📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.03.2019
ძალის დაკარგვა 01.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №391
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016891
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,780 სიტყვა · ~19 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.03.2019 მიღება
01.01.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №391 2019 წლის 27 მარტი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3130 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 მაისის №106 ბრძანება. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 15 ნოემბრამდე უზრუნველყოს ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული სამსახურებრივი მოწმობების ამოღება და სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების ცალკეულ მოსამსახურეთათვის დადგენილი ნიმუშის ახალი სამსახურებრივი პირადობის მოწმობების დამზადება/გაცემა. 4. ამ დებულების ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებათა გატარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით. 5. ეს ბრძანება, გარდა პირველი – მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 6. ამ ბრძანების პირველი – მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 15 მაისიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და ამ დებულების საფუძველზე. 3. სააგენტოს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში, საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სააგენტოს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სააგენტოს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე. 5. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, №42. თავი II სააგენტოს მიზნები, საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილებანი მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები 1. სააგენტოს მიზნებია: ა) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულება; ბ) ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; გ) საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა; დ) მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია (მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია) და რეაბილიტაცია (მსჯავრდებულითა გამოსწორება და საზოგადოებაში ჯანსაღ წევრებად დაბრუნება). 2. სააგენტო თავის მიზნებს ახორციელებს მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვით, მსჯავრდებულის აუცილებელი ზედამხედველობითა და კონტროლით, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისათვის ხელის შეწყობითა და დახმარებით. მუხლი 3🔗. სააგენტოს საქმიანობის პრინციპები 1. სააგენტოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, სააგენტოს სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს. 2. სააგენტოს მოსამსახურე ვალდებულია, პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, მიუხედავად მისი რასისა, კანის ფერისა, სქესისა, წარმოშობისა, ეთნიკური კუთვნილებისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებებისა, სოციალური კუთვნილებისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა ნიშნისა. მუხლი 4🔗. სააგენტოს უფლებამოსილებანი სააგენტო უფლებამოსილია: ა) ორგანიზება გაუკეთოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომში – პრობაციის ბიურო) მიერ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებების და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებას; ბ) შეიმუშაოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტები; გ) შეიმუშაოს სააგენტოს მოსამსახურეთა სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სახის სამუშაო დოკუმენტები და სტანდარტები; დ) ორგანიზება გაუკეთოს სააგენტოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებს და ტრენინგებს; ე) შეიმუშაოს მსჯავრდებულთა და სრულწლოვან ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო პროგრამები და უზრუნველყოს მათი პრაქტიკაში დანერგვა; ვ) განახორციელოს პრობაციის ბიუროს საქმიანობის რევიზია და კონტროლი; ზ) გამოითხოვოს პრობაციის ბიუროებიდან საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები; თ) განიხილოს სააგენტოს მოსამსახურეთა მიმართ შემოსული საჩივრები და განცხადებები; ი) აწარმოოს სტატისტიკა და განახორციელოს საქმიანობის ანალიზი; კ) დაამყაროს საქმიანი სამართლებრივი ურთიერთობები საჯარო დაწესებულებებთან, ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო, საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებთან; ლ) დადოს ხელშეკრულებები და მემორანდუმები ორგანიზაციებთან, სოციალურ დაწესებულებასთან ან ცალკეულ პირებთან; მ) საკუთარი სახელით შეიძინოს უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები, საკუთარი სახელით გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში; ნ) განახორციელოს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. თავი III სააგენტოს ხელმძღვანელობა და მართვა მუხლი 5🔗. სააგენტოს უფროსი 1.  სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი (შემდგომში – სააგენტოს უფროსი), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სააგენტოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს საქმიანობას, ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ბ) ზედამხედველობას უწევს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ ორგანოებს, მათ მიერ მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; გ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; დ) სააგენტოს სახელით კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და სხვა მოსამსახურეებს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს; ზ) დისციპლინურ პასუხისმგებლობას უფარდებს სააგენტოს მოსამსახურეებს; თ) დადგენილი წესით აღძრავს შუამდგომლობას სააგენტოს მოსამსახურეების სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის თაობაზე; ი) წაახალისებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და სხვა მოსამსახურეებს;  კ) პასუხისმგებელია სააგენტოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლების მიზნობრივ გამოყენებაზე; ლ) მინისტრთან შეთანხმებით, ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას; მ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ნ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, საქმისწარმოებისა და სტატისტიკური ანგარიშის ფორმებს; ო) ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს; პ) უფლებამოსილია, კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აიყვანოს სააგენტოს საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი მოსამსახურეები; ჟ) უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ განსაზღვროს პრობაციის ბიუროებში პრობაციის ოფიცერთა ჯგუფები სპეციალიზაციისა და სხვა ნიშნის მიხედვით; რ) უფლებამოსილია, სააგენტოში შექმნას კომისიები და სამუშაო ჯგუფები; ს) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და გასცემს მინდობილობებს; ტ) შეიმუშავებს სააგენტოს ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს; უ) უფლებამოსილია, მოახდინოს სააგენტოს უფროსის მოადგილეებსა და სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების უფროსებზე მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების დელეგირება; ფ) მინისტრს ყოველთვიურად წარუდგენს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით პრობაციის ბიუროების მიერ სასამართლოებისადმი მიმართული წარდგინებების, მსჯავრდებულთა დაჯარიმების, დადგენილი რეჟიმის საპატიოდ ჩათვლის, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ გაცემული ნებართვებისა და პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ ანგარიშს; ქ) სააგენტოს მოსამსახურეების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს დანამატს; ღ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სააგენტოს მოსამსახურეთა შვებულებასა და მივლინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ყ) იღებს გადაწყვეტილებას საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემისათვის „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფასურისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლების თაობაზე; შ) იღებს გადაწყვეტილებას შინაპატიმრობის აღსრულებისას ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის შესახებ; ჩ) განსაზღვრავს სააგენტოში კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატის შერჩევის წესს, საკონკურსო კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას; ც) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სააგენტოს უფროსის მოქმედებათა შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. სააგენტოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი სააგენტოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 6🔗. სააგენტოს უფროსის მოადგილე 1. სააგენტოს უფროსს ჰყავს 3 მოადგილე, რომლებსაც მინისტრთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 2. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს სააგენტოს უფროსი. 3. სააგენტოს უფროსის მოადგილე: ა) ზედამხედველობს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ბ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისაგან პერიოდულად მოითხოვს ანგარიშს მიმდინარე და გაწეული მუშაობის შესახებ; გ) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით აკონტროლებს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და მათი მუშაობის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას; დ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით აწარმოებს სტატისტიკას და ანალიზს; ე) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებას სააგენტოს მიერ განსახორციელებელი თუ განხორციელებული საქმიანობის შესახებ; ვ) ასრულებს სააგენტოს უფროსის ცალკეულ დავალებებს; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. თავი IV სააგენტოს სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები მუხლი 7🔗. სააგენტოს სტრუქტურა 1. სააგენტოს სტრუქტურა შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – პრობაციის ბიუროებისაგან, რომელთა მეშვეობით სააგენტო უზრუნველყოფს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას. 2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) ეკონომიკური დეპარტამენტი; გ) მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი; დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ე) კვლევისა და სერვისების დეპარტამენტი; ვ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; ზ) პრობაციის ბიუროთა მხარდაჭერის სამმართველო. 3. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებია: ა) თბილისის პრობაციის ბიურო; ბ) იმერეთის პრობაციის ბიურო; გ) ქვემო ქართლის პრობაციის ბიურო; დ) შიდა ქართლის პრობაციის ბიურო; ე) კახეთის პრობაციის ბიურო; ვ) გურიის პრობაციის ბიურო; ზ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიურო; თ) მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიურო; ი) სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიურო; კ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიურო; ლ) აჭარის პრობაციის ბიურო. მუხლი 8🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტი 1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: ა) სააგენტოს საკადრო რესურსის მართვა, მათ შორის: ა.ა) ნომენკლატურის ფარგლებში მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანის, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ მასალების განხილვა, მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა, სააგენტოში მუშაობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა, წინადადებების შემუშავება მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე, ასევე სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული ორგანოების ცალკეულ მოსამსახურეთათვის დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი პირადობის მოწმობების დამზადება; ა.ბ) სამუშაოს აღწერილობის ფორმის შემუშავება და სტრუქტურით გათვალისწინებული ყველა თანამდებობის პირის სამუშაოს აღწერილობის მომზადება; ა.გ) სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად, შესაბამისი კადრების მოძიება, მოზიდვა, შერჩევა, დაქირავება, ასევე მოხელეთა საკადრო რეზერვის შექმნა შესაბამისი სტაჟირებების გზით და მათი მიზნობრივი გამოყენება; ა.დ) დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოს სისტემაში სტაჟირების გავლის ორგანიზება და სტაჟირების საბოლოო შეფასებაში მონაწილეობის მიღება; ა.ე) მოსამსახურეთა განვითარებაზე ზრუნვა – სასწავლო საჭიროებების მუდმივად განსაზღვრა და ამ საჭიროებების შესაბამისი სასწავლო პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფა; ა.ვ) მოსამსახურეთა საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა; ა.ზ) სააგენტოს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსის  ორგანიზება; ა.თ) სააგენტოს სისტემის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლა, პირადი საქმეების აღრიცხვა-დამუშავება, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვის და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნა; ა.ი) პრობაციის ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნისას, მისთვის სამსახურებრივი ბეჭდის გადაცემა; ბ) სააგენტოს სისტემის ფარგლებში, სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება; გ) მსჯავრდებულთა პირადი საქმეების დადგენილ ნომენკლატურასთან შესაბამისობაში მოყვანის და დასრულებული საქმეების არქივში შენახვის უზრუნველყოფა; დ) სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვა, მიღება და დამუშავება; ე) სააგენტოში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა, დამუშავება და განაწილების უზრუნველყოფა; ვ) სააგენტოში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება; ზ) სააგენტოში საქმისწარმოების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად; თ) საქმისწარმოების და დასრულებული საქმეების დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და სათანადო წესით შენახვა (დაარქივება); ი) სააგენტოში შემოსული „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღება-დამუშავება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა; კ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; სააგენტოს კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა სასამართლო ინსტანციებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად (გარდა სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებული ნაკლებად რთული საქმეებისა); ლ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადება, სამართლებრივი ანალიზი და შეფასება; ნ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებასა და პრობაციასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და სხვა სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების პროექტების მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა; ო) სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობისა და სხდომების უზრუნველყოფა, კომისიის გადაწყვეტილებების შედგენა; პ) სააგენტოს სახელით გამოსაცემი სამართლებრივი ხასიათის, სახელმძღვანელო თუ სარეკომენდაციო მასალების მომზადება; ჟ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა; რ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება; ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება. 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; ბ) საქმისწარმოების სამმართველო; გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო. 3. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას. 4. საქმისწარმოების სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ – „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას. 5. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ – „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილნი არიან დაესწრონ პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომებს. 6. ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აქვს ბეჭედი წარწერით: „სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი“. მუხლი 9🔗. ეკონომიკური დეპარტამენტი 1. ეკონომიკური დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: ა) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; გ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა; დ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ე) სააგენტოს ბიუჯეტისა და ხარჯთაღრიცხვის პროექტის შემუშავება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება. 2. ეკონომიკური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ლოჯისტიკის სამმართველო; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო. 3. ლოჯისტიკის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას. 4. საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას. მუხლი 10🔗. მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: ა) სააგენტოს იურისდიქციაში მყოფ მსჯავრდებულთა, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან განრიდებულთა და არასრულწლოვან ბრალდებულთა კვალიფიციური ინდივიდუალური შეფასების ხარისხის ზედამხედველობა; ბ) პრობაციის ბიუროებში ფსიქოსოციალური, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამების მოდელების და პროექტების შემუშავება-ადაპტირება, განხორციელება და მართვა; გ) რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; დ) პრობაციის ბიუროს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებების განსაზღვრა ან/და მათ განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება, კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა და პერიოდული პროფესიული გადამზადების ორგანიზება; ე) მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიმართულებით, სპეციალისტებისათვის პროფესიული სტანდარტების შემუშავება და დანერგვა; ვ) რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ზ) პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულთა საჭიროებების შესწავლის საფუძველზე კულტურული, სპორტული, რელიგიური, შემეცნებითი და სხვა სახის პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ინიციირება; თ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროცესის გაუმჯობესების მიზნით კვლევების განხორციელება; ი) პრობაციის ბიუროში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების საქმიანობაზე პროფესიული ზედამხედველობა და კოორდინაცია, რაც გულისხმობს: პროფესიული ზედამხედველობის სტანდარტების შემუშავებას და დანერგვას, ზედამხედველობის ინსტრუმენტების შემუშავებასა და დახვეწას, რისკის და საჭიროებების შეფასების/ინდივიდუალური შეფასების ანგარიშების ხარისხის მონიტორინგს, შემთხვევის მართვის პროცესის ზედამხედველობას და მისი უწყვეტობა-თანმიმდევრულობის უზრუნველყოფას, სპეციალისტების მიერ სარეაბილიტაციო პროგრამების მიწოდების/განხორციელების სარეაბილიტაციო მომსახურების სტანდარტებთან შესაბამისობის  მონიტორინგს,  სპეციალისტების პროფესიული გადაწვის პრევენციას და დაძლევის მხარდაჭერას, სპეციალისტებთან ინდივიდუალური და ჯგუფური ზედამხედველობის შეხვედრების განხორციელებას და სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავებას; კ) პრობაციის ბიუროში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მიერ მათი საქმიანობის მონაცემთა შეგროვებასა და მოწოდების ფორმატის განსაზღვრა, მიწოდებული ყოველთვიური ანგარიშის დამუშავება და ანალიზი, სააგენტოს მასშტაბით სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების დატვირთვის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; ლ)  პრობაციის ბიუროში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების საქმიანობის პოლიტიკის განსაზღვრისას რეკომენდაციების გაწევა; მ) პრობაციის ბიუროში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მუშაობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, სამუშაო ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიის განახლება და შემუშავება; ნ) პირობითი მსჯავრდებულისათვის გამოსაცდელი ვადის შემცირებისა და პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადასაწყვეტად, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ო)  სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მომზადება/გადამზადების მიზნით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობა; პ) ფსიქოსოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულთან/განრიდებულთან მიმართებით განსახორციელებელი ან განხორციელებული პროგრამების/პროექტების ფარგლებში; ჟ) სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მიერ შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით პრობაციის ბიუროს უფროსისთვის რეკომენდაციის მიწოდება; რ) სრულწლოვან ყოფილ პატიმართათვის საჭირო სერვისების იდენტიფიკაცია და არსებული სერვისების შესახებ მათი ინფორმირება, სააგენტოსათვის მომართვიანობის გაზრდა, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში რეგულარული ვიზიტების განხორციელების გზით; ს) სრულწლოვანი ყოფილი პატიმრების მომართვიანობის აღრიცხვა/გადანაწილება, მონაცემთა  დამუშავება და ანალიზი, ბენეფიციარების შეფასება, მათი საჭიროებების გამოკვეთა  და პროცესის მონიტორინგი; ტ) სრულწლოვანი ყოფილი პატიმრების (ბენეფიციარების) და/ან მათი ოჯახის წევრებისთვის საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდება; უ) ამ პუნქტის „რ“ – „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ეფექტიანი რეფერალური სისტემის განვითარების ხელშეწყობა; ფ) ამ პუნქტის „რ“ – „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, პროგრამაში ჩართული სპეციალისტების მუშაობის ერთიანი სტანდარტების დანერგვა/განვითარება, პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა; ქ) კომპეტენციის ფარგლებში, სრულწლოვან ყოფილ პატიმართათვის სატრენინგო მოდულების შექმნა, ტრენინგ-სემინარების დაგეგმვა და განხორციელება; ღ) სრულწლოვანი ყოფილი პატიმრების დასაქმების მიზნით, სოციალური საწარმოების შექმნისა და ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა; ყ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველო; ბ) ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველო. 3. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას. 4. ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „რ“ – „ღ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას. მუხლი 11🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სააგენტოს ურთიერთობის კოორდინირება; ბ) საზოგადოების ინფორმირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ; გ) სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება; დ) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირება; სააგენტოს ვებგვერდის წარმოება-განახლების მიზნით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება; ე) სააგენტოში მოქალაქეთა და სხვა სტუმართა მიღების ორგანიზება; ვ) სააგენტოს საზოგადოებრივი მისაღების საქმიანობისა და მოქალაქეთა სატელეფონო მომსახურების (მათ შორის, სამართლებრივ საკითხებზე) უზრუნველყოფა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება. 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი უშუალოდ ექვემდებარება სააგენტოს უფროსს. მუხლი 12🔗. კვლევისა და სერვისების დეპარტამენტი კვლევისა და სერვისების დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყანაში არსებული სერვისების მოკვლევა და ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის კვლევა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სერვისების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული ახალი სერვისების, ინოვაციური იდეებისა და პროექტების გენერირება, ინიცირება, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და პრობაციის ბიუროებისათვის მიწოდება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; გ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, სერვისების ერთიანი სტანდარტის შემუშავება, სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებსა და პრობაციის ბიუროებში დანერგვა და მონიტორინგი; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სერვისების რუკის შექმნა და მართვა, სერვისების ერთიანი ელექტრონული ბაზის შემუშავება და მისი მუდმივი განახლება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სრულწლოვანი ყოფილი პატიმრების საჭიროებების კვლევა და მათზე მორგებული სერვისების დანერგვა/განვითარება; ვ) შიდა სერვისების კომპონენტის განვითარება; ზ) სააგენტოს შესაბამისი მიმართულების პროფესიონალების ახალი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვა მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით; თ) პარტნიორთა ქსელის შექმნის უზრუნველყოფა და მის მუდმივ გაფართოებაზე მუშაობა; ი) სამინისტროს მიერ დაფინანსებული და სააგენტოს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული საგრანტო პროექტების მენეჯმენტი; კ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიება; ლ) სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო სტატისტიკური ფორმების შემუშავება; მ) სტატისტიკური მონაცემების შეჯამება, ანალიზი და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა, მოთხოვნა და სისტემაში მოყვანა. მუხლი 13🔗. შიდა აუდიტის დეპარტამენტი 1. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: ა) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და პრობაციის ბიუროების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება/მონიტორინგი; ბ) სააგენტოს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი; გ) სააგენტოში  მიმდინარე პროცესების და საქმიანობის სფეროების აუდიტის და მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშების მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა; დ) სააგენტოში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი დარღვევების ფაქტებზე სატელეფონო შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება; ე) სააგენტოში სამართალდარღვევის, დისციპლინური გადაცდომის ან/და სააგენტოს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შესახებ ცნობებთან (განცხადება, წერილი, საჩივარი, შეტყობინება, სხვა ინფორმაცია ან ფაქტი) დაკავშირებით დისციპლინური წარმოების ჩატარება, დასკვნის მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა; ვ) სააგენტოს მოსამსახურეთა სამსახურებრივი დისციპლინის შემოწმება, გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და პრევენციული წინადადებების შემუშავება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა; ზ) სააგენტოში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; თ) სამსახურის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა; ი) სააგენტოს შენობაში და მის ტერიტორიულ ორგანოებში მომუშავე მოსამსახურეთა სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება; კ) სხვა საქმიანობა, რომლებიც გამომდინარეობს სააგენტოს მიზნებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 2. შიდა აუდიტის დეპარტამენტი უშუალოდ ექვემდებარება სააგენტოს უფროსს. სააგენტოს უფროსის მიერ შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიშებზე, დასკვნებსა და რეკომენდაციებზე რეაგირება ემსახურება მართვის ეფექტიანობისა და ეფექტურობის მიზნის მიღწევას. დაუშვებელია შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე. 3.  შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სააგენტოში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი და საქმიანობის სფერო. სააგენტოს მოსამსახურეები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტის დეპარტამენტთან და უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება. მუხლი 14🔗. პრობაციის ბიუროთა მხარდაჭერის სამმართველო პრობაციის ბიუროთა მხარდაჭერის სამმართველოს უფლებამოსილებებია: ა) პრობაციის ბიუროთა მხარდაჭერის უზრუნველყოფა მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, მათ შორის, მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისათვისა და სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით შესაბამისი სამუშაო ადგილებისა და დამსაქმებლის მოძიებაში; ბ) სააგენტოს ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზებში არსებული შეცდომების გასწორება, მათი შევსება/სრულყოფა; გ) სააგენტოს ელექტრონული ზედამხედველობის ცენტრის მართვის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ელექტრონული ზედამხედველობის სისტემის ადმინისტრირება და ამ სისტემაში ასახული შეტყობინებების გადამისამართება შესაბამისი პრობაციის ბიუროებისათვის; დ) ვიდეოპაემნის სერვისის ტექნიკური უზრუნველყოფა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს უფროსისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულება. მუხლი 15🔗. სააგენტოს მოსამსახურეები 1. სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი (პრობაციის ბიუროთა მხარდაჭერის სამმართველოს შემთხვევაში – სამმართველოს უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს (თუ სტრუქტურული ერთეული სამმართველოებისგან შედგება – სამმართველოს უფროსებს) შორის; აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) ახორციელებს კონტროლს სტრუქტურული ერთეულის  მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) სააგენტოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს სააგენტოს უფროსისა და კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სხვა დავალებებს. 3. სააგენტოს დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე. ადმინისტრაციული დეპარტამენტის, ეკონომიკური დეპარტამენტისა და მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იმავდროულად არის შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 4. სააგენტოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) კომპეტენციის ფარგლებში, დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს აძლევს დავალებებსა და მითითებებს, ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ასრულებს სააგენტოს უფროსის, კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებებს. 5. პრობაციის ბიუროთა მხარდაჭერის სამმართველოს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი. 6. სააგენტოს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსსა და მის კურატორ მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მათზე/მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) კომპეტენციის ფარგლებში, დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს აძლევს დავალებებსა და მითითებებს და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ასრულებს სააგენტოს უფროსის, კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის უფროსისა და მისი კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სხვა დავალებებს. 7. სააგენტოში დასაქმებულნი არიან სააგენტოს საშტატო განრიგით გათვალისწინებული მოსამსახურეები. 8. სააგენტოს მოსამსახურე, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან (სხვა ფუნქციების შესრულება), ეძლევა არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი პირის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ პირს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. პირს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატი. თავი V სააგენტოს ქონება და სახელმწიფო კონტროლი მუხლი 16🔗. სააგენტოს ქონება და სააგენტოს მიერ იურიდიული პირის დაფუძნება 1. სააგენტოს დასახული მიზნების განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა სახელმწიფო ქონება. 2. სააგენტო უფლებამოსილია მისი მიზნების განსახორციელებლად დააფუძნოს სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირი. მუხლი 17🔗. სააგენტოს ფინანსები და მისი გამოყენება 1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მიღებული შემოსავლები; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნების შესრულებას, აგრეთვე, სამინისტროს სისტემის განვითარებას. აკრძალულია სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება. 3. მსჯავრდებულთა და სრულწლოვან ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსოს კულტურული, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა ღონისძიებები. 4.  სააგენტოს ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს საგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით, წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად. მუხლი 18🔗. სააგენტოს საქმიანობის კონტროლი 1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს, მათ შორის, მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტრო უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 19🔗. სააგენტოს ქმედებები, რომლებიც საჭიროებს თანხმობას 1. სამინისტროს თანხმობით სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. სააგენტო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობასთან შეათანხმოს შესაბამისი ბიუჯეტის პროექტი, საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი.