შპს „ენერჯი პაუერის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/27656-18
განჩინება
საქართველოს სახელით
2019 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
მოვალე – შპს „ენერჯი პაუერ“
დირექტორი – ზაზა ოსაძე.
წარმომადგენელი – დავით ბერძული.
კრედიტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური.
წარმომადგენელი – სალომე გულოშვილი.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 10 აგვისტოს შპს „ენერჯი პაუერს“ სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა კომპანიის დირექტორმა ზაზა ოსაძემ და აღნიშნა, რომ შპს „ენერჯი პაუერი“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს, თუმცა დღეისათვის კომპანიას შეწყვეტილი აქვს საქმიანობა და მისი აღდგენის პერსპექტივა არ არსებობს. საზოგადოებას ჰყავს მხოლოდ ერთი კრედიტორი – შემოსავლების სამსახური (სახელმწიფო ბიუჯეტი), თანხით – 345884,72 ლარი. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე თანხა არ ერიცხება, რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში მოვალე – შპს „ენერჯი პაუერი“ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინებით შპს „ენერჯი პაუერს“ (ს/კ(206246132) უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამავე განჩინებაში მიეთითა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
2018 წლის 24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა და შპს „ენერჯი პაუერის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „ენერჯი პაუერის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით აღიარებული იქნა უზრუნველყოფილი კრედიტორის – სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა 358002,33 ლარის (სამას ორმოცდათვრამეტიათას ორი ლარი და ოცდაცამეტი თეთრი) ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში შეყვანილი იქნა მე- 4 რიგის მოთხოვნად.
2019 წლის 29 მარტის სასამართლო სხდომაზე დამტკიცდა მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობა – ქეთევან ქავთარაძე, ალექსანდრე ციცვიძე და თორნიკე ართმელაძე.
2019 წლის 10 აპრილს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება – კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კრედიტორთა კრებაზე მხარი დაუჭირეს მომრიგებელი საბჭოს წევრებმა, მოვალემ და კრედიტორმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის განჩინებით შპს „ენერჯი პაუერს“ (ს/კ 206246132) მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო;
2019 წლის 02 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა (წარმოადგინა საბოლოო ანგარიში) სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მაია ბარათაშვილმა და ითხოვა შპს „ენერჯი პაუერის“ გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტა და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება, იმაზე მითითებით, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება და ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს.
ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რომელიც ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში.
გათვალისიწნებით იმისა, რომ გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილია საბოლოო ანგარიში, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ენერჯი პაუერის“ კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2019 წლის 1 აგვისტოს 14:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით: კრედიტორთა მოთხოვნების აღიარება, გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის განხილვა.
2 . კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, სხდომის დარბაზი №51).
3 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და და ელექტრონულ სისტემაში.
4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე: გენადი მაკარიძე