კომერციული ბანკების ფასდადების მოდელების მოთხოვნების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 24.04.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №74/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016385
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/04/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.04.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ სარეზოლუციო ფონდის შექმნის, ადმინისტრირებისა და ინვესტირების, სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანის დაკისრების კრიტერიუმებისა და წინასწარი შენატანის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საბანკო წიგნის საპროცენტო რისკის მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე კომერციული ბანკების ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
კომერციული ბანკების ფასდადების მოდელების მოთხოვნების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№74/04
2019 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების ფასდადების მოდელების მოთხოვნების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული კომერციული ბანკების ფასდადების მოდელების მოთხოვნების შესახებ ინსტრუქცია.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
კომერციული ბანკების ფასდადების მოდელების მოთხოვნების შესახებ ინსტრუქცია
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საბანკო პროდუქტებზე ჯანსაღი ფასდადების პრინციპებსა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, ფასდადებასთან დაკავშირებული რისკების ადეკვატური შეფასებისა და მონიტორინგის მიზნებისათვის. ფასდადების ჯანსაღი პოლიტიკის არსებობა ამცირებს კომერციული ბანკის მომგებიანობისა და გადახდისუნარიანობის რისკებს, რაც დადებითად აისახება საფინანსო სექტორის სტაბილურობაზე, ხელს უწყობს საფინანსო სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებასა და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას.
2. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ნორმების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისათვის და უცხოური ბანკების ფილიალებისათვის (შემდგომში – ბანკი).
3. საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) უფლებამოსილია შეაფასოს ბანკის მიერ შემუშავებული ფასდადების მოდელები და რისკზე დაფუძნებული პრინციპებიდან გამომდინარე, მოსთხოვოს ბანკს მოდელში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
მუხლი 2🔗.
ფასდადების ჯანსაღი პრინციპები
1. ფასდადების პროცესის ფარგლებში ბანკის მიერ ადეკვატურად უნდა იქნეს შეფასებული პროდუქტის მთელ ვადიანობაზე არსებული ცალკეული რისკები და ხარჯები ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის შესაბამისად. ამასთან, ბანკი პერიოდულ მონიტორინგს უნდა უწევდეს ფასდადების პროცესში გამოყენებული დაშვებების ვალიდურობას/სისწორეს. ბანკის მიერ გამოყენებული დაშვებები უნდა ასახავდეს არსებულ ტენდენციებს ფინანსურ სექტორში, ბიზნესციკლსა და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს და ექვემდებარებოდეს რეგულარულ განახლებას.
2. ბანკს დოკუმენტირებული უნდა ჰქონდეს ფასდადების პოლიტიკა-პროცედურები, მოდელები, ლიმიტები და შესაბამისი მიდგომები, რაც ინტეგრირებული უნდა იყოს შესაბამის ერთიან ჩარჩოში, რომლის საფუძველზე უნდა წარიმართებოდეს ბანკის მენეჯმენტის მიერ ფასდადების, ბიუჯეტის შედგენისა და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი.
3. ბანკს უნდა გააჩნდეს დეტალური ფასდადება ძირითად პროდუქტებზე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება შესაბამისი პორტფელის გაცემის მიზნობრივი ფასი, რომელზე არსებითად იაფად პროდუქტების გაცემა შესაძლებელია მხოლოდ ფორმალიზებულად განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში, რაც საერთო ჯამში არ უნდა შეადგენდეს შესაბამისი ტიპის პორტფელის გაცემის მატერიალურ ნაწილს. ამასთან, აღნიშნული შემთხვევებისას დაკარგულ შემოსავალს შესაბამის კლიენტთან ან პროდუქტთან დაკავშირებული პოტენციურად მისაღები სხვა შემოსავლები უნდა აკომპენსირებდეს.
4. ბანკმა არ უნდა დააწესოს ფინანსურად ზარალის მომტანი (უარყოფითი უკუგებით კაპიტალზე) ფასი ცალკეულ პროდუქტზე, იმ დაშვებით, რომ ჯამურ შემოსავლიანობაში მას დააკომპენსირებს სხვა შემოსავალი, რომელიც ამ პროდუქტთან არ არის დაკავშირებული.
5. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიმდინარე მომგებიანობა დროებით, ცალკეული ფაქტორების გამო, მოთხოვნილ დონეს აჭარბებს, ან ბანკს დროებით ჭარბი ლიკვიდობა დაუგროვდა, ბანკს შეუძლია ეს ფასდადებაში ასახოს და პროდუქტის ფასი შეამციროს, თუმცა ასეთი პროდუქტის ვადიანობა მნიშვნელოვნად არ უნდა აჭარბებდეს იმ სავარაუდო ვადას, რის შემდეგაც აღნიშნული დროებითი დამხმარე ფაქტორები ამოიწურება.
6. ბანკს უნდა გააჩნდეს გათვლები, თუ როგორ აგენერირებს პროდუქტებისა და სეგმენტების დაგეგმილი უკუგება ჯამურად დაგეგმილ მომგებიანობას.
7. ბანკის მიერ ფასდადებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოქმედ კანონმდებლობასთან, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 9 ივლისის №154/04 ბრძანებით დამტკიცებულ „ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის“ მოთხოვნებთან შესაბამისობა. აღნიშნული არ შემოიფარგლება, თუმცა მოიცავს ფასდადების საბანკო სექტორის კეთილსინდისიერების/კონკურენციის პრინციპებთან შესაბამისობას. დაუშვებელია ისეთი ფასდადება, რომლის მიზანი ან შედეგი კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვაა ან/და რომელიც აფერხებს/შესაძლოა შეაფერხოს თავისუფალი საფინანსო საქმიანობა ან ფინანსური პროდუქტების თავისუფალი შეთავაზება ან/და შესაძლოა ბანკს საბანკო სექტორში არასათანადო უპირატესობა მიანიჭოს.
მუხლი 3🔗.
ფასდადების შემადგენელი კომპონენტები
1. პროდუქტის ადეკვატური ფასის განსაზღვრის მიზნით, ფასდადების პროცესის ფარგლებში ბანკის მიერ უნდა ფასდებოდეს შემოსავლების, ხარჯებისა და რისკების თითოეული ელემენტი, მათ შორის:
ა) კაპიტალის ხარჯი;
ბ) ფონდირების ხარჯი;
გ) არასაპროცენტო შემოსავლები;
დ) არასაპროცენტო ხარჯები;
ე) საპროცენტო რისკი;
ვ) საკრედიტო რისკი;
ზ) გადასახადები და პროდუქტთან სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებული ხარჯები.
2. კაპიტალის ხარჯი წარმოადგენს პროდუქტის დაფინანსებისას გამოყენებული კაპიტალის მოზიდვის ხარჯს. კაპიტალის ხარჯის გაანგარიშება დამოკიდებულია პროდუქტის ტიპის შესაბამისი კაპიტალის საჭიროებაზე, რისკის წონაზე, ბანკის მიერ დაგეგმილ კაპიტალის ადეკვატურობის მოსალოდნელ დონესა და მის უკუგებაზე. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში დაგეგმილი უკუგება არ უნდა იყოს ინვესტორებისგან კაპიტალური რესურსების მოზიდვის ხარჯზე ნაკლები.
3. ფონდირების ხარჯი წარმოადგენს სესხის ვალდებულებებით დაფინანსებული ნაწილის ხარჯს, რომელიც დგინდება მოზიდულ სახსრებზე გადასახდელი საპროცენტო განაკვეთების მიხედვით. აღნიშნული ასევე უნდა ითვალისწინებდეს ვალდებულებებზე არსებულ ლიკვიდობის ხარჯს, შესაბამისი შემოსავლების გათვალისწინებით.
4. არასაპროცენტო შემოსავლები და ხარჯები მოიცავს ხელშეკრულების ვადის განმავლობაში პროდუქტთან დაკავშირებული არასაპროცენტო ხასიათის შემოსავლებსა და ხარჯებს. ხარჯების შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, შესაბამისი ფონდირების მოზიდვისა და მომსახურების საოპერაციო ხარჯები, ხოლო შემოსავლებში ამავე კლიენტის სხვა პროდუქტებისა და ამავე პროდუქტის სხვა თანმდევი პროდუქტებიდან მისაღები პოტენციური წმინდა შემოსავლები. მისი რაოდენობრივი შეფასება უნდა მოხდეს ცალკეული პროდუქტების ტიპების მიხედვით და შესაძლოა ეფუძნებოდეს ბოლო პერიოდის სტატისტიკასა და არსებულ პრაქტიკას.
5. საპროცენტო რისკი სახეზეა მაშინ, როდესაც სესხების დაფინანსების წყაროების საპროცენტო განაკვეთების გადაფასების ვადები (დურაცია) განსხვავდება სესხის საპროცენტო განაკვეთის გადაფასების ვადებისგან. ასეთ დროს საბაზრო საპროცენტო განაკვეთების მერყეობამ შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს ბანკის საპროცენტო მარჟაზე. ამის მიტიგაციისთვის, ბანკმა უნდა შეაფასოს შესაბამისი ვადიანობებისა და ვალუტების მიხედვით საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი მერყეობა, რისთვისაც შეიძლება დაეყრდნოს ექსპერტულ შეფასებასა და ისტორიულ დინამიკას, მათ შორის, სტრესული პერიოდების გათვალისწინებით. აქვე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის ფაქტი, რომ უცხოურ ვალუტაში ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის განაკვეთები ყოველთვის ერთნაირად არ იცვლება. ამ მიზნით გამოყენებული დაშვებების და სცენარების თანმიმდევრული ასახვისთვის მიზანშეწონილია გათვალისწინებული იქნეს ეროვნული ბანკის მიერ ფასს 9-ის მიზნებისთვის გამოქვეყნებული რეგულარულად განახლებადი მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარები.
6. მსესხებელი პირის შესაძლო გადახდისუუნარობით გამოწვეული დანაკარგები უნდა აისახოს საკრედიტო რისკის ხარჯში. ხარჯის დონე დამოკიდებულია სასესხო პროდუქტის ტიპზე, საკრედიტო სტანდარტებზე, ვადიანობაზე, ვალუტაზე, საპროცენტო განაკვეთის ცვალებადობაზე, უზრუნველყოფასა და სხვა ფაქტორებზე. საკრედიტო რისკის შეფასება შესაძლოა ეფუძნებოდეს ისტორიული მონაცემების ანალიზს, რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს მთლიან ბიზნესციკლს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქტის მახასიათებლები და ფინანსური სექტორის ტენდენციები, რის გამო შესაძლოა ისტორიული მაჩვენებლები მნიშვნელოვან გადახედვას საჭიროებდეს.
მუხლი 4🔗.
ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკმა უნდა განახორციელოს ძირითად პროდუქტებზე ფასდადების მოდელებისა და მათში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ანგარიშგება.