სს „მიკროკრედიტის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/9528-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე N2/ 9528 -1 9

330210319002973226

 

განჩინება

 

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე

უარის თქმის შესახებ

 

2019 წლის 12 ივლისი

ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

 

განმცხადებელი – სს ,,მიკროკრედიტი’’ (ს/ნ 202457698)

წარმომადგენელი – გიორგი კალანდარიშვილი (დირექტორი)

მეურვე – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

 

მოთხოვნა – სს ,,მიკროკრედიტის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

სასამართლომ განიხილა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების გაუქმების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2019 წლის 01 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს ,,მიკროკრედიტის” წარმომადგენელმა გიორგი კალანდარიშვილმა და მოითხოვა სს ,,მიკროკრედიტის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით სს ,,მიკროკრედიტის” დირექტორის გიორგი კალანდარიშვილის განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო.

2019 წლის 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა და მოითხოვა სს ,,მიკროკრედიტის“ მიმართ დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა.

განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს IV სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N092200418011 საქმეზე, სს „მიკროკრედიტის“ (ს/ნ 202457698) ხელმძღვანელ პირთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით, 192-ე მუხლის და 210-ე მუხლების პირველი ნაწილით. 2019 წლის 6 მარტს ზემოხსენებული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად იქნა გამოყოფილი N6092060319006 საქმეზე, უკრაინის მოქალაქე მამუკა მაჭავარიანის მიერ წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით გაფლანგვის, ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი 169 პირი. გამოძიებით დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით სს „მიკროკრედიტს“ ჰყავს 115 თამასუქის შემძენი პირი, რომელთათვის დასაბრუნებელი აქვს თანხა 11 748 417 ლარის ოდენობით. თუმცა იმის გამო, რომ ორგანიზაციას აქვს ფინანსური პრობლემები, იგი თამასუქის შემძენ პირებს ვერ უბრუნებს მათ კუთვნილ თანხას. შესაბამისად, თუ ჩატარებული გამოძიებით დადგინდება დანაშაულის ჩადენის ფაქტი, საქმეზე მოხდება ზემოხსენებულ პირთა დაზარალებულად ცნობა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სს „მიკროკრედიტს“ საკუთრებაში გააჩნია 27 ერთეული უძრავი ქონება, საიდანაც მხოლოდ ოთხი მდებარეობს ქალაქ თბილისში, ხოლო დანარჩენი ქონება მდებარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და არსებული ინფორმაციით მათი საბაზრო ღირებულება არის მცირე. ამასთან, სს „მიკროკრედიტს“ აქვს პრობლემური საკრედიტო პორთფელი, საიდანაც სესხების უმეტესობა არის ვადაგადაცილებული, ამასთან არაუზრუნველყოფილია, ან უზრუნველყოფის საშუალების ღირებულება არის შედარებით მცირე, ვიდრე გაცემული სესხის ოდენობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი თვლის, რომ ორგანიზაციის მიმართ დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დასრულდება საწარმოს ლიკვიდაციით, თუმცა ორგანიზაციის აქტივები ვერ უზრუნველყოფს ვადამოსული ვალდებულებების არათუ სრულად, არამედ ნაწილობრივ გასტუმრებასაც. საქმეზე არსებობს ვარაუდი, რომ გამოიკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, კერძოდ სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე ანდა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ხოლო ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, გარდა ზემოაღნიშნული დანაშაულებისა, იკვეთება ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 205' მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, კერძოდ, საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი ან/და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით. კერძოდ, სს „მიკროკრედიტის“ ხელმძღვანელმა პირებმა, იცოდნენ რა, რომ დადგებოდნენ 115 თამასუქის შემძენი პირის ვალდებულების გასტუმრების წინაშე, რომელთათვის დასაბრუნებელი თანხა 11 748 417 ლარის ოდენობით, შესაბამისად, მოსალოდნელი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით გადამალეს სს „მიკროკრედიტის“ და მის ხელმძღვანელ პირების ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული ქონება, რასაც გარეგნულად მისცეს კანონიერი ხასიათი, კერძოდ გააფორმეს შესაბამისი გარიგებები, რაც რეალურად ატარებს ფიქტიურ ხასიათს, რითაც საფრთხე შეექმნა თამასუქის შემძენი პირების კუთვნილი თანხების დაბრუნებას. – შესაბამისად, საქმეზე ჩასატარებელია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, რათა საბოლოდ დადგინდეს, თუ რა დანაშაულები იქნა ჩადენილი სს „მიკროკრედიტის“ ხელმძღვანელ პირთა მიერ ხსენებული ორგანიზაციის გამოყენებით, ვინაიდან საქმიანობას ახორციელებდა სწორედ ორგანიზაცია და ფასიანი ქაღალდები მოსახლეობამ შეიძინა სწორედ სს „მიკროკრედიტისგან“.

განმცხადებელი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით განმარტავს, რომ ვინაიდან საქმეზე დღეის მდგომარეობით აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რათა მოხდეს იმის დადგენა, თუ ვის მიერ არის ჩადენილი ზემოხსენებული შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები, ასევე დადგინდეს იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა წრე, რომელთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაც უნდა განხორციელდეს, ზემოხსენებულ საქმეზე გავრცელდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მეორე ნაწილის დათქმა და სისხლის სამართლის 6092200418011 საქმეზე, სს „მიკროკრედიტის“ ხელმძღვანელ პირთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე შეწყდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განჩინებით სს „მიკროკრედიტის“ მიმართ დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

სასამართლომ განიხილა განცხადება და მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განჩინება და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად სს ,,მიკროკრედიტის” უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. დასახელებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი მოვალე წარმოადგენს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანაზე უფლებამოსილ პირს. ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობა არის მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა, ხოლო ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფ მოვალეს წარმოადგენს მოვალე, რომელიც სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში უახლოეს მომავალში გახდება ან შესაძლებელია გახდეს გადახდისუუნარო.

ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა დასახელებული კანონის მიზანს მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება წარმოადგენს (მუხლი პირველი).

სასამართლო განმარტავს, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ერთ-ერთი შედეგი არის კომპანიის მიმართ გაკოტრების გზით საქმის წარმოების დასრულება, რასაც თანსდევს საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მეწარმე იურიდიული პირის პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ. პარტნიორებს, ასევე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ან დირექტორს (დირექტორებს) შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირები, რომლებიც ახორციელებენ საწარმოს ლიკვიდაციას (ლიკვიდატორები).

ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების შემდეგ უფლებამოსილი პირი/პირები იღებს (იღებენ) გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს და იგი საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საწარმოს ლიკვიდაცია და საწარმოს მიმართ გაკოტრების გზით საქმის წარმოების დასრულება მთავრდება ერთიდაიმავე შედეგით – საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება. შესაბამისად ცხადია, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების დროს გათვალისწინებული უნდა იქნას მიუხედავად იმისა საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება ხდება ლიკვიდაციის თუ გაკოტრების შედეგად.

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 141 მუხლის მე-2 პუნქტით შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტამდე დაუშვებელია იურიდიული პირის მიმართ სალიკვიდაციო და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება.

დასახელებული საკანონმდებლო ნორმა კრძალავს საწარმოს მიმართ ისეთი პროცედურების წარმოებას, რომელიც იწვევს მისი რეგისტრაციის გაუქმებას, შესაბამისად ცხადია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი უნდა გავრცელდეს საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების მიმდინარეობაზე.

ამ მუხლში პირდაპირი მითითება კეთდება, რომ ასეთი ლიკვიდაციის შემთხვევაში მოქმედებს კანონი ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“. ეს არის შემთხვევა, როდესაც სასამართლო რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ახდენს საწარმოს ლიკვიდაციის ინიცირებას. აქ ძირითადი აქცენტი კეთდება სასამართლოს მხრიდან საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის წარმოებაში ჩარევაზე, თვითონ დანიშნოს ლიკვიდატორი, რომელიც პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული იქნება სასამართლოს წინაშე.

იგივე დანაწესს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 326-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუშვებელია იურიდიული პირის მიმართ სალიკვიდაციო ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2019 წლის 14 ივნისის № 7402/15-04-03/4 განცხადებით დასტურდება, რომ:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს IV სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის № 092200418011 საქმეზე, სს „მიკროკრედიტის“ (ს/ნ 202457698) ხელმძღვანელ პირთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით, 192-ე მუხლის და 210-ე მუხლების პირველი ნაწილით.

- 2019 წლის 6 მარტს ზემოხსენებული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად იქნა გამოყოფილი N6092060319006 საქმეზე, უკრაინის მოქალაქე მამუკა მაჭავარიანის მიერ წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით გაფლანგვის, ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

- ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი 169 პირი. გამოძიებით დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით სს „მიკროკრედიტს“ ჰყავს 115 თამასუქის შემძენი პირი, რომელთათვის დასაბრუნებელი აქვს თანხა 11 748 417 ლარის ოდენობით. თუმცა იმის გამო, რომ ორგანიზაციას აქვს ფინანსური პრობლემები, იგი თამასუქის შემძენ პირებს ვერ უბრუნებს მათ კუთვნილ თანხას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, გარდა ზემოაღნიშნული დანაშაულებისა, იკვეთება ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 205' მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, კერძოდ, საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი ან/და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით. კერძოდ, სს „მიკროკრედიტის“ ხელმძღვანელმა პირებმა, იცოდნენ რა, რომ დადგებოდნენ 115 თამასუქის შემძენი პირის ვალდებულების გასტუმრების წინაშე, რომელთათვის დასაბრუნებელი თანხა 11 748 417 ლარის ოდენობით, შესაბამისად, მოსალოდნელი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით გადამალეს სს „მიკროკრედიტის“ და მის ხელმძღვანელ პირების ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული ქონება, რასაც გარეგნულად მისცეს კანონიერი ხასიათი, კერძოდ გააფორმეს შესაბამისი გარიგებები, რაც რეალურად ატარებს ფიქტიურ ხასიათს, რითაც საფრთხე შეექმნა თამასუქის შემძენი პირების კუთვნილი თანხების დაბრუნებას.

შესაბამისად, საქმეზე ჩასატარებელია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, რათა საბოლოდ დადგინდეს, თუ რა დანაშაულები იქნა ჩადენილი სს „მიკროკრედიტის“ ხელმძღვანელ პირთა მიერ ხსენებული ორგანიზაციის გამოყენებით, ვინაიდან საქმიანობას ახორციელებდა სწორედ ორგანიზაცია და ფასიანი ქაღალდები მოსახლეობამ შეიძინა სწორედ სს „მიკროკრედიტისგან“.

შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტამდე დაუშვებელია იურიდიული პირის მიმართ სალიკვიდაციო და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება საწარმოს ლიკვიდაციის ინიცირება, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განჩინება და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად სს ,,მიკროკრედიტის” უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და           

 

დაადგინა :

1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განჩინება, რომლითაც სს ,,მიკროკრედიტის’’ (ს/ნ 202457698) განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.

2. სს ,,მიკროკრედიტის’’ (ს/ნ 202457698) უარი ეთქვას 2019 წლის 1 მაისის განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                                   თამარ ბურჯანაძე