შპს „ბელჯეოტრანსის“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/5957-19
განჩინება
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
2019 წლის 3 ივნისი
თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – შემოსავლების სამსახური
დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – მამუკა ნოზაძე
მოვალე – შპს „ბელჯეოტრანსი“
(საიდენტიფიკაციო კოდი 204972253)
დირექტორი – ნანა ბრეგაძე
მოთხოვნა – შპს „ბელჯეოტრანსის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2019 წლის 24 იანვარს განცხადებით მომართა შპს „ბელჯეოტრანსის“ დირექტორმა ნანა ბრეგაძემ და მოითხოვა შპს „ბელჯეოტრანსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
2019 წლის 25 იანვრის განჩინებით შპს „ბელჯეოტრანსის“ დირექტორს (ლიკვიდატორს) ნანა ბრეგაძეს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა, წარმოადგინოს სასამართლოში შპს „ბელჯეოტრანსის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილება შპს „ბელჯეოტრანსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ, მიუთითოს ლიკვიდაციის დაწყების საფუძვლებთან, მის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ გარემოებებზე და წარმოადგინოს აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ხარვეზის გამოსწორების მიზნით შპს „ბელჯეოტრანსის“ დირექტორს (ლიკვიდატორს) ნანა ბრეგაძეს მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.
2019 წლის 5 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ბელჯეოტრანსის" წარმომადგენელმა გიორგი წიკლაურმა და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 15 დღით გაგრძელება, ვინაიდან განმცხადებელ საწარმოს ჰყავს უცხოელი პარტნიორები და, შესაბამისად, პარტნიორთა კრების მოწვევა დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განჩინებით შპს „ბელჯეოტრანსის“ წარმომადგენლის გიორგი წიკლაურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შპს „ბელჯეოტრანსის“ დირექტორს (ლიკვიდატორს) ნანა ბრეგაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 (თხუთმეტი) დღით.
2019 წლის 11 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ბელჯეოტრანსის“ წარმომადგენელმა გიორგი წიკლაურმა და ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა შპს „ბელჯეოტრანსის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილება შპს „ბელჯეოტრანსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
2019 წლის 13 თებერვალს და 2019 წლის 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებებით მომართა შპს „ბელჯეოტრანსის“ წარმომადგენელმა გიორგი წიკლაურმა და ხარვეზის შევსების მიზნით დამატებით წარმოადგინა შპს „ბელჯეოტრანსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად კანონით დადგენილი წესით კრების მოწვევის დამადასტურებელი დოკუმენტები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განჩინებით შპს „ბელჯეოტრანსის“ დირექტორს (ლიკვიდატორს) ნანა ბრეგაძეს უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ბელჯეოტრანსის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2019 წლის 21 მარტს კანონით დადგენილ ვადაში განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა შპს „ბელჯეოტრანსის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა 5000 ლარის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, რისთვისაც განმცხადებელს განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.
2019 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა და ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა 5000 ლარის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. განმცხადებლის სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „ბელჯეოტრანსის“ (ს/კ 204972253) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.
2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.
3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.
4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
5. იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.
6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე.
7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ.
8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
9. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 5 ივლისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №28) შემდეგი დღის წესრიგით:
1. მეურვის ანგარიშის მოსმენა.
2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა.
3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.
11. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არაუგვიანეს 2019 წლის 13 ივნისისა განჩინება გამოქვეყნდეს საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი