შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით
მიღების თარიღი 26.05.2018
ძალაში შესვლა 15.05.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №12/31
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016574
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავკასიის ფრანგული სკოლის დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამეცნიერო-კულტურული და ტექნოლოგიური თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების აღმასრულებელი პროგრამა(2016-2020 წლები) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების აღმასრულებელი პროგრამა (2023-2027 წლები)“ „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით
საქართველოს მთავრობა, ერთი მხრივ,
და
საფრანგეთის
რესპუბლიკის
მთავრობა, მეორე
მხრივ,
(შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი),
ესწრაფვიან შემდგომშიც განავითარონ ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობები განათლების სფეროში, საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის პარიზში 1997 წლის 3 თებერვალს კულტურულ, სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე,
დარწმუნებულები არიან, რომ განათლების სფეროში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებასა და მათი ისტორიისა და კულტურის ურთიერთგაცნობას,
გაცნობიერებული აქვთ უპირატესობა, რომელიც ახალგაზრდობას ენიჭება ევროკავშირსა და საქართველოს შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და შესაძლებლობები, რომლებსაც იძლევა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინტერნაციონალიზაცია,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗.
„ფრანგულ-ქართული
უნივერსიტეტის“ პროექტი
1. „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის“ პროექტი (შემდგომში – „პროექტი“) წარმოადგენს მხარეთა ინსტიტუციონალურ თანამშრომლობას უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში, რომელშიც ჩართულები იქნებიან ის ფრანგული და ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელთაც სურვილი აქვთ წვლილის შეტანის ამ თანამშრომლობაში.
2. პროექტის მთავარი მიზანია ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა საფრანგეთისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივი პროგრამების განხორციელებით ან საქართველოში ფრანგული დიპლომის გაცემით.
3. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის საბჭო (შემდგომში – „საბჭო“), რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან თითოეული მხარის მიერ შერჩეული თანაბარი რაოდენობის წევრები. საბჭო განსაზღვრავს პროექტის ძირითად სტრატეგიულ, პედაგოგიურ და სამეცნიერო მიმართულებებს საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის მხრივ.
4. ფრანგული და ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გაღრმავების მიზნით, საბჭო ხელს შეუწყობს გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, კერძოდ კი, დახმარებას გაუწევს ერთობლივი საუნივერსიტეტო დიპლომის გაცემის მექანიზმის განვითარებაში, საფრანგეთის და საქართველოს კანონმდებლობების შესაბამისად. ამასთან, საბჭო, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარება მონაწილე ფრანგულ და ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში.
5. გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სწავლების ენები იქნება ფრანგული, ინგლისური და ქართული.
მუხლი 2🔗.
მხარეთა უფლება-მოვალეობანი
1. საფრანგეთის მხარე, საფრანგეთის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს შეუწყობს ქართული უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციურ გაძლიერებას ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში ფრანგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ექსპერტების საქართველოში გაგზავნის გზით.
2. საფრანგეთის მხარე შეეცდება აანაზღაუროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოვლენილი საერთაშორისო ტექნიკურ ექსპერტზე დაკისრებული პროექტის მენეჯმენტისა და კოორდინაციის სახელფასო ხარჯები, აღნიშნულ თანამშრომლობაში ჩართული საფრანგეთის ადმინისტრაციული უწყებებისთვის გამოყოფილი მიმდინარე წლიური ბიუჯეტის ფარგლებში. ექსპერტის შერჩევაზე პასუხისმგებელია საფრანგეთის მხარე მისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საფრანგეთის მხარე შეეცდება ფინანსური მონაწილეობა მიიღოს პროექტის სამომავლო განხორციელებისათვის ფრანგი პროფესორების მოსამზადებელი მისიების ორგანიზებაში, აღნიშნულ თანამშრომლობაში ჩართული საფრანგეთის ადმინისტრაციული უწყებებისთვის გამოყოფილი მიმდინარე წლიური ბიუჯეტის ფარგლებში.
4. „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის“ პროექტის ფარგლებში კამპუს ფრანს თბილისი და საფრანგეთის საკონსულოს სამსახური ხელს შეუწყობენ ქართველი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის პროცესს „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის“ პროექტის მიერ განხორციელებული პროგრამების ფარგლებში.
5. პროექტის ფარგლებში ერთობლივი პროგრამების დაფინანსების უზრუნველსაყოფად, ქართული მხარე შეეცდება უზრუნველყოს პროექტში ჩართული ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამატებითი დაფინანსება სახელწიფო სასწავლო გრანტის ოდენობით თითოეულ სტუდენტზე, რომელიც მონაწილეობს „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის“ პროგრამებში.
6. მხარეები ხელს შეუწყობენ პროექტის მიმართ ცნობადობის ამაღლებას მათი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
7. პროექტის სრულყოფისა და მისი განხორციელებისთვის ხელის შეწყობის მიზნით, მხარეები ითანამშრომლებენ დამატებითი ფინანსების მოსაპოვებლად.
მუხლი 3🔗.
დავების გადაწყვეტა
წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასა და განმარტებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა მოგვარდება მხარეებს შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 4🔗.
ძალაში შესვლა, მოქმედების შეწყვეტა და ცვლილების შეტანა
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან, რომლითაც მხარეები ერთმანეთს აცნობებენ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდა პროცედურების დასრულების შესახებ.
2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს აღნიშნული შეთანხმების მოქმედება ნებისმიერ დროს, დიპლომატიური გზით გადაცემული წერილობითი შეტყობინებით. ამ შემთხვევაში შეთანხმება წყვეტს მოქმედებას შეტყობინების მიღების თარიღიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ.
3, მხარეებს შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომელიც ჩამოყალიბებული იქნება ცალკე პროტოკოლით და წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
შედგენილია ქალაქ თბილისში, 2018 წლის 26 მაისს, ორ ორიგინალ ეგზემპლარად – ფრანგულ და ქართულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად სარწმუნოა.
საქართველოს მთავრობის სახელით
მიხეილ ჩხენკელი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
(ხელმოწერილია)
საფრანგეთის რესპუბლიკის სახელით
ჟან-ივ ლე დრიანი
ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი
(ხელმოწერილია)