საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.03.2019
ძალაში შესვლა 01.04.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016850
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№23
2019 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება –
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ. ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნასთან, მართვასთან, შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებას და უზრუნველყოფს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევას.
3. სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტების, ასევე ამ დებულებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
4. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ბიუჯეტი, სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი, ბლანკი, სიმბოლიკა და საჯარო სამართლის იურდიული პირის სხვა რეკვიზიტები, ასევე სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნას საბანკო ანგარიშები.
6. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სააგენტო ანგარიშვალდებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამინისტროს წინაშე.
7. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა.
8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. მცხეთა, ფარნავაზ მეფის ქ. №1, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები ასევე შეიძლება განთავსდეს სხვა მისამართზე.
მუხლი 2🔗. სააგენტოს ამოცანები და ფუნქციები
1. სააგენტოს ამოცანებია:
ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტთან კოორდინაციით მატერიალური რეზერვების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და იმპლემენტაცია;
ბ) სახელმწიფო რეზერვების მარაგების შევსება, შენახვა და მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციების წარმოება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო რეზერვების სისტემის მდგომარეობის კონტროლი და მისი შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა;
დ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევა და განვითარება.
2. სააგენტოს ფუნქციებია:
ა) ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო რეზერვის შენახვა და შევსება-განახლება, ასევე რეზერვის შესაქმნელად განკუთვნილი რესურსების შენახვა; დამტკიცებული ნომენკლატურის თანახმად, სახელმწიფო რეზერვში დასაგროვებელ მარაგებთან დაკავშირებული სახელმწიფო დავალების შესრულება;
ბ) მშვიდობიანობის დროს საქართველოს მთავრობის, ხოლო საომარი მოქმედებების დროს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის საფუძველზე სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციების წარმოება;
გ) სააგენტოს ქონების სათანადო საექსპლუატაციო დონეზე შენარჩუნება და ამ მიზნით მათი შეკეთების, გაფართოების, რეკონსტრუქციისა და გადაიარაღების სამუშაოების წარმოება და კონტროლი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიმწოდებლის შერჩევა და მასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება;
ე) საპასუხისმგებლო შენახვაზე განთავსებული მატერიალური ფასეულობების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მდგომარეობის საკონტროლო შემოწმება წელიწადში ერთხელ, ხოლო ყოველი წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით ინვენტარიზაცია. ასევე, სავალდებულო მითითებების მიცემა ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით;
ვ) მარაგების ყოველწლიური კრებსითი აღრიცხვა;
ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, სახელმწიფო რეზერვში დასაგროვებელ მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურის, დაგროვების ოდენობისა და პერიოდის შემუშავება და სამინისტროსთვის წარდგენა;
თ) სამობილიზაციო დავალების შემუშავება, ასევე იმ საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ნუსხის განსაზღვრა, რომლებსაც ეძლევათ სამობილიზაციო დავალება და უზრუნველყოფენ სახელმწიფო რეზერვის მატერიალური ფასეულობის მარაგების საპასუხისმგებლო შენახვას და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის წარდგენა;
ი) სახელმწიფო რეზერვის მარაგების შესანახი ბაზების დისლოკაციის და მათი ტერიტორიული განლაგების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შემუშავება და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის წარდგენა;
კ) საქართველოს და სხვა ქვეყნების მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით მატერიალური მარაგების ხანგრძლივი შენახვის ოპტიმალური რეჟიმის შესწავლისა და დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
ლ) სააგენტოს ბალანსზე არსებული თავისუფალი სასაწყობო სივრცის, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების იჯარით გაცემა;
მ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევა და ადმინისტრირება;
ნ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევისას თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის განვითარებისათვის ხელის შეწყობა.
პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
3. სააგენტო უფლებამოსილია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო მომსახურების გასაწევად „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისაგან დროებით სარგებლობაში მიიღოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები.
მუხლი 3🔗. სააგენტოს სტრუქტურა
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების განყოფილება;
ბ) ადმინისტრაციული უზრუნველყოფის განყოფილება;
გ) სერვისების განვითარების განყოფილება.
მუხლი 4🔗. სახელმწიფო მატერიალური რეზერვების განყოფილების ფუნქციები
სახელმწიფო მატერიალური რეზერვების განყოფილების ფუნქციებია:
ა) ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო რეზერვის შენახვა და შევსება-განახლება, რეზერვის შესაქმნელად განკუთვნილი რესურსების შენახვა; დამტკიცებული ნომენკლატურის თანახმად, სახელმწიფო რეზერვში დასაგროვებელი მარაგების სახელმწიფო დავალების შესრულება;
ბ) მშვიდობიანობის დროს საქართველოს მთავრობის, ხოლო საომარი მოქმედებების დროს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის საფუძველზე სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციების წარმოება;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიმწოდებლის შერჩევა და მასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება;
დ) საპასუხისმგებლო შენახვაზე განთავსებული მატერიალური ფასეულობების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მდგომარეობის საკონტროლო შემოწმება წელიწადში ერთხელ, ხოლო ყოველი წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით ინვენტარიზაცია. ასევე, სავალდებულო მითითებების მიცემა ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით;
ე) მარაგების ყოველწლიური კრებსითი აღრიცხვა;
ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, სახელმწიფო რეზერვში დასაგროვებელ მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურის, დაგროვების ოდენობისა და პერიოდის შემუშავება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;
ზ) სამობილიზაციო დავალების შემუშავება, ასევე იმ საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ნუსხის განსაზღვრა, რომლებსაც ეძლევათ სამობილიზაციო დავალება და უზრუნველყოფენ სახელმწიფო რეზერვის მატერიალური ფასეულობის მარაგების საპასუხისმგებლო შენახვას და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის წარდგენა;
თ) სახელმწიფო რეზერვის მარაგების შესანახი ბაზების დისლოკაციის და მათი ტერიტორიული განლაგების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა;
ი) საქართველოს და სხვა ქვეყნების მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით, მარაგების ხანგრძლივი შენახვის ოპტიმალური რეჟიმის შესწავლისა და დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 5🔗. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები
ადმინისტრაციული უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია:
ა) სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანის, მოსამსახურეთა წახალისების შესახებ მასალების განხილვა და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა, სააგენტოში მუშაობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა;
ბ) სააგენტოს სისტემის სტრუქტურული სრულყოფის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალურად გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება;
გ) მოსამსახურეთა განვითარებაზე ზრუნვა – სასწავლო საჭიროებების მუდმივად განსაზღვრა და ამ საჭიროებების შესახებ სააგენტოს უფროსისათვის წინადადებების წარდგენა;
დ) სააგენტოში საქმისწარმოების განხორციელება, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა, დამუშავება და განაწილება, საქმისწარმოების და დასრულებული საქმეების დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და სათანადო წესით შენახვა (დაარქივება);
ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა;
ვ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების პროექტების მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა;
ზ) სააგენტოს ქონების სათანადო საექსპლუატაციო დონეზე შენარჩუნება და ამ მიზნით მათი შეკეთების, გაფართოების, რეკონსტრუქციისა და გადაიარაღების სამუშაოების წარმოება და კონტროლი;
თ) სააგენტოს ბალანსზე არსებული თავისუფალი სასაწყობო სივრცის, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების იჯარით გაცემა;
ი) სამინისტროს სისტემის საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
კ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით საერთაშორისო ვიზიტებისა და სხვა საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა, აგრეთვე საზოგადოების ინფორმირების მიზნით საკომუნიკაციო და მარკეტინგული კამპანიების განხორციელება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, ბალანსის შედგენა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
მ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ნ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა;
ო) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
პ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 6🔗. სერვისების განვითარების განყოფილების ფუნქციები
სერვისების განვითარების განყოფილების ფუნქციებია:
ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევა და ადმინისტრირება;
ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიციირება და განხორციელების ხელშეწყობა;
გ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევისას თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
დ) მომხმარებლისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მრავალფეროვანი მომსახურებების და ინოვაციური სერვისების შეთავაზება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 7🔗. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით.
2. სააგენტოს უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად უძღვება საქმეს და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
3. სააგენტოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს სააგენტოს, წყვეტს სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს სააგენტოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სააგენტოზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;
ბ) პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებასა და მატერიალური ფასეულობების განკარგვაზე;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ; სააგენტოს სახელით დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის საიდუმლო ხელშეკრულებებს;
ე) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს;
ვ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფ სახსრებს, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს;
ზ) საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მართვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი მომსახურების თაობაზე;
თ) ამტკიცებს შინაგანაწესს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
კ) ხელს აწერს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
მ) აანალიზებს სააგენტოს საქმიანობას და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსსა და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
ნ) ყოველწლიურად, ასევე მოთხოვნისამებრ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსსა და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სააგენტოს უფროსის არყოფნისას სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული განყოფილების უფროსი.
მუხლი 8🔗. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და წყვეტს განყოფილების გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს საქმეებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზებას; ზედამხედველობს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ახორციელებს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებასა და ხელმოწერას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ასევე სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.
მუხლი 9🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რაც გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თანხმობით, სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხის და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
მუხლი 10🔗. სააგენტოს დაფინანსება
1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება როგორც სააგენტოს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების (საქმიანობის) განხორციელებას, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამინისტროს სისტემის განვითარებას. სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 11🔗. სააგენტოს ქონება
1. სააგენტოს, დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, სახელმწიფო ქონება გადაეცემა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. ქონების გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია
1. სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით.