შპს „ნანოკრედიტის“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების
წარმოებაში მიღების თაობაზე
2019 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
წარმომადგენლები: ირაკლი კაპანაძე
მამუკა ყავლაშვილი
მოთხოვნა: შპს „ნანოკრედიტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2019 წლის 12 აპრილს შპს „ნანოკრედიტის“ წარმომადგენლებმა ირაკლი კაპანაძემ და მამუკა ყავლაშვილმა განცხადებით მომართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „ნანოკრედიტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის განჩინებით შპს „ნანოკრედიტის“ განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი ხოლო 2019 წლის 06 მაისის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრული ვადა.
2019 წლის 10 მაისის განცხადებით შპს „ნანოკრედიტის“ წარმომადგენელმა, მამუკა ყავლაშვილმა აღმოფხვრა ხარვეზი.
სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები და მიაჩნია, რომ შპს „ნანოკრედიტის“ განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებული უნდა იქნას წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-14, მე-17, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, და 29-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ნანოკრედიტის“ (ს/ნ 405020123) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნას სასამართლოს წარმოებაში.
2. მეურვედ დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით.
5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
6. შეჩერდეს შპს „ნანოკრედიტის“ მიმართ იძულებითი აღსრულება.
7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.
8. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნას 2019 წლის 25 ივნისს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №63 სხდომათა დარბაზში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6);
9. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.
10. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი