სს ,,კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას" დამოუკიდებელი ექსპერტის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/37012-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/37012 -18  

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

დამოუკიდებელი ექსპერტის დანიშვნის შესახებ

2019 წლი1 მარტი

  ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი

 

განმცხადებელი: სს ,,კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას" აქციონერი ბიძინა ბეჟუაშვილი, პ/ნ 01017003399

წარმომადგენლები: რუსუდან ჭკუასელი, ლაშა ზურაბიანი

დაინტერესებული პირები: სს ,,კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა", ს/ნ 205209059, სს „გალტ ენდ ტაგარტი", ს/ნ 211359206, მაია გორგილაძე, პ/ნ 01006011090, გიორგი დანელია, პ/ნ 62005023479, ნინო თანდაშვილი, პ/ნ 01012006331, ლელა მაჩაიძე, პ/ნ 01011018199, მარინე ხალიანი, პ/ნ 01008008273, ზაალ ხუცურაული, პ/ნ 01002006883

მოთხოვნა: აქციათა სავალდებულო მიყიდვა

  სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა აქციათა სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით დამოუკიდებელი ექსპერტის დანიშვნის საკითხი და

 

გამოარკვია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ბიძინა ბეჟუაშვილის განცხადება სს ,,კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის მოთხოვნით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30912 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით სასამართლო ნიშნავს დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ან საბროკერო კომპანიამ უნდა შეადგინოს გამოსყიდვის ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება გამოსყიდვის დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრული აქციათა ფასი. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის შერჩევის დროს სასამართლო უფლებამოსილია გაითვალისწინოს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ, შესთავაზონ სასამართლოს დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის მიენდოს გამოსყიდვის ანგარიშის შედგენა, წყვეტს სასამართლო. მხარეებს უფლება აქვთ, აცილება მისცენ დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას ამ კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილი საფუძვლით.

2019 წლის 20 თებერვლის სასამართლო სხდომაზე, სასამართლომ განმცხადებელ მხარეს აქციათა შეფასებით მიზნით ექსპერტად სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს კანდიდატურა შესთავაზა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს კანდიდატურაზე საბოლოო მოსაზრების დაფიქსირებამდე, განმცხადებელმა მხარემ ითხოვა ვადა მისთვის საურველი რამდენიმე აუდიტორული კომპანიიდან აქციათა შეფასების მომსახურების ღირებულების დადგენა-გათვალისწინებით ერთ-ერთი კომპანიის ასარჩევად. განმცხადებელი მხარის აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. 2019 წლის 26 თებერვალს, განმცხადებელმა წერილობით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ თანახმაა, საქმეზე ექსპერტად დაინიშნოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (ს.ფ. 101).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ აქციათა სამართლიანი ფასის დადგენის უზრუნველყოფის მიზნით, აქციათა სამართლიანი ფასის დადგენა უნდა დაევალოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30912, 284-285-ე მუხლებით და

 

დაადგინა:

 

1. სს ,,კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას" აქციათა ფასის დადგენა დაევალოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

2. განემარტოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ აქციათა შემფასებელმა ექსპერტმა უნდა შეადგინოს გამოსყიდვის ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება გამოსყიდვის დაკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრული აქციათა ფასი.

3. ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტს განემარტოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

4. ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტს განემარტოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ექსპერტის უფლებები და მოვალეობები – ექსპერტად დანიშნული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში გამოძახებისთანავე და მისცეს ობიექტური დასკვნა მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტს უფლება აქვს უარი თქვას დასკვნის მიცემაზე, თუ მისთვის გადაცემული მასალები საკმარისი არ არის, ან თუ მას არა აქვს სათანადო ცოდნა დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. ექსპერტი მოვალეა აღნიშნული საფუძვლებით დასკვნის მიცემაზე უარი დაწვრილებით დაასაბუთოს. თუ ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტი გამოარკვევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთ გარემოებებს, რომელთა შესახებაც მას კითხვები არ ჰქონდა დასმული, ექსპერტს უფლება აქვს დასკვნაში მიუთითოს ამ გარემოებებზე. ექსპერტიზასთან დაკავშირებული გარემოებების გამოსარკვევად ექსპერტს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, დაუსვას მხარეებსა და მოწმეებს შეკითხვები, მიიღოს მონაწილეობა მტკიცებულებათა დათვალიერებასა და შემოწმებაში, აგრეთვე სთხოვოს სასამართლოს მისთვის დამატებითი მასალების წარდგენა.

5. მხარეებს ევალებათ ექსპერტის ყველა იმ მითითების შესრულება, რაც აუცილებელია ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებისათვის. ამასთან, მხარეებს განემარტოთ, რომ თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ შეასრულებს ექსპერტის მითითებას ან სხვაგვარად შეუშლის ხელს ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად.

6. სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს აქციათა ფასის დადგენის მიზნით გადაეგზავნოს სამოქალაქო საქმე №2/37012-18 1 (ერთ) ტომად.

7. ექსპერტის მიერ აქციათა შეფასების ხარჯის ანაზღაურება დაეკისროს ბიძინა ბეჟუაშვილს.

8. ბიძინა ბეჟუაშვილს დაევალოს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ამ განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნება აქციათა გამოსყიდვის პროცესთან დაკავშირებით აქციონერთა ინფორმირების მიზნით.

9. ბიძინა ბეჟუაშვილს დაევალოს მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში ინფორმაციის გამოქვეყნების დამადასტურებელი ცნობის სასამართლოსთვის წარმოდგენა.

10. განჩინება არ საჩივრდება.

 

მოსამართლე                                                                                                                     ვერა დობორჯგინიძე