ამონაწერი სს ”სამშენებლო კომპანია თბილისის” კრედიტორთა კრების ოქმიდან
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
კრედიტორთა კრების ოქმი
(ამონაწერი)
საქმე №2/3847-14
ქ. თბილისი
2014 წლის 24 სექტემბერი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი მარი კირვალიძე
სს „სამშენებლო კომპანია თბილისის“ კრედიტორთა კრება
მოსამართლე აცხადებს, დღეის მდგომარეობით შემოსული ყველა მოთხოვნა განხილულია. მოვალე განცხადებით ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას. ამდენად, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, ერთ-ერთ კრედიტორს წარმოდგენილი ჰყავს გაკოტრების მმართველის კანდიდატურა.
მოსამართლის შეკითხვაზე, კრედიტორი – გოჩა ძასოხოვის წარმომადგენელი გოგუცა კუპატაძე მხარს უჭერს მის მიერ წარმოდგენილ ირაკლი ნინუას კანდიდატურას.
მოსამართლე კრედიტორებს აცნობს ირაკლი ნინუას ავტობიოგრაფიას, რომელიც ერთვის საქმეს.
მოსამართლემ მიმართა კრედიტორებს პოზიციის დასაფიქსირებლად.
კრედიტორი – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი ნინო მუმლაძე-ბარავკოვი აფიქსირებს პოზიციას: მოგეხსენებათ, შემოსავლების სამსახური განსახილველ შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით არის წარმოდგენილი. ჩვენ არ ვიცნობთ წარმოდგენილ კანდიდატურას, როგორც გადახდისუუნარობის საქმეებში მონაწილე პირს. როგორც იცით, შემოსავლების სამსახური ძალიან ბევრ გაკოტრების საქმეში იღებს მონაწილეობას, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციის განხორციელებამდე არსებულ საქმეებში. რამდენიმე ურისტთანაც აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, როგორც კრედიტორსა და გაკოტრების მმართველს შორის. ხოლო აღნიშნული პიროვნება გაკოტრების მმართველების რეესტრში არ ფიქსირდება და არც წარმოდგენილი ბიოგრაფიით ირკვევა, რომ გაკოტრების საქმეებში რაიმე პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდეს. საქმე ეხება ბიუჯეტის საკმაოდ დიდ დავალიანებას, შემოსავლების სამსახური არ ეთანხმება ირაკლი ნინუას კანდიდატურის გაკოტრების მმართველად დანიშვნას. ჩვენი უარი გამოწვეულია იმით, რომ შრომით ბიოგრაფიაში პრაქტიკული გამოცდილება არ იკვეთება, თორემ აქვს საკმაოდ საინტერესო დატვირთული ბიოგრაფია და მის პიროვნებასთან და პიროვნულ თვისებებთან საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს.
მოსამართლის შეკითხვაზე, კრედიტორი – სს „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენელი გიორგი ჩახნაშვილი აფიქსირებს პოზიციას: ჩვენც შემოსავლების სამსახურის მსგავსი პოზიცია გვაქვს, არ ვეთანხმებით ირაკლი ნინუას კანდიდატურას.
მოსამართლის შეკითხვაზე კრედიტორები აცხადებენ, რომ გაკოტრების მმართველის სხვა კანდიდატურა არ არის. შემოსავლების სამსახური მხარს უჭერს გაკოტრების მმართველად დაინიშნოს აღსრულების ეროვნულ ბიურო
მოსამართლე აცხადებს: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. ვინაიდან, ხმათა უმრავლესობის მქონე კრედიტორი – შემოსავლების სამსახური მხარს უჭერს გაკოტრების მმართველად დაინიშნოს აღსრულების ეროვნულ ბიურო და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი თანახმა არის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნოს გაკოტრების მმართველად, სს „სამშენებლო კომპანია თბილისის“ მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება და უნდა დამტკიცდეს კრედიტორთა გადაწყვეტილება სს „სამშენებლო კომპანია თბილისის“ გაკოტრების მმართველად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შესახებ.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17, 21-ე, 37-ე მუხლებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
ადგილზე თათბირით დაადგინა:
1. სს „სამშენებლო კომპანია თბილისის“ მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.
2. დამტკიცდეს კრედიტორთა გადაწყვეტილება სს „სამშენებლო კომპანია თბილისის“ გაკოტრების მმართველად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შესახებ.
3. განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით განჩინების გამოცხადებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი