შპს „საქართველოს მარკის“ გაკოტრებულად გამოცხადდებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/15987-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/15987-17

განჩინება

საქართველოს სახელით

2018 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

განმცხადებელი: შპს „საქართველოს მარკა“, ს/კ 202906962

წარმომადგენელი: თამარ მუმლაძე, შპს „რეაბილიტაციის“ ს/კ 206096419 ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, ამირან დადვანი, გიორგი სამხარაძე

კრედიტორი: სსიპ – შემოსავლების სამსახური

წარმომადგენლები: ნინო მუმლაძე-ბარავკოვი, გვანცა ღვინაშვილი, მერაბ წირქვაძე

გაკოტრების მმართველი: აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენლები: ლელა ხაციკიდუ, ირაკლი წიკლაური, ნათია სახოკია, მიხეილ ლომთაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოება

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს „საქართველოს მარკის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი და

 

 გამოარკვია:

2017 წლის 19 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „საქართველოს მარკის“ წარმომადგენელმა და საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა. აღნიშნული განცხადება მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში 2017 წლის 3 ივლისს, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება ჩატარდა 2017 წლის 9 აგვისტოს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2017 წლის 9 აგვისტოს, კრედიტორთა პირველ კრებაზე, განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი, ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება, გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა. კრედიტორთა პირველ კრებაზე აღიარებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უზრუნველყოფილი კრედიტორული მოთხოვნა 571 742 ლარისა და 19 თეთრის ფარგლებში, როგორც მე-4 რიგის მოთხოვნა. გაკოტრების მმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.

2018 წლის 13 ივლისის კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებული გაკოტრების მმართველის წარმომადგენლის განმარტებით, შპს „საქართველოს მარკის“ ქონების რელიზაციის მიზნით, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დაცვით, ჩატარდა 3 აუქციონი და გაიყიდა მხოლოდ ერთი ლოტი, კონვერტები, ხოლო მეორე ლოტი, მარკები, არ გაყიდულა. გაკოტრების მმართველის განცხადებით, სხვა ქონება, გარდა აღნიშნული მარკებისა, მოვალე საწარმოს არ გააჩნია. გაკოტრების მმართველმა ასევე განმარტა, რომ 2017 წლის 7 დეკემბერს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოვალე საწარმოს მიმართ არსებული კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის საფუძველზე შესთავაზა შემოსავლების სამსახურს მოვალე საწარმოს კუთვნილი, აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონების, მარკების, ნატურით მიღება. შემოსავლების სამსახურმა 2018 წლის 14 დეკემბრის წერილით თანხმობა განაცხადა მოვალე საწარმოს სამეურვეო ქონების ნატურით მიღებაზე (ს.ფ. 132). გაკოტრების მმართველის განმარტებით, კრედიტორს 2017 წლის 22 დეკემბრის წერილით ეცნობა, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ქონების კრედიტორისთვის ნატურით გადაცემისას, მომსახურების გაწევის საფასური შეადგენს ნატურით გადასაცემი ქონების საბაზრო ღირებულების 7%-ს, თუმცა შემოსავლების სამსახური არ იხდის მომსახურების საფასურს, მიიჩნევს რა, რომ ის საფასურის წინასწარ გადახდისა და დაკისრებისგან გათავისუფლებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე (ს.ფ. 133-135). აღნიშნული გარემოება კი, გაკოტრების მმართველის განმარტებით, მოვალე საწარმოს მიმართ მიმდინარე გაკოტრების საქმეზე მოვალის გაკოტრების საბოლოო ანგარიშის მომზადებას აბრკოლებს.

2018 წლის 13 ივლისის კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულმა მოვალის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ გაკოტრების საქმე კრედიტორის მონაწილეობის გარეშე უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში, იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტორი სამეურვეო ქონების მიუღებლობით აბრკოლებს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებას.

2018 წლის 25 სექტემბრის კრედიტორთა კრებაზე, გაკოტრების მმართველმა წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და განმარტა, რომ მიუხედავად საქმეზე სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განჩინებისა, 2018 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურს მოვალე საწარმოს სამეურვეო ქონებაში შემავალი მარკების შესყიდვის მიზნით რაიმე ქმედება არ განუხორციელებია.

2018 წლის 25 სექტემბრის კრედიტორთა კრებაზე, გაკოტრების მმართველის წარმომადგენელმა შპს „საქართველოს მარკის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე იშუამდგომლა. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი, ხოლო მოვალის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ შპს „საქართველოს მარკის“ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს და მოვალე უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად.

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა კრებაზე გამოცხადებულ მხარეთა პოზიციები და მიიჩნევს, რომ გაკოტრების მმართველის შუამდგომლობა შპს ,,საქართველოს მარკის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო ნორმები. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოვალის ინიციატივით დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მოვალის გაკოტრებით სრულდება არაუგვიანეს 207 დღისა.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

სასამართლო განმარტავს, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნით – კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების – განხორციელება დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა საწარმოს სამეურვეო ქონება. მითითებული კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამეურვეო ქონება არის ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის, ასევე ამ მომენტიდან შეძენილი ან/და წარმოებული (შექმნილი) ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, იმ ნივთებისა და მოთხოვნების გამოკლებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება.

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ შპს „საქართველოს მარკას“ სხვა ქონება, გარდა მარკებისა, არ გააჩნია. საწარმოს არა აქვს დებიტორული მოთხოვნები მესამე პირთა მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საბანკო დაწესებულებებიდან მოძიებული ინფორმაციის თანახმად, შპს „საქართველოს მარკა“ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად, შპს „საქართველოს მარკის“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის, შპს „საქართველოს მარკას“ საკუთრებაში არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალება და სხვა რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონება, მოვალე საწარმოს მიმდინარე ანგარიში რომელიმე ბანკში არ გააჩნია. ასევე უდავოა, რომ, სამეურვეო ქონების არარსებობის გამო, შპს „საქართველოს მარკა“ ვერ უზრუნველყოფს ვერც საპროცესო ხარჯების დაფარვას. სასამართლო ასევე ითვალისწინებს გარემოებას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, გასულია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ზემომითითებული 51 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 207-დღიანი ვადა.

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოვალე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების მიუხედავად, კრედიტორი ინარჩუნებს მომავალში თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება ქონება, რომელიც გაუქმებულ საწარმოს ეკუთვნოდა. კერძოდ, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მეხუთე პუნქტით დადგენილია, რომ, თუ საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება ქონება, რომელიც ეკუთვნოდა გაუქმებულ საწარმოს, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ინფორმაციას აქვეყნებს ელექტრონულ სისტემაში. კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ დაკმაყოფილებულა, უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოს ასეთი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს ამ კანონის 38-ე მუხლით განსაზღვრული წესით ქონების რეალიზაციას და ქონების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას ანაწილებს იმ კრედიტორთა შორის, რომლებმაც მას დადგენილ ვადაში მიმართეს, მათი მოთხოვნების რიგითობის გათვალისწინებით. თუ კრედიტორმა დადგენილ ვადაში არ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ან აუქციონზე ქონება არ გაიყიდა, ან კრედიტორმა უარი თქვა ქონების ნატურით საკუთრებაში მიღებაზე, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის მიღწევას, უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს „საქართველოს მარკა“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად, უნდა გაუქმდეს შპს „საქართველოს მარკის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში ხოლო სამეურვეო ქონებაში შემავალი მარკები მეორე ლოტის სახით, რომელიც არ გაიყიდა აუქციონზე და რომელიც კრედიტორმა არ მიიღო ნატურით საკუთრებაში, უნდა მიექცეს სახელმწიფოს საკუთრებაში.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია მოვალე.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 (ხუთი ათასი) ლარისა. ამავე ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება და ამასთანავე სამეურვეო ქონების ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასური შეადგენს გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 (ხუთი ათასი) ლარისა.

ვინაიდან შპს „საქართველოს მარკის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაწყებულია მოვალის განცხადების საფუძველზე, ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით, 249.58 ლარით, უნდა ანაზღაურდეს გაკოტრების მმართველის, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს, მომსახურების საფასური.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-12, მე-20, 35-ე და 42-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „საქართველოს მარკის“ მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს „საქართველოს მარკა“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „საქართველოს მარკის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. შპს „საქართველოს მარკის“ ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით, 249.58 ლარით, ანაზღაურდეს გაკოტრების მმართველის, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს, მომსახურების საფასური.

3. სამეურვეო ქონებაში შემავალი მარკები მეორე ლოტის სახით, რომელიც არ გაიყიდა აუქციონზე და რომელიც კრედიტორმა არ მიიღო ნატურით საკუთრებაში, მიექცეს სახელმწიფოს საკუთრებაში.

4. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

5. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) განიჩნების გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                       ვერა დობორჯგინიძე