საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.07.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №336
სარეგისტრაციო კოდი 420000000.10.003.021354
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/07/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.07.2019 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 29.12.2014
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ „სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №336
2019 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-12 დანართისა და საქართველოს საჰაერო კოდექსის 201 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმა“.
მუხლი 2🔗
„საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმით“ განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობის შესრულების მიზნით შეიქმნას მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ან უფროსის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი – კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ან დირექტორის მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ან დირექტორის მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი – კომისიის წევრი;
საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსი – კომისიის წევრი.
მუხლი 3🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №734 დადგენილება „საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ტერმინთა განმარტება
საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმაში (შემდგომ – გეგმა) გამოყენებულ ტერმინებს, ამ გეგმის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ძებნა-შველის სისტემა – სხვადასხვა უწყების დანაყოფების ტექნიკური და ადამიანური რესურსების ერთობლიობა, რომელთა გამართული და ერთმანეთთან კოორდინირებული ურთიერთმოქმედება ქმნის ძალებისა და საშუალებების ერთობას საძებნ-სამაშველო მომსახურების განსახორციელებლად;
ბ) საავიაციო ძებნა-შველის რაიონი – საფრენოსნო საინფორმაციო რაიონი, რომელშიც სახელმწიფო ვალდებულია, განახორციელოს საფრთხეში მყოფი ადამიანების საძებნ-სამაშველო მომსახურება;
გ) ავარიული სტადია – მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა ვითარებისას აღნიშნავს გაურკვევლობის სტადიას, განგაშის სტადიას და განსაცდელის ჟამს;
დ) საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრი (ARCC) – სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ძებნა-შველის ოპერაციების კოორდინირებაზე, ძებნა-შველის რაიონის საზღვრებში ძებნა-შველის სამსახურების/დანაყოფების სამუშაოების ეფექტურად ჩატარების ხელშეწყობაზე და საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებაზე;
ე) ძებნა – ოპერაცია, რომელიც კოორდინირდება საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის (ARCC) მიერ განსაცდელში მყოფ პირთა ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით;
ვ) შველა – ოპერაცია, რომელიც ტარდება განსაცდელში მყოფი პირების გადასარჩენად, დასახმარებლად, მათთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად და მათ უსაფრთხო ადგილზე გადასაყვანად;
ზ) ძებნა-შველის დანაყოფები – პირები, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, საჰაერო ხომალდები, რომლებიც აღჭურვილნი არიან სპეციალური აღჭურვილობებით და მოწყობილობებით ძებნა-შველის ოპერაციების ეფექტურად განსახორციელებლად;
თ) გაურკვევლობის სტადია – მდგომარეობა, როდესაც გაურკვეველია, ემუქრება ხიფათი საჰაერო ხომალდს და მასზე მყოფ მგზავრს თუ არა;
ი) განგაშის სტადია – ვითარება, როდესაც არსებობს საშიშროება საჰაერო ხომალდის და მასზე მყოფი მგზავრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით;
კ) განსაცდელის ჟამი – ვითარება, როდესაც არსებობს იმის დასტური, რომ საჰაერო ხომალდს და მასზე მყოფ მგზავრს უშუალოდ ემუქრება სერიოზული საფრთხე და საჭიროებს დაუყოვნებლივ დახმარებას;
ლ) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი (FIR) – დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება საფრენოსნო საინფორმაციო მომსახურება და ავარიული შეტყობინება;
მ) საავიაციო ძებნა-შველის ოპერაციების ჩატარებაზე პასუხისმგებლობის რაიონი – რაიონი, სადაც საქართველოს ეკისრება პასუხისმგებლობა ძებნა-შველის ოპერაციების ჩატარებაზე;
ნ) საავარიო – სამაშველო მომსახურება/სამუშაოები – აეროპორტისა და აეროდრომის პასუხისმგებლობის ზონაში, გადაადგილების უნარდაკარგული ან/და მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის მიერ გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის ლოკალიზაციის, ადამიანთა ძებნისა და გადარჩენის, აგრეთვე დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის და, საჭიროების შემთხვევაში, მათი საგანგებო სიტუაციების ზონის გარეთ სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში ევაკუაციის მიზნით შესასრულებელი სამუშაოები.
მუხლი 2🔗. შემოკლებები
გეგმაში გამოყენებულ შემოკლებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) ს/ხ – საჰაერო ხომალდი;
ბ) IAMSAR – ICAO-ს და IMO-ს მიერ შექმნილი საერთაშორისო საავიაციო და საზღვაო ძებნა და შველის სახელმძღვანელო;
გ) MRCC – საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი;
დ) RSC – სამაშველო ქვეცენტრი;
ე) CRS – სანაპირო რადიოსადგური;
ვ) COSPAS SARSAT – საერთაშორისო სატელიტური SAR სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უბედურების შეტყობინების ზუსტ, დროულ და საიმედო გადაცემას – პერსონალური, გემებისა და საავიაციო რადიოტივტივების ადგილმდებარეობის შესახებ ავარიულ სიტუაციებში;
ზ) SRR – ძებნა-შველის რაიონი;
თ) SMC – ძებნა-შველის ოპერაციებისას მოქმედებათა კოორდინატორი;
ი) SAR – ძებნა- შველა;
კ) ELT – ავარიული მიმყვანი რადიოგადამცემი (საავიაციო);
ლ) EPIRB – ავარიული ადგილმდებარეობის იდენტიფიცირების რადიოტივტივა (საზღვაო);
მ) SRU – ძებნა-შველის დანაყოფი;
ნ) AFTN – საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელი;
ო) AFN – საავიაციო ფიქსირებული ქსელი;
პ) MEDICO – სამედიცინო კონსულტაციები რადიოსიხშირეების გადამცემის საშუალებით;
ჟ) JMOC – საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი.
მუხლი 3🔗. საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმის მიზანი და ამოცანები
1. გეგმა შექმნილია საქართველოში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების დროს (მიუხედავად ს/ხ-ის და მასზე მყოფი მგზავრის ეროვნული კუთვნილებისა) განვითარებული საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული შედეგების შემსუბუქებისა და ლიკვიდაციის ერთიანი SAR სისტემის ამოქმედების, SAR სისტემაში მონაწილე ყველა რგოლის საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფის, ამ სიტუაციაში ადამიანთა მსხვერპლის თავიდან აცილების და მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.
2. გეგმის ამოცანას წარმოადგენს სრულყოფილი საავიაციო საძებნ-სამაშველო მომსახურების უზრუნველყოფა, მათ შორის:
ა) ძებნა-შველის ოპერაციების კოორდინირების ხელშეწყობა;
ბ) ძებნა-შველის ოპერაციების განსახორციელებლად, ყველა ხელმისაწვდომი რესურსის ეფექტური გამოყენება;
გ) ძებნა-შველის ოპერაციებში მონაწილე მხარეების განსაზღვრა და ურთიერთქმედებების კოორდინაცია, მათი თანამშრომლობის გაუმჯობესება;
დ) საძებნ-სამაშველო მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელი ტექნიკური შესაძლებლობების განსაზღვრაში დახმარების აღმოჩენა;
ე) საავიაციო ძებნა-შველის ოპერაციებთან დაკავშირებით ურთიერთქმედების, კოორდინაციისა და სამუშაოების განხორციელების განსაზღვრა, დადგენა და მონაწილე მხარეებს შორის, საავიაციო მოვლენის შედეგად გადარჩენილების თავდაპირველი მხარდაჭერისა (საკვებით, ტანსაცმლით, სამედიცინო დამხარებით და სხვა) და მათი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფა.
მუხლი 4🔗. საავიაციო ძებნა-შველის ოპერაციების ხელშეწყობა
1. საქართველოში რეგისტრირებული ყველა სამოქალაქო საფრენი საშუალება საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის (ARCC) მოთხოვნისას, წინასწარ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლებელია ჩართულ იქნეს ძებნის, შველის და/ან საძებნ-სამაშველო მომსახურებაში. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწდომი უნდა იყოს საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრისათვის, რომელიც გადამზიდველებთან და ექსპლუატანტებთან კოორდინირებით არჩევს ს/ხ-ებს სამაშველო და პირველადი დახმარების, საკვები რაციონის, კავშირგაბმულობის საშუალებების და სხვა საჭირო საშუალებების გადასაზიდად.
2. საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიები, მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებები, თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით, დაუყოვნებლივ ან ძებნა-შველის ოპერაციების მიმდინარეობის პროცესში საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის ARCC-თან წინასწარ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, საჭიროებისამებრ ერთვებიან ძებნა- შველის ოპერაციებში.
3. საავიაციო შემთხვევის და ინციდენტების მოკვლევის ხელშეწყობის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ძებნა-შველის ოპერაციების მიმდინარეობის პროცესში ერთვება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.
4. საქართველოს საზღვაო სივრცეში მომხდარი შემთხვევებისა და ინციდენტის დროს ძებნა-შველის ოპერაციების მიმდინარეობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში JMOC ერთვება როგორც დამხმარე, მხარდამჭერი მექანიზმი და უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების შეთანხმებულ მოქმედებასა და სახელმწიფო რესურსების ოპტიმალურად გამოყენებას.
მუხლი 5🔗. საავიაციო ძებნა-შველის ოპერაციების ჩატარებაზე პასუხისმგებლობის რაიონი
1. საავიაციო ძებნა-შველის ოპერაციები ხორციელდება საქართველოს FIR-ში, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს საავიაციო SRR-ს და საქართველოს საზღვაო საზღვრებში, რომელიც წარმოადგენს საზღვაო SRR-ს.
2. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საზღვაო ზონებისა და მათ ზემოთ არსებული საჰაერო სივრცეზე, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
3. ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მარცხგანცდილ ს/ხ-ში მყოფი ადამიანების შველისა და მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ახორციელებენ გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას დაზარალებულ მოსახლეობას უზრუნველყოფენ საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოთხოვნილების საგნებით, არ ვრცელდება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკრძალვა და განსაზღვრული პასუხისმგებლობა.
4. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების სამუშაოების განხორციელების მიზნით (მათ შორის, მოსახლეობის მომარაგება საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოთხოვნილების საგნებით) ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და ამ ტერიტორიებიდან გასვლის შესახებ შესაბამისი ორგანოების შეტყობინება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II. SAR სისტემა, მისი შემადგენლობა, სტრუქტურა და ორგანიზება
მუხლი 6🔗. SAR სისტემის პასუხისმგებელი ორგანოები და SAR სისტემის ზედამხედველობა
1. საავიაციო ძებნა-შველის ოპერაციებში მონაწილე პასუხისმგებელი ორგანოებია:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (შემდგომში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური);
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – ავიაციის სააგენტო);
ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – საზღვაო სააგენტო);
ვ) შპს „საქაერონავიგაცია“;
ზ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტებსა და აეროდრომებთან არსებული საავარიო სამაშველო სამსახურები;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (შემდგომ – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია);
ი) ავიაკომპანიები და ყველა ის იურიდიული პირი, რომელიც განსაზღვრულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. SAR სისტემის ფუნქციონირებაზე ზედამხედველობას ახორციელებს მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია.
3. სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“ თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებას საჰაერო სივრცის შეზღუდვაზე, გამოყენებაზე დააკრძალვაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის სფეროში ჩართული მონაწილე მხარეების ზედამხედველობას და კონტროლს.
მუხლი 7🔗. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია
მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომ – კომისია) მიზნები და ამოცანებია:
ა) უზრუნველყოს შეთანხმებული საავიაციო ძებნა-შველის ოპერაციებზე რეაგირების გეგმის დანერგვა, ამ გეგმის რეალურ დროში/მუშა პროცესში ტესტირება, მის განხორციელების მზადყოფნაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს ურთიერთობა იმ უცხო სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც სთავაზობენ ქვეყნებს საძებნ-საავარიო-სამაშველო სამუშაოებს;
გ) ხელი შეუწყოს სამოქალაქო და სამხედრო ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ეფექტური ძებნა-შველის ოპერაციების განსახორციელებლად;
დ) უზრუნველყოს საერთაშორისო SAR სტანდარტების დანერგვა და ჰარმონიზაცია როგორც საავიაციო, ისე საზღვაო SAR სისტემებში;
ე) განსაზღვროს და დაადგინოს SAR მომსახურების ეფექტურობის და შედეგიანობის ამაღლების გზები;
ვ) ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ეფექტურობის და შედეგიანობის ამაღლების გზების დასადგენად განახორციელოს SAR მომსახურების ეფექტურობის და შედეგიანობის პერიოდული შეფასება IAMSAR-ის სახელმძღვანელოს გამოყენებით;
ზ) უზრუნველყოს რეაგირების გეგმის შესასრულებლად კოორდინაციის განხორციელება;
თ) პერიოდულად განახორციელოს გეგმის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში, მოამზადოს ცვლილებები;
ი) განიხილოს და შეისწავლოს მომხდარი შემთხვევები და ინციდენტები, მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები;
კ) ხელი შეუწყოს ყველა არსებული საშუალების ეფექტურ გამოყენებას SAR მიზნებისთვის.
მუხლი 8🔗. კომისიის ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც:
ა) უძღვება კომისიის საქმიანობას;
ბ) კომისიის მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;
გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
დ) უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს;
ე) აწვდის ინფორმაციას საქართველოს მთავრობას კომისიის შემადგენლობის შესახებ, მათ შორის კომისიის შემადგენლობის ცვლილების შემთხვევაში;
ვ) უზრუნველყოფს ამ გეგმით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას და ამ შესრულებასთან დაკავშირებით, საჭიროებისამებრ, ორ წელიწადში ერთხელ, ანგარიშის საქართველოს მთავრობისთვის მომზადებასა და წარდგენას. კერძოდ, SAR სისტემის გამართულობაზე, SAR სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებზე, ამ ნაკლოვანებების გამოსწორების გზებზე, SAR სისტემის დახვეწაზე და მის განვითარებაზე.
2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
5. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიაზე დამსწრე წევრები და კომისიის მდივანი. ოქმში, სულ მცირე, უნდა აისახოს:
ა) კომისიის ნებისმიერი წევრის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი;
ბ) გაწეული სამუშაოს შესახებ მოკლე ინფორმაცია;
გ) დროში გაწერილი დაგეგმილი ქმედებები.
7. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებაზე პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარე. სხდომის ოქმის ასლი ეგზავნება საქართველოს მთავრობას.
8. კომისიას თავისი საქმიანობის განსახორციელებლად შეუძლია შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა. სამუშაო ჯგუფის წევრებად შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სახელმწიფო ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ასევე, სხვა პირები, რომელთა საქმიანობა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავშირებულია საძებნ-სამაშველო მომსახურებასთან.
9. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამდივნოს და სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლას და კომისიის სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას.
10. კომისია იკრიბება, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ კომისიის თავმჯდომარის უწყებაში. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 9🔗. კომისიის სამდივნო
1. კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო.
2. კომისიის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
3. კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელობს კომისიის მდივანი.
მუხლი 10🔗. საავიაციო ძებნა-შველის, საავარიო სამაშველო და სხვა საკოორდინაციო ცენტრები
1. ARCC შექმნილია შპს „საქაერონავიგაციაში“ 24-საათიანი მუშაობის რეჟიმით, წარმოადგენს მის სტრუქტურულ ერთეულს და პასუხისმგებელია საავიაციო ძებნა-შველის ოპერაციებისას საძებნი და, საჭიროების შემთხვევაში, სამაშველო საკოორდინაციო საქმიანობის განხორციელებაზე.
2. MRCC წარმოადგენს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს.
3. საავიაციო საავარიო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრები შექმნილია საქართველოს საერთაშორისო და ადგილობრივ სერტიფიცირებულ აეროპორტებში და აეროდრომებზე.
4. შესაბამისი საკოორდინაციო ცენტრების მუშაობაში მონაწილეობას იღებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირები.
მუხლი 11🔗. საავიაციო მეტეოროლოგიური სამსახური
შპს „საქაერონავიგაციის“ მეტეოროლოგიური სამსახური ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრს აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას „ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ XIX თავის 114–ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 12🔗. ძებნა-შველის ოპერაციებში ნებაყოფლობით ჩართული ორგანიზაციები
ყველა ის პირი, რომელიც ნებაყოფლობით იღებს მონაწილეობას საძებნ-სამაშველო მომსახურების განხორციელებაში, პირდაპირ დაქვემდებარებაშია სახელმწიფოს მიერ დანიშნული შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ძებნა-შველის დანაყოფებთან.
მუხლი 13🔗. ძებნა-შველის ოპერაციების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოები
1. იმ შემთხვევაში, თუ ს/ხ განიცდის კატასტროფას ხმელეთის ზედაპირზე, ინფორმაციის მიღებიდან კატასტროფის ადგილმდებარეობის პოვნამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან ერთად, ARCC დახმარებით ახორციელებს ძებნას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საქართველოში რეგისტრირებული ავიკომპანიები (ARCC-სთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე) ახორციელებენ პირველადი დახმარების საშუალებების მიწოდებას (ხმელეთზე და/ან წყლის ზედაპირზე). ხმელეთზე სამაშველო ოპერაციების განხორციელება და ამ ოპერაციებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანოებს. საჭიროების შემთხვევაში, ARCC ახორციელებს კოორდინაციას მეზობელ RCC-ებთან.
2. იმ შემთხვევაში, თუ ს/ხ განიცდის საავიაციო შემთხვევას ზღვაზე, ARCC და MRCC, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით და საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან ერთად, ახორციელებენ ძებნას. სახელმწიფოს მიერ დანიშნული შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანო, ავიაკომპანიები, სანაოსნო კომპანიები და MRCC ახორციელებენ პირველადი დახმარების საშუალებების მიწოდებას (წყლის ზედაპირზე). სამაშველო ოპერაციების განხორციელება და ამ ოპერაციებზე პასუხისმგებლობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეკისრება MRCC-ს და სახელმწიფოს მიერ დანიშნულ შესაბამის პასუხისმგებელ ორგანოს. საჭიროების შემთხვევაში, ARCC და MRCC ახორციელებენ კოორდინაციას მეზობელ RCC-ებთან.
3. იმ შემთხვევაში, თუ ინციდენტი ან შემთხვევა მოხდა სერტიფიცირებული აეროპორტის ტერიტორიაზე და/ან აეროპორტთან მდებარე წყალსაცავებთან – სამაშველო სამუშაოებს და ამ სამუშაოების კოორდინაციას ახორციელებენ აეროპორტის „აეროდრომის საავარიო-სამაშველო რაზმი“ და აეროპორტთან არსებული საავარიო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი აეროპორტის „საავარიო ვითარებისას მოქმედების გეგმის“ შესაბამისად.
თავი III. საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრი
მუხლი 14🔗. ARCC-ს ფუნქცია-მოვალეობები
1. საკოორდინაციო ცენტრის ფუნქციაა განახორციელოს საძებნი და, საჭიროების შემთხვევაში, სამაშველო საქმიანობის კოორდინირება საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის დროს, მოახდინოს შესაბამისი შეტყობინების გადაცემა ამ გეგმის მე-2 დანართის შესაბამისად.
2. საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია საკოორდინაციო ცენტრის მუდმივ მზადყოფნაზე.
3. საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომლები უნდა იყვნენ გამოცდილები და/ან მომზადებულები ძებნა-შველის ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად, რაზედაც პასუხისმგებელია საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელობა.
4. საავიაციო მოვლენის მოლოდინის რეჟიმის ან მოვლენის დროს, საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომლებს, შესაძლებელია, საჭიროების შემთხვევაში, დახმარების მიზნით დაემატოს დამხმარე პერსონალი იმ მოთხოვნილების შესაბამისად, რომელიც წარმოიშვა კონკრეტულ მომენტში.
მუხლი 15🔗. ARCC-ს აღჭურვილობა და დოკუმენტაცია
საკოორდინაციო ცენტრი უზრუნვეყოფილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაციითა და აღჭურვილობით:
ა) „სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის დანართები: 6, 9, 10, 11, 12, 13, 16; საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული, საგანგებო სიტუაციების საერთაშორისო კოდებისა და სიგნალების კრებული, საერთაშორისო სააერნაოსნო და საზღვაო ძებნა და შველის სახელმძღვანელო (IAMSAR), შესაბამისი შიდა სახელმწიფოებრივი სამართლებრივი აქტები და სხვა საჭირო დოკუმენტაცია;
ბ) სხვადასხვა მასშტაბის რუკები და სქემები;
გ) კომპიუტერები, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით და მონაცემთა ბაზით, საბეჭდი საშუალებები, კავშირგაბმულობის საშუალებები;
დ) ინსტრუქციები, დებულებები, წიგნები და/ან ჟურნალები სპეციალური ჩანაწერებისთვის;
ე) შესაბამისი საავარიო სიხშირეები და ამ სიხშირეების გამოყენებისათვის საჭირო აღჭურვილობა;
ვ) უწყვეტი და ხარისხიანი კავშირი MRCC-თან COSPAS-SARSAT-ის შეტყობინების მისაღებად;
ზ) უწყვეტი (სატელეფონო, ფაქსით და ელ.ფოსტით) კავშირი MRCC-სთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან და JMOC-თან, აეროპორტებთან და აეროდრომებთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, ძებნა-შველის ოპერაციებში მონაწილე დანაყოფებთან;
თ) სრულფასოვანი ძებნა-შველის ოპერაციების კოორდინირების სახელმძღვანელო, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს;
ი) SAR სისტემაში მონაწილე ორგანიზაციების გეგმები, სახელმძღვანელოები, ბრძანებები, რომლებიც დაკავშირებულია ძებნა-შველასთან;
კ) თანამშრომლობის შეთანხმება/ხელშეკრულება მეზობელი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან და ამ გეგმის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებთან. შეთანხმება/ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს ამ გეგმის მე-3 დანართით განსაზღვრულ ინფორმაციას;
ლ) საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომელთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო გეგმები;
მ) თანამდებობრივი ინსტრუქციები;
ნ) საქართველოში რეგისტრირებული ყველა ს/ხ-ის მესაკუთრის მონაცემთა ბაზა;
ო) იმ ავიაკომპანიების წარმომადგენლების მონაცემთა ბაზა, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ ს/ხ-ს საქართველოს საჰაერო სივრცეში და/ან ასრულებენ ფრენებს საქართველოს ტერიტორიაზე;
პ) ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც ეხება:
პ.ა) საძებნ-სამაშველო დანაყოფების სამუშაო საათებს;
პ.ბ) იმ საავარიო-სამაშველო მოწყობილობების ადგილმდებარეობას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მიეწოდებათ დაზარალებულებს;
პ.გ) იმ ობიექტების მონაცემები, რომლებიც შეიძლება შეცდომით იყოს მიჩნეული, დაკარგული ან ამოუცნობი ს/ხ-ის ნამსხვრევებად.
მუხლი 16🔗. ARCC-ის ქმედებები პირველადი შეტყობინებების მიღებისას და საგანგებო/საავარიო ვითარების გამოცხადებისთანავე
1. ARCC-მ პირველადი შეტყობინების მიღებისთანავე უნდა მოიძიოს ყველა არსებული ინფორმაცია და მის საფუძველზე მოახდინოს ვითარების შეფასება და ოპტიმალური კომპლექსური ზომების გატარება, SAR საშუალებების დროულად მოქმედებაში მოყვანის და განსაცდელში ადამიანების პოვნისა და გადარჩენის მიზნით მაქსიმალურად მოკლე დროში.
2. ნებისმიერი განგაშისას საავიაციო საკოორდინაციო ცენტრის შემადგენლობამ უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) დაიწყოს დოკუმენტაციის წარმოება;
ბ) მოამზადოს შესაბამისი მონაცემები, რუკები, მასალები და სხვა დოკუმენტები შესაბამისი სქემების შესადგენად;
გ) გადაამოწმოს არსებული SAR რესურსები;
დ) მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:
დ.ა) განგაშის სიგნალის წყარო/მომწოდებელი;
დ.ბ) ინციდენტის ტიპი;
დ.გ) განგაშის სიგნალის მომწოდებელთან დაკავშირების შესაძლებლობა;
დ.დ) მდებარეობა მარშრუტზე, საფრენოსნო გეგმა, ბოლო მოწოდებული მდებარეობა და გამოყენებული რადიოსიხშირე;
დ.ე) ინციდენტის დრო;
დ.ვ) ს/ხ-ის ტიპი;
დ.ზ) ადამიანების რაოდენობა სხ-ზე;
დ.თ) ტვირთის ტიპი;
დ.ი) მოთხოვნილი დახმარების უზრუნველყოფა, ასეთის შემთხვევაში;
დ.კ) ეკიპაჟის განზრახვა;
დ.ლ) კავშირგაბმულობა;
დ.მ) ამინდის გადამოწმება (წინასწარი, იმ მომენტისთვის, პროგნოზი);
დ.ნ) სამაშველო აღჭურვილობის და სხვა აუცილებელი პირველადი დახმარების მოთხოვნა;
დ.ო) ყველა მიღებული ინფორმაციის გადამოწმება და საჭირო ინფორმაციის მოპოვება;
დ.პ) MRCC-ის ამოქმედებასთან დაკავშირებით მათთვის, საავიაციო შემთხვევასთან/ინციდენტთან დაკავშირებული ყველა ხელთარსებული ინფორმაციის გადაცემა და ძებნა- შველის ოპერაციებში დახმარების აღმოჩენა.
მუხლი 17🔗. ავარიული მდგომარეობის სტადიები
ავარიულ შეტყობინებებს, საკოორდინაციო ცენტრში შემოსვლისთანავე, მიეკუთვნება ავარიული მდგომარეობის სტადია, რომელიც არის სამი ტიპის და რის საფუძველზეც ხორციელდება შემდგომი ქმედებები:
ა) გაურკვევლობის სტადია (INCERFA), შემთხვევა, როცა ცნობილია ვითარება, რომელიც მოითხოვს მის განვითარებაზე დაკვირვებას და დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას, მაგრამ არ ითხოვს რესურსების აქტივირებას და ძებნა-შველის ოპერაციების განხორციელებას. ს/ხ-ის ან მასზე მყოფი პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენისას ან თუ ს/ხ არ მოფრინდა გაანგარიშებულ დროს, აუცილებელია სიტუაციის შესწავლა და ინფორმაციის შეკრება. მიმდინარე სტადია მითითებული უნდა იყოს ყველა SAR შეტყობინებებში დაინტერესებული მხარეებისათვის, რათა მოხდეს მზადყოფნა შემდგომი ღონისძიებებისათვის. ს/ხ-ებთან დაკავშირებით გაურკვევლობის სტადია ცხადდება, როდესაც ადგილი აქვს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ შემთხვევას:
ა.ა) ს/ხ-დან არ არის მიღებული არანაირი ცნობა 30 წუთის განმავლობაში იმ მომენტიდან, როდესაც შეტყობინება უნდა შემოსულიყო, ან პირველი უშედეგო კავშირიდან, იმის მიხედვით, თუ რა მოვლენა განვითარდა უფრო ადრე;
ა.ბ) კავშირის დამყარების შემდგომი მცდელობისას ან სხვა შესაბამისი წყაროებიდან ვერ მოხერხდა ვერანაირი ინფორმაციის მიღება ს/ხ-ის შესახებ;
ა.გ) ს/ხ არ მოფრინდა მის მიერ ბოლო კავშირისას გაცხადებული დროის ან მისი მოფრენის გაანგარიშებული დროიდან 30 წუთის განმავლობაში, იქიდან გამომდინარე, თუ რა მოვლენა განვითარდა მოგვიანებით. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ეჭვგარეშეა ს/ხ-ის და მასზე მყოფი პირების უსაფრთხოება, ან არის ეჭვი, რომ ს/ხ გახდა უკანონო ჩარევის ობიექტი;
ბ) განგაშის სტადია (ALERFA) ცხადდება, როდესაც ადგილი აქვს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ შემთხვევას:
ბ.ა) განრიგით გათვალისწინებულ დროს ს/ხ-ის მოფრენის შეუსრულებლობისას, როდესაც კავშირგაბმულობისა და სხვა საშუალებებით ვერ მოხერხდა ს/ხ-თან დაკავშირება და მისი ადგილმდებარეობის გარკვევა;
ბ.ბ) ს/ხ-მა, რომელმაც მიიღო დაფრენის ნებართვა, არ განახორციელა დაფრენა გაანგარიშებული დროიდან 5-წთ-ის განმავლობაში და აღნიშნულ ს/ხ-თან კავშირი კვლავ არ დამყარებულა;
ბ.გ) მიღებულია ინფორმაცია ს/ხ-ის საექსპლუატაციო მდგომარეობის გაუარესების შესახებ, იმდენად რომ შესაძლო იყოს ავარიული დაფრენა (გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც არსებობს მონაცემები ს/ხ-ის და მასზე მყოფი პირების საფრთხის აღმოფხვრის შესახებ), ან როდესაც ცნობილია ან არის ეჭვი, რომ ს/ხ გახდა უკანონო ჩარევის ობიექტი;
გ) განსაცდელის ჟამი (DETRESFA), ცხადდება, როდესაც დადასტურებულია, რომ ს/ხ-ს ან მასზე მყოფ პირებს ემუქრება საფრთხე და საჭიროებენ დაუყოვნებლივ დახმარებას. ს/ხ-თან დაკავშირებით განსაცდელის ჟამი ცხადდება, როდესაც:
გ.ა) განგაშის სტადიის დადგომის შემდეგ, ს/ხ-თან კავშირის დამყარების შემდგომი მცდელობისას ან სხვა შესაბამისი წყაროებიდან ვერ მოხერხდა ვერანაირი ინფორმაციის მიღება, რაც იმის მანიშნებელია, რომ აღნიშნული ს/ხ იმყოფება განსაცდელში; ან როდესაც:
გ.ბ) განგაშის ჟამის დადგომის შემდეგ, ს/ხ-თან კავშირის დამყარების დამატებითი წარუმატებელი მცდელობა ან ინფორმაციის მოძიების უფრო ფართომასშტაბიანი უშედეგო მცდელობები მიუთითებს ს/ხ-ის განსაცდელში ყოფნის ალბათობას;
გ.გ) მიჩნეულია, რომ ს/ხ-ზე საწვავის მარაგი არასაკმარისია უსაფრთხო ადგილამდე მისაღწევად;
გ.დ) მიღებულია ინფორმაცია ს/ხ-ის საექსპლუატაციო მდგომარეობის ისეთი გაუარესების შესახებ, რომ შესაძლოა იძულებითი დაფრენის განხორციელება; ან როდესაც:
გ.ე) მიღებულია ინფორმაცია ან არის მტკიცებულება იმისა, რომ ს/ხ-მა შეასრულა ან აპირებს იძულებით დაფრენას. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც არის დასაბუთებული ინფორმაცია, რომ ს/ხ-ს და მასზე მყოფ პირებს არ ემუქრება სერიოზული და უშუალო საფრთხე და არ საჭიროებენ დაუყოვნებლივ დახმარებას.
მუხლი 18🔗. საწყისი ქმედებები გაურკვევლობის სტადიის დროს
1. გაურკვევლობის სტადიის გამოცხადებისას საკოორდინაციო ცენტრმა:
ა) საჭიროების შემთხვევაში, უნდა გადაამოწმოს ინფორმაცია, თუ ეს არ გამოიწვევს მნიშვნელოვან შეყოვნებას;
ბ) მოიძიოს ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მარშრუტის აღდგენა, გამოფრენის და დაფრენის დროის გაანგარიშება, იმ შემთხვევაში, თუ ფრენის გეგმა არ იყო წარმოდგენილი და არ არსებობს ინფორმაცია ს/ხ-ის მეთაურის განზრახვაზე;
გ) იქონიოს კავშირი შესაბამის სააერნოსნო მომსახურების სამსახურებთან იმ მიზნით, რომ მოხდეს უახლესი ინფორმაციის მოპოვება, რუკაზე ს/ხ-ის ადგილმდებარეობის და მისი მარშრუტის დანიშვნა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. ასევე, უზრუნველყოს მოქმედებების დუბლირების თავიდან აცილება;
დ) დანიშნოს რუკაზე შესაბამისი ს/ხ-ის ფაქტობრივი მარშრუტი საბოლოო დაშვების ცნობილ წერტილამდე და მისი სამომავლო გაანგარიშებული მარშრუტი არსებული ინფორმაციის საფუძველზე;
ე) განახორციელოს ძებნა კავშირგაბმულობის საშუალებებით.
2. იმ შემთხვევაში, როცა ყველანაირი მოპოვებული ინფორმაციით დადგინდება, რომ ს/ხ არ განიცდის გასაჭირს, საკოორდინაციო ცენტრი აცხადებს ინციდენტის შეწყვეტას და დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის ორგანოებს, რომლებისთვისაც გაგზავნილი იყო სათანადო შეტყობინება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაურკვევლობის სტადია გადაიზრდება განგაშის სტადიაში.
მუხლი 19🔗. საწყისი ქმედებები განგაშის სტადიის დროს
1. განგაშის სტადია ცხადდება ARCC-ის მიერ.
2. განგაშის სტადიის გამოცხადებისთანავე, დაუყოვნებლივ ხდება შესაბამისი ორგანოების, დანაყოფების და სამსახურების შეტყობინება (იხ. დანართი №2), რის შედეგადაც ხდება SAR-ის ყველა საშუალების მზადყოფნაში მოყვანა.
3. განგაშის სტადიისას ARCC ვალდებულია:
ა) შეასრულოს აუცილებელი მოქმედებები და განაგრძოს ყველა დაუსრულებელი ქმედება, რომელიც ჰქონდა დაწყებული გაურკვევლობის სტადიისას. კერძოდ, დარწმუნდეს იმაში, რომ დანიშნულები არიან SMC და ყველა დაინტერესებული მხარე არის ინფორმირებული ამის შესახებ;
ბ) დააფიქსიროს ყველა შემოსული ინფორმაცია და შეტყობინება ყველა განვითარებულ მოვლენაზე;
გ) გადაამოწმოს მიღებული ინფორმაცია;
დ) მიიღოს ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ ს/ხ-ს, განახორციელოს მჭიდრო კავშირი შესაბამის საჰაერო მომსახურების ორგანოებთან, სანაპირო რადიოსადგურებთან, იმისათვის რომ ოპერატიულად იყოს მიღებული ინფორმაცია სხვა საჰაერო და საზღვაო ხომალდებიდან, თვითმხილველებისგან, დაუყოვნებლივ სიტუაციის შესაბამისი შეფასებისათვის და აგრეთვე მოქმედებების დუბლირების თავიდან აცილებისათვის;
ე) დაიტანოს დეტალური მონაცემები შესაბამის რუკაზე და/ან სქემაზე, რათა მოხდეს ს/ხ-ის სავარაუდო ადგილმდებარეობის განსაზღვრა. აგრეთვე, იმ საჰაერო და/ან საზღვაო ხომალდების ადგილმდებარეობის განსაზღვრა რომელზეც ცნობილია, რომ იმყოფება გასაჭირში მყოფი ს/ხ-ის სიახლოვეს;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, დაიწყოს საძიებო სამუშაოების დაგეგმვა და ამაზე შეატყობინოს შესაბამის საჰაერო მომსახურების ორგანოებს და CRS-ს;
ზ) თუ ეს შესაძლებელია, მიაწოდოს ყველა ხელთარსებული ინფორმაცია ს/ხ-ის მესაკუთრეს.
4. იმ შემთხვევაში, თუ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ს/ხ არ განიცდის გასაჭირს, ARCC აცხადებს ინციდენტის შეწყვეტას და დაუყოვნებლივ ატყობინებს ყველა მონაწილე მხარეს.
5. თუ ყველა ძალისხმევის დასრულების მომენტამდე ს/ხ არ იქნა აღმოჩენილი ან გამოთვლილი საწვავის მარაგის სავარაუდო დრო ამოიწურა, შეიძლება ჩაითვალოს რომ ს/ხ-ს და მასში მყოფ პირებს ემუქრებათ სერიოზული საფრთხე. ამის შემდგომ განგაშის სტადია გადაიზრდება განსაცდელის ჟამის სტადიაში.
6. გადაწყვეტილება განსაცდელის ჟამის სტადიის დადგომაზე მიღებული უნდა იქნეს გონივრულ დროში, ზედმეტი დაგვიანების გარეშე და არსებული პრაქტიკის და გამოცდილების გათვალისწინებით.
მუხლი 20🔗. საწყისი ქმედებები განსაცდელის ჟამს
1. განსაცდელის ჟამს აცხადებს ARCC.
2. განსაცდელის ჟამის გამოცხადებისთანავე, ARCC-მ უნდა უზრუნველყოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
ა) შეუდგეს ყველა აუცილებელი მოქმედების შესრულებას და განგაშის ჟამს დაწყებული დაუსრულებელი ქმედებების გაგრძელებას. დარწმუნდეს იმაში, რომ დანიშნულია ყველა SMC და ყველა დაინტერესებული მხარე არის ინფორმირებული;
ბ) შეისწავლოს მოქმედებების დეტალური გეგმა, რომელიც შემუშავებულია SAR ოპერაციების ჩასატარებლად შესაბამის რაიონში;
გ) განსაზღვროს SAR საშუალებების მზადყოფნა SAR ოპერაციების განსახორციელებლად და შეეცადოს მიიღოს დამატებითი საშუალებები, თუ მოსალოდნელია, რომ ასეთი მოთხოვნა შესაძლებელია გაჩნდეს;
დ) დაადგინოს განსაცდელში მყოფი ს/ხ-ის გაანგარიშებული ადგილმდებარეობა, შეაფასოს ამ ადგილმდებარეობის გაურკვევლობის ხარისხი და განსაზღვროს SRR-ს ფართობი, რომლის ფარგლებშიც აუცილებელია განხორციელდეს ძებნა;
ე) SAR ოპერაციების განხორციელებისათვის გარემოებების მიხედვით, შეიმუშაოს SAR ოპერაციის კოორდინაციის გეგმები, რომლებიც შეთანხმდება და დაეგზავნება შესაბამის მხარეებს;
ვ) შეუდგეს დაგეგმილ ქმედებებს და გეგმის შესაბამისი დეტალები შეატყობინოს:
ვ.ა) საჰაერო მომსახურების ორგანოს ან CRS განსაცდელის ჟამში მყოფი ს/ხ-სათვის და SAR რესურსებისათვის შესატყობინებლად;
ვ.ბ) ყველა RCC-ს და RSC-ს, რომლებიც განლაგებულნი არიან იმ მარშრუტის გასწვრივ, რომელზეც ახორციელებდა ფრენას განსაცდელის ჟამში მყოფი ს/ხ და აგრეთვე, მათ რომელთა SRR მოქმედების მაქსიმალური რადიუსი მოიცავს ს/ხ-ის ბოლო ცნობილ ადგილმდებარეობას;
ზ) ოპერაციების განვითარების პროცესში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები გეგმაში საჭიროებისამებრ;
თ) შეატყობინოს ს/ხ-ის რეგისტრაციის ქვეყანას, ს/ხ-ის მესაკუთრეს;
ი) შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს, რომლებიც ახორციელებენ საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევას;
კ) ადრეულ სტადიაში დაუკავშირდეს იმ ორგანოებს/პირებს, რომლებიც უშუალოდ არ არიან ჩართული SAR ოპერაციებში, მაგრამ აქვთ შესაძლებლობა განახორციელონ დახმარება, თხოვნით:
კ.ა) განახორციელონ იმ სიხშირული არხების მოსმენა, რომლითაც ხორციელდება საავარიო შეტყობინებების გადაცემა და გადაამოწმონ თუ არის მიღებული განსაცდელში მყოფი ხომალდის ELT-დან ავარიული შეტყობინება;
კ.ბ) განსაცდელის ჟამში მყოფ ს/ხ-ს შესაძლებლობის ფარგლებში გაუწიონ მაქსიმალური დახმარება;
კ.გ) შეატყობინონ ARCC-ს ყველა განვითარებული მოვლენის შესახებ;
3. მარცხგანცდილი ს/ხ-ის ადგილმდებარეობის დადგენის და განსაცდელში მყოფი მგზავრების გადარჩენის დადასტურებისას, ARCC წყვეტს SAR ოპერაციას, აცხადებს SAR ოპერაციებს დასრულებულად, დაუყოვნებლივ ატყობინებს ს/ხ-ის ექსპლუატანტს, წყაროს, რომლისგანაც შემოვიდა ინფორმაცია და ყველა იმ ორგანოს, რომელთანაც იყო გაგზავნილი შეტყობინება.
თავი IV. SAR სისტემის დამატებითი მოთხოვნები
მუხლი 21🔗. კავშირგაბმულობა
1. საკოორდინაციო ცენტრი და SAR ოპერაციებში მონაწილე დანაყოფები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ხარისხიანი კავშირგაბმულობით.
2. საკოორდინაციო ცენტრი და SAR ოპერაციებში მონაწილე დანაყოფების კოორდინატორები, ძებნა-შველის ოპერაციების განხორციელებისას, მუშაობენ ერთ საავარიო სიხშირეზე და უზრუნველყოფილნი არიან შესაბამისი კავშირგაბმულობის საშუალებებით.
3. ოპერაციების ჩატარებისას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მითითებული უნდა იყოს სიხშირეები, რომლებიც გამოყენებული იქნება შემდეგი მიზნებისთვის: ოპერაციების მართვა, ოპერაციების ჩატარების ადგილზე კავშირი, მიმდინარე კონტროლი, მიმყვანის სიგნალების გადაცემა და საზოგადოებასთან ურთიერთობა.
4. სიხშირეები უნდა იყოს გამოყოფილი და გამოქვეყნებული ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში.
5. ოპერაციების ჩატარების ადგილზე კავშირისათვის აუცილებელია გამოიყოს ძირითადი და სათადარიგო სიხშირეები.
მუხლი 22🔗. ძებნა-შველის ოპერაციების ჩატარებისას გამოყენებული სიხშირეები
1. საერთაშორისო სიხშირე, რომელიც გამოიყენება COSPAS SARSAT სისტემაში ELT-დან და EPIRB-დან ავარიული შეტყობინებების მისაღებად არის 406 მჰც;
2. ძებნა-შველის ოპერაციების რაიონში ავარიული შეტყობინებებისთვის, მიმყვანი სიგნალების გადასაცემად და ძებნა-შველის ოპერაციების ადგილზე კავშირის წარმოებისათვის გამოიყენება 121.5 მჰც, 123,1 მჰც, 156.8 მჰც, 156.3 მჰც.
3. ძებნა-შველის ოპერაციების რაიონში რადიოკავშირის წარმოებისათვის ერთჯერადი რადიოგადამცემების სიხშირეს წარმოადგენს 123,1 მჰც.
4. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, შესაძლებელია გამოიყოს დამატებითი რადიოსიხშირე.
მუხლი 23🔗. ძებნა-შველის ოპერაციებში მონაწილე პერსონალი
1. ARCC-ის, SAR სისტემაში მონაწილე სხვა საკოორდინაციო ცენტრის და SAR სისტემის შემადგენლობაში მყოფი ყველა დანაყოფის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მათ დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფების კვალიფიცირებული და გამოცდილი პერსონალით დაკომპლექტებაზე.
2. ARCC-ის პერსონალი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას სამუშაო დონეზე და გააჩნდეს რადიოსატელეფონო კავშირის წარმართვის გამოცდილება.
მუხლი 24🔗. სწავლებები და საწვრთნელი ვარჯიშები
1. SAR დანაყოფების ხელმძღვანელები პასუხისმგებლები არიან შექმნან სასწავლო პროგრამები და ჩაატარონ სწავლებები შესაბამისი მეთოდიკითა და პროცედურებით.
2. საკოორდინაციო ცენტრის, ასევე SAR დანაყოფების პერსონალის სწავლებები უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად საკითხებს: საერთაშორისო მოთხოვნები, ვალდებულებები და კონვენციები; საქართველოს კანონმდებლობა ძებნა-შველის, მათ შორის აეროპორტების საავარიო-სამაშველო საკითხებში; SAR მეთოდები, აღჭურვილობა, პროცედურები, მოქმედებების კოორდინაცია; დახმარების გაწევა SAR ოპერაციებისას; დანაყოფებს შორის ურთიერთანამშრომლობა და კოორდინაცია; ინფორმაციისა და შეტყობინებების მიღების თანმიმდევრობა, მათი შეფასება; SAR საშუალებების ავარიული შეტყობინება და SAR ოპერაციების დაწყება; ძებნის რაიონის განსაზღვრა; ს/ხ-ით ძებნის სქემები და მეთოდები; საძებნი ინფორმაციის რუკაზე მონიშვნა; კავშირგაბმულობის პროცედურები; ძებნისა და გადარჩენის პროცედურები; წყალზე ავარიული დაშვებისას დახმარების გაწევის პროცედურები; SAR-ის მნიშვნელობა, მისი შემადგენლობა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებთან ურთიერთობა; მეზობელი ქვეყნების SAR ორგანოებთან დადებული შეთანხმებების ცოდნა; არსებული SAR საშუალებების შესაძლებლობები და ნაკლოვანებები; კონკრეტული SAR ოპერაციების ანალიზი; SRU-ს შერჩევა; შემთხვევების დოკუმენტალური გაფორმება; SAR ოპერაციების დასრულება; რუკაზე კოორდინატების დატანა; კოორდინატორის მოვალეობები ოპერაციების ჩატარების ადგილზე; ძებნის დაგეგმვა; მონაცემთა მიღება და შეფასება; მასმედიასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მუშაობა, კოსპას-სარსატის შეტყობინებების სისტემა; საერთაშორისო საავიაციო და საზღვაო ძებნა შველის სახელმძვანელო; სტრესთან ბრძოლა; SAR ტექნოლოგიები; AFTN; AFN; MEDICO; SAR კავშირგაბმულობა; ავარიული სიხშირეები; SAR კომპონენტები, ეტაპები და სტადიები და ყველა ის საკითხი, რომელიც მითითებულია IAMSAR-ის სახელმძღვანელოს 1-ლი თავის 1.8 პუნქტში.
3. სასწავლო პროგრამა ასევე უნდა მოიცავდეს „სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის №1-1/242 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის“ მე-11 მუხლის და „საავიაციო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევის პოლიტიკას და პროცედურების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 3 ოქტომბრის №1-1/282 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევის პოლიტიკას და პროცედურების სახელმძღვანელოს“ მე-7 თავს.
4. საავიაციო საკოორდინაციო და სხვა SAR დანაყოფებმა სასწავლო პროგრამაში უნდა შეიტანონ ლოკალური და მასშტაბური სწავლებები, რომელთა ჩატარებაც აუცილებელია SAR სისტემაში არსებული ორგანიზაციების ურთიერთანამშრომლობის დასახვეწად, SAR სისტემაში არსებული ნაკლოვანებების გამოსასწორებლად და მათ სამომავლოდ აღმოსაფხვრელად.
5. საწვრთნელი ვარჯიშების სახეობებია:
ა) საწვრთნელი ვარჯიშები კავშირგაბმულობის გამოყენებით – ითხოვს დაგეგმარების მცირე მოცულობას. წვრთნების დროს მონაწილე მხარეების მიერ გამოიყენება კავშირგაბმულობის ყველა ხელმისაწვდომი საშუალება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საიმედო კავშირი რეალური ავარიული სიტუაციისას;
ბ) კოორდინირებული საწვრთნელი ვარჯიშები – ითვალისწინებს კრიზისული სიტუაციის დროს რეაგირების იმიტაციას შესაბამისად გაწერილი სცენარების საფუძველზე;
გ) მსხვილი მასშტაბური ან საველე საწვრთნელი ვარჯიშები – ამ წვრთნების დროს ხდება ყველა მონაწილე ძებნა-შველის სამსახურის, დანაყოფის და საშუალების რეალურ დროში რეაგირება, წინასწარ გაწერილი სცენარით.
6. საწვრთნელი ვარჯიშები კავშირგაბმულობის გამოყენებით უნდა იმართებოდეს წელიწადში მინიმუმ ორჯერ, კოორდინირებული საწვრთნელი ვარჯიშები უნდა იმართებოდეს სულ მცირე წელიწადში ერთხელ, ხოლო მსხვილმაშტაბიანი საწვრთნელი ვარჯიშები მინიმუმ ორ წელიწადში ერთხელ. საწვრთნელი ვარჯიშები წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული მონაწილე მხარეებს შორის და ამ მხარეებს შორის წინასწარ უნდა იქნეს გაწერილი შესაბამისი სცენარები.
7. საწვრთნელი ვარჯიშის შემდეგ აუცილებელია მოხდეს მისი შეფასება და მასზე ანგარიშის/დასკვნის მომზადება.
8. ამ მუხლით დადგენილი სასწავლო პროგრამების შედგენას უზრუნველყოფენ SAR დანაყოფების ხელმძღვანელები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, ხოლო სწავლებების კოორდინირებულად ჩატარებას, სწავლების შეფასებას და მასზე ანგარიშის/დასკვნის მომზადებას უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
მუხლი 25🔗. მცდარი შეტყობინება
საკოორდინაციო ცენტრი ვალდებულია მიიღოს ნებისმიერი შეტყობინება და მოახდინოს მასზე რეაგირება, სანამ არ დადასტურდება მცდარია იგი თუ არა. მცდარი შეტყობინების მიღების შემთხვევაში ცენტრი წყვეტს დაწყებულ მოქმედებებს და შესაბამის შეტყობინებას უგზავნის პროცესში ჩართულ მხარეებს.
მუხლი 26🔗. SAR ოპერაციების დასრულება
1. SAR ოპერაციები შედის დამასრულებელ სტადიაში შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიღებულია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ს/ხ და მასზე მყოფი პირები აღარ არიან განსაცდელში;
ბ) ს/ხ და მასზე მყოფი პირები, რომელთა ძებნას ახორციელებენ SAR დანაყოფები, აღმოჩენილია, ხოლო გადარჩენილები ევაკუირებულნი არიან;
გ) განსაცდელის ჟამის სტადიისას, საქართველოს მთავრობა (შესაბამისი ანალიზის და დასკვნების საფუძველზე) დაადგენს, რომ შემდგომი საძებნი სამუშაოების განხორციელება არ მოიტანს წარმატებას.
2. SAR ოპერაციების უმრავლესობა, როგორც წესი, სრულდება იმ შემთხვევაში, როდესაც ს/ხ აღარ იმყოფება განსაცდელში ან განსაცდელში მყოფი ყველა პირი გადარჩენილია. ამ ოპერაციების დასრულების ძირითადი ეტაპებია:
ა) პროცესში ჩართული ყველა უფლებამოსილი ორგანოს, ცენტრის, სამსახურის, საშუალების, ორგანიზაციის დაუყოვნებლივ შეტყობინება;
ბ) საქმის გარემოებების სარეგისტრაციო ჩანაწერების დასრულება.
მუხლი 27🔗. აქტიური ძებნის და საძებნი ოპერაციების შეჩერება/შეწყვეტა
1. ძებნა-შველის ოპერაციების მსველობისას, ვითარების არსებითად შეფასების შემდეგ, თუ ს/ხ-ისა და მასზე მყოფი ადამიანების ძებნა უშედეგო აღმოჩნდა, ძებნის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს აქტიური ძებნის ოპერაციების შეჩერების გადაწყვეტილება, დამატებითი ინფორმაციის მიღებამდე.
2. ოპერაციების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, უნდა მოხდეს კონკრეტული შემთხვევის დაწვრილებითი ანალიზი და განხილვა. უნდა შეფასდეს შესაძლებელი იყო თუ არა შექმნილ ვითარებაში დარჩენილიყვნენ ცოცხალი ადამიანები დადგენილ ძებნის რაიონში. მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ძებნის ოპერაციების შეჩერების მიზეზები, ხელმეორედ უნდა მოხდეს ძირითადი ნიშნების და ფაქტების შეფასება გარემო პირობების, განსაცდელში მყოფი სავარაუდოდ გადარჩენილი პირების წლოვანების და ფიზიკური მდგომარეობის თაობაზე, აგრეთვე უნდა მოხდეს ყველა დაშვების, გათვლის და ინფორმაციის ანალიზი, რომელიც გამოყენებულ იქნა ძებნის დაგეგმვისას.
3. ს/ხ, რომლის ძებნა ოფიციალურად შეწყდა, მიიჩნევა დაკარგულად.
4. ძებნის ოპერაციების შეწყვეტის შემთხვევაში, ს/ხ-ის მფლობელს, ექსპლუატანტს ან სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს და პირებს, უფლება აქვთ გააგრძელონ ძებნის სამუშაოები ARCC-ს კოორდინირების ქვეშ.
მუხლი 28🔗. შეჩერებული საძებნი ოპერაციების განახლება
ახალი ინფორმაციის, ფაქტების ან მტკიცებულებების მიღებისას, მიზანშეწონილია განხილულ იქნეს შეჩერებული საძებნი ოპერაციების განახლების საკითხი, რაზეც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 29🔗. SAR საქმის მასალების შექმნა და არქივირება
1. ყველა ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება კონკრეტულ SAR შემთხვევას, ინახება საქმეში და ხდება მისი მარკირება.
2. აღნიშნული საქმის მასალების შენახვის ვადა განისაზღვრება SAR ოპერაციების მნიშვნელობიდან გამომდინარე.
მუხლი 30🔗. აეროპორტსა და აეროდრომზე განსაკუთრებული სიტუაციების შექმნის შემთხვევაში მოქმედების გეგმა
1. აუცილებელია გეგმის არსებობა აეროდრომზე განსაკუთრებული სიტუაციების შექმნის შემთხვევაში. ზემოაღნიშნული გეგმის შემუშავება სავალდებულოა საქართველოში სერტიფიცირებული ნებისმიერი აეროდრომისთვის ავარიული შემთხვევის შედეგად გამოწვეული მატერიალური ზარალისა და დაზარალებულთა რაოდენობის მინიმუმანდე დაყვანის მიზნით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ გეგმებში ძირითადი ყურადღება უნდა დაეთმოს ავარიულ სამსახურებსა და რესურსებს, რომლებიც გააჩნია აეროდრომის ექსპლუატანტს, ადგილობრივ ხელისუფლებას და ორგანიზაციებს, რომლებთანაც აეროდრომის ექსპლუატანტს დადებული აქვს შესაბამისი შეთანხმება და რომლებიც უზრუნველყოფენ ავარიული სამსახურების წარმატებულ საქმიანობას. გეგმაში დეტალურად უნდა გაიწეროს აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ გაუთვალისწინებელ ვითარებაში განსახორციელებელი ქმედებები და საშუალებები.
3. სერტიფიცირებული სამოქალაქო აეროდრომის ექსპლუატანტებმა ან შესაბამისად პასუხისმგებელმა პირებმა, SAR მომსახურების სამსახურებთან ერთობლივად უნდა შეიმუშაონ წყალზე/ზღვაზე სამაშველო ოპერაციების ჩატარების გეგმები, თუ აღნიშნული აეროდრომი იმყოფება ზღვასთან, წყლის ხელოვნურ ან ბუნებრივ რეზერვუართან სიახლოვეს ან აღნიშნულ აეროდრომზე აფრენა-დაფრენა უმრავლეს შემთხვევაში სრულდება წყალსაცავის თავზე. მოქმედებების ოპერატიულობის ამაღლების მიზნით, უნდა ხდებოდეს აღნიშნული გეგმის შემოწმება რეგულარული სწავლებების გზით.
4. სერტიფიცირებული სამოქალაქო აეროდრომების ექსპლუატანტებმა აეროდრომის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე უნდა უზრუნველყონ სამთო-სამაშველო ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფა და შესაბამისი საავარიო/სამაშველო გეგმების შემუშავება SAR მომსახურების სამსახურებთან ერთობლივად. მოქმედებების ოპერატიულობის ამაღლების მიზნით, უნდა შემოწმდეს აღნიშნული გეგმა რეგულარული სწავლებების გზით.
მუხლი 31🔗. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა
SAR სამსახურებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მასმედიისათვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე.
მუხლი 32🔗. ანგარიშები
1. ძებნა-შველის ყველა საკოორდინაციო ცენტრი ვალდებულია აწარმოოს ძებნა-შველის ოპერაციების ჩატარების შედეგების ჩანაწერები და მისცეს მას ეფექტურობის შეფასება.
2. ძებნა-შველის ყველა საკოორდინაციო ცენტრი ვალდებულია შეადგინოს ანგარიში, რომელიც მოიცავს ჩატარებულ ძებნა-შველის ოპერაციებში გამოყენებული მეთოდების და ძებნა-შველის მოწყობილობების (დანადგარების) გამოყენების ადეკვატურობის შეფასებას, აგრეთვე მითითებას, თუ რა არის გასაუმჯობესებელი გამოყენებულ მეთოდებში და მოწყობილობებში (დანადგარებში).