შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანიის“ გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/5023-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
2019 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი/მოვალე – შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანია“
(საიდენტიფიკაციო კოდი 206339924)
დირექტორი – ზაქარია სადაღაშვილი
მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – მაია ბარათაშვილი
მოთხოვნა – გაკოტრების მმართველის დანიშვნა
სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების მმართველის დანიშვნის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანიის“ გაკოტრების საქმის წარმოება.
2019 წლის 24 აპრილს კრედიტორთა კრებაზე არ იქნა წარმოდგენილი გაკოტრების მმართველის კანდიდატურა და განხილული იქნა გაკოტრების მმართველად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის საკითხი.
სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად გაკოტრების მმართველად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ.
ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები უჩერდება, გარდა ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა, ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მე-3 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. გაკოტრების მმართველი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი (იურიდიული პირის შემთხვევაში – საქმიანი რეპუტაციის მქონე) პირი. გაკოტრების მმართველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ახორციელებს იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე. მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. ვინაიდან კრედიტორების მიერ არ იქნა წარმოდგენილი გაკოტრების მმართველის კანდიდატურა, სასამართლოს გაკოტრების მმართველად სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ დანიშვნა დასაბუთებულად მიაჩნია.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 27 -ე, 36-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანიის“ (ს/კ 206339924) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
2. განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ უზრუნველყოს გაკოტრების მმართველმა.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ან გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი