შპს „სადისტრიბუციო კომპანია მ&გს“ გადახდისუუნარობის შესახებ შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/10823-19
განჩინება
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
2019 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
მოვალე – შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“
დირექტორი – ზაზა მალაციძე.
წარმომადგენელი – დავით ალავიძე.
მოთხოვნა – შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გამოარკვია:
2019 წლის 17 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“-ს (ს/ნ 200117480) დირექტორმა ზაზა მალაციძემ, კომპანიის წარმომადგენელმა დავით ალავიძემ და მოითხოვეს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს. არსებული მდგომარეობით კრედიტორთა ჯამური მოთხოვნები შეადგენს 7 429 593,41 ლარს. ამავე დროს შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“-ს შეწყვეტილი აქვს ყოველგვარი სამეწარმეო საქმიანობა და საზოგადოებას არ გააჩნია უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები. საწარმოს აქვს გარკვეული მოძრავი ქონება, თუმცა შეზღუდული აქვს საკუთარი აქტივების განკარგვის შესაძლებლობა, ვინაიდან მიმდინარეობს სააღსრულებო საქმის წარმოებები და ყველა აქტივი არის დაყადაღებული, შესაბამისად გადახდისუუნარობის-გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების გადავადება გამოიწვევს მხოლოდ ვალდებულებს გაზრდას. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საწარმოს პარტნიორების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების სასამართლოში წარდგენის თაობაზე.
განცხადების წარმოდგენის დროისათვის შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“-ს არ გააჩნია უძრავი ქონება და წილები სხვა საწარმოში, კომპანიის საკუთრებაშია 52 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება.
საბუღალტრო მონაცემების მიხედვით და მიმდინარე სააღსრულებო წარმოების საფუძველზე შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“-ს გააჩნია დებიტორული დავალიანებები შემდეგ პირთა მიმართ: ა) შპს ,,ვერე პალასი ბაკურიანი 2010“ ს/ნ 20455038 – 12543.39 ლარი; ბ) შპს ,,საბუკა“ ს/ნ 448389814 – 1914.03 ლარი; გ) შპს ,,იღბლიანი დღე“ ს/ნ 401965085 – 1993.53 ლარი; დ) ლელა მუსერიძე პ/ნ 18001050722 – 953.27 ლარი; ე) ქრისტინე ფანჩულიძე პ/ნ 21001036895 – 411.90 ლარი; ვ) შპს ,,სენატი“ ს/ნ 404860753 – 775.90 ლარი; ზ) შპს ,,SHARK” ს/ნ 404987403 – 3332.49 ლარი; თ) შპს ,,ბასა“ ს/ნ 406047665 – 1056.63 ლარი; ი) შპს ,,მარიცა 3“ ს/ნ 437365104 – 14126.29 ლარი. საერთო ჯამში შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“-ს გააჩნია დებიტორული დავალიანებები 37107.43 ლარის ოდენობით და სხვა ქონება კომპანიას არ აქვს.
კომპანიის უზრუნველყოფილი კრედიტორი არის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ხოლო არაუზრუნველყოფილი კრედიტორების ჯამური მოთხოვნები, არსებული მონაცემებით შეადგენს 6 685 281.05 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი, რაც აღმოფხვრილ იქნა განჩინებით განსაზღვრულ ვადაში - 2019 წლის 28 მაისს.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობა არის მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.
ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“-ს განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განცხადება შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“-ს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.
2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.
3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.
4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
5. იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.
6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია ელექტრონული სისტემის მეშვეობით მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე.
7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ.
8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი, ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
9. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს ელექტრონულად უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით;
10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეული იქნეს 2019 წლის 11 ივლისს 15:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, სხდომათა დარბაზი №51 (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; გაკოტრების მმართველის დანიშვნა და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
11. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოფილი იქნას გამოტანიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ელექტრონულ სისტემაში.
12. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6. ).
მოსამართლე გენადი მაკარიძე