შპს „მეტროლაინის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/17553-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/03/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2 / 17553-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

 2019 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 მოსამართლე  თინა ვაშაყმაძე

 სხდომის მდივანი ნინო სიდამონიძე

 განმცხადებელი (მოვალე) – შპს „მეტროლაინი“ (ს.ნ 406029505)

დირექტორი – ნინო კეკელიძე

წარმომადგენელი – ოთარ ხუციშვილი

გაკოტრების მმართველი – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და

 

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2018 წლის 13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „მეტროლაინის“ წარმომადგენელმა ოთარ ხუციშვილმა და მოითხოვა კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ივლისის განჩინებით, შპს „მეტროლაინის“ (ს/ნ 406029505) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში და საწარმოს მეურვედ დანიშნული იქნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო. ამავე განჩინებით კრედიტორთა კრება მოწვეული იქნა 2018 წლის 31 აგვისტოს 10:00 საათზე.

ვინაიდან კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში ჩატარებულ სხომაზე წარმოდგენილი კრედიტორული მოთხოვნების სრულყოფილი განხილვა ვერ მოხერხდა კრედიტორთა სიმრავლის გამო, წარმოების შემდგომი გაგრძელებისათვის შპს „მეტროლაინის“ კრედიტორთა პირველი კრება გადაიდო და დაინიშნა კანონით დადგენილ ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის განჩინებით, შპს „მეტროლაინის” გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიურო.

2019 წლის 07 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ, რომელმაც შპს „მეტროლაინის“ გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით წარმოადგინა საბოლოო ანგარიში. ამავე მომართვით გაკოტრების მმართველმა მოითხოვა შპს „მეტროლაინის” გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.

2019 წლის 26 თებერვალს დანიშნულ კრედიტორთა კრებაზე კრედიტორის – სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა ნინო მუმლაძე-ბარავკოვმა, სასამართლოს წინაშე წარმოადგინა წერილობითი შუამდგომლობა და მოითხოვა შპს „მეტროლაინის საქმეზე, გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის განხილვის გადადება. წარმომადგენლის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, მოპასუხეების – შპს „მეტროლაინის“, ოთარ ჭუმბურიძის და სხვათა მიმართ, ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე, ასევე იხილება სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა მოპასუხეთა ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ვინაიდან სახეზეა კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედება და მიჩანია, რომ ზემოაღნიშნული გარემოების განთვალისწინებით და იმ მიზნით, რომ ზიანი არ მიადგეს კრედიტორთა თანაბარზომიერი დაკმაყოფილების პრინციპსა და სახელმწიფო ინტერესს, გადადებულ უნდა იქნეს გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი საბოლოო ანგარიშის განხილვა.

სასამართლო გაეცნო ზემოაღნიშნულ წერილობით შუამდგომლობას და მასზე დართულ მტკიცებულებებს, მოისმინა კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულ მხარეეთა პოზიციები და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ განმარტა, რომ სპეციალური კანონის არცერთი დანაწესი არ ითვალისწინებდა აღნიშნული საფუძვლით გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის გადადებას, ამასთან, კრედიტორს ჰქონდა გონივრული ვადა როგორც სარჩელის, ასევე დამატებითი მტკიცებულებების წარდგენისთვის. ზემოაღნიშნული სასამართლოს მიერ შეფასებული იქნა, როგორც საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობა და არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა.

2019 წლის 26 თებერვალს დანიშნულ კრედიტორთა კრებაზე გაკოტრების მმართველის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ გამოაქვეყნა შპს „მეტროლაინის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში, რომლის თანახმად: მოვალე საწარმოს ფულადი სახსრები არ გააჩნია, არ გააჩნია მესამე პირთა მიმართ დებიტორული მოთხოვნები. კომპანიის ბალანსზე აღრიცხულია 13 სალარო აპარატი, 12 საკანცელარიო ჩარჩო და 2 კომპიუტერის მაგიდა თაროებით, ასევე ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

ზემოთ ჩამოთვლილი მოძრავი ქონება, აღწერილი და შეფასებული იქნა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ შეფასების სამსახურის მიერ 2820 (ორი ათას რვაას ოცი) ლარად, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება – 5 000 ლარად.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამეურვეო ქონების მოძიების მიზნით, მეურვემ გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საბანკო დაწესებულებიდან. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს „მეტროლაინი“ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია 2010 წლის 02 ივნისს, იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, ისნის რაიონი, ორთაჭალის ქუჩა №102. შპს „მეტროლაინი“ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოვალე საწარმოს საკუთრებაში გააჩნია ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება – TOYOTA VITZ, სახელმწიფო ნომრით №I525II.

საბანკო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მოვალეს მიმდინარე ანგარიში გააჩნია სს „თიბისი“ ბანკში, თუმცა მასზე დადებითი ნაშთი არ გააჩნია. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, შპს „მეტროლაინის“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

მოვალე საწარმოს აღიარებული კრედიტორები არიან – შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფილი მოთხოვნით 145 526.86 ლარი და სამი არაუზრუნველყოფილი, მე-6 რიგის კრედიტორები, კერძოდ: შპს „ჯეოსელი“, სს სადაზღვეო კომპანია „ჯი პი აი“ ჰოლდინგი და შპს „ბარტონი“, რომელთა მიმართაც საწარმოს დავალიანება ჯამში შეადგენს 135 296,86 ლარს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა მოვალე კომპანიის ქონების რეალიზაცია საჯარო აუქციონზე. შპს „მეტროლაინის“ (ს/ნ 406029505) საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შემძენი 2019 წლის 18 იანვარს დასრულებულ აუქციონზე გახდა ალექსანდრე აფხაზიშვილი (პ/ნ 01029000597), რომელმაც ქონება შეიძინა პირველ აუქციონზე ერთიანი კომპლექსის სახით. ალექსანდრე აფხაზიშვილიმა (პ/ნ 01029000597) ქონება შეიძინა 6177.8 ლარად. მან სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 942.38 ლარს, რომელიც გადაირიცხა სსიპ „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის“ ანგარიშზე.

შესაბამისად, შპს „მეტროლაინის“ გაკოტრების მმართველის მიერ აუქციონის შედეგად ამოღებული თანხა შეადგენს (6177.80-942,38=5235,42) 5235.42 ლარს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მომსახურების საფასური წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის თანახმად: აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისას ბიუროს საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება: ა.ა) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა; შესაბამისად, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა შეადგენს 5000 ლარს.

ამავე ბრძანების „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად: გაკოტრების მმართველის ფუნქციისა განხორციელებისას – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა და არაუმეტეს გაკოტრების მმართველის მიერ კრედიტორებისათვის გადასაცემი თანხის 7%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 5000 ლარზე; შესაბამისად, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა, გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას შეადგენს 5000.

ჯამში სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა შეადგენს 10 000 ლარს, შესაბამისად ამოღებული თანხა 5235.42 ლარი სრულად უნდა გადაირიცხოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა გაკოტრების მმართველს, მოისმინა როგორც მოვალის, ასევე კრედიტორების პოზიციას და მიაჩნია, შპს „მეტროლაინის“ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7-9, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კრედიტორის სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის ნინო ბარავკოვი-მუმლაძის შუამდგომლობა შპს „მეტროლაინის“ გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი საბოლოო ანგარიშის განხილვის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. დასრულდეს შპს „მეტროლაინის“ (ს.ნ 406029505) გაკოტრების საქმის წარმოება (იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ორთაჭალის ქუჩა №102) და კომპანია გამოცხადდეს გაკოტრებულად.

3. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს დაევალოს შპს „მეტროლაინის“ რეგისტრაციის გაუქმება (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).

4. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”, განთავსდეს სასამართლოს ვებგვერდზე.

5. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან /მხარისათვის (გამოცხადებიდან) გადაცემიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 მოსამართლე                                                                                                              თინა ვაშაყმაძე