შპს „ავტოლაინის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/3748 -19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2019 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – სოსო ღურწკაია
განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – შპს ,,ავტოლაინი"
წარმომადგენელი – გიგა სულაქველიძე
მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – მაია ბარათაშვილი
კრედიტორები: სს „თიბისი ბანკი“, შპს „SYMBION GLOBAL SOURCING“, შპს „GLOBAL TRADING“
მოთხოვნა – შპს „ავტოლაინის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2019 წლის 22 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ავტოლაინის" წარმომადგენელმა გიგა სულაქველიძემ და მოითხოვა შპს „ავტოლაინის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით შპს „ავტოლაინის“ განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნა 2019 წლის 08 აპრილს და 2019 წლის 17 აპრილს.
2019 წლის 17 აპრილს გამართულ კრედიტორთა კრებაზე მოვალემ მომრიგებელი საბჭოს წევრად დაასახელა მარიამ ფუტკარაძე, ხოლო კრედიტორების მიერ მომრიგებელი საბჭოს წევრად არჩეული იქნა გიორგი წაქაძე.
სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით დამტკიცდა მოვალე შპს ,,ავტოლაინის“ გადაწყვეტილება მომრიგებელი საბჭოს წევრად მარიამ ფუტკარაძის დანიშვნის შესახებ და კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება შპს ,,ავტოლაინის“ მომრიგებელი საბჭოს წევრად გიორგი წაქაძის არჩევის შესახებ. ამავე განჩინებით მომრიგებელი საბჭოს წევრებს განესაზღვრათ 14 დღე ვადა მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრის კანდიდატურის წარმოსადგენად.
2019 წლის 01 მაისს მარიამ ფუტკარაძემ და გიორგი წაქაძემ წარმოადგინეს ერთობლივი განცხადება მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრის კანდიდატურის შერჩევის შესახებ.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრი შეირჩევა მოვალისა და კრედიტორების (ან მოსამართლის) მიერ გამწესებულ მომრიგებელთა შეთანხმებით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, მოვალემ და კრედიტორებმა მომრიგებლად შეიძლება შესაბამისად დანიშნონ და აირჩიონ ნებისმიერი ქმედუნარიანი, მხარეებისაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და შესაბამისი უმაღლესი განათლებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი. მომრიგებლად დასახელებამდე აუცილებელია პირის წინასწარი წერილობითი თანხმობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრის შერჩევის მიზნით მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ავტოლაინის“კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2019 წლის 29 მაისს 15:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრის შერჩევა.
2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი № 6, სხდომის დარბაზი № 46).
3. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში.
4. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდებზე. განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს.
5. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე სოსო ღურწკაია