შპს ,,გეო ტრანსის" გადახდისუუნარობის შესახებ (გაკოტრების) განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/13635-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ (გაკოტრების) განცხადების
წარმოებაში მიღების თაობაზე
2019 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
მოსამართლე – თინა ვაშაყმაძე
განმცხადებელი – შპს ,,გეო ტრანსი“ (ს.ნ 434159929)
დირექტორი – ელჩინ გეიდაროვი
წარმომადგენელი – ზვიად გადელია
მოთხოვნა – მოვალის გაკოტრება (საქმის წარმოება)
სასამართლომ გამოარკვია:
2019 წლის 11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარმოდგენილი იქნა განცხადება შპს ,,გეო ტრანსის“ გადახდისუუნარობის შესახებ, რომლითაც მოთხოვნილი იქნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის განჩინებით, შპს ,,გეო ტრანსის“ განცხადებას გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების თაობაზე დაუდგინდა ხარვეზი და განმცხადებელს განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად.
2018 წლის 17 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, შპს ,,გეო ტრანსის„ წარმომადგენელმა 2019 წლის 25 და 27 ივნისს სასამართლოს განცხადებებით მომართა და წარმოადგინა განჩინებაში მითითებული დოკუმენტაცია.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ”თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს.
კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან შპს „გეო ტრანსის“ წარმომადგენლის მიერ ხარვეზი შევსებულია კანონით დადგენილ ვადაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს საწარმოს მიმართ გაკოტრების დაწყების შესახებ განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღების „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-14, მე-17, მე-19, მე-20, 21-ე 25-ე, 26-ე, 29-ე და 56-ემუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. შპს ,,გეო ტრანსის" (ს.ნ 434159929) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნას სასამართლოს წარმოებაში;
2. მეურვედ დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო;
3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე;
4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით;
5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
6. შეჩერდეს შპს „გეო ტრანსის“ მიმართ იძულებითი აღსრულება;
7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად;
8. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 30 ივლისს, 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, სხდომათა დარბაზი №56 (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6. ) შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; 3. გაკოტრების მმართველის დანიშვნა და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
9. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებგვერდზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.
10. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6. ).
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე