სს „აზოტმშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2-74-09
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2019 წლის 7 მარტი
ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე ნატა თედეშვილი
ერთპიროვნულად განიხილა სს „აზოტმშენის“ გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 1 აპრილის განჩინებით ს/ს ,,აზოტმშენის“ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება. ს/ს ,,აზოტმშენის“ კრედიტორს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ხმათა 50%-ზე (97,87%) მეტის მფლობელ და ამავე დროს უზრუნველყოფილ კრედიტორს (მოთხოვნის ოდენობა შეადგენს 1 329 034,14 (მილიონ სამას ოცდაცხრა ათას ოცდათოთხმეტი ლარისა და 14 თეთრს) ლარს.
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს მივიდა დასკვნამდე, რომ მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა რიგგარეშე კრება შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე. ამავე ნორმის მეოთხე პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 51%.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რომლის დღის წესრიგიც განისაზღვრება შემდეგი საკითხებით: 1. გაკოტრების მმართველის ანგარიშის განხილვა; 2. ს/ს „აზოტმშენის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება. იმის გამო, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის განაწილებისთანავე. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორების ინფორმაციის შესაბამისად კი სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა უნდა მოხდეს კრედიტორთა კრებაზე.
ამავე კანონის მე-40 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გამონაკლისია ამ კანონის 46-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 27-ე, მე-40 მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოცემულ საქმეზე კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 4 აპრილს, 11:00 საათისათვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობაში: ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. № 6. დღის წესრიგად განისაზღვროს: 1. გაკოტრების მმართველის ანგარიშის განხილვა; 2. ს/ს „აზოტმშენის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება; 3. მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება.
2. კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დაეგზავნოთ მოვალეს, გაკოტრების მმართველს და კრედიტორებს.
3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“
მოსამართლე ნატა თედეშვილი