საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვლადიმერ მგალობლიშვილი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე
ჩაქვი,
2019 წლის 6 ივნისი
№91-უ.ს.რ.ს.
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი სამინისტროები უფლებამოსილი არიან სკოლას მისცენ წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართონ შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. სკოლის სამეურვეო საბჭო დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი სამინისტროების წარდგინებაში მითითებულ ვადაში.“;
ბ) 62 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„62. ამ მუხლის მე-6, 61, მე-7 და 72 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი სამინისტროების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში და მათი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას.“;
გ) 71 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 ქვეპუნქტი:
„72. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი სამინისტროები უფლებამოსილი არიან ამ მუხლის მე-6 და 61 პუნქტებითა და მე-7 პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაითხოვონ სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტონ უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლს.“.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,
2019 წლის
№
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
მოქმედი კანონმდებლობით საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, აღნიშნულ ქმედებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებში, ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოებული ინსპექტირების საფუძველზე.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამინისტროებს მიენიჭათ მათ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გათავისუფლების უფლებამოსილება. შესაბამისად, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამინისტროებს, ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში, რომელზეც საუბარია ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6, 61 პუნქტებსა და მე-7 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში, სამეურვეო საბჭოს დათხოვის ან/და დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის განხორციელების უფლებაც უნდა გააჩნდეთ.
კანონპროექტის მიზანია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის უფლების დელეგირება, რომლის თანახმადაც, საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში, სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებს მისცემს წერილობით გაფრთხილებას ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართავს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. ასევე, სამინისტროს მიეცემა უფლება შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო ერთი წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
პროექტით გათვალისწინებული საკითხების დასარეგულირებლად შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა;
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში დისციპლინური გადაცდომის შემთხვევებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექნება უფლება გაატაროს დისციპლინური ზომები, კერძოდ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებს მისცემს წერილობით გაფრთხილებას; სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართავს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე; ასევე სამინისტროს მიეცემა უფლება შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო ერთი წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად:
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტში შესატანი ცვლილების თანახმად, იმავე კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი სამინისტროები უფლებამოსილი იქნებიან სკოლას მისცენ წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართონ შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. ხოლო, სკოლის სამეურვეო საბჭო დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კი შესაბამისი სამინისტროების წარდგინებაში მითითებულ ვადაში.
- კანონის 62 პუნქტში შესატანი ცვლილებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6, 61, მე-7 და 72 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი სამინისტროების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები გასაჩივრდება სასამართლოში და მათი გასაჩივრება არ გამოიწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას.
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლში 72 ქვეპუნქტის დამატებით აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი სამინისტროები უფლებამოსილი იქნებიან კანონის 49-ე მუხლის მე-6 და 61 პუნქტებითა და მე-7 პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაითხოვონ სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტონ უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლს;
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
ასეთი არ არსებობს;
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონის ამოქმედების დროდ შერჩეული იქნა იგივე თარიღი, რაც ძირითადი კანონის პროექტის ამოქმედებისთვის არის განსაზღვრული;
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
ასეთი არ არსებობს;
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებზედაც ვრცელდება აღნიშნული პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს;
ე) კანონპროექტის ავტორი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვლადიმერ მგალობლიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.