,,ევროელექტრონიქსი+ - ის'' გაკოტრებულად გამოცხადდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/26160-17
განჩინება
საქართველოს სახელით
2018 წლი ს 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
განმცხადებელი – სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენლები – მერაბ წირქვაძე, სალომე გულოშვილი
მოვალე: შპს ,,ევროელექტრონიქსი+ ”, ს/ნ 200261199
წარმომადგენელი: დავით ალავიძე
მეურვე: აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი: ლელა ხაციკიდუ
მოთხოვნა: კრედიტორთა კრების მოწვევა
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს ,,ევროელექტრონიქსი+ ”-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხიდა
გამოარკვია:
2017 წლის 29 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლს განცხადებით მომართა სსიპ– შემოსავლების სამსახურმა და შპს ,,ევროელექტრონიქსი+''-ისმიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით, შპს ,,ევროელექტრონიქსი+''-სბიუჯეტის მიმართ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 109 612 ლარის ოდენობით. 2015 წლის 17 სექტემბერს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომლის თაობაზეც მოვალე საწარმოს ეცნობა 2015 წლის 1 ოქტომბერს. განმცხადებლის მითითებით, შპს ,,ევროელექტრონიქსი+''-ის დირექტორისთვის ცნობილი იყო რა 2015 წლის სექტემბრის პერიოდში მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შესახებ, მან თავისი 100%-იანი წილობრივი თანამონაწილეობით დააფუძნა ახალი საწარმო შპს ,,რაჭა’’ (ს/კ400149362) და საგადასახდო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობამდე 1 დღით ადრე, 2015 წლის 16 სექტემბერს, შპს ,,ევროელექტრონიქსი+''-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება გადაფორმდა შპს ,,რაჭაზე“. 2017 წლის 17 ივლისს შემოსავლების სამსახურის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილია სარჩელი შპს ,,ევროელექტრონიქსი+''-ისა და შპს ,,რაჭის’’ ცრუმაგიერ პირებად ცნობის თაობაზე. აღნიშნული გარემოებების გამო, შემოსავლების სამსახურმა მოვალე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
2018 წლის 5 თებერვალს, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 სექტემბრის განცხადება შპს ,,ევროელექტრონიქსი+''-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის დაწყების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.
კრედიტორთა პირველ კრებაზე, მეურვემ წარმოადგინა მოვალე საწარმოსთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიში, რომლის თანახმადაც, შპს ,,ევროელექტრონიქსი+''-ის არავითარი ქონება არ გააჩნია. კრედიტორთა პირველ კრებაზე, აღიარებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უზრუნველყოფილი მოთხოვნა 115 829.84 ლარის მოცულობით, როგორც მე-4 რიგის მოთხოვნა.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მეურვისა და კრედიტორის პოზიციები და მიაჩნია, რომ შპს ,,ევროელექტრონიქსი+“-ს მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო ნორმები. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნის – კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების – განხორციელება დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა საწარმოს სამეურვეო ქონება. მითითებული კანონის მე-3 მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამეურვეო ქონება არის ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის, ასევე ამ მომენტიდან შეძენილი ან/და წარმოებული (შექმნილი) ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, იმ ნივთებისა და მოთხოვნების გამოკლებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოვალე საწარმოს სამეურვეო ქონება არ გააჩნია – შპს ,,ევროელექტრონიქსი+''-ის სახელზე რიცხული, რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავ-მოძრავი ქონების მოძიების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საბანკო დაწესებულებიდან მოძიებული ინფორმაციით, შპს ,,ევროელექტრონიქსი+“-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის, მოვალე საწარმოს საკუთრებაში რაიმე სახის ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება, მოვალე საწარმოს ანგარიში აქვს გახსნილი მხოლოდ სს ,,საქართველოს ბანკში“, და მასზე დადებითი ნაშთი არ ფიქსირდება. სასამართლო ითვალისწინებს ასევე გარემოებას, რომ 2017 წლის 22 სექტემბრიდან 2018 წლის 4 სექტემბრამდე, გავიდა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 5¹ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი, შემოსავლების სამსახურის ინიციატივით დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მოვალის გაკოტრებით დამთავრების 225 დღიანი ვადა, რომლის გახანგრძლივებაც, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, დაუშვებელია.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოვალე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების მიუხედავად, კრედიტორი ინარჩუნებს მომავალში თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება ქონება, რომელიც გაუქმებულ საწარმოს ეკუთვნოდა. კერძოდ, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მეხუთე პუნქტით დადგენილია, რომთუ საწარმოს მეწარმეთადაარასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება ქონება, რომელიც ეკუთვნოდა გაუქმებულ საწარმოს, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ინფორმაციას აქვეყნებს ელექტრონულ სისტემაში. კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ დაკმაყოფილებულა, უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოს ასეთი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს ამ კანონის 38 - ე მუხლით განსაზღვრული წესით ქონების რეალიზაციას და ქონების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას ანაწილებს იმ კრედიტორთა შორის, რომლებმაც მას დადგენილ ვადაში მიმართეს, მათი მოთხოვნების რიგითობის გათვალისწინებით. თუ კრედიტორმა დადგენილ ვადაში არ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ან აუქციონზე ქონება არ გაიყიდა, ან კრედიტორმა უარი თქვა ქონების ნატურით საკუთრებაში მიღებაზე, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნის მიღწევას, უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს ,,ევროელექტრონიქსი+“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,ევროელექტრონიქსი+“-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია, განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში, ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის № 144 ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7% - ით, მაგრამ არანაკლებ 5000 (ხუთი ათასი) ლარისა. ამავე ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება და ამასთანავე სამეურვეო ქონების ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასური შეადგენს გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%-ით, მაგრამ არანაკლებ 5000 (ხუთი ათასი) ლარისა.
ვინაიდან შპს ,,ევროელექტრონიქსი+“-ის მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოება, კრედიტორის მიერ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი 5000 ლარით უნდა ანაზღაურდეს მეურვის – სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მომსახურების საფასური.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-12, მე-20, 35-ე და 42-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ევროელექტრონიქსი+“-ისმიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს ,,ევროელექტრონიქსი+“გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ევროელექტრონიქსი+“-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 29 დეკემბერს სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის №GE07TB7563236020100006 ანგარიშზე (მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი: 203860642; მიმღები ბანკის კოდი: TBCBGE22; დასახელება: ქ. თბილისი, სს „თიბისი ბანკის“ სათავო ბანკი, საგადახდო მოთხოვნა №83071) შეტანილ 5000 ლარი გადაეცეს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების საფასურის სახით.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. № 6) განიჩნების გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე