მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.05.2019
ძალაში შესვლა 20.06.2019
ძალის დაკარგვა 20.06.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №258
სარეგისტრაციო კოდი 120000000.10.003.021275
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/06/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 აპრილის N251 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 20.06.2019
დოკუმენტის ტექსტი
მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება 258
2019 წლი 31 მაისი
ქ. თბილისი
მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „დ4“ ქვეპუნქტის, 2005 წლის 2 მარტს ხელმოწერილი „საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატოს ძალებისა და ნატოს პერსონალისათვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა და ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად და „საქართველოსა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბს შორის ნატოს ოპერაციების/წვრთნების განხორციელებისას მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესახებ“ 2006 წლის 11 მაისის ურთიერთგაგების მემორანდუმის აღსრულების ხელშეწყობის მიზნით:
1. დამტკიცდეს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის თანდართული კონცეფცია.
2. შეიქმნას მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს თავდაცვის მინისტრის უფლებამოსილი მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილი მოადგილე;
გ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის უფლებამოსილი მოადგილე;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის უფლებამოსილი მოადგილე;
ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფლებამოსილი მოადგილე;
ვ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის უფლებამოსილი მოადგილე;
ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის უფლებამოსილი მოადგილე;
თ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის უფლებამოსილი მოადგილე;
ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის უფლებამოსილი მოადგილე;
კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის უფლებამოსილი მოადგილე;
ლ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის უფლებამოსილი მოადგილე;
მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი მოადგილე;
ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი მოადგილე;
ო) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის უფლებამოსილი მოადგილე;
პ) სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, შპს „საქაერონავიგაციის“, სს „საქართველოს რკინიგზისა“ და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა უფლებამოსილი წარმომადგენლები, უწყებათაშორისი კომისიის ან/და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 20 ივნისიდან.
პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფცია
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და მიზანი
1. მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფცია (შემდგომში − კონცეფცია) ეფუძნება რა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (შემდგომში − ნატო) მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის სახელმძღვანელო პრინციპებს, არეგულირებს საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის, მიერ ნატოს ძალებისთვის (რომლებიც მოქმედებენ, განლაგებულნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე ან ტრანზიტით გაივლიან მას) სამოქალაქო და სამხედრო დახმარების გაწევის საკითხებს.
2. კონცეფციის მიზანია მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებათა ეფექტიანად შესრულებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში − თავდაცვის სამინისტრო) მჭიდრო კოორდინაციას სხვა მხარდამჭერ სუბიექტებთან (საქართველოს სხვა საჯარო დაწესებულებები და კერძო სამართლის სუბიექტები) და მათ კოორდინირებულ ჩართულობას მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცესში, მხარდამჭერი სუბიექტების შესაძლებლობათა განსაზღვრას, მათ კოორდინირებულ და ეფექტიან გამოყენებას.
მუხლი 2🔗. მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ფორმები და ფარგლები
1. მშვიდობიანობის, აგრეთვე საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს ნატოს ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოქმედებდნენ და განლაგდნენ ზუსტად განსაზღვრული მისიის განსახორციელებლად და ვადით.
2. მშვიდობიანობის, აგრეთვე საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს ნატოს ძალებმა საქართველოს ტერიტორია შეიძლება გადაკვეთონ მშვიდობიანი გავლით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის დეტალები, მხარეთა უფლებამოსილება, პასუხისმგებლობა, ვადები, ორგანიზაციული, ფინანსური და სხვა საკითხები განისაზღვრება სააღსრულებლო შეთანხმებით.
მუხლი 3🔗. მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის დაგეგმვა
მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის დაგეგმვა თანმიმდევრულად მოიცავს შემდეგ ელემენტებს:
ა) მოთხოვნა მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერაზე − ნატოს ან/და აგრეთვე ნატოს წევრი ან/და არაწევრი პარტნიორი ქვეყნის (შემდგომში − გამგზავნი ქვეყანა) წერილობითი მიმართვა თავდაცვის სამინისტროსთვის, სადაც აღწერილია მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის აუცილებლობა;
ბ) ურთიერთგაგების მემორანდუმი − გამგზავნ ქვეყანასა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული წერილობითი განზრახულობის დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მემორანდუმის მხარეების უფლება-მოვალეობები, მოთხოვნები და პასუხისმგებლობის სფეროები. ურთიერთგაგების მემორანდუმი არ წარმოადგენს იურიდიული ვალდებულებების წარმომშობ დოკუმენტს;
გ) განაცხადი მოთხოვნათა შესახებ − გამგზავნი ქვეყნის მიერ მომზადებული წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც დაზუსტებულია ინფორმაცია მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ფარგლების შესახებ;
დ) ტექნიკური შეთანხმება − გამგზავნ ქვეყანასა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მხარეთა დაზუსტებული უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები, აგრეთვე მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის სხვა საკითხები;
ე) სააღსრულებლო შეთანხმება − გამგზავნ ქვეყანასა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული საბოლოო წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც დეტალურადაა განსაზღვრული მხარეთა უფლება-მოვალეობები, პასუხისმგებლობა, ასევე მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერასთან დაკავშირებული სხვა საკითხები (მათ შორის, ორგანიზაციული, პროცედურული, ლოგისტიკური და ფინანსური). სააღსრულებლო შეთანხმება წარმოადგენს იურიდიული ვალდებულებების წარმომშობ დოკუმენტს.
მუხლი 4🔗. მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცესის აღსრულება
მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცესის აღსრულება წარმოადგენს სააღსრულებლო შეთანხმებისა და მის საფუძველზე დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესრულებას.
მუხლი 5🔗. მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცესის მართვა
1. თავდაცვის სამინისტრო წარმართავს და კოორდინაციას უწევს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცესს, აგრეთვე მასპინძელი ქვეყნის სახელით აფორმებს ამ დადგენილებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას მხარდაჭერის მომთხოვნ ქვეყანასთან.
2. მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობათა კატალოგის განსაზღვრის, ამ შესაძლებლობათა გაზრდის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავების, მხარდამჭერი სუბიექტების შესაძლებლობების კოორდინაციის გაუმჯობესების, აგრეთვე მხარდამჭერ სუბიექტებზე ფუნქციების განაწილების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაძლებელია, მოწვეულ იქნეს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − კომისია), თუ მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცესის წარმართვისათვის საჭიროა სხვა მხარდამჭერი სუბიექტების შესაძლებლობების გამოყენება.
3. მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცესის წარმართვის მიზნით, თავდაცვის მინისტრის ან მისგან უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:
ა) განისაზღვრება მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცესის წარმართვაზე, მხარდაჭერის მომთხოვნ ქვეყანასთან გასაფორმებელ დოკუმენტებზე ხელმომწერი, აგრეთვე მხარდამჭერ სუბიექტებთან კოორდინაციაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი;
ბ) მტკიცდება სააღსრულებლო შეთანხმების დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად განისაზღვრება სააღსრულებლო შეთანხმების აღსრულებაში ჩაბმული მხარდამჭერი სუბიექტების კომპეტენცია, კოორდინაციული საქმიანობის, აგრეთვე სააღსრულებლო შეთანხმების აღსრულებისათვის საჭირო სხვა საკითხები.
მუხლი 6🔗. მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის უწყებათაშორისი კომისია და მხარდამჭერი სუბიექტის უფლებამოსილება
1. ამ კონცეფციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული კომისიის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად კომისია უფლებამოსილია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) მიიწვიოს სპეციალისტ(ებ)ი ან/და ექსპერტ(ებ)ი;
გ) შექმნას სამუშაო ჯგუფ(ებ)ი.
2. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც:
ა) უძღვება კომისიის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;
გ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
დ) უფლებამოსილია, უშუალოდ მიმართოს ცალკეულ მხარდამჭერ სუბიექტს, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცესის მიმდინარეობისას ამ სუბიექტის კომპეტენციაში შემავალი კონკრეტული საკითხების გადაჭრის მიზნით;
ე) უზრუნველყოფს კომისიის ფუნქციონირებისა და მისი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების განხორციელებას.
3. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საკუთარი ინიციატივით ან/და კომისიის წევრის მოთხოვნით.
4. კომისიის წევრი განისაზღვრება კომისიაში შემავალი მხარდამჭერი სუბიექტის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. კომისიას ჰყავს კომისიის მდივანი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სხდომის ოქმის შედგენა, აგრეთვე კომისიის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
6. კომისიის მდივნის ფუნქციას ასრულებს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.
7. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს თავდაცვის სამინისტრო.
8. კომისიაში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავით დადგენილი წესის შესაბამისად.