სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრისა და დამტკიცების წესის თაობაზე
მიღების თარიღი 26.03.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №161
სარეგისტრაციო კოდი 400000000.10.003.021176
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.2019 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წყლის რესურსების მართვის შესახებ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეზერვუარის (თბილისის წყალსაცავის) სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე „სასმელი, სამკურნალო მინერალური, სამრეწველო, ტექნიკური და თბოენერგეტიკული მიწისქვეშა წყლების მარაგებისა და პროგნოზული რესურსების კლასიფიკაციის და მარაგების გამოთვლის ანგარიშის შედგენის მეთოდური მითითებების“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის − ნატურალური მინერალური წყლების ექსპლუატაციისა და ბაზარზე განთავსების წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრისა და დამტკიცების წესის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №161
2019 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრისა და დამტკიცების წესის თაობაზე
მუხლი 1🔗
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 71 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრისა და დამტკიცების წესი“.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილებით გათვალისწინებული სანიტარიული დაცვის ზონების დადგენისას, ამავე დადგენილებით განსაზღვრული შეზღუდვები და აკრძალვები არ ვრცელდება არსებულ ინფრასტრუქტურულ ნაგებობებზე (საწარმოებზე, საცხოვრებელ სახლებზე, ხაზობრივ ნაგებობებზე), ასევე დაწყებულ ან/და განსახორციელებელ, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტებთან მიმართებით.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრისა და დამტკიცების წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ამ წესის მიზანია, განსაზღვროს საქართველოს მიწისქვეშა წყლის ბუნებრივი რესურსების ფიზიკური და სამკურნალო თვისებებისა და ქიმიური შედგენილობის შენარჩუნების, მათი დაბინძურებისა და დაშრეტისაგან დაცვის მიზნით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების/საბადოების სანიტარიული დაცვის ზონების დადგენის წესი.
2. ამ წესით განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის (ჩამოსხმის მიზნით მტკნარი/დაბალმინერალიზებული, მინერალური და თერმული) ობიექტების/საბადოების სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრების დადგენის, ამ ტერიტორიაზე აკრძალული და დასაშვები საქმიანობების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის პირობები.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ წესის მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) მიწისქვეშა წყლის ობიექტი – ბუნებრივი (წყარო, კარსტული წყალი, სამკურნალო ტალახი) ან ხელოვნური (ჭაბურღილი, ჭა, შახტური ჭა) წყალპუნქტი, საიდანაც ხორციელდება მიწისქვეშა წყლის (ან ტალახის, ან ნახშირორჟანგის) მოპოვება;
ბ) მიწისქვეშა წყლის საბადო – მიწისქვეშა წყლის ობიექტების ერთობლიობა, რომელზედაც დათვლილია მარაგები/რესურსები;
გ) მტკნარი/დაბალმინერალიზებული წყალი – მიწისქვეშა წყალი, რომლის მინერალიზაცია არ აღემატება 1,0/1,5 გ/ლ-ს;
დ) მინერალური წყალი – მიწისქვეშა წყალი, რომელიც თავისი ქიმიური შედგენილობით, მათ შორის, მიკროკომპონენტების შემცველობით, ორგანული ნივთიერებებით, გაზური შედგენილობით, ტემპერატურით ან რაიმე სხვა მაჩვენებლით ადამიანის ორგანიზმზე ახდენს სასარგებლო (სამკურნალო და სამკურნალო-სასმელი) ზემოქმედებას;
ე) თერმული წყალი – მიწისქვეშა წყალი, რომლის ტემპერატურა 200 C-ზე მეტია.
მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებები
1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტებისათვის/ საბადოებისთვის დგინდება სანიტარიული დაცვის ზონები, სადაც აკრძალულია სამუშაოები, რომლებიც აბინძურებს ნიადაგს, წყალს, ჰაერს, ზიანს აყენებს ტყეებსა და სხვა მწვანე ნარგავებს, იწვევს ეროზიულ პროცესებს, უარყოფითად მოქმედებს მიწისქვეშა წყლის ობიექტების/საბადოების სანიტარიულ მდგომარეობაზე.
2. სანიტარიული დაცვის ზონებში დგინდება ის ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების/ საბადოების სანიტარიული ნორმების დაცვას.
3. სანიტარიული დაცვის ზონები დგინდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტისათვის/საბადოებისთვის.
4. მიწისქვეშა წყლის რესურსების გამოყენებისას ერთი ან ერთზე მეტი ერთმანეთთან დაკავშირებული ობიექტისთვის/საბადოსთვის შეიძლება დადგინდეს სანიტარიული დაცვის ერთიანი ზონა.
მუხლი 4🔗. სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრების პროექტის შედგენასა და დამტკიცებაზე პასუხისმგებელი პირები
1. ამ დადგენილებით გათვალისწინებული სანიტარიული დაცვის ზონების პროექტს შეიმუშავებს ლიცენზიის მფლობელი. ამასთან, მიწისქვეშა წყლის ერთი ობიექტის/საბადოს ფარგლებში რამდენიმე ლიცენზიის არსებობისას, ლიცენზიის მფლობელების მიერ სანიტარიული დაცვის ზონების პროექტის შემუშავება უნდა მოხდეს ურთიერთშეთანხმებით.
2. იმ შემთხვევაში, თუ მიწისქვეშა წყლის საბადოს ფარგლებში არსებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების მხოლოდ ნაწილია ლიცენზირებული, ასევე არალიცენზირებული მიწისქვეშა წყლის საბადოს შემთხვევაში, სანიტარიული დაცვის ზონების პროექტის შედგენის უფლებამოსილება აქვს ასევე ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
3. სანიტარიული დაცვის ზონების პროექტს ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ათანხმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და შესაბამის მუნიციპალიტეტთან.
4. ამ დადგენილებით გათვალისწინებული სანიტარიული დაცვის ზონების პროექტს ლიცენზიის გამცემის მიმართვისა და სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
5. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია, სანიტარიული დაცვის ზონის პროექტის დამტკიცების თაობაზე ინფორმაცია/დოკუმენტაცია მიაწოდოს შესაბამის მუნიციპალიტეტს.
მუხლი 5🔗. სანიტარიული დაცვის ზონები და მათი რეჟიმი
მიწისქვეშა წყლის ობიექტებისათვის/საბადოებისთვის დგინდება სანიტარიული დაცვის სამი ზონა: პირველი – მკაცრი რეჟიმის ზონა, მეორე – შეზღუდული რეჟიმის ზონა, მესამე – სამეთვალყურეო ზონა.
მუხლი 6🔗. პირველი – მკაცრი რეჟიმის ზონა
1. პირველი – მკაცრი რეჟიმის ზონა მოიცავს მიწისქვეშა წყლის ობიექტის/საბადოს (წყალპუნქტები: წყარო, კარსტული წყალი, სამკურნალო ტალახი, ჭაბურღილი, ჭა, შახტური ჭა) ირგვლივ ტერიტორიას, რომელიც განისაზღვრება მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების შესაბამისად.
2. პირველ ზონაში აკრძალულია:
ა) იმ პირთა ცხოვრება და დროებით ყოფნა, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებულნი წყლის ობიექტების/საბადოს მომსახურებასთან;
ბ) სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის მიწისქვეშა წყლების რესურსების გამოყენებასთან; სამთო და მიწის სამუშაოები, ნებისმიერი მშენებლობა, გარდა წყალსადენის ნაგებობების მშენებლობისა; ნებისმიერი დანიშნულების საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების განთავსება; მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება; მილსადენის გაყვანა (გარდა წყალსადენის ნაგებობების მომსახურებისათვის აუცილებლისა); ჩამდინარე წყლების ჩაშვება, ბანაობა, პირუტყვის ძოვება და დარწყულება, რეცხვა, შხამქიმიკატების გამოყენება მცენარეთა დაცვის მიზნით;
გ) ნაგავსაყრელების მოწყობა და საწარმოო, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების ნებისმიერი ფორმით განთავსება;
დ) საკანალიზაციო სისტემის იმგვარი დაპროექტება და ექსპლუატაცია, რომელიც გამოიწვევს მიწისქვეშა წყლების დაბინძურებას ან უარყოფითად იმოქმედებს მიწისქვეშა წყლების ბუნებრივ რესურსებზე.
3. პირველ ზონაში ჩასატარებელი სავალდებულო სამუშაოებია:
ა) ჭაბურღილის, ჭის შემთხვევაში – ყოველი ობიექტის ირგვლივ 1 მ-ის რადიუსის ფართობზე მიწის ზედაპირის დაბეტონება და ობიექტის თავმორთულობის მოწყობა არასასურველი ინფილტრაციული პროცესებისგან საბადოს დაცვის მიზნით;
ბ) წყაროსა და სხვა ბუნებრივი გამოსავლის შემთხვევაში – ყოველი ობიექტის კაპიტალური დაკაპტაჟება არასასურველი პროცესების უარყოფითი ზეგავლენისგან საბადოს დაცვის მიზნით.
4. პირველ ზონაში დაშვებულია მიწისქვეშა წყლების გამოყენებასთან დაკავშირებული სამთო და მიწის სამუშაოები, ნაგებობების მშენებლობა (კაპტაჟი, საკაპტაჟე ნაგებობები, სასმელი წყლის გალერეები და ბიუვეტები, სამკურნალო ტალახის მოპოვებისა და გამოყენების სხვადასხვა დანადგარები), ნაპირსამაგრი, ეროზია და მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები, კავშირგაბმულობისა და ელექტროსაშუალებების და რეკრეაციული ზონის მოწყობისა და შეკეთების სამუშაოები, ასევე სხვა საქმიანობა, რომელიც უარყოფითად არ იმოქმედებს მიწისქვეშა წყლის რესურსებსა და საბადოს ტერიტორიის სანიტარიულ მდგომარეობაზე.
მუხლი 7🔗. მეორე – შეზღუდული რეჟიმის ზონა
1. მეორე – შეზღუდული რეჟიმის ზონა მოიცავს ტერიტორიას, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება პირველ (მკაცრი რეჟიმის) ზონას და სადაც ხდება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ჩადინება მიწისქვეშა წყლის ობიექტებისკენ/საბადოსკენ, აგრეთვე იმ ტერიტორიას, სადაც გაშენებულია საბადოს ათვისებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის შენობა-ნაგებობები ან დაგეგმილია მათი გაშენება.
2. მეორე ზონაში აკრძალულია:
ა) ტერიტორიის ან წყლის ობიექტების ისეთი გამოყენება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მიწისქვეშა წყლის ხარისხობრივი ან რაოდენობრივი გაუარესება;
ბ) მეცხოველეობისა და მეფრინველეობის კომპლექსებისა და ფერმების მშენებლობა;
გ) მცენარეული საფარის მოსპობა, სარკინიგზო და მაგისტრალური საავტომობილო გზების გაყვანა (გარდა სასოფლო გრუნტის გზებისა), მაგისტრალური ნავთობსადენის გაყვანა;
დ) ნაგავსაყრელების მოწყობა და საწარმოო, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების ნებისმიერი ფორმით განთავსება (გარდა სანაგვე კონტეინერებისა);
ე) შხამქიმიკატების, მინერალური სასუქებისა და ქიმიური ნივთიერებების შენახვა და გამოყენება;
ვ) ახალი სასაფლაოების მოწყობა და არსებულის გაფართოება;
ზ) პირუტყვის სასაკლაოების მოწყობა;
თ) ნახმარი და დრენაჟული წყლების წყლის ობიექტებში ჩაშვება (გარდა გაწმენდილი ნახმარი წყლების სპეციალური სიღრმისეული ჩაშვებისა) და წყალსარგებლობის სხვა სახეობა, რომელიც უარყოფითად იმოქმედებს მიწისქვეშა წყლის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე;
ი) ტყის ჭრა (გარდა მოვლითი ჭრისა) და ტყის ფონდის მიწის ნაკვეთების ისეთი გამოყენება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მიწისქვეშა წყლის ხარისხობრივი ან რაოდენობრივი გაუარესება;
კ) საკანალიზაციო სისტემის იმგვარი დაპროექტება და ექსპლუატაცია, რომელიც გამოიწვევს მიწისქვეშა წყლების დაბინძურებას.
3. მეორე ზონაში დაშვებულია:
ა) საკარანტინო მავნებლებისა და მცენარეების დაავადებების ფართოდ გავრცელებისას კომპეტენტური სამსახურების მიერ ადამიანისათვის უვნებელი, ნაცადი ქიმიკატებით სანიტარიული სამუშაოების ჩატარება;
ბ) სხვადასხვა სახის გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარება, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოების გადაწყვეტილების საფუძველზე, ასევე სხვა საქმიანობა, რომელიც უარყოფითად არ იმოქმედებს მიწისქვეშა წყლის რესურსებსა და საბადოს ტერიტორიის სანიტარიულ მდგომარეობაზე.
მუხლი 8🔗. მესამე – სამეთვალყურეო ზონა
1. მესამე – სამეთვალყურეო ზონა უშუალოდ ესაზღვრება მეორე ზონას და მოიცავს მიწისქვეშა წყლის ფორმირებისა და გავრცელების არეალს, აგრეთვე ტერიტორიებს, რომელთა სანიტარიული ზონისათვის დადგენილი წესების დაუცველად გამოყენებამ და არასასურველმა მდგომარეობამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მიწისქვეშა წყლის საბადოების ჰიდროგეოლოგიურ რეჟიმზე.
2. მესამე ზონაში დაშვებულია ყველა იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც უარყოფითად არ იმოქმედებს მიწისქვეშა წყლის რესურსებსა და საბადოს ტერიტორიის სანიტარიულ მდგომარეობაზე.
მუხლი 9🔗. სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრები
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზირებას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების/საბადოს სანიტარიული დაცვის თითოეული ზონის საზღვარი უნდა განისაზღვროს რუკაზე, ხოლო პირველი ზონის საზღვარი უნდა იყოს შემოღობილი, შესაბამისი მანიშნებლებით (ბოძები წარწერით და ა.შ.) აღნიშნული და დაცული.
მუხლი 10🔗. პირველი – მკაცრი რეჟიმის ზონის საზღვრის დადგენა
პირველი – მკაცრი რეჟიმის ზონის საზღვარი დგინდება საბადოს ბუნებრივი დაცვის ხარისხის, ტიპისა და ჰიდროგეოლოგიური რეჟიმის, ასევე გეოლოგიური აგებულებისა და გეომორფოლოგიური პირობების გათვალისწინებით. მისი ფართობი მიწისქვეშა წყლის საბადოს ცალკეული წყალპუნქტის ირგვლივ შეადგენს 0,07 ჰა-ს, გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როდესაც ფართობი და პერიმეტრის ორიენტაცია დგინდება ობიექტის/საბადოს დასაბუთებული ჰიდროგეოლოგიური და გეომორფოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, არსებული ურბანული მდგომარეობისა და ლანდშაფტის გათვალისწინებით.
მუხლი 11🔗. მეორე – შეზღუდული რეჟიმის ზონის საზღვრის დადგენა
მეორე – შეზღუდული რეჟიმის ზონის საზღვარი დგინდება ჩატარებული ჰიდროგეოლოგიური კვლევებისა და გეოსტრუქტურული და გეომორფოლოგიური თავისებურებების, აგრეთვე უახლოესი წყალგამყოფი ხაზების გათვალისწინებით. მისი გარე კონტურის დაშორება მიწისქვეშა წყლის საბადოს პირველი ზონის საზღვრიდან შეადგენს 500 მ-ს, გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როდესაც ფართობი და პერიმეტრის ორიენტაცია დგინდება საბადოს დასაბუთებული ჰიდროგეოლოგიური და გეომორფოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ურბანული მდგომარეობისა და ლანდშაფტის გათვალისწინებით.
მუხლი 12🔗. მესამე – სამეთვალყურეო ზონის საზღვრის დადგენა
მესამე – სამეთვალყურეო ზონის საზღვარი დგინდება ჰიდროგეოლოგიური კვლევების საფუძველზე და მოიცავს მიწისქვეშა წყლის რესურსების ფორმირების არეალებსა და საბადოს სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებს. მესამე ზონის ფართობი და გარე კონტური დგინდება ინდივიდუალურად, ცალკეული საბადოს ჰიდროგეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე. გამონაკლის შემთხვევაში, შესაძლებელია, მესამე ზონის საზღვარი ემთხვეოდეს მეორე ზონის საზღვარს.
მუხლი 13🔗. ცვლილებების დაშვება
მიწისქვეშა წყლის რესურსების ათვისებისას, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარებული დეტალური კვლევებისა და დასაბუთებული ჰიდროგეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისას, დასაშვებია კონკრეტული საბადოსთვის ან ობიექტისთვის დადგენილი სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრების კორექტირება.