ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
მეხუთე სექციის გადაწყვეტილება
საქმე კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ
(საჩივარი № 2316/09)
2019 წლის 17 იანვარი
სტრასბურგი
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
საქმე კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) კომიტეტმა შემდეგი შემადგენლობით:
სიოფრა ოლირი, თავმჯდომარე,
ლატიფ ჰუსეინოვი,
ლადო ჭანტურია, მოსამართლეები,
და მილან ბლაშკო, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,
2018 წლის 11 დეკემბრის დახურული თათბირის შემდეგ,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო საქართველოს მოქალაქის, ბ-ნ გოჩა კეკელიძის („მომჩივანი“) მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, 2008 წლის 15 დეკემბერს სასამართლოში შეტანილი საჩივარი (№ 2316/09) საქართველოს წინააღმდეგ.
2. მომჩივანს წარმოადგენდა ქ-ნი დ. ჭანიძე, ადვოკატი, რომელიც საქმიანობს ბათუმში. საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ლ. მესხორაძე.
3. 2013 წლის 7 მაისს მთავრობას ეცნობა საჩივრის შესახებ.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
4. მომჩივანი დაიბადა 1977 წელს და ცხოვრობს ბათუმში.
A. მომჩივნის დაკავება და სავარაუდო არასათანადო მოპყრობა
5. 2008 წლის 2 სექტემბერს, დილის 10 საათსა და 5 წუთზე, მომჩივანი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს (მის მეგობარ ზ. ბ.-სთან ერთად) ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს („შსს“) სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის წევრებმა (სოდის სამმართველო). მომჩივნის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შესახებ ოქმის თანახმად, ის ფიზიკურად შეეწინააღმდეგა დაკავებას. შედეგად, ავტომობილიდან იძულებით გადმოყვანისა და მიწაზე დაწოლის დროს მან მიიღო სახისა და ორივე ფეხის დაზიანება. მომჩივანმა ოქმს ხელი მოაწერა ყოველგვარი წერილობითი კომენტარების გაკეთების გარეშე.
6. იმავე დღეს, საღამოს 5 საათსა და 35 წუთზე, მომჩივანმა გაიარა გარეგანი ვიზუალური შემოწმება ბათუმის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორში. დათვალიერების შემდეგ მომზადებულ ცნობაში აღნიშნულია რამდენიმე დაზიანება მომჩივნის სხეულზე, მათ შორის დალურჯებები და ნაკაწრები სახისა და თავის, ორივე ფეხის და წელის არეში, ასევე დალურჯებული და დასიებული თვალები. ამასთან დაკავშირებით გაკეთდა ჩანაწერი, რომ მომჩივანი ვერ იხსენებდა, თუ რა ვითარებაში მიიღო აღნიშნული დაზიანებები, და რომ მას დაკავებაში მონაწილე ოფიცრების მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა.
7. მალევე მომჩივნისთვის გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. წინასწარი დიაგნოზით მას შესაძლოა ჰქონოდა ტვინის შერყევა და მიეცა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის რეკომენდაცია. ერთი საათის შემდეგ კვლავ იქნა გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარება. გასინჯვის შემდეგ, მას დაუდგინდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და თავის ტვინის შერყევა; შეინიშნებოდა დაჟეჟილობები მომჩივნის გულმკერდისა და წელის მიდამოებში და გაიცა რეკომენდაცია საავადმყოფოს ნეიროქირურგიის განყოფილებაში სტაციონარული მკურნალობის შესახებ.
8. საღამოს 10 საათსა და 10 წუთზე, მომჩივანი გადაყვანილი იქნა ბათუმის საავადმყოფოში. თავის ტვინის ტომოგრაფიისა და სხვა სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების შემდეგ თავის ტვინის დაზიანება არ დადასტურდა, თუმცა მას დაესვა ზედა ყბის მარჯვენამხრივი მოტეხილობის დიაგნოზი, მრავლობითი დალურჯებები, სახისა და სხეულის ექსკორიაციები. მომჩივანი დააბრუნეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.
B. მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული პრეტენზიების გამოძიება
9. იმავე ღამეს მომჩივნის ადვოკატმა დარეკა საქართველოს მთავარი პროკურატურის ცხელ ხაზზე და განაცხადა, რომ მომჩივანი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას. 2008 წლის 4 სექტემბერს, სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენება). იმავე დღეს, საქმეზე პასუხისმგებელმა გამომძიებელმა დანიშნა მომჩივნის სასამართლო ექსპერტიზა. მომჩივნის ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, სამედიცინო ექსპერტმა 2008 წლის 10 სექტემბერს დაასკვნა, რომ მომჩივანს ჰქონდა მრავლობითი ნაკაწრი და დალურჯებები მთელ სხეულსა და სახეზე, ასევე დალურჯებები თვალების მიდამოებში და ზედა ყბის მარჯვენამხრივი მოტეხილობა. ექსპერტმა აღნიშნა, რომ დაზიანებები შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო 2008 წლის 2 სექტემბერს მყარი, ბლაგვი საგნით და მთლიანობაში მიეკუთვნებოდა სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც იწვევს ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლას.
10. 2008 წლის 4 სექტემბერს, მომჩივანი დაიკითხა მისი დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით. მომჩივანმა განმეორებით დააფიქსირა თავისი პრეტენზიები არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მას სცემეს დაკავების დროს, ასევე, შსს-ს სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტში გადაყვანის შემდეგ. მან ასევე უარყო დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევასთან დაკავშირებული ბრალდება და განაცხადა, რომ ეს არ შეეფერებოდა სიმართლეს. 2008 წლის 6 სექტემბერს გამომძიებელმა დაკითხა ბათუმის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორის ორი თანამშრომელი. ორივე მათგანმა დაადასტურა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მოყვანისას მომჩივანს ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები და თანამშრომელთა მიერ დასმულ კითხვაზე მან უპასუხა, რომ დაზიანებები დაკავების დროს მიიღო. მომჩივანს დამატებითი დეტალები არ დაუსახელებია და არც დაკავებაში მონაწილე პოლიციის ოფიცრების მიმართ გამოუთქვამს პრეტენზიები.
11. 2008 წლის 17 ნოემბერს გამომძიებელმა გადაწყვიტა საქმის გამოძიება გაეგრძელებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება). ამავე დროს, 2008 წლის 15 ნოემბერს, მომჩივნის ადვოკატმა საჩივარი შეიტანა მთავარ პროკურატურაში და გააკრიტიკა გამოძიება არაეფექტურობისთვის. მან პრეტენზია გამოთქვა იმ ფაქტზე, რომ არ ჩატარებულა ამოცნობა, რაც საშუალებას მისცემდა მომჩივანს, ამოეცნო პოლიციის ის ოფიცრები, რომლებიც არასათანადოდ მოეპყრნენ მას დაკავების დროს. ეს არ მომხდარა არც მომჩივნის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტში გადაყვანის შემდეგ, სადაც მომჩივანმა დაახლოებით შვიდი საათი გაატარა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოითხოვა იმ ქუჩის ვიდეომეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, სადაც ჩატარდა მომჩივნის დაკავების ოპერაცია, მაგრამ მისი ეს მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა. 2009 წლის 15 იანვრის წერილით, საქმეზე პასუხისმგებელმა პროკურორმა მომჩივნის ადვოკატს აცნობა, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, და რომ წინააღმდეგობრივი მტკიცებულებების გამო, შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თანაზომიერი იყო თუ არა დაკავების დროს მომჩივნის წინააღმდეგ გამოყენებული ძალა. მომჩივნის ადვოკატს ასევე ეცნობა, რომ ვიდეომეთვალყურეობის კამერები მომჩივნის დაკავების დღეს არ მუშაობდა, შესაბამისად, შეუძლებელი იყო ვიდეოჩანაწერის მიღება.
12. მთავრობის განცხადებით, მათ მიერ პოზიციის წარდგენის დროისთვის, მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ საჩივარზე მიმდინარეობდა გამოძიება.
C. მომჩივნის მსჯავრდება
13. საბრალდებო დასკვნის თანახმად, მომჩივანს ბრალად ედებოდა სხვადასხვა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 (ა) ნაწილის და 273-ე მუხლის შესაბამისად. 2009 წლის 18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო და მიუსაჯა თოთხმეტი წლითა და სამი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და დააკისრა ჯარიმა. მისი მსჯავრდება დადასტურდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2009 წლის 23 სექტემბერსა და 18 ნოემბერს, შესაბამისად.
სამართალი
I. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
14. მომჩივანმა განაცხადა, რომ დაკავების დროს პოლიციის მხრიდან დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას და რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება. ის დაეყრდნო კონვენციის მე-3 მუხლს, რომელშიც ვკითხულობთ:
„ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია.“.
A. მისაღებობა
15. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში. ასევე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ის არ არის მიუღებელი რაიმე სხვა საფუძვლით. შესაბამისად, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
B. საქმის არსებითი მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
16. მომჩივანმა განმეორებით განაცხადა მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ამის შედეგად მიღებული დაზიანებების სიმწვავეს. მან განაცხადა, რომ სულ მცირე ათი შეიარაღებული პოლიციის ოფიცერი იყო ჩართული მის დაკავებაში და რომ მას მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან ასე მოქცევა უგუნურება იქნებოდა.
17. მთავრობას სადავოდ არ გაუხდია, რომ დაკავების დროს მომჩივნის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა ძალა. თუმცა, მომჩივნის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმებზე მითითებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მომჩივნის განცხადების სინამდვილე, რომ მას დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. იმ ფაქტის აღნიშვნასთან ერთად, რომ მომჩივანმა ხელი მოაწერა ზემოთ ხსენებულ ოქმს, მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ არცერთ თვითმხილველს არ დაუდასტურებია მოვლენათა განვითარებასთან დაკავშირებული მომჩივნის ვერსია. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ გამოყენებული ძალა, მომჩივნის მიერ დაკავების დროს პოლიციის ოფიცრებისთვის გაწეული ძლიერი წინააღმდეგობის ადეკვატური და თანაზომიერი იყო.
18. გამოძიებასთან დაკავშირებით მთავრობამ აღნიშნა, რომ ის იყო დროული, ადეკვატური და ეფექტური. საქმის წარმოება დაიწყო დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მიიღო შეტყობინება ცხელი ხაზის მეშვეობით. ყველა საგამოძიებო ღონისძიება პროკურატურამ გაატარა და გამომძიებლებს არანაირი ინსტიტუციური კავშირი არ ჰქონიათ შსს-ს სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტთან, რომელმაც დააკავა მომჩივანი. მომჩივნის სასამართლო ექსპერტიზა მოთხოვნილ იქნა 2008 წლის 4 სექტემბერს, მისი დაკავებიდან ორ დღის შემდეგ, რომელმაც დაასკვნა, რომ მომჩივნის სხვადასხვა დაზიანება მთლიანობაში მიეკუთვნებოდა სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც იწვევს ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლას. ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით და იმაზე ხაზგასმით, რომ მომჩივნისთვის უზრუნველყოფილი იყო საგამოძიებო პროცესებზე ეფექტური ხელმისაწვდომობა, მთავრობამ სასამართლოს სთხოვა, არ დაედგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა.
2. სასამართლოს შეფასება
(a) ზოგადი პრინციპები
19. შესაბამისი ზოგადი პრინციპები სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში შეჯამებულია საქმეში Bouyid v. Belgium ([დიდი პალატა], no. 23380/09, §§ 81-90 და 114-23, ECHR 2015; იხილეთ ასევე, El-Masri v. the former Yugoslav Republic of Macedonia [დიდი პალატა], no. 39630/09, §§ 151-53 და 182-85, ECHR 2012, და Mikiashvili v. Georgia, no. 18996/06, §§ 69-72, 2012 წლის 9 ოქტომბერი).
(b) ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებებში
(i) დაკავების დროს მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა
20. სასამართლო აცხადებს, რომ მომჩივნის პრეტენზიების გამოძიებისას, საგამოძიებო უწყებებმა განმარტება გააკეთეს მომჩივნის დაზიანებებთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ მომჩივანმა დაზიანებები მიიღო მისი დაკავების დროს, და რომ პოლიციის ოფიცრებს მომჩივნის წინააღმდეგ ძალა აღარ გამოუყენებიათ მისი დაკავების შემდეგ. ეროვნული ორგანოების ზემოთ ხსენებული და მთავრობის მიერ წინამდებარე საქმის წარმოების დროს გაკეთებული განმარტების გათვალისწინებით, სასამართლომ უნდა შეაფასოს, იყო თუ არა დაკავების დროს გამოყენებული ძალა გადაჭარბებული იმ ვარაუდით, რომ ყველა დაზიანება გამოწვეული იყო ძალის გამოყენებით.
21. სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებობს ობიექტური სამედიცინო მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ დაკავების დროს მომჩივანს სხეულსა და სახეზე მიყენებული ჰქონდა მრავლობითი დაზიანება. მან ასევე მიიღო ზედა ყბის მარჯვენამხრივი მოტეხილობა. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ საკითხს, რომ მომჩივანმა ეს დაზიანებები დაკავების დროს მიიღო. ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილით უნდა განისაზღვროს, მომჩივნის მოქმედებასთან მიმართებით „მკაცრად აუცილებელი“ იყო თუ არა ფიზიკური ძალის გამოყენება.
22. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში პოლიცია მოქმედებდა წინასწარდაგეგმილი ოპერაციის ფარგლებში. ჩართული იყო ათზე მეტი შეიარაღებული პოლიციის ოფიცერი. მომჩივანი ეჭვმიტანილი იყო ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შენახვაში (იხილეთ პოლიციის შესაბამისი ოქმი, მითითებული მე-5 პარაგრაფში ზემოთ). არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ მომჩივანმა საფრთხე შეუქმნა პოლიციის ოფიცრებს და არც მთავრობას განუცხადებია საწინააღმდეგო. ამასთანავე, პოლიციის შესაბამისი ოქმების თანახმად, მომჩივანს არ უცდია გაქცევა. ის ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს საკუთარი ავტომობილიდან და დაუყოვნებლივ დააწვინეს მიწაზე. არცერთ ეტაპზე არ ყოფილა განცხადება იმის შესახებ, რომ პოლიციის რომელიმე ოფიცერმა მიიღო დაზიანება, რაც შესაბამისი ფაქტორი იქნებოდა იმის შესაფასებლად, მიმართა თუ არა მომჩივანმა ძალადობას. ზემოთ ხსენებული გარემოებების, განსაკუთრებით კი წინასწარდაგეგმილი ოპერაციის (ამასთან დაკავშირებით იხილეთ Balçık and Others v. Turkey, no. 25/03, § 32, 2007 წლის 29 ნოემბერი და Rehbock v. Slovenia, no. 29462/95, § 72, ECHR 2000-XII) და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პოლიციის ოფიცრები რიცხოვნობით აშკარად აღემატებოდნენ შეუიარაღებელ მომჩივანსა და მის მეგობარს, მომჩივნის მიერ მიღებული დაზიანებების ხასიათი და მასშტაბი არ არის მისი დაკავების გარემოებების თანაზომიერი.
23. საქმის წარმოების დროს დაკითხულმა პოლიციის სამმა ოფიცერმა განაცხადა, რომ მომჩივანმა წინააღმდეგობა გაუწია დაკავებას. თუმცა, მათ სავარაუდო დაპირისპირების დეტალები არ წარუდგენიათ, არ განუმარტავთ, თუ კონკრეტულად როგორ შეეწინააღმდეგა მათ მომჩივანი (იხილეთ Davitidze v. Russia, no.8810/05, § 93, 2013 წლის 30 მაისი). ისინი აცხადებდნენ, რომ მომჩივანმა წინააღმდეგობის გაწევა განაგრძო მისი მიწაზე იძულებით დაწვენის შემდეგაც. ეს შეიძლება ემსახურებოდა მომჩივნის მუხლებისა და იდაყვების არეში მრავლობითი დალურჯებებისა და ნაკაწრების არსებობის დამაჯერებელ ახსნას (დაკავების დროს მომჩივანს ეცვა შორტი და მოკლემკლავიანი მაისური), თუმცა რჩება კითხვები მომჩივნის დალურჯებულ და დასიებულ თვალებთან, ასევე სახის ძვლის მოტეხილობასთან დაკავშირებით. ზემოთ ხსენებულთან მიმართებით, სასამართლო უყურადღებოდ ვერ დატოვებს იმ ფაქტს, რომ მომჩივანი არასდროს ყოფილა ბრალდებული პოლიციის ოფიცრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში (იხილეთ პარაგრაფი 13 ზემოთ). ასეთ გარემოებებში, ოფიციალური ვერსია, კერძოდ ის, რომ მომჩივანმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო მის მიერ გაწეული წინააღმდეგობის დაძლევისას, თანაზომიერი ძალის გამოყენების შედეგად, სასამართლოსთვის დამაჯერებელი არ არის.
24. შეჯამებისათვის, იმ სპეციალური ოპერაციის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომლის დროსაც მოხდა მომჩივნის დაკავება, ასევე მის მიერ მიღებული დაზიანებების ხასიათისა და სერიოზულობის, ასევე შიდასახელმწიფოებრივ გამოძიებაში არსებული ხარვეზების გათვალისწინებით (იხილეთ პარაგრაფები 26-32 ქვემოთ), სასამართლო ადგენს, რომ მთავრობამ დამაჯერებლად ვერ წარმოადგინა, რომ პოლიციის ოფიცრების მიერ გამოყენებული ძალა, რამაც განაპირობა სერიოზული დაზიანებების მიყენება, გადაჭარბებული არ იყო. ძალის ასეთი გამოყენების შედეგი იყო დაზიანებები, რომლებმაც მომჩივანს მიაყენა არაადამიანური მიპყრობის ხასიათის ტანჯვა (იხილეთ Mikiashvili, § 76; Rehbock, § 77; და Davitidze, § 96, ყველა მითითებულია ზემოთ).
25. ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ წინამდებარე საქმის გარემოებები, მომჩივნის წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენებასთან მიმართებით, მიუთითებს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაზე.
(ii) გამოძიების სავარაუდო არაეფექტურობა
26. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის დაზიანებები და მისი ბრალდებები პოლიციის ოფიცრების მიმართ, არის საკმარისად სერიოზული იმისათვის რომ, მიაღწიოს კონვენციის მე-3 მუხლისთვის საჭირო „სისასტიკის მინიმალურ ზღვარს“. ამასთანავე, იმ მოთხოვნის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ნებისმიერი ფიზიკური ძალის გამოყენება დაკავების დროს, არასდროს არ უნდა იყოს გადამეტებული და უნდა იყოს აუცილებელი გარკვეულ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტები მოითხოვდა მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული პრეტენზიის გამოძიებას, რათა დადგენილიყო მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალის გამოყენების ყველა შესაბამისი გარემოება.
27. უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიება დაიწყო დროულად, მომჩივნის ადვოკატის მიერ ინციდენტის დაფიქსირების შემდეგ (იხილეთ, შესადარებლად, Mikiashvili, მითითებული ზემოთ, § 79). მომჩივნის სასამართლო ექსპერტიზა და დაკავებაში მონაწილე პოლიციის სამი ოფიცრის დაკითხვაც რამდენიმე დღეში მოხდა (იხილეთ პარაგრაფები 9 და 10 ზემოთ). გამოძიება ჩატარდა პროკურატურის, შსს-გან დამოუკიდებული ორგანოს მიერ. თუმცა, სასამართლოს აქვს სერიოზული ეჭვები გამოძიების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.
28. შესაბამისად, არ განხორციელებულა მნიშვნელოვანი ძალისხმევა მომჩივნის პრეტენზიების გადამოწმების მიზნით დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და მოწმეების მოძიებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა მოხდა დღისით, ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, გამომძიებელი შემოიფარგლა მხოლოდ მომჩივნის, მისი მეგობრის, დაკავების ოპერაციაში მონაწილე სამი ოფიცრისა და ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორის ორი თანამშრომლის დაკითხვით. არ მომხდარა ოპერაციაში ჩართული სხვა ოფიცრების ან შესაძლო თვითმხილველების გამოვლენა ან დაკითხვა. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი თავიდანვე მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მის მიერ დაკავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ოფიციალურ ვერსიას, მსგავსი უმოქმედობა, სასამართლოს შეხედულებით, აუხსნელი რჩება.
29. ასევე, გამოძიებას მიზნად არ დაუსახავს მომჩივნის დაზიანებებსა და გაწეული წინააღმდეგობის ინტენსივობას შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კავშირის დადგენა. საქმის წარმოების ფარგლებში ჩატარებულმა სასამართლო ექსპერტიზამ უბრალოდ აღწერა მომჩივნის დაზიანებები და დაასკვნა, რომ დაზიანებები შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ბლაგვი საგნის ზემოქმედებით. ექსპერტიზას არ გამოუკვლევია, იყო თუ არა შესაძლებელი, მომჩივანს ყველა დაზიანება მიეღო მიწაზე სახით წოლის დროს. საქმის ეს ასპექტი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არასდროს ყოფილა ბრალდებული წინააღმდეგობის გაწევისთვის.
30. ამასთანავე, მომჩივანი აცხადებდა, რომ ცემის ფაქტები გაგრძელდა მისი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტში გადაყვანის შემდეგაც, სადაც ის, საქმის მასალების თანახმად, დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. თუმცა, მომჩივნის ეს პრეტენზია გამოძიების ფარგლებს მიღმა დარჩა. შესაბამისი მტკიცებულების თანახმად, საქმის წარმოება სრულად იყო ფოკუსირებული თავად დაკავების ოპერაციაზე და ოპერაციის დროს ძალის გამოყენებაზე.
31. დაბოლოს, მომჩივნის პრეტენზიების გამოძიება ათ წელზე მეტხანს გრძელდებოდა (იხილეთ პარაგრაფი 12 ზემოთ). ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობას სასამართლოსთვის არანაირი განმარტება არ წარუდგენია. როგორც სასამართლომ უკვე აღნიშნა წინა შემთხვევებში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია არსებობდეს გამოძიების დამაბრკოლებელი გარემოებები ან გართულებები, რომლებმაც კონკრეტულ ვითარებაში შესაძლოა ხელი შეუშალოს გამოძიების პროგრესს, უფლებამოსილი ორგანოების მიერ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე დროული რეაგირება მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად, სახელმწიფო ორგანოების მიერ კანონის უზენაესობის დაცვის და უკანონო ქმედებებში მონაწილეობის ან მსგავსი ქმედებების დაშვების აღკვეთასთან მიმართებით (იხილეთ, სხვა წყაროებთან ერთად, Mocanu and Others v. Romania [დიდი პალატა], nos. 10865/09 და 2 სხვა, § 323, ECHR 2014 (ამონარიდები), და Bouyid, მითითებული ზემოთ, § 133). სასამართლოს არ შეუძლია უყურადღებოდ დატოვოს ის ფაქტი, რომ წინამდებარე საქმის წარმოებაში არაფერი გაკეთებულა 2008 წლის ნოემბრის შემდეგ. აშკარაა, რომ გასული დროის გათვალისწინებით, შეუძლებელი იქნებოდა გამოძიების ზემოთ აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრა.
32. ზემოთ ხსენებული ხარვეზების გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამოძიება არ იყო საფუძვლიანი, ადეკვატური ან ეფექტური. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას.
II. საჩივრის დანარჩენი ნაწილი
33. მომჩივანმა განაცხადა, რომ მისი სავარაუდო უკანონო წინასწარი პატიმრობით დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლი. კონვენციის მე-6 მუხლზე დაყრდნობით მან ასევე სადავო გახადა მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის შედეგი.
34. სასამართლო ადგენს, რომ მის ხელთ არსებული ყველა მასალის გათვალისწინებით, მომჩივნის მიერ კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით წარმოდგენილი არგუმენტებით არ იკვეთება სადავო საკითხი და კონვენციის 35-ე მუხლის §§ 3 (a) და მე-4 ნაწილის შესაბამისად, უნდა გამოცხადდეს მიუღებლად, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
35. კონვენციის 41-ე მუხლში ვკითხულობთ:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“.
36. მომჩივანს არ წარმოუდგენია სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისთვის თანხის მიკუთვნების საჭიროება.
ამ მოტივით, სასამართლო ერთხმად,
1. აცხადებს მისაღებად პრეტენზიას, რომელიც შეეხება მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობასა და ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობას, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარს აცხადებს მიუღებლად;
2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევას;
3. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას;
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2019 წლის 17 იანვარს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე მილან ბლაშკო
სიოფრა ოლირი თავმჯდომარე