სს ,,თბილაბრეშუმის" აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით ექსპერტის დანიშვნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/17424-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/17424-18

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით

ექსპერტის დანიშვნის თაობაზე

2019 წელი 28 მარტი

  ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე

განხილვის ფორმა ზეპირის მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - ოთარ ლომაია

წარმომადგენელი - აგნესა ბართაია

მოთხოვნა - სს ,,თბილაბრეშუმის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვა

სასამართლომ გამოარკვია:

 

2018 წლის 13 ივნისს, ოთარ ლომაიას წარმომადგენელმა განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს ,,თბილაბრეშუმის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ოთარ ლომაიას განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე წარმოდგენილ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3098-30911-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე განჩინებით, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით, დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის დანიშვნის საკითხის გადასაწყვეტად სასამართლო სხდომა დაინიშნა 2018 წლის 30 ივლისს, 10:00 საათზე. თუმცა, ვინაიდან სრულად ვერ მოხერხდა მინორიტარი აქციონერების ინფორმირებულობა აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურების დაწყების თაობაზე, 2018 წლის 30 ივლისს დანიშნული სხდომა გადაიდო სხვა დროისათვის.

მომდევნო სხდომის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 28 თებერვალი, 12:00 საათი, №42 სხდომის დარბაზი.

2019 წლის 28 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე ოთარ ლომაიას წარმომადგენელმა აქციათა შეფასების მიზნით, იშუამდგომლა ექსპერტად სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დანიშვნის თაობაზე. აღნიშნულს მხარი არ დაუჭირეს ქციონერთა წარმომადგენლებმა თეონა ზაქარაშვილმა და ირაკლი კიღურაძემ, რომლებმაც განმარტეს, რომ ვინაიდან სამხარაულის ძირითადი საქმიანობის სფეროს არ წარმოადგენდა აუდიტორული/საბროკერო საქმიანობა, მისი დანიშვნა ექსპერტად არ იქნებოდა გონივრული. შესაბამისად, მინორიტარი აქციონერების უფლებების დასაცავად სამართლიანი იქნებოდა თუ აქციათა შეფასებას მოახდენდა ისეთი მაღალი სტანდარტის შემფასებელი, როგორიცაა ,,ერნსტ ენდ იანგი". აღნიშნულს დაეთანხმნენ სხდომაზე გამოცხადებული აქციონერებიც.

2019 წლის 28 თებერვალს გამართულ სხდომაზე, სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ წინამდებარე დავა ეხებოდა საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებას, რომლის ცნება და შინაარსი განსაზღვრულია ასევე სამოქალაქო კოდექსით. სასამართლოს მიერ განმარტებული იქნა, რომ საკუთრების უფლება თავის არსში მოიცავს მის თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობას, ხოლო ვინაიდან მოცემული საქმის სამართლებრივ საფუძვლად არსებული ნორმა, ავალდებულებს მინოტარ აქციონერებსს მათი ნების გარეშე განკარგონ აქციები, სასამართლომ მათი უფლებების დაცვის მიზნით მაზანშეწონილად მიიჩნია, გაეზიარებინა აქციონერთა წარმომადგენლის მითითება, შუამდგომლობაში დასახელებული კომპანიის შესახებ ინფორმაციის წარმოსადგენად დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე და 2019 წლის 28 თებერვლის საოქმო განჩინებით დაინტერესებული პირის (აქციონერის) წარმომადგენელს, თეონა ზაქარაშვილს დაევალა: წარედგინა სასამართლოსათვის 10 დღის ვადაში (ვადის ათვლა დაიწყოს საოქმო განჩინების გამოცხადებიდან მეორე დღეს) წერილობითი მტკიცებულება, კერძოდ, შუამდგომლობაში დასახელებულ კომპანიას შეეძლო თუ არა აქციათა სამართლიანი ფასის დადგენის თაობაზე დასკვნის გაცემა და აღნიშნული მტკიცებულებების წარმოდგენის შემდეგ სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე მიიღებდა გადაწყვეტილებას, თუ რომელს დანიშნავდა დამოუკიდებელ ექსპერტად.

2019 წლის 11 მარტს, სასამართლოს განცხადებით მომართა თეონა ზაქარაშვილმა და წარმოადგინა შპს ,,იუაის" დორექტორი რუსლან ხოროშვილის წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ შპს ,,იუაი" ახორციელებს საშემფასებლო მომსახურებას და შეუძლია აქციათა სამართლიანი ფასის განსაზღვრა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

2019 წლის 19 მარტს, სს ,,თბიალბრეშუმის" აქციონერის ნანი შანიძის წარმომადგენელმა ირაკლი კიღურაძემ მომართა სასამართლოს განცხადებით, სადაც აღნიშნულია, რომ შპს ,,EY" (შპს ,,იუაი") წარმოადგენს ,,Ernst&Global Limited"- ის წარმომადგენლობას საქართველოში, რის დასტურადაც განცხადებას თან ურთავდა ,,Ernst&Global Limited" -ის წერილს".

2019 წლის 20 მარტს, განმცხადებლის ოთარ ლომაიას მიერ წარმოდგენილი იქნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომართვა, სადაც აღნიშნულია, რომ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შეფასება, მათ შორის აქციების სამართლიანი ფასის დადგენა, ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების (IVS) გამოყენებით. შესაბამის ესპერტებს გააჩნიათ შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ ISO/IEC სტანდარტის მიხედვით გაცემული ბიზნესის შემფასებლის შესაბამისობის სერტიფიკატები.

სასამართლომ აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით განიხილა დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის დანიშვნის საკითხი და მიიჩნია, რომ აქციათა ფასის დადგენა უნდა დაევალოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30912 მუხლის თანახმად, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით, სასამართლო განცხადების მიღებიდან 7 დღის ვადაში, ნიშნავს დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას. დამოუკიდებელმა ექსპერტმა ან საბროკერო კომპანიამ უნდა შეადგინოს გამოსყიდვის ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება გამოსყიდვის დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრულ აქციათა ფასი. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის შერჩევის დროს სასამართლო უფლებამოსილია გაითვალისწინოს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ, შესთავაზონ სასამართლოს დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის მიენდოს გამოსყიდვის ანგარიშის შედგენა, წყვეტს სასამართლო. მხარეებს უფლება აქვთ, აცილება მისცენ დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას ამ კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილი საფუძვლით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების თუ განჩინების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა შეფასება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ როგორც განმცხადებელს, ასევე მოწინააღმდეგეებს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 28 თებერვლის საოქმო განჩინებით, აქციონერთა წარმომადგენლებს დაევალათ მათ მიერ შუამდგომლობაში დასახელებული კომპანიის, ე.წ. ,,ერნსტ ენდ იანგის" შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

2019 წლის 11 მარტს, თეონა ზაქარაშვილის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ წერილში ნაცვლად ზემოხსენებული კომპანიისა მითითებულია შპს ,,იუაი".

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სს ,,თბილაბრეშუმის" აქციონერის ნანი შანიძის წარმომადგენლის ირაკლი კიღურაძის მიერ 2019 წლის 19 მარტს წარმოდგენილ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ შპს ,,EY" (შპს ,,იუაი") წარმოადგენს ,,Ernst&Global Limited" - ის წარმომადგენლობას საქართველოში და აღნიშნულის დასტურად განცხადებას ერთვის წერილი, შესრულებული არასახელმწიფო ენაზე. ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამართლაწარმოება სასამართლოში ხორციელდება სახელმწიფო ენაზე, სამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოების დამადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტი (შესრულებული ინგლისურ ენაზე).

ყოველი ზემოხსენებული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,თბილაბრეშუმის" მინორიტარმა აქციონერებმა ვერ შეძლეს კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საგულისხმოა ასევე ის გარემოებაც, რომ 2019 წლის 18 მარტს სასამართლოში შემოსული იქნა აქციონერთა განცხადებები, რომლითაც ისინი ითხოვენ, რომ აქციათა სამართლიანი ფასის დადგენისთვის სასამართლომ დამოუკიდებელ ექსპერტად დანიშნოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.

რაც შეეხება, განმცხადებლის წარმომადგენლის შუამდგომლობას სსიპ – ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დანიშვნასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, როგორც შუამდგომლობის ავტორის მიერ 2019 წლის 20 მარტს სასამართლოში წარმოდგენილ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილს, ასევე მსგავსი ტიპის დავებზე არსებულ სასამართლო პრაქტიკას და მიიჩნევს, რომ სს ,,თბილაბრეშუმის" აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასი უნდა განსაზღვროს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 30912, 414-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს ,,თბილაბრეშუმის" (ს.ნ 200003174) აქციათა სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით დამოუკიდებელ ექსპერტად დაინიშნოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;

2. განემარტოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ აქციათა შემფასებელმა ექსპერტმა უნდა შეადგინოს გამოსყიდვის ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება გამოსყიდვის დაკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრულ აქციათა ფასი.

3. ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტს განემარტოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

4. ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტს განემარტოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ექსპერტის უფლებები და მოვალეობები - ექსპერტად დანიშნული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში გამოძახებისთანავე და მისცეს ობიექტური დასკვნა მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტს უფლება აქვს უარი თქვას დასკვნის მიცემაზე, თუ მისთვის გადაცემული მასალები საკმარისი არ არის, ან თუ მას არა აქვს სათანადო ცოდნა დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. ექსპერტი მოვალეა აღნიშნული საფუძვლებით დასკვნის მიცემაზე უარი დაწვრილებით დაასაბუთოს. თუ ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტი გამოარკვევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთ გარემოებებს, რომელთა შესახებაც მას კითხვები არ ჰქონდა დასმული, ექსპერტს უფლება აქვს დასკვნაში მიუთითოს ამ გარემოებებზე. ექსპერტიზასთან დაკავშირებული გარემოებების გამოსარკვევად ექსპერტს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, დაუსვას მხარეებსა და მოწმეებს შეკითხვები, მიიღოს მონაწილეობა მტკიცებულებათა დათვალიერებასა და შემოწმებაში, აგრეთვე სთხოვოს სასამართლოს მისთვის დამატებითი მასალების წარდგენა.

5. მხარეებს ევალებათ ექსპერტის ყველა იმ მითითების შესრულება, რაც აუცილებელია ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებისათვის. ამასთან, მხარეებს განემარტოთ, რომ თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ შეასრულებს ექსპერტის მითითებას ან სხვაგვარად შეუშლის ხელს ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად.

6. სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხარჯების ანაზღაურება დაევალოს განმცხადებელს ოთარ ლომაიას.

7. განჩინება გამოქვეყნდეს სსიპ – საკანონმდებლო მაცნეში.

8. განჩინება ცალკე არ საჩივრდება.

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე