საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.10.2019
ძალაში შესვლა 01.11.2019
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 110060010.70.082.016007
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/10/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე | საქართველოს გენერალური პროკურორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №7
2019 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.
საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროკურატურის ორგანოების ერთიანობისა და ცენტრალიზაციის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია გენერალური პროკურორის წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება;
ბ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
გ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის;
გ) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) გენერალური პროკურორის წინაშე აყენებს საკითხებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) გენერალურ პროკურორს მიმართავს წინადადებებით გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;
ზ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;
თ) საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში;
ი) საგამოძიებო ორგანოებისაგან, ასევე საქართველოს პროკურატურის ორგანოებიდან და სტრუქტურული დანაყოფებიდან გამოითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს, დოკუმენტებს, ინფორმაციას;
კ) განიხილავს დეპარტამენტის პროკურორების დასკვნებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა წარმოდგენილ შუამდგომლობებზე;
ლ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის პროკურორების მონაწილეობას სასამართლოში საქმეების განხილვისას;
მ) ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე;
ნ) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების შესრულებას;
ო) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც ისმენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო დანაყოფების ხელმძღვანელებისა და სხვა თანამშრომელთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;
პ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ჟ) ასრულებს გენერალური პროკურორის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, კონტროლს უწევს სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
ბ) გამოითხოვს საგამოძიებო ორგანოებისაგან, ასევე საქართველოს პროკურატურის ორგანოებიდან და სტრუქტურული დანაყოფებიდან სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს, დოკუმენტებს, ინფორმაციას, ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში;
გ) აუქმებს დეპარტამენტის თანამშრომელთა უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს სისხლის სამართლის საქმეებსა და მასალებზე;
დ) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით გენერალური პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) ამზადებს დეპარატმენტის საქმიანობის ამსახველ ანგარიშს;
ზ) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების შესრულებას;
თ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ი) დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის თანამშრომლები
1. დეპარტამენტში გენერალური პროკურორის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად, შრომით საქმიანობას ეწევიან:
ა) დეპარტამენტის უფროსი პროკურორები;
ბ) დეპარტამენტის პროკურორები;
გ) მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი;
დ) დეპარტამენტის სპეციალისტი.
2. დეპარტამენტის თანამშრომლებს, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
3. დეპარტამენტის უფროსი პროკურორები და პროკურორები:
ა) მონაწილეობენ გენერალური პროკურატურის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების მომზადებაში;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას;
გ) აანალიზებენ და განაზოგადებენ სტატისტიკურ მონაცემებს გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე აყენებენ წინადადებებს მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;
დ) აანალიზებენ მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვის მდგომარეობას ადგილებზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის წარმოებისას;
ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის თანხმობით, შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვენ სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენის, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე;
ვ) იძლევიან წერილობით მითითებებს საქმეთა გამოძიების დროს დანაშაულის გახსნის, დამნაშავეთა დადგენის და გამოძიების პროცესში;
ზ) განიხილავენ დეპარტამენტში შემოსული შუამდგომლობების საფუძვლიანობას და თავიანთ დასკვნებს წარუდგენენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას;
თ) განიხილავენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან შემოსულ წერილობით წინადადებებს;
თ) განიხილავენ განცხადება-საჩივრებს გამოძიების საკითხებზე, ორგანიზებას უწევენ მათ შემოწმებას. წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით პირადად იღებენ წარმომადგენლებს;
ი) აწარმოებენ გაწეული მუშაობის აღრიცხვას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენენ ანგარიშს;
კ) ასრულებენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს, წარუდგენენ მათ წინადადებებს დაქვემდებარებულ უწყებაში გამოძიების ეფექტიანობისა და სრულყოფის შესახებ;
ლ) მონაწილეობენ სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში, მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში;
მ) ამზადებენ საჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ადგენენ წერილობით ცნობებს სასამართლო პროცესებში მონაწილეობის შესახებ, ასევე ინფორმაციებს პროკურორების მიერ სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების განხორციელების შედეგებზე;
ნ) ასრულებენ ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს;
ო) ახორციელებენ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.
4. დეპარტამენტის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისა და მოწმისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და მათთან ურთიერთობის კოორდინაციას.
5. დეპარტამენტის სპეციალისტი უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს დეპარტამენტში შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციას, კომპიუტერიზაციას, სისხლის სამართლის საქმეთა სტატისტიკასა და დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად შესაბამისი მხარდაჭერის განხორციელებას.
საქართველოს გენერალური პროკურორიშალვა თადუმაძე