მშენებლობის ნებართვის დაჩქარებულად და ექსკლუზიურად გაცემის მომსახურებისა და ამ მომსახურების საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.07.2019
ძალის დაკარგვა 10.09.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №113
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016516
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/08/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „მშენებლობის ნებართვის დაჩქარებულად და ექსკლუზიურად გაცემის მომსახურებისა და ამ მომსახურების საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 ივლისის №113 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 06.09.2019
დოკუმენტის ტექსტი
მშენებლობის ნებართვის დაჩქარებულად და ექსკლუზიურად გაცემის მომსახურებისა და ამ მომსახურების საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №113
2019 წლის 31 ივლისი
ქ. ქუთაისი
მშენებლობის ნებართვის დაჩქარებულად და ექსკლუზიურად გაცემის მომსახურებისა და ამ მომსახურების საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 107-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მშენებლობის ნებართვის დაჩქარებულად და ექსკლუზიურად გაცემის მომსახურებისა და ამ მომსახურების საფასურის გადახდის რეგულირების წესი დანართის შესაბამისად.
(დანართი დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია
დანართი
მშენებლობის ნებართვის დაჩქარებულად და ექსკლუზიურად გაცემის მომსახურებისა და ამ მომსახურების საფასურის გადახდის რეგულირების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
ეს წესი „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების (შემდგომ – საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება) საფუძველზე განსაზღვრავს მშენებლობის ნებართვის დაჩქარებულად და ექსკლუზიურად გაცემის მომსახურებისა და ამ მომსახურების საფასურის (შემდგომ – საფასური) ოდენობის დადგენას, მისი გადახდის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗.
საფასურის ცნება
საფასური არის მშენებლობის ნებართვის დაჩქარებულად და ექსკლუზიურად გაცემის მომსახურებისთვის ამ წესით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
მუხლი 3🔗.
საფასურის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა
1. საფასური წესდება და მისი ოდენობა განისაზღვრება ამ წესით.
2. ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი მომსახურებისათვის საფასურის ოდენობა შეიძლება დადგინდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.
3. უფლებამოსილი სახელმწიფო და საჯარო დაწესებულებები, აგრეთვე უკიდურესი აუცილებლობის (ბუნებრივი, ტექნოგენური ან/და ფორსმაჟორული სიტუაცია) შემთხვევაში დაჩქარებული მომსახურება თავისუფლდება ამ წესით დაწესებული საფასურის გადახდისგან.
მუხლი 4🔗.
დაჩქარებული მომსახურება
1. დაჩქარებული მომსახურება გულისხმობს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს (შემდგომ – პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო) ქმედებას კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
2. პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო მომსახურებას აწარმოებს დაჩქარებული წესით, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ვადებში.
4. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ წესით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურების ვადაზე მეტი, პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით განსაზღვრული ზოგადი ვადებით.
მუხლი 5🔗.
დაჩქარებული მომსახურების გაწევის ვადები და საფასურის ოდენობა
1. მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი პროცედურა:
ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემა – 7 დღეში, საფასურის განაკვეთი – 200 ლარი; 5 დღეში – 400 ლარი; 1 დღეში – 1000 ლარი;
ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის შეთანხმება, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-13 მუხლის მიხედვით, 7 დღეში, საფასურის განაკვეთი – 100 ლარი; 5 დღეში – 300 ლარი; 1 დღეში – 1000 ლარი;
გ) III სტადია – სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა 5 დღეში, საფასურის განაკვეთი – 300 ლარი; 3 დღეში, საფასურის განაკვეთი – 800 ლარი; 2 დღეში, საფასურის განაკვეთი – 1200 ლარი;
დ) წინასწარი გადაწყვეტილება (არქიტექტურული ესკიზის შეთანხმება) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების 34-ე მუხლის მიხედვით, 7 დღეში, საფასურის განაკვეთი – 100 ლარი; 5 დღეში – 300 ლარი; 1 დღეში – 1000 ლარი;
ე) სამეტაპიანი დაპროექტების შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გაცემა 5 დღეში, საფასურის განაკვეთი – 700 ლარი; 3 დღეში, საფასურის განაკვეთი – 1000 ლარი;
ვ) დემონტაჟის ნებართვის გაცემა 3 დღეში, საფასურის განაკვეთი – 500 ლარი; 1 დღეში – 1000 ლარი;
ზ) განაშენიანების დეტალური გეგმის შეთანხმება, რომელიც ინიცირებულია ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ ცალკეული ტერიტორიის განაშენიანებისათვის საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 42-ე, 47-ე და 102-ე მუხლების მიხედვით, 7 დღეში – საფასურის განაკვეთი – 500 ლარი; 3 დღეში – 700 ლარი; 1 დღეში – 1000 ლარი.
2. „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების, ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით გათვალისწინებული მომსახურება 3 დღეში, საფასურის განაკვეთი – 1000 ლარი; 10 დღეში – 500 ლარი.
3. პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებისა და დამატების შეტანა 5 დღეში, საფასურის განაკვეთი – 300 ლარი; 1 დღეში, საფასურის განაკვეთი – 500 ლარი.
4. დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე მომსახურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ერთდროულად შემოტანის შემთხვევაში, ხდება მომსახურების დაჩქარებული ვადებისა და მათზე დაწესებული საფასურის შეკრება.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული დაჩქარებული მომსახურება და მასზე დაწესებული საფასურის ოდენობა არ ვრცელდება:
ა) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მიხედვით დადგენილი ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალებში;
ბ) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობს სხვა ადმინისტრაციული ორგანოები;
გ) საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე.
6. თუ დაინტერესებული პირი პროექტის შემთანხმებელ და მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს არ წარუდგენს საქმის გადასაწყვეტად აუცილებელ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ რამე დოკუმენტს, ან ინფორმაციას, პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ განმცხადებელი განსაზღვრული ვადის განმავლობაში არ წარმოადგენს დამატებით დოკუმენტაციას ან ინფორმაციას, პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის განუხილველად დატოვების შესახებ.
მუხლი 6🔗.
ექსკლუზიური მომსახურება და მისი საფასური
1. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით განსაზღვრული III და IV კლასს დაქვემდებარებული შენობა – ნაგებობების წინასწარი გადაწყვეტილების (არქიტექტურული პროექტი) შეთანხმებისას ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემისას, პროექტის შემთანხმებელ და მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოსთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ისარგებლოს ექსკლუზიური მომსახურებით.
2. ექსკლუზიური მომსახურება გულისხმობს კონსულტაციას სპეციალისტთან, რომელიც წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაინტერესებულ პირს აწვდის რეკომენდაციას დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის თაობაზე. დაინტერესებული პირის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შევსებას ტექნიკური ან/და სამართლებრივი კუთხით.
3. ექსკლუზიური მომსახურებით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, სპეციალისტი გაეცნობა დაინტერესებული პირის მიერ პროექტის შემთანხმებელ და მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარმოდგენილ დოკუმენტაციას და 2 დღის განმავლობაში აცნობებს მას გადაწყვეტილებას ექსკლუზიური მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, იწყება ადმინისტრაციული წარმოება III და IV კლასს დაქვემდებარებული შენობა – ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებით. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დაინტერესებული პირი იხდის ექსკლუზიური მომსახურების გაწევისთვის ამ წესით დაწესებულ საფასურს და სპეციალისტთან შეხვედრის მიზნით ირჩევს ვიზიტის სასურველ დღესა და დროს. ვიზიტი შესაძლებელია დაინიშნოს ექსკლუზიური მომსახურების გაწევის საფასურის გადახდიდან მხოლოდ 3 დღის შემდეგ.
4. პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უარს აცხადებს ექსკლუზიური მომსახურების გაწევაზე, თუ საქმის სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე, შეუძლებელია აღნიშნული მომსახურების გაწევა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში.
5. ექსკლუზიური მომსახურების ფარგლებში დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ისარგებლოს არაუმეტეს 3 ვიზიტით, ამ წესით დადგენილი ექსკლუზიური მომსახურების გაწევისთვის დაწესებული საფასურის გადახდიდან 1 წლის განმავლობაში. თითოეული ვიზიტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 საათს.
6. დაინტერესებული პირის მიერ სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი დარეგისტრირდება, რომლის შემდგომ იწყება ადმინისტრაციული წარმოება შესაბამისი აქტის გამოცემის მიზნით.
7. იმ შემთხვევაში, თუ სამი ვიზიტის ფარგლებში დაინტერესებული პირი არ წარმოადგენს აუცილებელ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ რამე დოკუმენტს, ან ინფორმაციას, ექსკლუზიური მომსახურება შეწყდება.
8. ექსკლუზიური მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობა შეადგენს 3000 ლარს.
9. ექსკლუზიური მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს ქმედებას ამ წესითა და კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, III და IV კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სრულყოფილი პროექტის შეთანხმებას (კანონით დადგენილი წესით) ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას.
მუხლი 7🔗.
დაჩქარებული და ექსკლუზიური მომსახურების ვადის გამოთვლა
1. ამ წესით დადგენილ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.
2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე, ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს წარმოების დაწყებიდან გასული ვადა თუ განმცხადებელმა განცხადება შემოიტანა და შემდეგ გაუჩნდა სურვილი განცხადების განხილვა გააგრძელოს დაჩქარებული მომსახურების წესით.
4. ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან.
მუხლი 8🔗.
საფასურის გადახდის წესი და პირობები
1. დაჩქარებული მომსახურებით და ესკლუზიური მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ ამ წესით დაწესებული საფასური, გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით (ბანკის მეშვეობით, საფასურის გადახდისა და შესაბამისი ქვითრის წარმოდგენით).
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით საბანკო დაწესებულებაში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.
4. საფასური ჩაირიცხება პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს ანგარიშზე.
მუხლი 9🔗.
დაჩქარებული მომსახურების გაწევისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება
1. თუ დაჩქარებული მომსახურების გაწევის საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის.
2. დაჩქარებული მომსახურების გაწევისთვის გადახდილი საფასური მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე;
ბ) დაინტერესებული პირი დაჩქარებული მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;
გ) დაჩქარებული მომსახურება არ განხორციელდა ამ წესით დადგენილ ვადებში;
დ) დაინტერესებული პირის კონკრეტულ დაჩქარებულ მომსახურებაზე პირველი მომართვისას, პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება იქნება უარყოფითი.
3. თუ დაინტერესებული პირი ვერ მიიღებს დაჩქარებულ მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში და სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის.
4. ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში განმცხადებელს გადახდილი საფასური უკან არ დაუბრუნდება.
5. დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასურის ნაწილობრივ, ან მთლიანად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ, ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 10🔗.
ექსკლუზიური მომსახურების გაწევისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1. თუ ექსკლუზიური მომსახურების გაწევისათვის საფასური გადახდილია ამ წესის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ საფასურზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ საფასურს შორის.
2. ექსკლუზიური მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.