შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.03.2019
ძალაში შესვლა 22.03.2019
ძალის დაკარგვა 23.03.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.021156
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/03/2019
📖 ტერმინთა განმარტებები (21)
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| 1 | საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის/ინჟინერიის მანქანა-დანადგარების (სპეციალური მძიმე ტექნიკა) იჯარა |
| 2 | სპეციალური მძიმე ტექნიკის ტექნიკური მომსახურება |
| 3 | საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუდიტორული მომსახურება |
| 4 | საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული სარეკლამო მომსახურება (მათ შორის, ბეჭდვა) |
| 5 | საქმიანობასთან დაკავშირებული სადეზინფექციო მომსახურება |
| პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | პრემიერ - მინისტრი |
| № | მომსახურების დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №141
2019 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილების მოქმედების ვადად განისაზღვროს ერთი წელი ამ დადგენილების ამოქმედებიდან.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს.
2. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება, კომპანიის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.
3. ამ წესის მიხედვით შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტია. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა სუბიექტების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
4. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესყიდვა – შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;
ბ) შემსყიდველი – შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“;
გ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა);
ე) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების მიზნებისათვის შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ტერმინი − ტენდერი);
ვ) წინადადების უზრუნველყოფის გარანტია − წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით;
ზ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია − ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ამ წესის შესაბამისად წარდგენილი გარანტირების მექანიზმი;
თ) პრეტენდენტი – პირი, რომელიც მონაწილეობას იღებს შესყიდვის პროცედურაში;
ი) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის შედეგად გაფორმებულ იქნა შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;
კ) წინადადების ფასის კლების ბიჯი – შემსყიდველის მიერ განცხადებაში მითითებული თანხა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4 პროცენტიდან − 2 პროცენტამდე ოდენობით (შემდგომში – ბიჯი);
ლ) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი;
მ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ განცხადებითა და დოკუმენტაციით;
ნ) ელექტრონული ვაჭრობა – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია შეამციროს მის მიერ წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით;
ო) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი – შემსყიდველის მიერ დოკუმენტაციით დადგენილი, პრეტენდენტის მიერ ადმინისტრაციული ორგანოებიდან და სასამართლოდან წარსადგენი დოკუმენტები;
პ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია;
ჟ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება არშემდგარად, როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;
რ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა წერილობით აცნობებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას შესყიდვაში მონაწილე ყველა პრეტენდენტს;
ს) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება, რომელიც მითითებულია კონკრეტული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესაბამის ველში;
ტ) შესყიდვის ობიექტი – ამ წესის დანართით განსაზღვრული შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;
უ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;
ფ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა;
ქ) კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ღ) CPV – „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით განსაზღვრული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული კლასიფიკატორი.
მუხლი 3🔗. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები
1. შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);
ბ) ამ წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;
გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;
დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას.
2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) რაციონალურად განახორციელოს შესყიდვები ბიზნესგეგმის ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება;
გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, აცნობოს ეს გადაწყვეტილება ყველა პრეტენდენტს. ამასთან, ამ შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები.
მუხლი 4🔗. შესყიდვის საშუალებები
1. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შემსყიდველის მიერ შესყიდვა შესაძლოა, განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის შესახებ ერთჯერადად დასადები გარიგების ღირებულება არ აღემატება 50 000 ლარს.
3. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ახორციელებს შემსყიდველის კომისია.
მუხლი 5🔗. კომისია
1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველის ხელმძღვანელი.
2. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრი.
3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
4. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება, ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი, დამატებული ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით.
მუხლი 6🔗. კომისიის აპარატი
1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველის ხელმძღვანელის ბრძანებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში − აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. აპარატის ფუნქციაა შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციისა და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა.
3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით.
4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში, ხოლო მრავალწლიანი შესყიდვის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
მუხლი 7🔗. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ
1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში − განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან.
2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 კალენდარულ დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია, სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპითა და ბიჯის გათვალისწინებით.
3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) განცხადების ნომერი;
ბ) შემსყიდველის დასახელება;
გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;
დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;
ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება;
ვ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით, თუ − მის გარეშე;
ზ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;
თ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა;
ი) ბიჯის ოდენობა;
კ) წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა;
ლ) წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების მინიმალური ვადა;
მ) CPV კოდი.
4. განცხადებაში, შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება დღგ-ის გათვალისწინებით ან მის გარეშე.
5. განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით.
6. განცხადების სისტემაში განთავსებისთვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში.
მუხლი 8🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა
1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;
ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;
გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში);
დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);
ე) კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ;
ვ) მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებით და შეცვლილი, დამატებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება.
მუხლი 9🔗. წინადადების წარდგენა
1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია, წარადგინოს წინადადება წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე.
2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს უფლება აქვს, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას.
3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის შეთავაზება, გარდა ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილი მასალისა, უნდა შეიცავდეს ამ წესით გათვალისწინებულ წინადადების უზრუნველყოფის გარანტიას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.
5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით გათვალისწინებულია წინადადების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის დღგ-ის შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 10🔗. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი
1. შემსყიდველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ.
3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია.
4. სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობასთან/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები და სხვ.).
5. დაუშვებელია, შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც ორაზროვანია და უშვებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას.
მუხლი 11🔗. შერჩევა/შეფასება
1. კომისიის მიერ პრეტენდენტთა შეფასება ხდება წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით, ამავე პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.
2. პრეტენდენტის წინადადების ფასის შეფასება ხდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი შერჩევის პირველ ეტაპზე ადგენს დაბალფასიან პრეტენდენტს.
3. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი.
4. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს; ასევე, პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომისას, როგორიცაა არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომელიც შესაძლებელია, შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს ხუთი სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნამდე.
7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისია მიმართავს მას საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს ხუთი სამუშაო დღისა.
8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემები შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენის მოთხოვნასა და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად.
9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით.
10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას ან მის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. თუ წინადადების მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, კომისიას უფლება აქვს, შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.
მუხლი 12🔗. დისკვალიფიკაცია
1. კომისია ახდენს მიმწოდებლის ან/და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი უნდა იქნეს ატვირთული სისტემაში.
2. მიმწოდებელი ან/და პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-11 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას;
ბ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები არ შეესაბამება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
გ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე;
დ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
ე) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას და/ან ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე.
მუხლი 13🔗. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია
1. პრეტენდენტი ვალდებულია, წარადგინოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტია ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია შესაძლებელია, გაცემულ იქნეს როგორც საბანკო, ასევე სადაზღვევო დაწესებულების მიერ.
2. წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტს.
3. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება ხელშეკრულების დადების ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებლის/პრეტენდენტის შესაბამისი მოთხოვნიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადისა.
4. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია პრეტენდენტს არ უბრუნდება, თუ:
ა) გამარჯვების შემდეგ უარს იტყვის ან სხვაგვარი ქმედებით უარს განაცხადებს შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებაზე;
ბ) პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას;
გ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო;
დ) პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე.
მუხლი 14🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა
1. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში.
2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.
3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ამ წესის შესაბამისად.
4. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, თუ ერთეული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აღემატება 5000 ლარს, მიმწოდებელი ვალდებულია, წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
5. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200000 ლარს. შემსყიდველის კომისიის გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენისაგან შესაძლებელია, გათავისუფლდეს პოტენციური მიმწოდებელი, მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის/მომსახურების ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით.
6. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით.
7. ხელშეკრულების შესრულების გარანტია, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვის შემთხვევაში შესაძლებელია წარედგინოს შემსყიდველს ხელშეკრულების დადების შემდგომ, ხოლო შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებამდე.
8. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
დანართი
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი
№
საქონლის დასახელება
1
სპეცტექნიკის ნაწილები
2
სპეცმანქანების ნაწილები
3
მე-3 კატეგორიის გრუნტი, თიხნარ-კენჭნარი მინარევი
4
ინერტული მასალები
№
მომსახურების დასახელება
1
საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის/ინჟინერიის მანქანა-დანადგარების (სპეციალური მძიმე ტექნიკა) იჯარა
2
სპეციალური მძიმე ტექნიკის ტექნიკური მომსახურება
3
საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუდიტორული მომსახურება
4
საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული სარეკლამო მომსახურება (მათ შორის, ბეჭდვა)
5
საქმიანობასთან დაკავშირებული სადეზინფექციო მომსახურება