შპს „ქარ სერვისის“ გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/33551-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმის №2/33551-18

განჩინება

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

 გაუქმების შესახებ

2019 წლის 01 მაისი

ქ. თბილისი

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია სვიანაძე

განმცხადებელი: შპს „ქარ სერვისი“ (ს/ნ 405151730)

წარმომადგენელი: სერგო კაპანაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ქარ სერვისის“ გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2018 წლის 19 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ქარ სერვისის“ დირექტორმა სერგო კაპანაძემ საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე.

განმცხადებლის განმარტებით, შპს „ქარ სერვისი“ დაფუძნდა 2016 წლის 27 მაისს. საზოგადოების 100%-იანი წილის მქონე პარტნიორია სერგო კაპანაძე. კომპანიის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა ავტომობილების ნაწილებით და აქსესუარებით საცალო ვაჭრობა. საწარმოს კრედიტორები 2018 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით არიან WING CORPORATION და SHONAI TYPE CO.LTD, ხოლო მისი დავალიანება შეადგენს 51577.74 აშშ დოლარს. საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება, არ ერიცხება ნაშთი საბანკო ანგარიშებზე. კომპანიის ფინანსური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. შესაბამისად, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საზოგადოების მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ.

2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა წარმოადგინოს უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.

2018 წლის 30 ნოემბერს სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „ქარ სერვისის“ დირექტორმა სერგო კაპანაძემ. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი იქნა უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის განჩინებით, შპს „ქარ სერვისს“ (ს/ნ 405151730) უარი ეთქვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მას არ გააჩნდა ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ქარ სერვისის“ (ს/ნ 405151730) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

2018 წლის 05 დეკემბრის განჩინება, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 11 დეკემბერს. ამასთან, განჩინება გაგზავნილი იქნა შემოსავლების სამსახურის მისამართზე.

2019 წლის 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა შემოსავლების სამსახურის განცხადება, რომლითაც განმცხადებელი ითხოვდა შპს „ქარ სერვისის“ (ს/ნ 405151730) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას. აღნიშნული განცხადება სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული შემოსავლების სამსახურის მიერ მისი გახმობის გამო. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. ამასთან, სხვა კრედიტორებს 2018 წლის 05 დეკემბრის განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავთ სასამართლოსათვის.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იმავე კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. შესაბამისად, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, შპს „ქარ სერვისი“ (ს/ნ 405151730) უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ქარ სერვისი“ (ს/ნ 405151730) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ქარ სერვისის“ (ს/ნ 405151730) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                          მაია სვიანაძე