შპს „ენერჯი პაუერის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
2019 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი ანნა ხვედელიანი
დირექტორი – ზაზა ოსაძე.
წარმომადგენელი – დავით ბერძული.
გაკოტრების მმართველი – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
წარმომადგენელი – მაია ბარათაშვილი.
კრედიტორი – სსიპ – შემოსავლების სამსახური.
წარმომადგენელი – სალომე გულოშვილი.
2018 წლის 10 აგვისტოს შპს „ენერჯი პაუერის“ სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა კომპანიის დირექტორმა ზაზა ოსაძემ და აღნიშნა, რომ შპს „ენერჯი პაუერი“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს, თუმცა დღეისათვის კომპანიას შეწყვეტილი აქვს საქმიანობა და მისი აღდგენის პერსპექტივა არ არსებობს. საზოგადოებას ჰყავს მხოლოდ ერთი კრედიტორი – შემოსავლების სამსახური (სახელმწიფო ბიუჯეტი), თანხით – 345884,72 ლარი. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე თანხა არ ერიცხება, რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში მოვალე – შპს „ენერჯი პაუერი“ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინებით შპს „ენერჯი პაუერს“ (ს/კ(206246132) უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამავე განჩინებაში მიეთითა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
2018 წლის 24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა და შპს „ენერჯი პაუერის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა. 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „ენერჯი პაუერის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით აღიარებული იქნა უზრუნველყოფილი კრედიტორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა 358002,33 ლარის (სამას ორმოცდათვრამეტი ათას ორი ლარი და ოცდაცამეტი თეთრი) ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში შეყვანილი იქნა მე- 4 რიგის მოთხოვნად.
2019 წლის 29 მარტის სასამართლო სხდომაზე დამტკიცდა მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობა - ქეთევან ქავთარაძე, ალექსანდრე ციცვიძე და თორნიკე ართმელაძე.
2019 წლის 10 აპრილს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება - კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კრედიტორთა კრებაზე მხარი დაუჭირეს მომრიგებელი საბჭოს წევრებმა, მოვალემ და კრედიტორმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის განჩინებით შპს „ენერჯი პაუერის“ (ს/კ 206246132) მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
2019 წლის 1 აგვისტოს განჩინებით აღიარებული იქნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში შეყვანილი იქნა პირველი რიგის მოთხოვნად. ამავე სასამართლო სხდომაზე დამტკიცდა კრედიტორთა რეესტრი შემდეგი რიგითობით: 1.1. პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; 1.2. მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები; 1.3. მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. 1.4. მეოთხე რიგი – ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა 358002,33 ლარის (სამას ორმოცდათვრამეტია თას ორი ლარი და ოცდაცამეტი თეთრი) ოდენობით; 1.5. მეხუთე რიგი – საგადასახადო დავალიანებები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა. 1.6. მეექვსე რიგი - ყველა სხვა აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები. 1.7. მეშვიდე რიგი - დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.
2019 წლის 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა (წარმოადგინა საბოლოო ანგარიში) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მაია ბარათაშვილმა და ითხოვა შპს „ენერჯი პაუერის“ გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტა და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება.
სასამართლო სხდომაზე გაკოტრების მმართველმა საბოლოო ანგარიშს მხარი დაუჭირა და განმარტა, რომ: მეურვეობის ეტაპზე ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოკვლეულ იქნა „ენერჯი პაუერის“ (ს/ნ 206246132) ქონებრივი მდგომარეობის, მისი აქტივებისა და ვალდებულებების, მიმდინარე სასამართლო დავების, კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებების თაობაზე. მოძიებული ინფორმაციის თანახმად, შპს ,,ენერჯი პაუერ“-ი არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. უძრავ ქონებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემების, თანახმად შპს „ენერჯი პაუერის“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული საძიებო პროგრამის მონაცემებით მოვალე ორგანიზაციის სახელზე არ ირიცხება ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი. საბანკო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მოვალე ორგანიზაციას მიმდინარე ანგარიშები გახსნილი აქვს სს ,,თიბისი ბანკში“, სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიაში“ და სს ,,საქართველოს ბანკში“, სადაც დადებითი ნაშთი არ ფიქსირდება. მას შემდეგ რაც კომპანიის მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, დამატებით იქნა მოძიებული კომპანიის ქონება მარეგისტრირებელ ორგანოებსა და საბანკო დაწესებულებებში, მაგრამ მიღებული პასუხების შესწავლით საბანკო დაწესებულებებისა და მარეგისტრირებელ ორგანოების პასუხებში რაიმე ცვლილება, განსხვავება და სიახლე მეურვის მიერ მეურვეობის რეჟიმში მოძიებულ ინფორმაციასთან შედარებით არ ისახება და მოვალე საწარმოს როგორც მოძრავი, ასევე უძრავი ქონება არ გააჩნია.
გაკოტრების მმართველმა მიუთითა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ ვინაიდან სახეზეა გარემოება როდესაც მოვალეს არ გააჩნია ქონება და ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, უნდა შეწყდეს კომპანიის მიმართ მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და მოვალე საწარმო უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად.
კრედიტორის, სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა საქმის წარმოების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა და განმარტა, რომ: გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშში არ არის მითითებული, გამოკვლეული და შეფასებული გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2018 წლის 21 სექტემბერს წარდგენილია შემოსავლების სამსახურის სარჩელი შპს „ენერჯი პაუერის“ (ს/ნ 206246132), შპს ,,ენერჯი ბაზა №1“-ის (ს/ნ 406076044) და ზაზა ოსაძის (01029010289) ცრუმაგიერ პირებად აღიარებასთან დაკავშირებით. ამასთანავე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2018 წლის 25 სექტემბერს შემოსავლების სამსახურის მიერ შეტანილი იქნა სარჩელი გამჭოლი პასუხისმგებლობის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების თაობაზე შპს „ენერჯი პაუერის“ დირექტორისა და პარტნიორის ზაზა ოსაძის წინააღმდეგ. შესაბამისად დგინდება, რომ საწარმოს აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება დირექტორისა და პარტნიორის მიმართ და ამდენად საწარმოს ჰყავს დებიტორი დირექტორის/პარტნიორის ზაზა ოსაძის სახით. გარდა აღნიშნულისა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2018 წლის 11 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი იქნა სარჩელი კრედიტორისათვის ზიანის მომტან ქმედებასთან დაკავშირებით შპს „ენერჯი პაუერის“ა და ზაზა ოსაძის წინააღმდეგ, დავის საგანს წარმოადგენს - კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებების ბათილად ცნობა, გადაცემული თანხის შპს „ენერჯი პაუერის“ათვის დაბრუნება და სამეურვეო მასაში შეტანა.
ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმის მასალების არსებითად გამოკვლევის, შეფასებისა და შესაბამისი დასკვნების გაკეთების გარეშე გაკოტრების მმართველის მიერ საბოლოო ანგარიშის მომზადება, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მითითება, საწარმოს გაკოტრება და რეგისტრაციის გაუქმება ეწინააღმდეგება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსს, საქართველოს საგადასახადო კოდექსს, კრედიტორის ინტერესების დაცვისა და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების პრინციპებს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელის განმარტებით მნიშვნელოვანია ასევე, რომ ნებაყოფლობითი კრედიტორებისაგან განსხვავებით შემოსავლების სამსახურს, როგორც კრედიტორს არ გააჩნია მოლაპარაკებების საშუალება, რათა ხელშეკრულების მეშვეობით თავიდან აიცილოს რისკები. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმის წარმოების შედეგს არსებითი გავლენა აქვს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე. იმისათვის, რომ საწარმოს გაკოტრების გზით რეგისტრაციის გაუქმება მოვალის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების საფუძველი არ გახდეს უმნიშვნელოვანესისა გაკოტრების მმართველის მიერ ზემოთაღნიშნული გარემოებების შეფასება.
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტისა და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
შპს „ენერჯი პაუერის“ წარმომადგენელი 2018 წლის 10 აგვისტოს განცხადებაში აღნიშნავდა, რომ კომპანიას რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია და შესაბამისად არ ფლობს მატერიალურ აქტივებს. ამავე განცხადებაზე თანდართული მასალებით დგინდებოდა შემდეგი გარემოებები: ა) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 ივლისის ცნობის თანახმად შპს „ენერჯი პაუერს“ მოქმედი საბანკო ანგარიში აქვს სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია’’-ში, სს ,,საქართველოს ბანკში’’ და სს ,,თიბისი ბანკში’’, ამასთან საქმეში წარმოდგენილია ამონაწერები ანგარიშებიდან რომლითაც დგინდება, რომ შპს „ენერჯი პაუერს“ ანგარიშებზე თანხა არ აქვს; ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის №271625 ცნობის შესაბამისად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს „ენერჯი პაუერის“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. გ) სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 5 ივლისის №49/6/1/1/2-01609530 ცნობით ირკვევა, რომ შპს „ენერჯი პაუერის“ სახელზე სატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება.
საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 მარტის ბრძანება გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე. აღნიშნული ბრძანების შესაბამისად დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს „ენერჯი პაუერის“ ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის თაობაზე.
საქმეში ასევე წარმოდგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 8 ივნისის და 6 ივნისის განკარგულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ შპს „ენერჯი პაუერის“ ქონების რეალიზაცია განხორციელდა იძულებით საჯარო აუქციონზე.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად კრედიტორთა პირველ კრებაზე მეურვე უნდა წარდგეს მოხსენებით მოვალის ქონების, მათ შორის, მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ.
2018 წლის 11 დეკემბერს გამართულ კრედიტორთა პირველ კრებაზე მეურვის მიერ წარმოდგენილი იქნა მოხსენება შპს „ენერჯი პაუერის“ ქონებრივი მდგომარეობის, მისი აქტივებისა და ვალდებულებების, მიმდინარე სასამართლო დავების და კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებების თაობაზე. მოხსენების თანახმად მეურვემ გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საბანკო დაწესებულებებიდან.
მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, შპს „ენერჯი პაუერი“ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად, არ აქვს რეგისტრირებული საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მის სახელზე არ ირიცხება ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი. საბანკო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად კომპანიას გახსნილი აქვს ანგარიში სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიაში’’ და სს ,,თიბისი ბანკში’’ და ანგარიშზე დადებითი ნაშთი არ ფიქსირდება.
2019 წლის 1 აგვისტოს კრედიტორთა კრებაზე მეურვემ წარმოადგინა ანგარიში და განმარტა, რომ როგორც მეურვეობის ეტაპზე, ასევე გაკოტრების საქმის მიმდინარეობის პერიოდში ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოკვლეულ იქნა შპს „ენერჯი პაუერის“ (ს/ნ 206246132) ქონებრივი მდგომარეობა და მას რაიმე სახის აქტივი არ გააჩნია.
სასამართლო განმარტავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე. განსახილველ შემთხვევაში მოვალის ინფორმაციის და მეურვის მოხსენების მიხედვით, მოვალეს არ გააჩნია უძრავი და მოძრავი ქონება და არც დებიტორული მოთხოვნა. მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას. ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორის მიერ იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს აღნიშნული მიზნის მიღწევას.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ №2ბ/4029-18 საქმეზე განმარტა შემდეგი: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად „მომრიგებელი საბჭო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ არ არსებობს გადახდისუუნარობის საფუძველი ან ეს საფუძველი აღმოიფხვრა განცხადების შეტანის შემდეგ ან მოვალეს შეუძლია ვადაგადაცილებული ვალი დაფაროს სხვა კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად.“ მართალია მოცემულ შემთხვევაში კანონში ცალსახად მითითებული არ არის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად მოვალის მიერ ხარჯების ანაზღაურების უუნარობა, თუმცა აღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე რომ მსგავს შემთხვევაში საქმის წარმოება არც უნდა მივიდეს იმ ეტაპამდე რომ საბჭოს მოუხდეს აღნიშნულ საკითზე მსჯელობა. შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება და ის ვერ უზრუნველყოფს საპროცესო, ამ შემთხვევაში მოვალის მიმართ საქმის წარმოების გაგრძელება წინააღმდეგობაში მოვა კანონის მიზნებთან’’
მოცემულ შემთხვევაში, გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშით დადგენილია, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნის მიღწევას, რის გამოც უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს ,,ენერჯი პაუერ“-ი (ს/ნ 206246132) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაუბრუნდება განმცხადებელს.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა. ამავე ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება და ამასთანავე სამეურვეო ქონების ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასური შეადგენს გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა.
ხოლო ამავე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მეურვის ფუნქციის განხორციელებისას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მომსახურების საფასური არის 5000 ლარი;
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 284-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შეწყდეს შპს „ენერჯი პაუერის“ (ს/ნ 206246132) გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ყვარლის ქუჩა №4; სხვა მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, წერეთლის გამზირი №71).
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირდეს შპს „ენერჯი პაუერის“ (ს/ნ 206246132) (იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ყვარლის ქუჩა №4; სხვა მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, წერეთლის გამზირი №71) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმება (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).
3. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 18 ოქტომბერს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის №GE07TB7563236020100006 ანგარიშზე (მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი: 203860642; მიმღები ბანკის კოდი: TBCBGE22; დასახელება: ქ. თბილისი, სს „თიბისი ბანკის“ სათაო ბანკი, საგადახდო მოთხოვნა №144576) განთავსებული 5000 ლარი გადაეცეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის სახით.
4. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განთავსდეს სასამართლოს ვებ გვერდზე, ელექტრონულ სისტემაში და სასამართლოს დაფაზე.
5. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6) განჩინების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე გენადი მაკარიძე სხდომის მდივანი ანნა ხვედელიანი.