საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.10.2019
ძალაში შესვლა 01.11.2019
ძალის დაკარგვა 27.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 110060010.70.082.016006
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/10/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე | საქართველოს გენერალური პროკურორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 27.11.2008
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №6
2019 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.
საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) (შემდგომში – გენერალური ინსპექცია) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. გენერალური ინსპექცია არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი და საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას. გენერალურ ინსპექციას აქვს ბეჭედი, რომლის აღწერილობას, შენახვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს გენერალური პროკურორი (შემდგომში – გენერალური პროკურორი).
3. გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. გენერალური ინსპექციის საქმიანობა ეფუძნება კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის, საჯაროობის, პროკურატურის ორგანოების ერთიანობისა და ცენტრალიზაციის, აგრეთვე პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებს.
5. გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია გენერალური პროკურორის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას. დაუშვებელია გენერალური ინსპექციის საქმიანობაში სხვა პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა.
მუხლი 2🔗. გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) პროკურატურის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის, შეუფერებელი საქციელის ჩადენის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტის, ასევე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ი“ და „ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დათხოვნის საფუძვლების გამოვლენა და რეაგირება. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
ბ) პროკურატურის თანამშრომელთა მიერ დისციპლინური გადაცდომის, ასევე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ი“ და „ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დათხოვნის საფუძვლების გამოვლენის დროს სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და გენერალური პროკურორისთვის წარდგენა;
გ) პროკურატურის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით გენერალური პროკურორისა ან/და პროკურატურის თანამშრომლისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
დ) პროკურატურის ორგანოებში საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე კონტროლის განხორციელება;
ე) პროკურატურის თანამშრომლის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოძიების ჩატარება, გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულებისა;
ვ) გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
ზ) იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა, გარდა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ქვემდებარე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისა;
თ) საპროცესო ხელმძღვანელობის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც პროკურატურის თანამშრომელთა მიერ არის ჩადენილი;
ი) პროკურატურის საქმიანობის საჯაროობის, გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა;
კ) გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 3🔗. გენერალური ინპექციის უფლებამოსილებები
1. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია:
ა) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის, შეუფერებელი საქციელის ჩადენის, ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტებზე, ასევე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ი“ და „ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დათხოვნის საფუძვლების არსებობისას;
ბ) ჩაატაროს გამოძიება კანონმდებლობით დადგენილი წესით პროკურატურის თანამშრომლის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულებისა;
გ) განახორციელოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობა, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
დ) განახორციელოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობა, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა, გარდა იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციის ქვემდებარე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისა;
ე) განახორციელოს საპროცესო ხელმძღვანელობა, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც პროკურატურის თანამშრომლის მიერ არის ჩადენილი;
ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა საჩივრები და განცხადებები;
ზ) საკუთარ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე პროკურატურის თანამშრომელს მიმართოს მოთხოვნით, წერილობით ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა ან/და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან/და წარდგენის თაობაზე, აგრეთვე გენერალურ ინსპექციაში (ინსპექციის უფლებამოსილ თანამშრომელთან) გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე;
თ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) პროკურატურის თანამშრომლისგან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისათვის აუცილებელი ან/და მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია;
ი) საჭიროებისამებრ, განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გამოიძახოს პროკურატურის ნებისმიერი თანამშრომელი და მიიღოს მისგან ახსნა-განმარტება, რა დროსაც პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს და ახსნა-განმარტება გააკეთოს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილ თანამშრომელთან გენერალური პროკურორის სახელზე;
კ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება, ანდა მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან პროკურატურის თანამშრომლები, მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე;
ლ) ახსნა-განმარტების პროცესი ხორციელდება წერილობით ფორმით ან/და კეთდება ვიდეო/აუდიო ჩანაწერი. ახსნა-განმარტების ვიდეო/აუდიო ჩაწერა ხორციელდება ინფორმაციის მომწოდებელი პირის თანხმობით;
მ) სამსახურებრივი შემოწმების/შესწავლის წარმოებისას, ასევე განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს პროკურატურის თანამშრომლის ან მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
ნ) სამსახურებრივი საჭიროების შესაბამისად, საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ო) სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, გენერალურ პროკურორს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
პ) პროკურატურის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შეისწავლოს და გააანალიზოს მის მიერ განხორციელებული შემოწმების/შესწავლის პროცესში მოპოვებული მასალები და გენერალურ პროკურორს ან/და პროკურატურის თანამშრომლებს წარუდგინოს სათანადო რეკომენდაციები;
ჟ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციით მიმართოს პროკურატურის ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელს შესაბამისი ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფის მიზნით;
რ) განახორციელოს პროკურატურის ორგანოების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმება, პროკურატურის თანამშრომელთა მიერ ფინანსების მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებების დაცვის და მათი ეფექტური გამოყენების მიზნით; განახორციელოს პროკურატურის ორგანოებში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლი;
ს) სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში გენერალური ინსპექციის თანამშრომლები საშვგამტარი ან სხვა შემზღუდავი რეჟიმის გვერდის ავლით დაუყოვნებლივ შევიდნენ პროკურატურის ორგანოების როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სამსახურებრივ შენობა-ნაგებობებში;
ტ) განახორციელოს მონიტორინგი პროკურატურის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ ელექტრონული სამსახურებრივი მოწმობის წამკითხველებზე დაფიქსირებულ მონაცემებზე, რომელთა შენახვის ვადა განისაზღვრება მათი ფიქსაციიდან 3 თვემდე ვადით;
უ) განახორციელოს მონიტორინგი პროკურატურის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ ვიდეოჩანაწერებზე, რომელთა შენახვის ვადა განისაზღვრება მათი ფიქსაციიდან 1 თვემდე ვადით;
ფ) განახორციელოს გენერალურ პროკურატურაში არსებული „ცხელი ხაზის“ მონიტორინგი;
ქ) ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან პროკურატურის თანამშრომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ან დისციპლინურ გადაცდომათა გამოვლენის მიზნით;
ღ) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა პროკურატურის ორგანოებში კანონიერების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი ქმედებების აღმოფხვრისაკენ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებაში;
ყ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. სამსახურებრივი შემოწმების ან/და შესწავლის პერიოდში გენერალური ინსპექციის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება პროკურატურის თანამშრომელთათვის სავალდებულოდ შესასრულებელია. მისი გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗. გენერალური ინსპექციის მოვალეობები
გენერალური ინსპექცია ვალდებულია:
ა) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;
ბ) განიხილოს შემოსული შეტყობინებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) აწარმოოს პროკურატურის თანამშრომლის მიერ დისციპლინურ გადაცდომათა შემთხვევების სტატისტიკა, რეგულარულად მოახდინოს მისი კომპლექსური და თემატური ანალიზი, მოამზადოს სათანადო რეკომენდაციები გენერალური პროკურორის ან/და პროკურატურის თანამშრომლისთვის წარსადგენად;
დ) უზრუნველყოს პროკურატურის ორგანოებში გენერალური პროკურორის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა განუხრელ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ე) შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 5🔗. დისციპლინური წარმოება
1. პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის, პროკურატურის თანამშრომლისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის, ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ასევე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ი“ და „ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დათხოვნის საფუძვლების არსებობის დროს გენერალური ინსპექცია ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას.
2. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები, გენერალური პროკურორის ცალკეული დავალებები; პროკურატურის „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები, გენერალური ინსპექციის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები, მიღებული შეტყობინებები, გეგმური შემოწმების გრაფიკი; ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები/განცხადებები.
3. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ინსპექციის უფროსი.
4. გენერალური ინსპექციის თანამშრომელი საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას, ადგენს სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე დასკვნას, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს გენერალური ინსპექციის უფროსი.
5. სამსახურებრივი შემოწმების ვადა არის სამი თვე. შემოწმების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 5 დღისა, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთ თვემდე ვადით.
6. საჭიროების შემთხვევაში სამსახურებრივი შემოწმების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით ერთი თვით, რის თაობაზეც გენერალური ინსპექციის უფროსს წარედგინება მოტივირებული მოხსენებითი ბარათი შემოწმების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 5 დღისა.
7. სამსახურებრივი შემოწმება, მოტივირებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის უფროსის თანხმობით შეიძლება შეჩერდეს იმ გადაულახავი გარემოებების აღმოფხვრამდე, რომელთა გარეშე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება, მაგრამ არაუმეტეს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ამოწურვისა.
8. სამსახურეობრივი შემოწმების დროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი უფლებამოსილია დაათვალიეროს პროკურატურის თანამშრომლის სამუშაო ოთახი და ინვენტარი.
9. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია:
ა) მოიწვიოს პროკურატურის თანამშრომელი ან ნებისმიერი გარეშე პირი და მიიღოს ახსნა-განმარტება მოსაძიებელი ფაქტის ირგვლივ. ასეთ შემთხვევაში გარეშე პირს წინასწარ განემარტება უფლება, უარი თქვას ახსნა-განმარტების მიცემაზე;
ბ) გამოითხოვოს ყველა მასალა, დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილად შესწავლას;
გ) სპეციალური ცოდნის საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს და მიიღოს კონსულტაციები სპეციალისტებისაგან; აგრეთვე დანიშნოს სათანადო ექსპერტიზა და მიიღოს დასკვნა/რევიზიის აქტი;
დ) შეადგინოს დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე;
ე) სამსახურებრივი შემოწმების შედეგების მიხედვით, გენერალურ პროკურორს წარუდგინოს წინადადებები გამოვლენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე, ან გენერალური ინსპექციის უფროსმა პროკურატურის თანამშრომელს მიმართოს სათანადო რეკომენდაციით;
ვ) შეამოწმოს პროკურატურის სხვადასხვა დანაყოფში საშემსრულებლო და შრომითი დისციპლინის დაცვის მდგომარეობა ნებისმიერ დროს და გენერალურ პროკურორს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
10. გენერალური ინსპექცია გენერალური პროკურორის დავალებით:
ა) ატარებს ან/და მონაწილეობს პროკურატურის ორგანოების კომპლექსურ შემოწმებაში და შედეგების მიხედვით ამზადებს ან/და მონაწილეობს სათანადო დასკვნის შედგენაში;
ბ) პროკურატურის სისტემაში ატარებს მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აუდიტს;
გ) კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ატარებს შემოწმებას პროკურატურის თანამშრომლის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ ან ძლიერმოქმედ საშუალებათა მოხმარების, ასევე ალკოჰოლური საშუალების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ან სამუშაო საათების განმავლობაში მოხმარების ფაქტების დადგენის მიზნით.
11. გენერალური ინსპექციის მოთხოვნა არ უნდა ზღუდავდეს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. გენერალური ინსპექციის მიერ სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების, აგრეთვე, პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა, მიღება და გაცნობა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12. გენერალური ინსპექციის მოთხოვნა პროკურატურის თანამშრომლის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გენერალურ პროკურორთან. მოთხოვნის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს ამ მოთხოვნის დადგენილ ვადაში შესრულების ვალდებულებისაგან, თუ გენერალური პროკურორი არ მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას.
13. გენერალური ინსპექციის დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების შეწყვეტის შესახებ უნდა შეთანხმდეს გენერალურ პროკურორთან; ასევე თანხმდება პროკურატურის თანამშრომლისთვის რეკომენდაციის მიცემის მიზანშეწონილობის საკითხი.
14. საბოლოო შედეგის თაობაზე ინფორმაცია უნდა მიეწოდოს იმ პირს (გარეშე პირს), რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება.
მუხლი 6🔗. გენერალური ინსპექციის უფროსი
1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. გენერალური ინსპექციის უფროსი ანგარიშვალდებულია გენერალური პროკურორის წინაშე.
3. გენერალური ინსპექციის უფროსი:
ა) ახორციელებს გენერალური ინსპექციის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა შორის;
გ) აკონტროლებს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) ხელს აწერს გენერალურ ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) წლიური შედეგების მიხედვით გენერალურ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) გენერალური პროკურორის წინაშე აყენებს საკითხებს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ზ) შუამდგომლობს გენერალური ინსპექციის ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;
თ) შუამდგომლობს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ი) გასცემს მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე;
კ) იღებს გადაწყვეტილებებს ცალკეული პროკურორების და გამომძიებლების კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან/საპროცესო ხელმძღვანელობიდან ჩამოცილების შესახებ;
ლ) ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას, უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას/საპროცესო ხელმძღვანელობას/მხარს უჭერს სასამართლოში სახელმწიფო ბრალდებას;
მ) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის პროკურორების მონაწილეობას სასამართლოში საქმეების განხილვისას;
ნ) ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე;
ო) იხილავს გენერალურ ინსპექციაში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
პ) გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;
ჟ) შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენის, გამოძიების მიმდინარეობის და საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების თაობაზე;
რ) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
ს) ასრულებს გენერალური პროკურორის ცალკეულ დავალებებს;
ტ) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.
4. გენერალური ინსპექციის უფროსის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად პროკურატურის ნებისმიერი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ორგანოს ხელმძღვანელისათვის და მისი გასაჩივრება შეიძლება გენერალურ პროკურორთან.
მუხლი 7🔗. გენერალური ინსპექციის უფროსის ანგარიში
1. გენერალური ინსპექციის უფროსი წელიწადში ერთხელ – არაუგვიანეს 15 იანვრისა, გენერალურ პროკურორს წარუდგენს გასული წლის განმავლობაში გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს.
2. გენერალური ინსპექციის უფროსის ანგარიში უნდა შეიცავდეს:
ა) განზოგადებულ სტატისტიკურ მონაცემებს, კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად განხორციელებული საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე;
ბ) განზოგადებულ მონაცემებს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პროკურატურის ორგანოებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი პრობლემების, პროკურატურის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების, მათ შორის, კორუფციის ფაქტების თაობაზე;
გ) ინფორმაციას საანგარიშო პერიოდში გენერალური ინსპექციის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წარდგინებების თაობაზე, გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების თვალსაზრისით;
დ) ინფორმაციას გაცემულ რეკომენდაციებსა და წარდგინებებზე განხორციელებული რეაგირების თაობაზე, აგრეთვე მონაცემებს სათანადო რეაგირების გარეშე დარჩენილი წინადადებებისა და რეკომენდაციების თაობაზე.
მუხლი 8🔗. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე
1. გენერალური ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე:
ა) გენერალური ინსპექციის უფროსთან შეთანხმებით, ანაწილებს მოვალეობებს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა შორის;
ბ) ხელს აწერს გენერალურ ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) ორგანიზებას უწევს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებას;
დ) უზრუნველყოფს საშემსრულებლო დისციპლინის დაცვის კონტროლს, გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ე) გენერალური ინსპექციის უფროსის წინაშე აყენებს საკითხებს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული პროკურორების და გამომძიებლების კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან/საპროცესო ხელმძღვანელობიდან ჩამოცილების შესახებ;
ზ) ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას, უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას/საპროცესო ხელმძღვანელობას/ მხარს უჭერს სასამართლოში სახელმწიფო ბრალდებას;
თ) გენერალური ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით, სრული მოცულობით ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას;
ი) შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენის, გამოძიების მიმდინარეობის და საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების თაობაზე;
კ) ამოწმებს გენერალური ინსპექციის პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად;
ლ) გასცემს მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე;
მ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე;
ნ) გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა და სხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით;
ო) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, აგრეთვე, გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებების შესრულებას;
პ) იხილავს გენერალურ ინსპექციაში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ჟ) ასრულებს გენერალური პროკურორის და გენერალური ინსპექციის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
რ) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ ფუნქციებს.
3. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობას, მისი არყოფნის შემთხვევაში.
მუხლი 9🔗. გენერალური ინსპექციის თანამშრომლები
1. გენერალურ ინსპექციაში, გენერალური პროკურორის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად, შრომით საქმიანობას ეწევიან:
ა) გენერალური ინსპექციის უფროსი პროკურორები;
ბ) გენერალური ინსპექციის პროკურორები;
გ) გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები;
დ) გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები;
ე) გენერალური ინსპექციის სპეციალისტი.
2. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
3. გენერალური ინსპექციის უფროსი პროკურორები და პროკურორები:
ა) მონაწილეობენ გენერალური პროკურატურის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების მომზადებაში;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში, იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში;
გ) გასცემენ მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე;
დ) გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებით, მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად აწარმოებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს;
ე) გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებით, მონაწილეობენ სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში, მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში;
ვ) ამზადებენ საჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებებზე;
ზ) უწევენ მონიტორინგს სასამართლო სხდომებს და ცნობას ადგენენ პროკურორების მიერ სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების განხორციელების შედეგებზე;
თ) გენერალური ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით იღებენ მონაწილეობას ან სრული მოცულობით თავად ატარებენ სამსახურებრივ შემოწმებას.
ი) განიხილავენ განცხადება-საჩივრებს და იღებენ კანონშესაბამის გადაწყვეტილებას.
კ) გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენენ წინადადებებს დაქვემდებარებულ უწყებებში გამოძიების ეფექტურობისა და სრულყოფის შესახებ;
ლ) გენერალური ინსპექციის უფროსის თანხმობით, შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვენ სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენის, გამოძიების მიმდინარეობის და საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების თაობაზე;
მ) აწარმოებენ გაწეული მუშაობის აღრიცხვას და გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს;
ნ) აანალიზებენ და განაზოგადებენ სტატისტიკურ მონაცემებს გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ; გენერალური ინსპექციის უფროსის წინაშე აყენებენ წინადადებებს მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;
ო) აანალიზებენ მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვის მდგომარეობას გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის წარმოებისას;
პ) ასრულებენ გენერალური ინსპექციის უფროსის ან/და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს;
ჟ) ახორციელებენ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორაგნული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.
4. გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები:
ა) გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ მოქმედებებს;
ბ) გენერალური ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით სრული მოცულობით ატარებენ სამსახურებრივ შემოწმებას.
გ) ასრულებენ გენერალური ინსპექციის უფროსის და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს;
დ) გენერალური ინსპექციის უფროსის თანხმობით, შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვენ სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენის, გამოძიების მიმდინარეობის და საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების თაობაზე;
ე) აწარმოებენ გაწეული მუშაობის აღრიცხვას და გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს;
ვ) განიხილავენ განცხადება-საჩივრებს და იღებენ კანონშესაბამის გადაწყვეტილებას.
5. გენერალური ინსპექციის სპეციალისტი:
გენერალური ინსპექციის სპეციალისტი უზრუნველყოფს საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს სამსახურებრივი შემოწმების მასალების (დასრულებული წარმოება), შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციას, კომპიუტერიზაციას, სისხლის სამართლის საქმეთა სტატისტიკასა და გენერალური ინსპექციის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად შესაბამისი მხარდაჭერის განხორციელებას.
მუხლი 10🔗. გენერალური ინსპექციის თანამშრომლის აცილების საფუძვლები
1. გენერალური ინსპექციის თანამშრომელი არ მონაწილეობს გენერალურ ინსპექციაში შემოსული საჩივარი/განცახდება ან/და სხვა სახის შეტყობინებების განხილვაში, აგრეთვე შემოწმების წარმოებაში, თუ შემოწმების ობიექტი არის მისი ნათესავი ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს ამ თანამშრომლის დაინტერესებაში შემოწმების შედეგებისადმი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას გენერალური ინსპექციის თანამშრომელი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუ არ არის სახეზე დანაშაულის ნიშნები.
3. გენერალური ინსპექციის თანამშრომლის აცილების საკითხს წყვეტს გენერალური ინსპექციის უფროსი. გენერალური ინსპექციის უფროსის აცილების საკითხს წყვეტს გენერალური პროკურორი.
მუხლი 11🔗. გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობის წესი
პროკურატურის სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია მის დაქვემდებარებაში მყოფი პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს გენერალურ ინსპექციას. ინფორმაციის მიუწოდებლობა, თუ ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, იწვევს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს გენერალური პროკურორიშალვა თადუმაძე