სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/988-2008
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2019 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ მიმართ. საწარმოს მიმართ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი.
სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ რეაბილიტაციის მმართველმა ჯიმი ყიფიანმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 30 აპრილის, საქართველოს მთავრობის №717 განკარგულების საფუძველზე შემოსავლების სამსახურს დაევალა სს „ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანასთან“ საგადასახადო შეთანხმების გაფორმება, რომლის ფარგლებშიც შემოსავლების სამსახურთან არსებული მიმდინარე დავალიანების – 15 398 067.71 ლარის სანაცვლოდ სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ მიერ განხორციელდებოდა 4 500 000 ლარის გადახდა.
ზემოაღნიშნული განკარგულების საფუძველზე 2019 წლის 2 მაისს სს „ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანასა“ და შემოსავლების სამსახურს შორის ხელი მოეწერა საგადასახადო შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ მიერ 4 500 000 ლარის გადახდის ვადად განისაზღვრა შეთანხმების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე.
სს „ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანაში“ ამ ეტაპზე არსებული ფინანსური ვითარების გათვალისწინებით საგადასახადო შეთანხმებაში მითითებული თანხის მოძიებისა და შესაბამისად, შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ერთადერთ წყაროს წარმოადგენს მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის რეალიზება, საიდანაც შემოსული თანხით შესრულდება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულება.
ამასთან, ვინაიდან საწარმოს ჰყავს მეორე რიგის კრედიტორები 47 213,06 ლარის ოდენობით, აუცილებელია მათ წინაშე ვალდებულებების დაფარვა საგადასახადო მოთხოვნის დაფარვასთან ერთად. ასევე, ვინაიდან უძრავი ქონების რეალიზაცია ამცირებს უზრუნველყოფის საგანს, აუცილებელია უზრუნველყოფილი კრედიტორების თანხმობა. უზრუნველყოფილ კრედიტორთან ნუნუ წილოსანთან მიღწეულია შეთანხმება, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა 829 012,65 ლარის ოდენობით უნდა იქნეს დაფარული.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელი ითხოვს კრედიტორთა კრების მოწვევას შემდეგი დღის წესრიგით:
1. რეაბილიტაციის მმართველის ანგარიში საგადასახადო შეთანხმებასთან დაკავშირებით;
2. ქონების ნაწილის რეალიზაცია საგადასახადო შეთანხმების შესრულებისა და კრედიტორთა მოთხოვნების ნაწილის დაფარვის მიზნით.
სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ კრედიტორთა კრება ზემოაღნიშნული საკითხების განხილვის მიზნით.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. მოწვეულ იქნეს სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. რეაბილიტაციის მმართველის ანგარიში საგადასახადო შეთანხმებასთან დაკავშირებით.
1.2 ქონების ნაწილის რეალიზაციის საკითხის განხილვა საგადასახადო შეთანხმების შესრულებისა და კრედიტორთა მოთხოვნების ნაწილის დაფარვის მიზნით.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 28 მაისს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №63 სხდომათა დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
3. დაევალოს სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ რეაბილიტაციის მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი