შპს ,,ნურ ჰავლუს” გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/3603-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2019 წლი ს 9 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თინა ვაშაყმაძე
მოვალე – შპს ,,ნურ ჰავლუ“
(საიდენტიფიკაციო კოდი 438112089)
დირექტორი – კარიფ გუსეინოვი
მოთხოვნა – შპს ,,ნურ ჰავლუს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ნურ ჰავლუს“გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2019 წლის 08 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ნურ ჰავლუს“ წარმომადგენელმა კარიფ გუსეინოვმა და მოითხოვა კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით შპს ,,ნურ ჰავლუს“ უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და ამავე განჩინებაში მიეთითა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანდა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.
აღნიშული განჩინება სსიპ – საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2019 წლის 21 იანვარს.
2019 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა შპს ,,ნურ ჰავლუს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის გამოსწორების მიზნით დაევალა ფინანსური მოთხოვნის დაზუსტება შპს ,,ნურ ჰავლუს“ მიმართ და საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 (ხუთი ათასი) ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. სსიპ – შემოსავლების სამსახურს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა. აღნიშნული განჩინება სსიპ – შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 2019 წლის 27 თებერვალს.
2019 წლის 05 მარტს სასამართლოს განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და ითხოვა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღით გაგრძელება. სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაგრძელდა 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღით. აღნიშნული განჩინება განმცხადებელს ჩაბარდა 2019 წლის 12 მარტს.
2019 წლის 28 მარტს, ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების შუამდგომლობით კვლავ მომართა სასამართლოს სსიპ – შემოსავლების სამსახურმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღით. აღნიშნული განჩინება განმცხადებელს ჩაბარდა 2019 წლის 02 აპრილს.
2019 წლის 22 აპრილის განჩინებით კიდევ ერთხელ დაკმაყოფილდა სსიპ – შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე. განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა დამატებით 14 სამუშაო დღე. აღნიშნული განჩინება სსიპ – შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 2019 წლის 25 აპრილს.
2019 წლის 15 მაისს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა და ითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის 14 სამუშაო დღით გაგრძელება. განცხადებაში მითითებული იყო, რომ ,,სასამართლო გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებების აღსრულების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 აგვისტოს № 1640 განკარგულების მიხედვით, შესაბამისი თანხის გადახდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია უფრო ხანგრძლივ დროსთან, ვიდრე ეს სასამართლო განჩინებით არის განსაზღვრული, ამასთან შპს შპს ,,ნურ ჰავლუს“ მიმართ ფინანსური მოთხოვნის დაზუსტების მიზნით, შემოსავლების სამსახურის მიერ მიმდინარეობს მუშაობა და აღნიშნული საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაც საჭიროებდა დამატებით ვადას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განჩინებით, სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 მაისის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვული საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა შპს ,,ნურ ჰავლუს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების მიღებაზე.
აღნიშნული განჩინება სსიპ – შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 2019 წლის 22 მაისს.
2019 წლის 27 და 28 მაისს სასამართლოს კერძო საჩივრებით მომართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და ითხოვა 2019 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განჩინების თანახმად, სსიპ – შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა ზემდგომ სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განჩინებით, სსიპ – შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განჩინება.
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მოვალე შპს ,,ნურ ჰავლუ“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 08 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ნურ ჰავლუს“ წარმომადგენელმა კარიფ გუსეინოვმა და მოითხოვა კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განცხადებაში აღნიშული იქნა, რომ შპს ,,ნურ ჰავლუს" არ აქვს თანხები საბანკო ანგარიშებზე. საწარმოს სახელზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. ამასთან, კომპანია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში და არ აქვს დებიტორული მოთხოვნები. ჰყავს ერთადერთი კრედიტორი შპს ,,რს აუდიტ“, რომლის წინაშე არსებული დავალიანება შეადგენს 15 000 ლარს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს ,,ნურ ჰავლუ“ ვერ უზრუნველყოფდა კრედიტორების და საპროცესო ხარჯების დაფარვას.
განცხადებასთან ერთად შპს ,,ნურ ჰავლუს“ მიერ წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა ამავე განცხადებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
დადგენილია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შპს ,,ნურ ჰავლუს“ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე. 2019 წლის 21 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა და შპს ,,ნურ ჰავლუს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განჩინებით შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა შპს ,,ნურ ჰავლუს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების მიღებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა ელექტრონულ სისტემაში აქვეყნებს: ა) განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ბ) ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.
ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. სასამართლო ამ ინფორმაციას არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა აქვეყნებს ელექტრონულ სისტემაში
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სსიპ – შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა განცხადების მიღებაზე, შპს ,,ნურ ჰავლუ” „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს ,,ნურ ჰავლუ” (ს.ნ 438112089) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს საწარმოს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და ელექტრონულ სისტემაში.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე