ააიპ საფეხბურთო კლუბ საპოვნელას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №080210319002793076
საქმე №2/3-19
განჩინება
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღებაზე
უარის თქმის შესახებ
2019 წლის 26 მარტი
ქ. ქუთაისი
მოსამართლე დ არინა აბულაძე
დირექტორი: რამაზ გურაბანიძე
მოთხოვნა – ააიპ – საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ გაკოტრება.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა(ა)იპ – საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი
გამოარკვია:
ა(ა)იპ – საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა რამაზ გურაბანიძემ და მოითხოვა კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა წარმოედგინა მტკიცებულებები მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ: ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან; ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ააიპ – საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ საბანკო ანგარიშების თაობაზე და ასევე ცნობები ბანკიდან ააიპ – საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის თაობაზე, ააიპ – საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ წესდება და დაევალა კრედიტორული დავალიანების ოდენობაზე, უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორებზე მითითება და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.
2019 წლის 28 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ააიპ – საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ დირექტორმა რამაზ გურაბანიძემ და ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა მტკიცებულებები, ასევე დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა და ააიპ საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა განჩინების ასლის გადაცემიდან 5 სამუშაო დღით.
2019 წლის 21 მარტს ააიპ – საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ დირექტორმა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მომართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, განმცხადებლის განმარტებით, ააიპ – საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ გააჩნია დავალიანება გიორგი შელიას, გიორგი ბერიძის, ნიკა სირაძის, ზურაბ გელაშვილის, ლევან ბაკურაძის, დათა წულაიას, გელა ხუბუას, გიორგი ჩიტაურის და ნიკოლოზ გუშარაშვილის მიმართ, კრედიტორების მიმართ ააიპ – საფეხბურთო კლუბი საპოვნელას დავალიანება შეადგენს 18262,5 ლარს. მოვალეს რაიმე სახის ქონება არ გააჩნია, საბანკო ანგარიშებზე თანხა არ ერიცხება, მოვალეს არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ააიპ – საფეხბურთო კლუბ „საპოვნელა“ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების გადახდას, რის გამოც ითხოვს კომპანიის გაკოტრებას.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია , რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო :
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის 20.4. მუხლის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება (ცნობა მომსახურების სააგენტოდან და წერილი საჯარო რეესტრიდან). საბანკო ანგარიშები კომპანიას თანხა არ გააჩნია. კომპანიას აქვს კრედიტორული დავალიანება 18 262,5 ლარის ოდენობით.
აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორთა მოთხოვნები, ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.
სასამართლოს მიაჩნია , რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები , რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 -ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა(ა)იპ – საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ (ს/კ 431945853) უარი ეთქვას გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში(ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე დარინა აბულაძე