აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/322
2019 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის 01 აპრილის №01/1503 განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში –
დეპარტამენტი) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტს. პროექტი ფინანსდება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2009 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულების (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 9 ოქტომბრის №1774-IIს დადგენილებით) და საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2009 წლის 29 ოქტომბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი I) (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 17 ნოემბრის №2087-IIს დადგენილებით) ფარგლებში.
ქობულეთის შემოვლითი გზა იწყება მდინარე ნატანების სახიდე გადასასვლელამდე, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ61+480-დან (შეკვეთილში), უხვევს მარცხნივ და კვეთს მდინარე ნატანებს. აღმოსავლეთის მხრიდან გადის გასართობ ცენტრ „ციცინათელასთან“, შემდეგ კვეთს მდინარეებს: ჩოლოქს, შავღელეს, ოჩხამურს, მიყვება საქართველოს რკინიგზას ქვედა მხარეს, მკვეთრად შორდება ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალს (ისპანის ჭაობს), კვეთს საქართველოს რკინიგზის ხაზს ყველაზე ხელსაყრელ ადგილას, შემდეგ უხვევს მარჯვნივ და მთავრდება სოფელ ოჩხამურის ტერიტორიაზე (კმ12+400).
პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით, აზიის განვითარების ბანკის არანებაყოფილობითი განსახლების პოლიტიკისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.
დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული მესაკუთრე აკაკი სიამაიშვილთან (პ/ნ 33001029759) მის საკუთრებაში არსებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 45702 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ N26.36.06.026) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე უნდა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ქობულეთის შემოვლითი გზის კმ0+000 - კმ12+400 მონაკვეთის მშენებლობა.
საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (საკრებულოების გარე სავარგულები), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 45702 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ N26.36.06.026, წინა საკადასტრო კოდი 26.36.06.011) მესაკუთრეა აკაკი სიამაიშვილი (პ/ნ 33001029759).
დადგენილია, რომ დასახელებული მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების შეზღუდვის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2019 წლის 20 მაისი ოქმისა და დასკვნის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტის არეალში მოქცეულ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (საკრებულოების გარე სავარგულები) მდებარე, N23.36.06.026 საკადასტრო კოდით (წინა საკადასტრო კოდი 26.36.06.011) რეგისტრირებულ აკაკი სიამაიშვილის (პ/ნ 33001029759) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 45 702 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კ.მ, №6).
მინისტრი ნათია თურნავა