.
თავი IV
კონკურსის ეტაპები
მუხლი 13🔗. კონკურსის ეტაპები, ჩატარების ფორმები და პირობები
1. კონკურსის ეტაპებია:
ა) კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ბ) კანდიდატის შეფასება;
გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება.
2. კონკურსის პროგრამას, პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს მინისტრი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.
მუხლი 14🔗. კონკურსის პირველი ეტაპი
1. კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას.
2. კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.
3. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, განაცხადების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 21 კალენდარული დღის ვადაში ადგენს განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
4. განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი წარუდგენს კომისიას, რაც ფორმდება შესაბამისი საოქმო ჩანაწერით და დასტურდება კომისიის წევრების ხელმოწერით.
5. კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 7 კალენდარული დღით ადრე, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით, კომისია ვალდებულია, ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ.
მუხლი 15🔗. კონკურსის მეორე ეტაპი
1. კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
2. კანდიდატის შეფასება უნდა ემყარებოდეს კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და მისი პროფესიული ცოდნის ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ სამუშაო აღწერილობას, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან და კვალიფიკაციასთან შესაბამისობის დადგენას.
3. კონკურსის მეორე ეტაპი შესაძლებელია ჩატარდეს წერითი გამოცდის ან/და ტესტირების და გასაუბრების ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით კანდიდატის შეფასებისას, კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.
მუხლი 16🔗. წერითი გამოცდა
1. წერითი გამოცდის მიზანია:
ა) ქართული ენის ცოდნის, ამ ენაზე ინფორმაციის/მოსაზრებების თანამიმდევრულად გადმოცემის, ფაქტებით გამყარებული/დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობის, ზოგადი ანალიტიკური და დამოუკიდებელი აზროვნების უნარის გამოვლენა;
ბ) უცხო ენების ცოდნის, ამ ენებზე სხვადასხვა თემებზე დეტალური, მკაფიო, კარგად ჩამოყალიბებული შინაარსის ინფორმაციის თანმიმდევრულად გადმოცემის უნარის გამოვლენა;
გ) პროფესიული ცოდნის გამოვლენა.
2. წერითი გამოცდის ეტაპებს, ქულათა მაქსიმალურ და მინიმალურ ოდენობებს, ასევე თითოეულ ეტაპზე დადებითი შეფასებისათვის უცხო ენის ცოდნის დონეს ან/და საჭირო ქულათა რაოდენობას კონკურსის გამოცხადებისას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი.
3. გამოსაცდელი, რომელსაც წარმოდგენილი აქვს უცხო ენის ცოდნის შესაბამისი დონის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი/უცხო ენაზე უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, თავისუფლდება შესაბამისი (სწავლების ენა) უცხო ენის ჩაბარების ვალდებულებისაგან, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
4. იმ შემთხვევაში, თუ წერითი გამოცდის ეტაპი მოიცავს ორი უცხო ენის ჩაბარების ვალდებულებას, გამოსაცდელი წერით გამოცდას ჩააბარებს, მის მიერ წარმოდგენილ საბუთებში მითითებულ, იმ უცხო ენაში, რომელზეც არ აქვს წარმოდგენილი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატი/უცხო ენაზე უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. თუ სამინისტროში ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურში მონაწილეობას იღებს დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირი, მასზე არ ვრცელდება წერითი გამოცდის ჩაბარების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ ჩაბარებული აქვს სამინისტროს მიერ ორგანიზებული წერითი გამოცდა/წარმოდგენილი აქვს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატი/დიპლომი.
6. წერითი გამოცდის ყოველი ეტაპის შემდეგ მიღებული დადებითი შეფასების შემთხვევაში, გამოსაცდელი დაიშვება გამოცდის მომდევნო ეტაპზე.
7. მინისტრის გადაწყვეტილებით, წერითი გამოცდის, ასევე ტესტირების ჩატარება ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით შესაძლებელია უზრუნველყოს სამინისტროს მიერ შერჩეულმა შესაბამისმა ორგანიზაციამ.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წერითი გამოცდის/ტესტირების ჩატარების, შეფასების, აგრეთვე წერითი გამოცდის/ტესტირების ჩატარებისათვის ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ შერჩეული შესაბამისი ორგანიზაცია.
მუხლი 17🔗. წინასაგამოცდო ინსტრუქტაჟი
წერითი გამოცდის დაწყებამდე კომისიის ან/და ამ წესის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციის წარმომადგენელი ინსტრუქტაჟს უტარებს გამოსაცდელს, უხსნის მას ტექნიკურ საკითხებსა და წერითი გამოცდის ჩატარების წესს, რომლებიც აუცილებელია გამოცდის ნორმალურად ჩატარებისათვის.
მუხლი 18🔗. წერითი ნამუშევრის გასწორება
წერითი ნამუშევრის გასწორება ხდება ანონიმურად: გასწორების დროს გამსწორებლისათვის უცნობია, თუ ვის ნაწერს ასწორებს, ასევე გამოსაცდელისათვის უცნობია, თუ ვინ გაასწორა მისი წერითი ნამუშევარი.
მუხლი 19🔗. გასაუბრება და კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება
1. გასაუბრება ტარდება კომისიის მიერ კანდიდატის ზეპირი გამოკითხვის ფორმით, რომლის მიზანია პირის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან.
2. კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრების მიმდინარეობა შეიძლება აისახოს აუდიო და/ან ვიდეოჩანაწერებში.
3. გასაუბრების ეტაპზე კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით ან ქულათა სისტემის შესაბამისად.
4. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების სისტემას ყოველი კონკრეტული კონკურსის წინ განსაზღვრავს მინისტრი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი პასუხისმგებელია თითოეული გამოსაცდელის მიმართ კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამებაზე/კენჭისყრის შედეგების გაფორმებაზე.
6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტით დადგენილია კომისიის მიერ გამოსაცდელის შეფასებისას ქულათა სისტემის გამოყენება, გამოსაცდელთა მიმართ, რომლებმაც თანაბარი ქულები მიიღეს, გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით ამ წესის მე-13 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
7. იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზეც კანდიდატი გაივლის მხოლოდ გასაუბრების ეტაპს, კანდიდატის განხილვისას შეფასება ხორციელდება ღია კენჭისყრით ან ქულათა სისტემის შესაბამისად.
მუხლი 20🔗. კონკურსის მესამე ეტაპი
1. კონკურსის მესამე ეტაპი გულისხმობს კონკურსის შედეგების განხილვას.
2. კომისია, კანდიდატურებთან გასაუბრების შემდეგ, სხდომაზე საკითხს განიხილავს მათ დაუსწრებლად.
3. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან.
4. კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
5. კომისია:
ა) წამოაყენებს კანდიდატს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად;
ბ) უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე;
გ) გასცემს რეკომენდაციას იმ კანდიდატის დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხვის შესახებ, რომელმაც წარმატებით გაიარა კონკურსი, მაგრამ არ იქნა შერჩეული ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად.
6. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გადაწყვეტილების გამოტანიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს ყველა კანდიდატს მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების თაობაზე.
7. კონკურსის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მინისტრს წარედგინება ინფორმაცია კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ.
8. კომისიის მიერ წარდგენილ კანდიდატს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი.
9. სამინისტრო ღია/დახურული კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას ასახავს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში.
თავი V
საპრეტენზიო კომისია, ჩაშლილი კონკურსი, კონკურსის შეწყვეტა, კონკურსის შედეგების გასაჩივრება
მუხლი 21🔗. საპრეტენზიო კომისია
1. კომისიისაგან დამოუკიდებლად შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია მინისტრის ბრძანებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ამ წესის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, წერით გამოცდასთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა შესაძლებელია უზრუნველყოს წერითი გამოცდის ჩამტარებელი ორგანიზაციის საპრეტენზიო კომისიამ, მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
3. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი.
4. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეული პირები).
5. პირი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში.
6. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
7. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
8. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
9. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები.
10. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
11. კანდიდატს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ წერილობითი ფორმით, კონკურსის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან – წერილობით გაგზავნის შემთხვევასა და გაგზავნიდან – გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
12. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება კომისიის მიერ განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას.
13. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდგომ.
14. კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
მუხლი 22🔗. ჩაშლილი კონკურსი
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განაცხადი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.
მუხლი 23🔗. კონკურსის შეწყვეტის საფუძვლები
1. სამინისტროს რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია, შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.
2. სამინისტრო ვალდებულია, კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება შეატყობინოს კანდიდატებსა და ბიუროს.
მუხლი 24🔗. კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კონკურსის მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების თაობაზე მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.