შპს „სერვის პლიუსის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/12415-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმის №2/12415-19

 

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

კრედიტორის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ

 

2019 წლის 25 ივნისი

  ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

 

 განმცხადებელი: სსიპ – შემოსავლების სამსახური

 წარმომადგენელი: შალვა კოპალეიშვილი

 

 მოთხოვნა: შპს „სერვის პლიუსის“ მიმართ გადახდისუუნარობის

 საქმის წარმოების დაწყება

 

 ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი,

 

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით, შპს „სერვის პლიუსის“ (ს/ნ 204519869) განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში. განემარტათ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს „სერვის პლიუსის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

განჩინება გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 2019 წლის 23 აპრილს. კანონით განსაზღვრულ ვადაში სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა, შალვა კოპალეიშვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს, რომლითაც განმცხადებელი ითხოვს შპს „სერვის პლიუსის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას. განმცხადებლის მითითებით, შპს „სერვის პლიუსს“ 2019 წლის 05 მაისის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება 5 224 307,78 ლარის ოდენობით. მათ შორის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 391294,15 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 ივნისის განჩინებით, სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის გამოსწორების მიზნით დაევალა განჩინებაში მითითებული მტკიცებულებების (მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება შპს „სერვის პლიუსის" საკუთრების უფლება უძრავ/მოძრავ ქონებაზე. ასევე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით განსაზღვრული კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებების განხორციელების შესახებ კონკრეტული გარემოებები) წარმოდგენა და შპს „სერვის პლიუსის“, მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ ინტერესის დასაბუთება.

2019 წლის 20 ივნისს სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სასამართლოს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „სერვის პლიუსის“ საკუთრების უფლება უძრავ/მოძრავ ქონებაზე დასტურდება განცხადებაზე დართული შემდეგი დოკუმენტებით: აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილითა და თანდართული დოკუმენტებით, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის აქტით, ქონების შეფასების თაობაზე ექსპერტიზის დასკვნით, შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წერილით. განმცხადებლის მითითებით, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ კრედიტორს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით მიმართოს სასამართლოს, როდესაც უტყუარად დგინდება ქონების არსებობა (განსახილველ შემთხვევაში ქონების არსებობა დგინდება). კრედიტორს არ უნდა შეეზღუდოს განცხადების წარდგენისა და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესაძლებლობა, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებების თაობაზე. შემოსავლების სამსახური დაინტერესებულია მოთხოვნის მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით. იმისთვის კი, რომ დადგინდეს, მათ შორის, კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის მომტანი ქმედებების არსებობა, საჭიროა გონივრული დრო, მეურვის მიერ საწარმოს ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 05 მაისის მდგომარეობით, შპს „სერვის პლიუსს“ ერიცხება საგადასახადო დავალიანება 5224307,78 ლარის ოდენობით. მათ შორის, აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 391294,15 ლარს. შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წერილის მიხედვით, შპს „სერვის პლიუსის“ მიმართ ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე მიმდინარეობს მასალების მოკვლევა.

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ – შემოსავლების სამსახურმა (კრედიტორმა) ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სასამართლოს, მაგრამ წარმოდგენილი განცხადების და თანდართული მასალების მიხედვით არ არსებობს გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კრედიტორს იმ შემთხვევაში შეუძლია მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, როდესაც იგი დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით. თავად სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის ცნობის მიხედვით, შპს „სერვის პლიუსი“ არ არის (არც ყოფილა) რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. შპს „სერვის პლიუსის“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ასევე კრედიტორის მიერ წარმოდგენილი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 22.04.2019 წლის ცნობის თანახმად, შპს „სერვის პლიუსის“ სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა. შპს „წავკისის ველის“ (ამჟამად შპს „სერვის პლიუსის“) სახელზე რეგისტრირებული იყო სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გასხვისდა 2008, 2010, 2011, 2013 წლებში. სსიპ – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპეტიზის განყოფილების 15.04.2015 წლის დასკვნის თანახმად, შპს „სერვის პლიუსის“ კუთვნილი დაყადაღებული ქონების ღირებულება შეფასების თარიღისათვის შეადგენდა 5905,50 ლარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 მარტის ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს „სერვის პლიუსის“ ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ.

განცხადება არ შეიცავს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით განსაზღვრული კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებების განხორციელების შესახებ კონკრეტულ გარემოებებს. კერძოდ, აღნიშნული ნორმა კრედიტორისათვის ზიანის მომტან ქმედებად ადგენს გადახდისუუნარობის განცხადების შეტანამდე (მოცემულ შემთხვევაში 2019 წლის 05 აპრილამდე) ერთი წლის განმავლობაში (დაკავშირებულ პირთან 2 წლის განმავლობაში) მოვალის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რასაც შედეგად მოჰყვა სამეურვეო ქონების გაუფასურება ან კონკრეტული კრედიტორისათვის უპირატესობის მინიჭება. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, შპს „სერვის პლიუსის“ კუთვნილი ქონების ღირებულება შეადგენდა 5905.50 ლარს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 მარტის ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს „სერვის პლიუსი“-ს ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ. შესაბამისად, 2019 წლის 05 აპრილამდე ერთი ან ორი წლით ადრე მოვალეს რამდენად შესაძლებელია ჰქონოდა კიდევ სხვა ქონება და დაედო გარიგება, როდესაც უკვე სასამართლოს ბრძანებით რეალიზებული იყო მოვალის ქონება შემოსავლების შუამდგომლობის საფუძველზე, ბუნდოვანია და კრედიტორის განცხადებაში მითითებული არ არის. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოვალეს აქვს რაიმე ქონება, რითაც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში კრედიტორი შეძლებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მიზნით კი კრედიტორი დეპოზიტზე განათავსებს 5000 ლარს, რომლითაც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში უნდა დაიფაროს საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური და იმ პირობებში, როდესაც მოვალეს ქონება არ აქვს, არ იკვეთება არც კრედიტორის და არც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით დადგენილი საქმის წარმოების დაწყების ინტერესი. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევას.

რაც შეეხება კრედიტორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „სერვის პლიუსის“ მიმართ ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე მიმდინარეობს მასალების მოკვლევა, აღნიშნული გარემოება არ არის დაკავშირებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებასთან და შპს „სერვის პლიუსის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება ან საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადება ხელს ვერ შეუშლის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ სარჩელის აღძვრას და აღნიშნული მოთხოვნით საქმის განხილვას.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა ელექტრონულ სისტემაში აქვეყნებს განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას, რის გამოც სსიპ – შემოსავლების სამსახურს უარი უნდა ეთქვას განცხადების მიღებაზე და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, შპს „სერვის პლიუსი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ – შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვას შპს „სერვის პლიუსის“ (ს/კ 204519869) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. შპს „სერვის პლიუსი“ (ს/კ 204519869) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შპს „სერვის პლიუსის“ რეგისტრაცია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებგვერდზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. № 6) განჩინების მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

 

 

მოსამართლე                                                                                                                            ლაშა ქოჩიაშვილი